ქართული პრესის მიმოხილვა 26.12.2022

“შუაგაკრეფა-2” ანუ რა შედეგი მოუტანა ქართულ პოლიტიკას სააკაშვილის დაბრუნებამ

რუსებმა ბახმუტზე შეტევა შეანელეს და აქცენტი სარაკეტო თავდასხმებზე გადააქვთ

გია ხუხაშვილი - ომი, მიშა და კაბელი

ვინ ჩააგდო ომბუდსმენის არჩევა - “ოცნება” და ოპოზიცია 8-დან ერთზეც ვერ შეთანხმდნენ

როსტომ ჩხეიძე - “ჩემი საოცნებო სამშობლო როგორია და ძლიერი საქართველო ძლიერი კავკასიის შუაგულში”

* * *

“შუაგაკრეფა-2” ანუ რა შედეგი მოუტანა ქართულ პოლიტიკას სააკაშვილის დაბრუნებამ

“საქართველოში წლის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური მოვლენა, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის გარშემო მიმდინარე აჟიოტაჟია. ჩვენ არ დავიწყებთ სამართლებრივ-სამედიცინო საკითხების განხილვას. ვიმედოვნებთ, რომ სააკაშვილის პრობლემა გადაწყდება კანონის ფარგლებში და დაცული იქნება საერთაშორისოდ აღიარებული ადამიანის უფლებები. ჩვენ შევეცდებით ვუპასუხოთ კითხვას: რა მოუტანა საქართველოს პოლიტიკურად სააკაშვილის დაბრუნებამ, მისმა დაკავებამ და ექსპრეზიდენტის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით “შუაგაკრეფა-2“ ანუ რა შედეგი მოუტანა ქართულ პოლიტიკას სააკაშვილის დაბრუნებამ / სააკაშვილის დაბრუნებამ შუა ხელმეორედ გაკრიფა ქართულ პოლიტიკურ ველზე და ორპოლუსიანობის დასრულება გადადო გაურკვეველი დროით, რაც ქვეყნისთვის ძალიან ცუდია.

“2021 წლის სექტემბერში სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა ერთადერთი მიზნით - დაებრუნებინა ხელისუფლება. გათვლა იყო მარტივი: სააკაშვილის თბილისში გამოჩენას (და თან მიტინგზე, სადაც ოპოზიცია ადგილობრივი არჩევნების შედეგებს აპროტესტებდა), უნდა მიეცა სუპერმუხტი მისი მომხრეებისთვის და ქუდზე კაცი გამოსულიყო ქუჩაში. ამას უნდა გამოეწვია ხელისუფლების პარალიზება და “ოცნება” გაქცეულიყო. რიგგარეშე არჩევნებზე კი, ტრიუმფალურად გაემარჯვა “ნაცმოძრაობას” სააკაშვილის ლიდერობით და სადღაც 2021 წლის ნოემბერში საქართველოს ეყოლებოდა ახალი მთავრობა პრემიერ სააკაშვილის მეთაურობით. ყველაფერი უკუღმა მოხდა... სააკაშვილის სტრატეგიული შეცდომა იყო, რომ მან ის ამომრჩეველი, რომელმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმა “ნაციონალურ მოძრაობას” მისცა _ ნახევარ მილიონამდე კაცი, _ პირდაპირ გადათარგმნა იმ აქტივისტებად, რომლებიც მიშას დანახვისთანავე ქუჩაში გამოცვივდებოდნენ. ეს ასე არ მოხდა და თუ რატომ არ მოხდა, ცალკე სტატიის თემაა. მთავარი კი ის არის, რომ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამ შუა ხელმეორედ გაკრიფა ქართულ პოლიტიკურ ველზე და ორპოლუსიანობის დასრულება გადადო გაურკვეველი დროით, რაც ქვეყნისთვის ძალიან ცუდია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ზოგადად, ბოლო 31 წლის განმავლობაში ორპოლუსიანობა საქართველოს პოლიტიკურ წყევლად ექცა - გამსახურდია და რადიკალური ოპოზიცია, შევარდნაძე და ზვიადისტები, “მოქალაქეთა კავშირი” და “აღორძინება”, “ოცნება” და “ნაცმოძრაობა”. გვახსოვს ერთპოლუსიანობაც - 2008-2011 წელს პოლიტიკური ცენტრი იყო მხოლოდ “ნაცმოძრაობა”, მეორე მხარეს კი იყო დაქსაქსული გამარგინალებული ოპოზიცია და “ნაციონალების” სატელიტი ვითომ ოპოზიციური პარტიები. მესამე პოლიტიკური ცენტრის გაჩენის აუცილებლობა იდეფიქსი არ არის - ეს საჭიროა ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობისთვის. პოლიტიკური სტაბილურობა მარტო ის არ არის, რომ ქვეყანაში არ იყოს აქციები, ბოიკოტი და გამიშვი-გამატარე, ეს ნიშნავს პირველ რიგში იმას, რომ პოლიტიკოსებმა წლების განმავლობაში გაფუჭებული მაგნიტოფონივით მარტო იმაზე კი არ იკამათონ, ვინ უფრო დიდი მტერია ქვეყნის, არამედ ისაუბრონ ეკონომიკურ კონცეფციებზე, უსაფრთხოების სისტემებზე, გლობალურ თუ ლოკალურ პროექტებზე, განათლების სისტემის რეფორმაზე, სოციალურ მიმართულებებზე, ეკოლოგიაზე და ა.შ. დღეს, სამწუხაროდ, ყველა თემა ტრიალებს მიშა-ანტიმიშას გარშემო და მედიისა და საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩება ქვეყნისთვის სტრატეგიული საკითხები”, - განაგრძობს გამოცემა.

“ძალიან მარტივად ავხსნით მესამე პოლიტიკური ძალის მნიშვნელობას. წარმოვიდგინოთ, რომ პარლამენტში არის ორი დიდი ძალა “ოცნება” და “ნაცმოძრაობა”. თუმცა იქ არის მესამე, ანგარიშგასაწევი ძალაც (პარტია ან რამდენიმე პარტიის დაჯგუფება), რომლისთვისაც მიუღებელია “ოცნების” პოლიტიკური დღის წესრიგიც (მიშასგან საფრთხობელის შექმნა და წლების განმავლობაში იმის ძახილი, - ჩვენ რომ არ ვიყოთ, მიშა მოვაო) და “ნაცმოძრაობის” პროპაგანდაც (არიქა, “ოცნება” პუტინის დაკვეთებს ასრულებს და მხოლოდ “ნაცმოძრაობას” შეუძლია ივანიშვილის დამარცხება). წარმოვიდგინოთ, რომ ამ მესამე ძალას აქვს თავისი დღის წესრიგი. შესაბამისად, ის გაანეიტრალებს მიშა-ანტიმიშას ისტერიკას და “ოცნებაც” და “ნაციონალებიც” შეეცდებიან, სხვა თემატიკაზე ააწყონ თავიანთი სტრატეგია. წინააღმდეგ შემთხვევაში, “ოცნება” და “ნაცმოძრაობა” დადგებიან იმ საფრთხის წინაშე, რომ მათ ჩაანაცვლებენ. ხომ არავისთვის საიდუმლო არ არის, “ოცნებას” ამომრჩევლის ნაწილი ხმას იმიტომ აძლევს, რომ “ნაცმოძრაობის” მეორედ მოსვლის ეშინია. “ნაცმოძრაობა” კი ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს N2 პარტიის პოზიციაზე და მისი ამომრჩევლის ნაწილი მიეკუთვნება იმ კატეგორიას, რომლებსაც მიშა მაინცდამაინც გულზე არ ეხატებათ, მაგრამ “ოცნების” ჯიბრზე აძლევენ ხმას”, - დასძენს გამოცემა.

“გარდა ამისა, არსებობს ე.წ. ნეიტრალური ამომრჩეველი, რომელიც არ თვლის საჭიროდ, რომ ვინმეს შიშით ან ჯიბრით არჩევნებზე იაროს. შესაბამისად, თეორიულ მესამე ძალას აქვს იმის პერსპექტივა, რომ “ოცნება-ნაცმოძრაობის” პოლიტიკურ ოლიგოპოლიას საფრთხე შეუქმნას. ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ე.წ. მესამე ძალა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის? ცალკე აღებულ პარტიას ამის ნაკლები შანსი ჰქონდა. კერძოდ, ხაზარაძე-ჯაფარიძის “ლელომ” 2020-2021 წლებში დაუშვა შეცდომები, როდესაც არ გაითვალისწინა, თუ როგორ შეხედავდა მისი პოტენციური ამომრჩეველი “ლელოს” თუნდაც თემატურ პარტნიორობას “ნაცმოძრაობასთან”. გიორგი ვაშაძის პარტიას პოლიტიკური არითმია აქვს - ვაშაძე ხან გარადიკალდება, ხან გაზომიერდება, ხან “ნაცმოძრაობას” უტევს, ხან მათთან თანამშრომლობას ცდილობს: ეს აბნევს მის პოტენციურ ამომრჩეველს. გახარია საერთოდ ახალ პოლიტიკურ მოდას ამკვიდრებს - 6 თვეში ერთხელ გამოჩნდება რომელიმე ტელეტოქშოუში და შემდეგ ისევ უჩინარდება გაურკვეველი მიმართულებით. ასეთი ტაქტიკით ამომრჩეველს ვერ მოიზიდავ საქართველოში კი არა, მსოფლიოს ვერც ერთ კონტინენტზე. ალეკო ელისაშვილი, ძირითადად, იმით არის დაკავებული, რომ დაამტკიცოს - “მოქალაქეები” “ოცნების” სატელიტები არ ვართო. მოკლედ, ყველა პარტია თავის წვენში იხარშება”, - წერს სტატიის ავტორი.

“თუმცა იყო შანსი (უფრო იმედი), რომ ზემოხსენებული პოლიტიკური პარტიები გამოიყენებდნენ 2024 წლამდე დარჩენილ პერიოდს და ჯამურად შეძლებდნენ იმდენი ხმის აღებას, რომ მომავალ პარლამენტში შეევიწროებინათ აქეთ “ოცნება” და იქით “ნაცმოძრაობა”. ანუ გარკვეულწილად დაიკავებდნენ ე.წ. მესამე ძალის პოზიციას, რაც ახალ პოლიტიკურ პერსპექტივებს გაშლიდა. მაგრამ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. მთავარ ოპოზიციურ ფიგურად იქცა მიშა, ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ თემად კი “მიშა ციხეში” ან “მიშა კლინიკაში”. სამწუხაროდ, არამიშისტური ოპოზიციური პარტიების ლიდერები იქცნენ პოლიტიკურ კომენტატორებად და ტელეეთერებში, ძირითადად, საუბრობენ სააკაშვილზე და არა იმაზე, ამა თუ იმ პრობლემის მოგვარება როგორ წარმოუდგენიათ. გასაგებია, რომ ჟურნალისტები ძირითადად სააკაშვილზე ეკითხებიან, მაგრამ არსებობს ათას ერთი პოლიტიკური ხერხი, რომ საკუთარი დღის წესრიგი დაამკვიდრო. მით უმეტეს, ქვეყნის წინაშე მდგარი მწვავე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები მიშას ჩამოსვლით არ აორთქლებულა. რომის პაპზე მეტი კათოლიკე ვერ იქნები, ანუ “ნაციონალური მოძრაობის” გულმხურვალე მხარდამჭერებს ვერ გადაიბირებ, ე.წ. ნეიტრალური ამომრჩეველი კი შენ მიმართ ისევ გულგრილი დარჩება”, - მიიჩნევს სტატიის ავტორი.

“სააკაშვილმა თავისი ჩამოსვლით არამიშისტურ ოპოზიციას კი არა, საკუთარ პარტიასაც მიაყენა უდიდესი დარტყმა. ნიკა მელია ვერ იქცა ახალი ტიპის ლიდერად, რადგან ის მიშამ გადაფარა. “ნაცმოძრაობის” რებრენდინგის მცდელობამ კი კრახი განიცადა, რადგან განახლება კი არა, აგერ კეზერაშვილ-მერაბიშვილის დუეტი მოიპოვებენ მალე კონტროლს პარტიაზე. შესაბამისად, პარტიის თავმჯდომარედ “ნაციონალების” ამომრჩევლები მიიღებენ გაშარჟებულ ხაბეიშვილს და კეზერაშვილ-მერაბიშვილის პოლიტიკურად გაპრავების სტრატეგიას. თუმცა მიუხედავად ამ აჯაფსანდალისა, “ნაციონალები” რჩებიან მთავარ ოპოზიციურ პარტიად. შესაბამისად, რეალურია იმის პერსპექტივა, რომ 2024 წლების საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მივიღოთ ორპარტიული პარლამენტი (ვისაც არ სჯერა, გადახედოს “აირაისა” და “ენდიასის” ბოლო კვლევებს) - “ოცნება” და “ნაცები” და მათი პოლიტიკური იწილო-ბიწილოს მეოთხე წრეზე წავიდეთ. ასევე, 2028 წლამდე ვარკვიოთ, გაყალბდა თუ არა საპარლამენტო არჩევნები. ასე რომ, “შუაგაკრეფა-2” შესაძლოა, უფრო მტკივნეული და დამაზიანებელი იყოს ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის, ვიდრე მისი 2012 წლის ანალოგი”, - დაასკვნის სტატიის ავტორი გიორგი კვიტაშვილი.

რუსებმა ბახმუტზე შეტევა შეანელეს და აქცენტი სარაკეტო თავდასხმებზე გადააქვთ

“რუსებს ბახმუტზე შეტევისთვისაც ამჯერადაც არ ეყოთ ძალები და ფრონტის ერთადერთ ცხელ წერტილზე საბრძოლო მოქმედების ინტენსივობა შენელებულია. ამის საპირწონედ კი მოსკოვმა სარაკეტო თავდასხმები გააძლიერა - შობის ღამეს ხერსონზე მათ დარტყმას დიდი მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინა საერთაშორისო პარტნიორებს რეაგირებისკენ მოუწოდებს. უკვე ცნობილია, რომ აშშ უკრაინას საზენიტო-სარაკეტო კომპლექს “პეტრიოტს” გადასცემს, თუმცა ამ დახმარების ეფექტი მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ გამოჩნდება. ჯერჯერობით საუბარი “პეტრიოტის” მხოლოდ ერთ ბატარეაზეა. ამასთან, შესაბამისი სამხედრო პერსონალის გადამზადებას დრო სჭირდება და ანალიტიკოსთა პროგნოზით, უკრაინელები მხოლოდ მომავალი წლის გაზაფხულის ბოლოს შეძლებენ რეალურ საბრძოლო ვითარებაში მის გამოყენებას. მანამდე კი, ანალიტიკოსთა პროგნოზით, მასირებული სარაკეტო თავდასხმები კვლავ მოსალოდნელია, რადგან ფრონტზე უკრაინის სახმელეთო ჯარები რუსებს წელში ნელ-ნელა ტეხავენ და კრემლს სხვა ალტერნატივა აღარ დარჩა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რუსებმა ბახმუტზე შეტევა შეანელეს და აქცენტი სარაკეტო თავდასხმებზე გადააქვთ.

“უკრაინის საზღვაო ძალების ინფორმაციით, ამჟამად რუსებს შავ ზღვაში 13 და ხმელთაშუა ზღვაში 9 ხომალდი ჰყავთ ჰყავთ გაყვანილი საბრძოლო პოზიციებზე, რომლებიც ჯამში 100-მდე რაკეტა “კალიბრით” არიან აღჭურვილი. ბახმუტში რუსული ჯარების წინსვლის ტემპი ბოლო დღეებში შენელდა, თუმცა ჯერ ნაადრევია ვარაუდი, გადავლილია თუ არა ამ მონაკვეთზე საბრძოლო აქტივობის პიკი. როგორც ამერიკული „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი” აღნიშნავს, ამას თავად რუსი სამხედრო კორესპონდენტები ადასტურებენ, რომ უკრაინელებმა “ვაგნერელები” უკან იმ პოზიციებამდე დახიეს, რომლებიც რამდენიმე დღის წინ ჰქონდათ დაკავებული. 21 დეკემბერს უკრაინელები სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ უკრაინულმა ძალებმა მთლიანად განდევნეს რუსული ჯარები ბახმუტის აღმოსავლეთ გარეუბნებიდან. “სავარაუდოდ, რუსულ ძალებს ბახმუტის რაიონში შეტევითი ოპერაციების ტემპის შენარჩუნება გაუჭრდებათ და შესაძლოა ტაქტიკური ან ოპერატიული პაუზა აიღონ”, - აცხადებენ “ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” ექსპერტები. ამავე ორგანიზაციის შეფასებით, ნოემბერსა და დეკემბერში რუსულმა ჯარებმა უფრო ნაკლები შეტევა განახორციელეს ამ მიმართულებით, ვიდრე ოქტომბერში”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ამავე ორგანიზაციის ანალიტიკოსები რუსებისთვის მთავარ პრობლემებს შორის საბრძოლო მასალის ნაკლებობას და ბოლო კვირებში “ვაგნერელების” მძიმე დანაკარგს ასახელებენ. გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ “რეზონანსთან” ბახმუტში არსებულ მდგომარეობაზე ესაუბრა და განაცხადა, რომ ქალაქის მისადგომებთან ბოლო პერიოდში ბრძოლა დიდი ტემპით მაინც არ მიდიოდა. პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე კი “რეზონანსთან” აღნიშნავს, რომ უკრაინელების წარმატებულმა კონტრშეტევებმა რუსები ბახმუტში შეანელა, ამასთან, „ვაგნერს" მნიშვნელოვანი დანაკარგი აქვს და მათ ძალებს ახლა ძირითადად გამოუცდელი მებრძოლები შეადგენენ”, - განაგრძობს გამოცემა.

“ბახმუტში ბრძოლა შენელებულია, დიდი ტემპებით მაინც ვერ მიდიოდა. “ვაგნერელები” ბახმუტის ჩრდილო-აღმოსავლეთით ქალაქში არიან შესული და რამდენიმე კვარტალს აკონტროლებენ. სამხრეთი და ჩრდილოეთ მიმართულებით ცდილობენ, რომ შემოუარონ. რუსები ბახმუტის გარეუბანში ოპიტნეს აღებას და სამხრეთიდან შემოვლას ცდილობენ. ამასთანავე ცდილობენ ჩრდილოეთიდან სპორნეს მხრიდანაც შემოუარონ და თავდაცვა ისე გაარღვიონ, მაგრამ იმ ტემპებში ვერ მიიწევენ წინ, როგორც უნდათ. ბახმუტში უკვე დიდი ხანია ასეთი გაჭიანურებული ბრძოლები მიდის. უკრაიუნელები ჯერჯერობით პოზიციას ინარჩუნებენ, დაცვაში არიან და ცდილობენ კონტრშეტევებით უპასუხონ. ძირითადად ქალაქი მდინარით სამ ნაწილადაა გაყოფილი. უკრაინელები სახლებში არიან გამაგრებული და რუსების შეჩერებას ასე ცდილობენ. აქ უკრაინულებმა თავისი ძალები შევსებით გააძლიერეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.

“ბახმუტში რუსების შეტევის ტემპი იმიტომ შენელდა, რომ უკრაინელებმა რუსეთის შეტევა რამდენჯერმე წარმატებით მოიგერიეს. რუსებს წელში ნელ-ნელა ტეხავენ და გატეხავენ, რადგან არ ჰყავთ საკმარისი ძალები, რომ შეტევა გააგრძელონ. ამას დიდი ძალა და მომზადებული ხალხი სჭირდება, რაც რუსებს არ ჰყავთ. “ვაგნერის” ჯგუფი ძირითადად თავზეხელაღებული კრიმინალები და მაწამწალები არიან. რუსებს ჯარისკაცები ხომ გამოელიათ და ახლა, როგორც ჩანს, მაწანწალებიც ელევათ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ბერიძე.

“აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი უკრაინას “პეტრიოტის” საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს. თუმცა საუბარი მხოლოდ ერთ ბატარეაზეა. თან, როგორც ანალიტიკოსთა მაწილი ამბობს, შესაბამისი კონტიგენტის გადამზადება ახლახანს დაიწყო და დიდი ალბათობით, გაზაფხულის ბოლომდე გასტანს, რაც შესაძლოა ამ შეიარაღების უკრაინისათვის გადაცემის ეფექტურობასაც ამცირებდეს. ვაშინგტონში კატონის კვლევითი ინსტიტუტის ანალიტიკოსი ჯორდან კოენი მიიჩნევს, რომ უკრაინელი სამხედროები 2023 წლის გაზაფხულის ბოლომდე აშშ-ს მიერ მიწოდებული “პეტრიოტის” საჰაერო თავდაცვის სისტემების გამოყენებას ვერ შეძლებენ. იგი ჟურნალ “ნიუსვიკთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ უკრაინული კონტინგენტის წვრთნები რამდენიმე თვე მაინც გაგრძელდება. გენერალი ვახტანგ კაპანაძე მიიჩნევს, რომ “პეტრიოტის” ერთ ბატარეას ერთი დასახლებული პუნქტის სრული დაცვა შეუძლია, თუმცა 100%-იან დაცვას ვერც ერთი სისტემა ვერ შეძლებს. პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე კი ამბობს, რომ “პეტრიოტების” გამოყენებისთვის უკრაინელებს გარკვეული პირადი შემადგენლობა უკვე მომზადებული ჰყავთ”, - დასძენს გამოცემა.

“წარმოვიდგინოთ, რომ ბატარეა ოთხი, ან რვა გამშვებით და ერთი მართვის ცენტრისგან შედგება. თითოეულ გამშვებზე 4-4 რაკეტაა, თუ მისი წვდომადობა 80 კმ-ია. ეს ბატარეა ისე უნდა იყოს განლაგებული, რომ “ღრიჭოები” არ დარჩეს და ერთმანეთთან გადაფარული იყოს. ერთი დასახლებული პუნქტის და ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის დაცვის გაძლიერება შუძლია, თუნდაც კიევის. 100%-იანი ვერა, მაგრამ დაცვის მნიშვნელოვნად გაძლიერება შეუძლია. ეს ომი მალე არ დამთავრდება და ის, რომ წვრთნები ახლა დაიწყო, ეს “პეტრიოტის” გადაცემის ეფექტს არ ამცირებს. უკრაინის გაძლიერება მნიშვნელოვანია. “პეტრიოტის” თითო რაკეტა სამი მილიონი დოლარი ღირს და მთელი უკრაინა რომ დაფაროს, ერთბაშად ამდენის გადაცემას ალბათ ჯერ აზრიც არ ექნებოდა, რადგან ჯერ ის ხალხი უნდა მოამზადონ, ვინც ამ იარაღს მართავს. ამ შეიარაღების გადაცემას ძალიან მნიშვნელოვანი ეფექტი ჰქონდა პოლიტიკური თვალსაზრისით და ზოგადად, უკრაინას საჰაერო დაცვა ნახევარი წლის შემდეგაც დასჭირდება. ეს უკრაინელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა”, - დასკვნის ვახტანგ კაპანაძე.

“საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის ექსპერტი არ ვარ და ერთ ბატარიას რა ტერიტორიის დაცვა შეუძლია ვერ გეტყვით, მაგრამ “პეტრიოტებზე” ხალხის წვრთნა გაცილებით ადრე იყო დაწყებული და გარკვეული პირადი შემადგენლობა უკვე მომზადებული ჰყავთ. უკრაინაში გარკვეული სარაკეტო და საჰაერო თავდაცვის სისტემები უკვე არის და ამას “პეტრიოტებს” რომ დავუმატებთ, ძალიან მნიშვნელოვან ეფექტს შეიტანს. მაგრამ როცა რუსეთი ბომბავს, 100%-იანი დაცვა არ არსებობს. ამის მოლოდინი არ უნდა იყოს, მაგრამ “პეტრიოტები” გაცილებით გააძლიერებს დაცვას და სიტუაციას ნელ-ნელა უკრაინის სასარგებლოდ გადახრის. რუსეთის მხრიდან სარაკეტო შეტევას ველოდები, რადგან მას სხვა გზა აღარ დარჩა. ესაა მისი ერთადერთი გზა, რომ უკრაინა დააზიანოს და შეაჩეროს. ახლა ყველანაირად ცდილობს, რომ მაქსიმალური ზიანი მიაყენოს. ასეთი სახით სარაკეტო შეტევებს და დაბომბვებს კიდევ ვიხილავთ”, - დასძენს ლაშა ბერიძე.

გია ხუხაშვილი - ომი, მიშა და კაბელი

“წლის მთავარი ამბავი უკრაინაში ომის დაწყებაა. ეს არის გლობალური მოვლენა, რომელიც ჩვენს რეგიონში ვითარდება, და რომელზეც სამყაროს, მათ შორის საქართველოს მომავალია დამოკიდებული. სამწუხაროდ, ჩვენ ამ პროცესში მაინცდამაინც კარგად ვერ გამოვიყურებით. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ამ დიდ დაპირისპირებაში ჩვენი იდენტობა არ გამოკვეთილიყო. მათი ქმედება კოლაბორაციონისტულ ელემენტებს შეიცავდა. ძნელია პოზიტივზე საუბარი მაშინ, როცა ამხელა ტრაგედია ტრიალებს, მაგრამ უკრაინაში დაწყებულმა ომმა ახალი შესაძლებლობის ფანჯარა გაგვიხსნა - დასავლურ სამყაროში ინტეგრაციის საშუალება მოგვეცა. უკვე პირდაპირი განაცხადი კეთდებოდა როგორც ევროსტრუქტურებში გაწევრებისთვის, ასევე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ მოხვედრაზე. “ქართულმა ოცნებამ” ყველაფერი უკუღმა შეაფასა და ახალ შესაძლებლობად რუსეთის ეკონომიკური პრობლემები მიიჩნია. რუსული ბაზრის იაფად ათვისება სცადეს. რუსულმა ფულმა ქართულ ეკონომიკაში მცირე სარგებელი ნამდვილად მოიტანა, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში დამანგრეველი ეფექტი ექნება”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერიუში, სათაურით ომი, მიშა და კაბელი.

“ძნელია იმის გარკვევა, ეს ყველაფერი უნებური შეცდომა იყო თუ ქვეყნის მიზანმიმართული ღალატი. ასეთი საკითხები საიდუმლოს კატეგორიაში გადის. თუმცა შედეგის თვალსაზრისით ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს, ქვეყანას შეცდომებით ავნებ, სიბრიყვით, შიშით თუ კიდევ სხვა ფობიებით, შედეგი ყველა შემთხვევაში ერთნაირად დამაზიანებელია. ხელისუფლებამ იმის მტკიცება დაიწყო, რომ დასავლეთს ჩვენი ომში ჩართვა უნდოდა, რომ სააკაშვილი ზელენსკიმ გამოგზავნა საქართველოში შიდაარეულობის მოსაწყობად. ირაკლი კობახიძისგან ისეთ უცნაურ განცხადებებს ვისმენთ, რუსულ პროპაგანდასაც კი არ ეყოფოდა ფანტაზია ასეთი რამეების გამოსაგონებლად. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რუსეთ-უკრაინის ომი საქართველოში აფხაზეთისა და ცხინვალის კონფლიქტის ანალოგიად წარმოაჩინა. ესე იგი, დამოუკიდებელ სახელმწიფოში შეჭრა სეპარატისტულ მოძრაობასთან გაათანაბრა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ერთი შეხედვით შეიძლება უჩვეულოდ მოგეჩვენოთ, როგორ შეიძლება ხელისუფლებას ასეთი ანტიდასავლური განცხადებები გასდიოდეს, როდესაც ქართველი ხალხის 85% ევროინტეგრაციას უჭერს მხარს, მაგრამ “ქართულმა ოცნებამ” მარტივად დაალაგა ყველაფერი - იცის, რომ საზოგადოებაში პროტესტი არის, მაგრამ მხოლოდ სამზარეულოში. პროტესტი რომ გარეთ გამოვიდეს, ამისთვის ლიდერია საჭირო. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ოპოზიცია დისკრედიტირებულია და ხალხი მას არ მიჰყვება, თავს მშვიდად გრძნობენ. “გათიშე და იბატონეს” პრინციპით მოქმედებს და სასურველ შედეგსაც იღებს. ეს არის ჩვენი მთავარი პრობლემა და ხელისუფლების კოზირი. “ქართული ოცნება” უკვე თავსაც აღარ იწუხებს დაამტკიცოს, რომ კარგები არიან, პირდაპირ გვეუბნებიან, ჩვენ ვართ აქაურობის ბატონ-პატრონი და რასაც გვინდა, იმას გავაკეთებთ. ჩემი ალტერნატივა ჩემზე უარესიაო. სამწუხაროდ, ხალხი მართლა ვერ ხედავს ალტერნატივას ოპოზიციაში. ამიტომ არის ცუდად, გაბრაზებულია ხელისუფლებაზე, მაგრამ ზის სახლში”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“მიუხედავად იმისა, რომ უამრავი პრობლემა გვაქვს როგორც სოციალურ-ეკონომიკური, ასევე საზოგადოებრივ-პოლიტიკური, სააკაშვილის თემა ახერხებს გადაფაროს ყველა და ყველაფერი. თითქოს სხვა არფერი ხდება ქვეყანაში. ამ ამბით ძალიან დიდ კომფორტშია ხელისუფლება - ნაცვლად იმისა, ხალხისა და პოლიტიკური ოპოზიციის კრიტიკულ კითხვებზე უწევდეს პასუხების გაცემა, ჩართული არიან სააკაშვილთან დაკავშირებულ გაუთავებელ იწილო-ბიწილოში. რამდენიმე თვის განმავლობაში ყოველ დილით სააკაშვილს ვუზომავთ სიცხეს და ყოველ საღამოს ვუმოწმებთ ძვლებს. ამას ვაკეთებთ უწყვეტად. ხელისუფლებას აქვს შექმნილი მატრიცა - ვიღაცისთვის მიუღებელი, ვიღაცისთვის მისაღები და გაჰყავთ დრო. ამიტომ არ ეთმობათ, ამიტომ არ უშვებენ უცხოეთში არაფრის ფასად. არც გაუშვებენ, იმიტომ, რომ პოზიტიური დღის წესრიგი არა აქვთ, რა უნდა ქნან, რაზე უნდა ელაპარაკონ საზოგადოებას, სააკაშვილის ფაქტორი რომ არ იყოს? სხვა ისეთი ალტერნატივაც არა ჰყავთ, ვის დემონიზებასაც შეძლებდნენ და ააგებდნენ ნეგატიურ დღის წესრიგს. მერაბიშვილი და კეზერაშვილი მოსინჯეს, მაგრამ არ გამოუვიდათ, ვინაიდან სააკაშვილის თანაზომადი ფიგურები არ არიან. არ იციან, რა ქნან, როგორ გამოვიდნენ სიტუაციიდან და დინებაზე მიუშვეს პროცესი. ისე უნდათ ხელისუფლებაში ყოფნა, რომ არაფერზე აიღონ პასუხისმგებლობა, არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღონ. ეს არის მათი მართვის თეორია”, - განმარტავს გია ხუხაშვილი.

“ნორმალური ხელისუფლება რომ გვყავდეს, სააკაშვილის საკითხს უკვე აღარც სამართლებრივ ჭრილში აღარ განიხილავდა და აღარც პოლიტიკურში. ეს ჰუმანიტარული საკითხია. რაზეა საუბარი? მის ჯანმრთელობაზე. მედიცინის წარმომადგენელი არა ვარ, მაგრამ ფიზიკურ მდგომარეობაზე მეტად მისმა ფსიქიკურმა მდგომარეობამ შემაშფოთა. მეც კი დავინახე მასში დემენციის ნიშნები. კონცენტრაცია უჭირდა, აზრი უწყდებოდა... ძალზე ცუდ დღეში იყო. ერთმა ფაქტორმა შემაშფოთა - როდესაც ხედავ, ადამიანი, თუნდაც დამნაშავე, ასეთ ცუდ დღეშია და მის მიმართ თანაგრძნობა არა გაქვს, ეს ნიშნავს, რომ შენ ხელისუფლებაში სისტემური ცვლილებებისთვის კი არა, შურისძიებისთვის მოხვედი. ესე იგი, “ქართული ოცნება” იმისათვის მოვიდა ხელისუფლებაში, რომ შემდეგ თავად ეძალადა. სააკაშვილის უმწეო მდგომარეობის დანახვის შემდეგ ისევ სიმულაციაზე საუბარი, ჩემი აზრით, სადიზმის გამოვლინებაა. ისიც აღსანიშნავია, რომ ხალხიც სასტიკი გახდა, თითქოს კანი გაისქელა. მოდი, სიმართლე ვთქვათ, მათ შორის, ვისაც ახლა სააკაშვილის სისხლი სწყურია, ძალიან ცოტაა “ნაციონალური რეჟიმის” დროს დაზარალებული”, - ამტკიცებს რესპონდენტი.

“თალაკვაძესა და კობახიძეს ერთი დღე არ უბრძოლიათ სააკაშვილის წინააღმდეგ. დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებიდან ზოგი `ნაცმოძრაობაში~ იყო ინტეგრირებული, ზოგიერთი კი ბუჩქებში იჯდა და თავის დროს ელოდა. მათი ერთადერთი ფასეულობა ძალაუფლებაა. შესაბამისად, მიიჩნევენ, რომ ამის შენარჩუნებას ახლა სააკაშვილის შესახებ სიძულვილით საუბარი სჭირდება. სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაზარალებული მე ვარ, მაგრამ მას უკვე გამოტანილი აქვს პოლიტიკური ვერდიქტი, ციხეშიც იჯდა. შესაბამისად, აღარ მაქვს ბრაზი, მით უფრო მისი სიკვდილი არ მინდა. უპირველესად იმიტომ არ მინდა, რომ სახელმწიფოსთვის იქნება ძალიან ცუდის მომტანი. სააკაშვილის სიკვდილი ქართულ ციხეში ჩვენი ქვეყნის ისტორიული მარცხი იქნება. ამ ხელისუფლების წარმომადგენლები ისტორიაში პრეზიდენტის მკვლელების სტატუსით შევლენ”, - თვლის ექსპერტი.

“ომის საფრთხეზე საუბარი წმინდა პოლიტტექნოლოგიური საკითხია, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” კარგად ამუშავა. ომი ხომ მართლა არავის უნდა?! ხელისუფლებამ კი საზოგადოების რაღაც ნაწილი დაარწმუნა, რომ ოპოზიციისა და ხალხის ნაწილი, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომზე საქართველოს ხელისუფლებისგან პრინციპული პოზიციის გამოხატვას ითხოვს, ომი უნდა. სინამდვილეში რუსებთან ენის მოჩლექით საუბარზე უარის თქმას და სავიზო რეჟიმის დაწესებას არანაირი ომი არ მოჰყვება. ჩვენზე ბევრად პრინციპულ პოზიციას აფიქსირებს 40-ზე მეტი ქვეყანა. ბოლოს და ბოლოს, იარაღს აწვდიან, მაგრამ არც ერთი მათგანისთვის არ გამოუცხადებია რუსეთს ომი. მოლდოვას, რომელიც ჩვენზე უარეს დღეშია, სხვა თუ არაფერი, ფრონტის ხაზზეა, საკმაოდ პრინციპული პოზიცია აქვს. ისედაც დიდ გასაჭირში ჩავარდნილ რუსეთს ახალი პრობლემები არ სჭირდება. შესაბამისად, ომის დაწყების არავითარი საფრთხე არ არსებობს, მაგრამ ხელისუფლებამ შეძლო და საზოგადოების დიდი ნაწილი დაარწმუნა, რომ თუ რუსეთს ბაბაიას არ დავუძახებთ, ომს დაგვიწყებს. ნახეთ, რას ამბობს - რუსეთი ძალიან საშიშია, ამიტომ არ უნდა გადავდგათ არც ერთი ისეთი ნაბიჯი, რომელიც პუტინს არ მოეწონებაო. ხალხში რუსეთის შიშს ნერგავს. ჩვენ კი რას ვაკეთებთ? ყველანაირად ვახდენთ იმის დემონსტრირებას, რომ გვეშინია. უამრავი რუსი შემოვუშვით ქვეყანაში, სასათბურე პირობები შევუქმენით. კაცმა არ იცის, რა ხალხი შემოვიდა და რა საქმეში დებენ ფულს. ყველაფერს ისე ვაკეთებთ, როგორც მოსკოვს აწყობს. საქართველოში დღესაც ზუსტად ისეთი სიტუაციაა, როგორიც 1920 წელს, მეთერთმეტე არმიის შემოსვლის წინ იყო. გაიხსენეთ მარო მაყაშვილის ცნობილი წერილი”, - ამბობს გია ხუხაშვილი.

“ცოტა ხნის წინ უკრაინაში მებრძოლი­ ქართველების დისკრედიტაციას შეეცადნენ. ემტერებიან ყველას, ვინც პოტენციურად, თეორიულად უქმნის საფრთხეს მათ ძალაუფლებას. წარმოიდგინეთ, რა შეიძლება მოხდეს, მამუკა მამულაშვილი და ყველა ის მებრძოლი, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ დღეს საქართველოს ბედი უკრაინაში წყდება, ერთ დღეს აქ რომ დაბრუნდეს. ფიზიკურად ეშინიათ იმ ხალხის. იმიტომ კი არა, აქ რომ დაბრუნდებიან, ვინმეს ესვრიან, ჩვენ ხელისუფლებაში გვყავს ადამიანები, რომლებსაც არასდროს უბრძოლიათ, ბუჩქებში ისხდნენ და ისე ელოდნენ თავიანთ მომენტს. ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის უმრავლესობა ტალახში ამოსვარა, ყველას დისკრედიტაცია მოახერხა. ხალხი გმირს ეძებს, მაგრამ ვერ პოულობს. უკრაინაში მეომარი ქართველები აქ რომ ჩამოვიდნენ, სულ მცირე, ამ ხელისუფლების ოპოზიციაში იქნებიან. ბიძინას მათი ტალახში გასვრა ძალიან გაუჭირდება. ამიტომ მათ პოტენციურ საფრთხედ თვლიან. მათ შეიძლება მართლა გაჰყვეს ხალხი. რა ქნას მერე ბიძინამ? დღეს ის ძალაუფლებას მხოლოდ იმიტომ ინარჩუნებს, რომ გმირები აღარ გვყავს. როგორც კი ჩვენს საზოგადოებაში გმირები გაჩნდებიან, მისი ძალაუფლება მაშინვე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება”, - დაასკვნის რესპონდენტი.

“მთელი 2022 წლის განმავლობაში ერთადერთი კარგი ამბავი ევროკავშირთან დამაკავშირებელი კაბელის შავ ზღვაში ჩადებაა. ევროპაში დემოკრატიით ვერ მიგვიღეს და პირდაპირ კაბელით გვაერთებენ. ჩვენი ხელისუფლების იმედზე დიდად არ ვარ, მსგავსი პროექტების ჩაგდების მწარე გამოცდილება გვაქვს. თუნდაც ანაკლიის მაგალითი რად ღირს, მაგრამ ამ კონკრეტულ სიტუაციაში ჩვენს ხელისუფლებას საქმე არა აქვს ხაზარაძესთან, რომელსაც სასამართლოში აღუძრა საქმე. “ქართულ ოცნებას” ამჯერად საქმე ექნება დიდ მოთამაშეებთან - აზერბაიჯანსა და რუმინეთთან, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ხელს ისე ჩაჰკიდებენ, როგორც ბავშვს, და წაიყვანენ ამ გზაზე”, - დასძენს გია ხუხაშვილი.

ვინ ჩააგდო ომბუდსმენის არჩევა - “ოცნება” და ოპოზიცია 8-დან ერთზეც ვერ შეთანხმდნენ

“ქვეყანას ახალი ომბუდსმენი გაზაფხულამდე არ ეყოლება - პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე სახალხო დამცველი ვერ აირჩია. ფორმალური კენჭისყრის შედეგებით, წარდგენილმა კანდიდატმა ხმების უმნიშვნელო რაოდენობა მიიღეს. არჩევისთვის საჭირო 90 ხმის მობილიზებისთვის ახალი პროცედურებიც და პოლიტიკური კონსულტაციებიც უშედეგოდ დასრულდა. ევროკომისიის ამ რეკომენდაციის შეუსრულებლობაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. ახალი სახალხო დამცველის არჩევას პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე შეეცდება. პროცესი თავიდან უნდა დაიწყოს - კანდიდატების შერჩევით, კონსულტაციებითა და ა.შ. ახალი ომბუდსმენის არჩევის აწ უკვე წარუმატებელი ცდისას, საწყის ეტაპზე, ამ თანამდედობაზე 19 კანდიდატი იყო წარდგენილი. პარლამენტში გასაუბრებების შემდეგ მათი რაოდენობა 8-მდე შემცირდა. მათგან კი არც ერთი არ აღმოჩნდა ისეთი, რომელიც მისაღები იქნებოდა როგორც საპარლამენტო უმრავლესობისათვის, ისე ოპოზიციისათვის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ვინ ჩააგდო ომბუდსმენის არჩევა - “ოცნება” და ოპოზიცია 8-დან ერთზეც ვერ შეთანხმდნენ.

“ქართული ოცნების” ფავორიტები იყვნენ - ლელა გაფრინდაშვილი, თინათინ ერქვანია, ნუგზარ კოხრეიძე, გიორგი მარიამიძე და ქეთევან ჩაჩავა. ოპოზიცია კი უარს აცხადებდა აქედან რომელიმეს მხარდაჭერაზე. მეორეს მხრივ, ოპოზიციას 3 ფავორიტი ჰყავდა - ნაზი ჯანეზაშვილი, ანა აბაშიძე და გიორგი ბურჯანაძე. საპარლამენტო უმრავლესობისთვის კი სწორედ ეს კანდიდატები აღმოჩნდნენ კატეგორიულად მიუღებელი. სახალხო დამცველის არჩევას კი 90 ხმა სჭირდება, რაც ერთდროულად როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის მხარდაჭერას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ ახალი სახალხო დამცველის არჩევაზე ევროკომისიის იმ რეკომენდაციებშიც არის საუბარი, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისარებად უნდა შეასრულოს. უფრო კონკრეტულად კი, ევროკომისია ითხოვს ითხოვს სახალხო დამცველის ნომინირებისას უპირატესობის მინიჭებას დამოუკიდებელი პირისათვის, პროცესის გამჭვირვალედ წარმართვასა და აპარატის ეფექტიანი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას. 22 დეკემბერს “ნაციონალურმა მოძრაობამ” პარლამენტის სხდომას ბოიკოტრი გამოუცხადა. პოლიტიკური კონსენსუსის არარსებობის გამო კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია არც “ქართულ ოცნებას”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ამის მიზეზი ოპოზიციის ქცევაა, რომელსაც ულტიმატუმის ფორმა ჰქონდა. ამასთან, მათივე მტკიცებით, ოპოზიციის წარმომადგენელთა ნაწილი არ იყო დამოუკიდებელი თავის არჩევანში. ”სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერის პაატა მანჯგალაძის განცხადებით კი, “ქართული ოცნება” არ იყო დაინტერესებული სახალხო დამცველის შერჩევის პროცესით. მისი თქმით, ხელისუფლებამ საბოტაჟი გამოუცხადა ამ პროცესს და მიზანმიმართულად ჩააგდო ევროპული რეკომენდაცია, რადგან მათ არ უნდათ, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ანალიტიკოსტ ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციას ომბუდსმენის კანდიდატურაზე “ლომჯარიას 2”-ის არჩევა უნდა. ამ პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე ისინი ცდილობენ, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტი კვლავ ხელში ჩაიგდონ. ხელისუფლება კი დაშვებულ შეცდომას მიხვდა და ახლა მისი გამოსწორება უნდა”, - განაგრძობს გამოცემა.

“ხელისუფლებამ თავიდან თქვა, რომ სახალხო დამცველის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას არ წარადგენდა და ოპოზიციას ეგონა, რომ ისევ “ლომჯარია 2”-ს აირჩევდნენ. მათ მიერ წარმოდგენილი სამი კანდიდატურა - ნაზი ჯანეზაშვილი, ანა აბაშიძე და გიორგი ბურჯანაძე - სწორედ ასეთი კანდიდატურები არიან... ოპოზიცია საკუთარი კანდიდატურების გაყვანას ცდილობდა. ხელისუფლების მიერ შეთავაზებული 5 კანდიდატურა მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რადგან მიაჩნიათ, რომ ისინი მმართველი გუნდის მხარდაჭერით სარგებლობენ. ოპოზიციის და ხელისუფლების ქცევაც ლოგიკურია, ორივე ცდილობს, რომ წინასაარჩევნოდ ეს საკმაოდ გავლენიანი ინსტიტუტი არ იყოს ვინმეს გავლენის ქვეშ. ჩვენ კარგად გვახსოვს ბოლო დროს ლომჯარია როგორ გახდა პოლიტიკური მხარე და პატიმარი სააკაშვილის გარდა არავის ინტერესებს აღარ იცავდა. ამიტომ ხელისუფლებას იგივე ყულფში თავის გაყოფა აღარ უნდა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი ომბუდსმენის არჩევის ჩაგდებაში ოპოზიციას ადანაშაულებს. როგორც მან „რეზონანსს“ განუცხადა ოპოზიციის მთავარი მიზანია ხელისუფლებამ და ქვეყანამ დაკისრებული 12 პუნქტიანი გეგმის შესრულება ვერ შეძლოს. მისივე თქმით, ომბუდსმენის კანდიდატურის ჩაგდება დროებითი პროცედურაა და საგაზაფხულო სესიის პირობებში ეს პრობლემა გამოსწორდება. აბაშიძე ამბობს, რომ პროცესი ხელახლა უნდა დაიწყოს და ხელისუფლება ოპოზიციას კანდიდატის ჩაგდების საშუალებას არ მისცემს. ანალიტიკოსი ამტკიცებს, რომ ზუსტად მსგავსი ქმედება “ნაციონალებმა” ცესკოს თავმჯდომარის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევისას განახორციელეს”, - დასძენს გამოცემა.

როსტომ ჩხეიძე - “ჩემი საოცნებო სამშობლო როგორია და ძლიერი საქართველო ძლიერი კავკასიის შუაგულში”

“გარდაუვალი ცვლილებების დროა, საამისოდ კი არამცთუ სიტყვაა აუცილებელი, ზარების რეკვაც უნდა შემოეშველოს და გაამძაფროს სიტყვის ზემოქმედება, თორემ დრო აღარ გვაცდის და ვაითუ სიმწრით ნაგები ქვეყანა ხელში ჩაგვეფშხვნას. და მერე ერთმანეთსაც რომ ვაბრალოთ, რაღა ხეირი, საუკუნის წინათ ემიგრაციაში გადახვეწილი მთავრობა და პოლიტიკოსები ერთიმეორეს რომ ძრახავდნენ, არა ასე ჯობდა ქვეყნის პოლიტიკური მოწყობა და არა ასეო; და ერთმანეთის ძრახვაში აღმოხდათ სული. ასე რომ: ახლა დუმილი დანაშაულიას თქმას მაინც მოვერიდები და ვიტყვი რომ გაუმართლებელია.... უკრაინის მიწა-წყალზე არსებითად მესამე მსოფლიო ომი მიმდინარეობს, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს არა მხოლოდ ორი ქვეყნის ბედი, არამედ სამყაროს ახალი წესრიგი შემოგვთავაზოს”, - აცხადებს მეცნიერი და მწერალი როსტომ ჩხეიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ჩემი საოცნებო სამშობლო როგორია და ძლიერი საქართველო ძლიერი კავკასიის შუაგულში” / "ხელისუფლება აბსურდის თეატრს გასცდა და აბსურდის აბსურდის თეატრად მოგვევლინა".

“უკრაინის გამარჯვება კაცობრიობას ახალ გზებზე გაიყვანს, სასიკეთო, ღირსეულ, ბუნებრივ გზებზე, რუსეთის წარმატებას კი - რასაც უკვე ვეღარ ეღირსებიან - მოჰყვებოდა მსოფლიოს ჩაძირვა ჭაობში, საიდან თავდაღწევასაც დიდი დრო დასჭირდებოდა. და რაკიღა უკრაინელთა ჰეროიკამ უნდა გადაწყვიტოს მსოფლიოს ბედი, საქართველოსაც გადმოსწვდება ეს მადლი და მშვიდობიანი გზით აღვადგენთ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასაც და აღდგენილ სახელმწიფოში ყველა ხალხს მიეცემა ბუნებრივად ცხოვრების საშუალება და მათი თვითმყოფადობის, ენისა და კულტურის განვითარებას ოდნავაც არაფერი დაემუქრება. ამიტომაც ის ქართველი მეომრები, რომლებიც უკრაინელთა მხარდამხარ იბრძვიან, იარაღით ხელში იცავენ საქართველოს სახელმწიფოებრიობასაც. და მათგან ვინც დაიღუპა ამ სასტიკ ბრძოლებში, ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებს შეეწირა. რუსეთის იმპერიული მისწრაფებანი, ადრე თუ გვიან, უსათუოდ აღიკვეთებოდა, მაგრამ უკრაინაში შეჭრამ მათდა უნებურად დააჩქარა იმპერიის კატასტროფა და არა შორეულ მომავალში, არამედ მალევე ვიხილავთ დამხობილ იმპერიას, რუსეთის ფედერაცია ისევე რომ დაიშლება, როგორც სამი ათეული წლის წინათ საბჭოთა იმპერიამ დაღაფა სული. და სამყარო რუსეთ-უკრაინის ომიდან გამოვა ისეთი, რომ: ვიხილავთ ახალ მიწასა და ახალ ზეცას!” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას როსტომ ჩხეიძე.

“ეს 2022 წელი საკმაოდ დრამატული აღმოჩნდებოდა: ომი ომად შეაზანზარებდა ქვეყნიერებას. და საქართველო იმ გადაულახავი ბარიერის წინაშე აღმოჩნდებოდა, ევროკავშირის კარი რომ ჩაგვეკეტებოდა. მოსალოდნელი გახლდათ, განა არა!.. დასავლეთი განასხვავებს საქართველოსა და საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას, როგორც ორ საპირისპირო პოლუსს, მაგრამ როგორ გაეხსნათ გზა ქვეყნისათვის, რომლის მთავრობაც კოლაბორაციონისტულია და გამოირჩევა ანტიხალხური პოლიტიკით, ქვეყანას დასავლეთის ნაცვლად ჩრდილოეთისაკენ რომ მიაქანებს?! და დასავლეთის მხრივ ჩვენი ხელისუფლების დასჯა უნებლიეთ გამოიწვევდა საქართველოს დასჯასაც, რაც მიგვანიშნებს, რომ:ამ მთავრობის პირობებში იმედი ნაკლებად უნდა გვქონდეს ევროკავშირში შესვლა-დამკვიდრებისა. ჩვენი ქვეყანა უსათუოდ გახდება დასავლური სივრცის სრულუფლებიანი წევრი”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ეგ არის, ძალიან გვიგვიანდება, რადგანაც ხელისუფლება აქამდე აბსურდის თეატრად რომ წარმოგვიდგებოდა, უკვე ამ ზღვარსაც გასცდა და აბსურდის აბსურდის თეატრად მოგვევლინა. თეატრალურმა ხელოვნებამ არ იცის ამგვარი სტილისტიკა თუ მიმართულება: აბსურდის აბსურდი... თუმც რაც თამაშდება ჩვენს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ყოფაში, უთუოდ უბიძგებთ მწერლებსაც და რეჟისორებსაც სწორედ ამ სტილისტიკის სპექტაკლების შექმნას, და ეს იქნება სრული სიახლე მსოფლიო დრამატურგიაშიც და სცენაზეც.ერთი რამით არის სანუგეშო ეს უმძიმესი ვითარება: კრიზისსაც აქვს თავისი მიჯნა და იმას რომ მიადგება ადამიანი თუ ქვეყანა, იწყება შემობრუნება - დრამატიზმსა და ტრაგიზმში იფარება სიკეთის მარცვალი, რომელიც თანდათან გაღივდება, მომძლავრდება და უკეთესი რეალობისაკენ წაიყოლებს ქვეყანასაც და მის მცხოვრებთაც. ეს წუთისოფლის ის ღრმა კანონზომიერებაა, რაც გიფარავს, თუმც ხელიც უნდა გამოიღო, თორემ კაცობრიობის ისტორიამ არაერთი იცის გამქრალი სახელმწიფო, საკმაოდ გავლენიანიც, არამცთუ ჩვენსავით მოკორიკე და აცურებული მყარი ნიადაგიდან”, - გვახსენებს მწერალი.

“მე, როგორც ხორცი ხორცთაგანი და სისხლი სისხლთაგანი ჩემი ქვეყნისა, უშუალო მონაწილე ვარ ამ გარემოში გათამაშებული ყოველგვარი დრამატიზმისაც და ტრაგიზმისაც და სხვა არსებობა არც გამაჩნია. და ცხადია, უშუალო მონაწილე ვიქნები უფსკრულიდან თანდათანობით ან ერთბაშად ამოღწევისაც. დიახ, ერთბაშად და უეცრადაც შეიძლება მოხდეს სასიკეთო ძვრები. რაღაც თითქოსდა შეუვალი მოჩანს, მაგრამ მყიფე ფეხებზე მდგარი ერთბაშად ჩამოიმზღვლევა და შვებითაც ამოგვასუნთქებს, რაკიღა ჩვენი უბედური ქვეყანა ბუნებრივი განვითარების გზას დაადგება. რა მოგახსენოთ, ამის რეცეპტი მე არ გამაჩნია... ავგიას თავლას დაგვამსგავსეს და დიდი ძალისხმევა, ჰერაკლესებური ძალ-ღონე და შეუდრეკელობა დაგვჭირდება მის გასაწმენდად.... არაფერი რომ არ იცვლება ცისქვეშეთში, ეს ნიშნავს, რომ: არ იცვლება კრიზისიდან თავდაღწევის გარდაუვალობაც ანუ ეკლესიასტესებურად რომ ითქვას: არის ჟამი უილაჯობისა და არის ჟამი ძალთა მოკრებისა. და ახლა სწორედ ძალთა მოკრების პროცესში ვიმყოფებით და პერსპექტივაც ამან უნდა გაგვიხსნას”, - ამბობს როსტომ ჩხეიძე.

“მთავარია დიდი და პატარა სახელმწიფოებრივად ვაზროვნებდეთ - ჩვენ-ჩვენი უნარის შესაბამისად, მაგრამ სახელმწიფოებრივი იდეალი მიგვიძღოდეს წინ და ისე ვიცხოვროთ, თითქოს თვითეული დღე ჩვენთვის უკანასკნელი იყოს და რაც შეიძლება მეტის მოსწრება გვევალებოდეს წინაპართაგანაც და შთამომავალთაგანაც. და გვყავდეს ეროვნული სულისკვეთებით გამსჭვალული ხელისუფლება... ამ ხელისუფლების მმართველობისას არავითარი იმედი არ ჭიატებს. ის რეკომენდაციები, რომელთაც ევროკომისია შესთავაზებდა “ქართულ ოცნებას”, არსებითად მძაფრი კრიტიკული შენიშვნები გახლდათ: რეფორმების ნაცვლად ცრურეფორმები რომ გატარდა, კარგად ვხედავთ და აღარ გინდათ ფარისევლობა, თვალში ნაცარს მაინც ვერავის აყრითო!.. შეასმინეს რაიმე?! რეკომენდაციების შესრულების ნაცვლად კვლავ სიცრუის აბლაბუდას ახვევენ და ჰგონიათ, ახლა მაინც შეიყვანენ ვინმეს შეცდომაში. ოლიგარქიული რეჟიმი უნდა დასრულდესო, ერთ-ერთ მუხლად ამასაც რომ ჩაუწერდნენ და ოცნებელები რა ხრიკს აღარ მიმართავდნენ, ოღონდ ნამდვილი ოლიგარქი­ დაეფარათ, დასავლეთი ახლა პირდაპირ გვარ-სახელით მოიხსენიებდა ბიძინა ივანიშვილს!.. პასუხად ამას გამოძებნიდნენ ჩვენი ხელისუფალნი: ბიძინა ივანიშვილს კი ამბობთ, მაგრამ ხომ ვიცით, რომ გიული ალასანიას გულისხმობთ, დავით კეზერაშვილს და კიდევ ვის აღარ, გარდა ბატონი ბიძინასიო. და ახალ კანონსაც ამ მტკიცებას მოარგებდნენ. და ვეღარ გაგიგია, ეს ყოველივე უფრო სასაცილოა თუ უფრო სატირალი...“ - მიიჩნევს რესპონდენტი.

“ყველა ჩვენი პრობლემის თავიდათავი სწორედაც განათლების სისტემის მოუგვარებლობაშია. ისეთ მძიმე დღეშია, მკვეთრი გარდაქმნა ესაჭიროება, თორემ პატარ-პატარა სასიკეთო ჩარევები სრულიად არ შეეტყობა. თანაც ცალკე განათლების სისტემა ვერ გამოირჩევა, მთელი მმართველობა უნდა გარდაიქმნას, რაკიღა ყველა სფერო ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და ერთიმეორეს განსაზღვრავს, თორემ წყალწაღებული რომ ხავსს ეჭიდება, ის ხავსი განა როდემდე გაუძლებს?!” - თვლის მწერალი და შეკითხვაზე - “მწერლის მოვალეობა მუდმივად ოპოზიციაში ყოფნაა, ხოლო ხელისუფლების სამსახურში ჩამდგარი კალმოსნები მწერლებად არ ითქმიანო, ამბობთ. მაშ, რად იწოდებიან ისინი?” - პასუხობს: “მწერლობა სხვა არაფერია, თუ არა ხალხის გვერდით დგომა, ხელისუფლება კი - თვით ყველაზე ჰუმანურიც და კეთილშობილიც - მეტ-ნაკლებად დაშორებულია ხალხს, ასე რომ, თუ მწერალი ხარ, გინდა-არ გინდა, მთავრობასთან ყოველთვის ოპოზიციაში აღმოჩნდები. ჯონ სტაინბეკი რომ იმყოფებოდა საქართველოში, ნობელიანტთაგანაც ერთ-ერთი რჩეული, მწერალთა სასახლეში მიიწვევდნენ და სხვა კითხვებთან ერთად ამითაც დაინტერესდებოდნენ: როგორია მწერლისა და ხელისუფლების ურთიერთობა ამერიკაშიო? და გაიოცებდა “მრისხანების მტევნების” შემოქმედი: ეს რა შეკითხვაა, ამერიკაშიც ისეთივეა, როგორიც ყველა ქვეყანაში უნდა იყოს - მწერალი ოპოზიციაშია ხელისუფლებასთანო, ხოლო ვინც ხელისუფლებასთან დაახლოების გზებს ეძიებს, ისინი პარტიული პროპაგანდისტები არიან და არა მწერლები, ალამაზებენ და აყალბებენ რეალობას, ნაცვლად ხალხის ნამდვილი ტკივილების, სადარდებლის, საფიქრალის გამოხატვისა”.

“ტრადიციად გვექცა, ორპოლუსიანობასა და გახლეჩილობას თვით ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელიც რომ ვერ დააღწევდნენ თავს და მათი პოლემიკა სამოქალაქო ომში გადაიზრდებოდა. მიზეზი ის არის, რომ: აწყობილი სახელმწიფოებრივი სისტემა არ გაგვაჩნია და ცალკეულ პიროვნებებს ვანიჭებთ ერთადერთობის მისიას: ერთნი ერთს, მეორენი მეორეს... და მათ შორის შეურიგებელი დაპირისპირება გარდაუვალია, რაკიღა სახელმწიფოს მოწყობის სხვადასხვა გეგმა აქვთ, მათ დაპირისპირებას კი თავისთავად მოსდევს საზოგადოების გახლეჩაც და შეურიგებელი ჭიდილიც. რაკიღა მიზეზი აშკარაა, მისი აღმოფხვრის გზაც ეს და მხოლოდ ეს შეიძლება იყოს: სახელმწიფო სისტემის მოწყობა ისე, დასავლეთის ქვეყნებისთვის რომ არის ნიშანდობლივი, განსაკუთრებით მაინც ამერიკის შეერთებული შტატებისათვის, სადაც ხელისუფლების ცვლილება ხდება ადვილად, ყოველგვარი გართულების გარეშე, და ახალი მთავრობა წინა მთავრობას არ დასდევს დასაჭერად, არც წინამორბედ პრეზიდენტს იმეტებენ ციხეში გამოსაკეტად და სულაც წამებისა და სასიკვდილოდ განწირვისათვის. ის, რაც მიხეილ სააკაშვილს დაატეხეს თავს, შორსაა­ ჰუმანიზმისა და სახელმწიფოებრივი აზროვნებისაგან, დაცლილია ზნეობრიობისაგან და მის მიმართ ამ პოლიტიკის გამტარებელ ხელისუფლებას როგორ შეიძლება ენდო, სხვა ათასი ცოდვა და დანაშაულიც რომ არ მიუძღოდეს ამ ათი წლის განმავლობაში”, - დაასკვნის როსტომ ჩხეიძე.

“რასაკვირველია, უნდა გაიზარდოს საზოგადოებაში პიროვნული პასუხისმგებლობა, შეგნება თვითეული ჩვენგანის მოვალეობისა. ყველას ხომ ჩვენ-ჩვენი მისია გვაქვს, ზოგს მეტი და ზოგსაც ნაკლები, მაგრამ მისია, და მისი გაცნობიერება მიგვიყვანს ზნეობრივი ფერისცვალების აუცილებლობამდე. მანამდე კი კვლავინდებურად დავრჩებით ამა თუ იმ ლიდერის იმედად, ან ახალ მესიას დაველოდებით... და იმედგაცრუებას ერთმანეთს გადავაბრალებთ, ჩვენივე თავში კი არ დავიწყებთ იმ მთავარი მიზეზის აღმოფხვრას, რაც ჩვენი მოვალეობის შეგნებას გულისხმობს... ახალი წლის მოახლოება ადამიანს ყოველთვის ახალი იმედებით აღავსებს, იმ რწმენით, რომ: მომავალი წელი უკეთესი იქნება ჩავლილთან შედარებით და უარესი _ მომდევნოსთან შედარებით. და რაკიღა ხალხური სიბრძნე შეგვაგონებს: კაცი იმედით იხარებს, დააჭკნობს უიმედობაო, - ერთმანეთს ვუსურვოთ, რომ: არ დავჭკნეთ და ნიჰილიზმმა არ შეგვიპყროს. და გვეიმედებოდეს, რომ: 2023 წელი უკეთესი იქნება 2022 წელთან შედარებით, და უარესი _ 2024 წელთან შედარებით. უპირველესად _ დიდი ზნეობრივი ფერისცვალებით, რაც მოგვიტანს ყველა სიკეთეს. რა არის მაინც ეს დაუმცხრალი ოპტიმიზმი!” - დასძენს მწერალი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო