ზვიად კირტავა - აუცილებელია სიცხის და გრიპის სიმპტომების შემთხვევაში თვითიზოლაციის წესების დაცვა, გვახსოვდეს, რომ ინფექციის ფართო გავრცელება საზოგადოებისთვის მძიმე გამოცდად შეიძლება იქცეს

კოვიდის გავრცელების ახალ შემთხვევებსა და იმაზე, თუ რა საფრთხეების წინაშე ვართ ახლა და რა უნდა ვაკეთოთ კოვიდთან ეფექტურად საბრძოლველად „ინტერპრესნიუსი“ - ჯეოქეისის ჯანდაცვის მიმართულების დირექტორს, კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინის და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის პროფესორს, ზვიად კირტავას ესაუბრა.

- ბატონო ზვიად, კარგა ხანია, არ გვისაუბრია კოვიდის პანდემიის შესახებ, რომელიც თითქოს მიილია, თუმცა, მოლოდინის საწინააღმდეგოდ, როგორც ჩანს, 2022 წელს ეპიდემია არ გამოცხადდება დასრულებულად.

როგორ დაახასიათებდით პანდემიიურ მდგომარეობას მსოფლიოში და ჩვენთან. რას უნდა ველოდოთ დამდეგ 2023 წელს?

- შეიძლება ითქვას, რომ კოვიდის დაწყებიდან 3 წლის და ომიკრონის ტალღიდან 1 წლის თავზე პანდემია მსოფლიოში მნიშვნელოვანწილად მართულია, და ამჟამად მრავალ ქვეყანაში (ისევე, როგორც საქართველოში) უფრო სერიოზულ პრობლემებს გრიპის ახალი ვარიანტები და რესპირატორულ-სინციტიური ვირუსის ტალღა ქმნის. თუმცა, ძალიან ნაადრევია კორონავირუსის ჩამოწერა ანგარიშიდან.

თვითდამშვიდება ძალიან ნაადრევია და შეიძლება დღეს მდგომარეობა გაცილებით უკეთესია, ვიდრე 1 წლის წინ იყო, მაგრამ ამავე დროს არის რიგი მოვლენები, რომელიც ლამის სრული დეჟავიუს განცდას ქმნის

ჩვენ მრავალჯერ დავრწმუნდით, რომ ამ ვირუსს ტრანსფორმაციის და მოულოდნელი სიურპრიზების ძალიან მაღალი პოტენციალი აქვს. აქვე უნდა ითქვას, რომ სამი წლის განმავლობაში კოვიდის მართვის დიდი გამოცდილებაც დაგროვდა, არსენალში სერიოზული საშუალებებიც გვაქვს როგორც პრევენციის, ასევე მკურნალობის კუთხით, ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებმა მნიშვნელოვანი ადაპტირებაც განახორციელეს - როგორც ადამიანური რესურსების მომზადების, ასევე ტექნოლოგიური და ორგანიზაციული კუთხით და საზოგადოების ჩვევებიც ბევრგან კარდინალურად შეიცვალა.

თუმცა, თვითდამშვიდება ძალიან ნაადრევია და შეიძლება დღეს მდგომარეობა გაცილებით უკეთესია, ვიდრე 1 წლის წინ იყო, მაგრამ ამავე დროს არის რიგი მოვლენები, რომელიც ლამის სრული დეჟავიუს განცდას ქმნის.

- დეჟავიუს 2021 წლის ბოლოსთან?

- არა. თქვენ წარმოიდგინეთ - 2019 წლის დეკემბერთან - კოვიდ პანდემიის დასაწყისთან.

- გულისხმობთ შემთხვევების რაოდენობის ზრდას ჩინეთში?

- არა მარტო შემთხვევების რაოდენობის ზრდას, არამედ იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, პანდემიის კონტროლის სტრატეგიის 180 გრადუსით ცვლილებას და იმ ეპიდემიოლოგიურ რეალობას, რაც ახლა ჩინეთში ვითარდება და იმ პოტენციურ საფრთხეს, რაც ამას შეიძლება მოჰყვეს. არა მარტო ჩინეთში, არამედ - გლობალურად.

- ბატონო ზვიად, სერ ალფრედ ჰიჩკოკს რომ მოეწონებოდა, ისეთი დამაინტრიგებელი დასაწყისია...

- სრულიადაც არ მინდა, რომ მოვლენების სახიფათო სცენარით განვითარების პოტენციური ვარიანტი ერთადერთად და უცილობლად იქნას აღქმული. მეტიც, იმედი მაქვს, რომ ძველი გამოცდილება როგორც ჩინეთის, ასევე მსოფლიო ლიდერებს საშუალებას მისცემს, ავიცილოთ პანდემიის ახალი გლობალური ტალღა. მაგრამ მაინც მინდა ყურადღება გავამახვილოთ იმ სიტუაციაზე, რაც ჩინეთში გვაქვს ბოლო კვირების განმავლობაში.

შემოდგომამდე იქ კოვიდის მართვა ძველი თარგით მიდიოდა, და მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარებოდა.

ახალი ტალღა დაემუქრა ჩინეთს მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დეკემბერში ბევრისთვის მოულოდნელად სრულად შეცვალა „ნულოვანი კოვიდის“ პოლიტიკა, მაშინ როცა 2022 წლის გაზაფხულიდან რჩებოდა უკანასკნელ ქვეყნად, რომელიც ამ პოლიტიკის ერთგულებას ინარჩუნებდა და კოვიდის ერთეულ შემთხვევებზეც კი მილიონიანი ქალაქების უმკაცრესი და ხანგრძლივი ლოკდაუნების ერთგული იყო. ყველას გვახსოვს 26-მილიონიანი შანხაის ორთვიანი ლოკდაუნი 1 აპრილიდან.

ახალი ტალღა დაემუქრა ჩინეთს მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დეკემბერში ბევრისთვის მოულოდნელად სრულად შეცვალა „ნულოვანი კოვიდის“ პოლიტიკა, მაშინ როცა 2022 წლის გაზაფხულიდან რჩებოდა უკანასკნელ ქვეყნად, რომელიც ამ პოლიტიკის ერთგულებას ინარჩუნებდა და კოვიდის ერთეულ შემთხვევებზეც კი მილიონიანი ქალაქების უმკაცრესი და ხანგრძლივი ლოკდაუნების ერთგული იყო

და ეს ყველაფერი უკავშირდებოდა იმას, რომ ეს დევიზი მტკიცედ ასოცირდებოდა ქვეყნის პრეზიდენტის - სი ძინ პენის სახელთან. სწორედ სი ძინ პენმა აიყვანა „ნულოვანი კოვიდის“ პოლიტიკა დოგმის დონეზე და ამ დოგმის მოხსნა გარკვეულწილად შეიძლებოდა აღქმული ყოფილიყო პირადად მისი პრინციპის ცვლილებად, რასაც ჩინეთის კომპარტია ძალიან ერიდება - და ცდილობს დაამტკიცოს, რომ „ლიდერი ყოველთვის მართალია!“

მიუხედავად ამისა, ნოემბერ-დეკემბრის მიჯნაზე საკმაოდ მოულოდნელი მასობრივი პროტესტების შემდეგ, როცა აშკარა გახდა, რომ ჩინეთის მოსახლეობა აღარ აპირებს მუდმივად ლოკდაუნების და ჩაკეტვების ატანას, თან ისეთი ჩაკეტვებისა, რომ ჩაკეტილ რაიონებში გაჩენილ რამდენიმე ხანძარს ადამიანები ემსხვერპლნენ, და როცა მიუხედავად უმკაცრესი კონტროლისა, მედიაში გამოჩნდა ვიდეოკადრები მასობრივი მარშების მონაწილეების პოლიციასთან დაპირისპირების შესახებ, ჩინეთის ხელმძღვანელობა წავიდა უპრეცედენტო ნაბიჯზე, 7 დეკემბერს ჯერ შეარბილა შეზღუდვები, ხოლო ერთი კვირის შემდეგ - საერთოდ გააუქმა მასობრივი ტესტირება და მოხსნა ლოქდაუნები.

უნდა ითქვას, რომ მასობრივი ტესტირება უკვე საკმაოდ ხარჯიანი გახდა, რომ აღარაფერი ვთქვათ ლოქდაუნში მყოფი ადამიანების საკვებით და პირველი აუცილებლობის საგნებით მომარაგებაზე, რაც მძიმედ დააწვა სახელმწიფოს იმ პერიოდში, როცა მრავალი მიმართულებით წარმოების დროებითი შეჩერებები ჩინეთში შემოსავლების რეგულარობის რღვევას და და ფინანსური თუ დასაქმების პრობლემების წარმოქმნას უკავშირდება.

პრეზიდენტისთვის სახის შესანარჩუნებლად ითქვა, რომ ლოქდაუნების გაუქმების გადაწყვეტილება ჯერ კიდევ პროტესტების დაწყებამდე იყო მიღებული, რადგან, როგორც გამოცხადდა - „ვირუსი უკვე საკმაოდ შესუსტდა“. ასე რომ საკმაოდ სწრაფად და მოულოდნელად, ჩინეთმა „ნულოვანი კოვიდის“ სტრატეგია გააჩერა და ლოკდაუნები სრულად გააუქმა.

ლოკდაუნების გაუქმების გადაწყვეტილება ჯერ კიდევ პროტესტების დაწყებამდე იყო მიღებული, რადგან, როგორც გამოცხადდა - „ვირუსი უკვე საკმაოდ შესუსტდა“. ასე რომ საკმაოდ სწრაფად და მოულოდნელად, ჩინეთმა „ნულოვანი კოვიდის“ სტრატეგია გააჩერა და ლოკდაუნები სრულად გააუქმა

თუმცა, არსებობს დაუწერელი კანონი, რომ მკაცრად კონტროლირებადი აკრძალვითი სისტემის სწრაფი და სრული დემონტაჟი არსებული სტაბილური მდგომარეობის რღვევით და სულაც ქაოსით შეიძლება შეიცვალოს.

რადგან ადამიანები, რომლებიც მორჩილად იტანდნენ მაქსიმალურ შეზღუდვებს, დადგნენ მოულოდნელი დილემის წინაშე - თუ არაფერი აკრძალული აღარ არის, ესეიგი ყველაფერი ნებადართულია?

ერთადერთი, რაც გამოცხადდა, - სიცხიანი ან სხვა სიმპტომების მქონე ადამიანები თვითიზოლაციაში უნდა დარჩენილიყვნენ, მაგრამ ეს განცხადება უჩვეულოდ რბილი ფორმით იყო მოწოდებული და, სავარაუდოდ, მისი დაცვა არ ხდება.

სწორედ ამიტომ, ახლა ჩინეთში უკვე ისმის ეპიდემიოლოგების მკვეთრი შეშფოთება, რომ შეზღუდვების ასე მოულოდნელი და ერთიანი მოხსნა, - თან იმ დროს, როცა ომიკრონის შემთხვევები საკმაოდ იზრდებოდა პეკინში, ძალიან გაართულებს სიტუაციას.

საყურადღებოა ისიც, რომ ჩინეთი არ აქვეყნებს დადებითი ტესტების პროცენტულ მაჩვენებელს, და იმ ფონზე, როცა ტესტირება მკვეთრად შემცირდა (ჩინელები ნამდვილად არ არიან მზად ტესტირებაში ფული იხადონ, მით უფრო, როცა ტესტირების ვალდებულება კი არა, ტესტირებისკენ მოწოდებებიც კი საერთოდ გაქრა), ძალიან რთულია იმის ანალიზი, როგორია ჩინეთში კოვიდის გავრცელების სანდო მაჩვენებლები.

ჩინეთის ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტი, პეკინის უნივერსიტეტის პირველი ჰოსპიტლის პულმონოლოგი და SARS-ის ექსპერტი ვანგ გუანგფა ამბობს, რომ ჩინეთს კოვიდის ცუნამი ელოდება და ეს მხოლოდ პირველი ტალღაა, რომელსაც კიდევ ორი მოჰყვება. პროგნოზი გადაჭარბებული შეიძლება მოგვეჩვენოს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნოემბერში ჩინეთში 16 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. თუმცა, გამოცხადებული ციფრის ვერიფიცირება ვერ ხერხდება.

ჩინეთის ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტი, პეკინის უნივერსიტეტის პირველი ჰოსპიტლის პულმონოლოგი და SARS-ის ექსპერტი ვანგ გუანგფა ამბობს, რომ ჩინეთს კოვიდის ცუნამი ელოდება და ეს მხოლოდ პირველი ტალღაა, რომელსაც კიდევ ორი მოჰყვება. პროგნოზი გადაჭარბებული შეიძლება მოგვეჩვენოს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნოემბერში ჩინეთში 16 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. თუმცა, გამოცხადებული ციფრის ვერიფიცირება ვერ ხერხდება

ბურუსით მოცული და არაგადამოწმებადი სტატისტიკა სწორედ ის მიზეზია, რომელიც ჩინეთში კოვიდ-პანდემიის მიმდინარეობის სურათს ყოველთვის მეტნაკლებად საეჭვოს ან ნაკლებად სანდოს ხდიდა.

14 დეკემბერს გამოცხადდა, რომ ჩინეთმა გააუქმა სავალდებულო მასობრივი ტესტირება. შემდეგ კვირაში კოვიდის ახალი შემთხვევების რაოდენობა, 4-კვირიანი სწრაფი ზრდის შემდეგ, მკვეთრად შემცირდა.

მაგრამ ეს მოჩვენებითია, ტესტირება ხომ მკვეთრად შემცირდა. ასევე გამოცხადდა, რომ ასიმპტომატური შემთხვევების რაოდენობის გაკონტროლების სირთულის გამო კოვიდ-19-ის ყოველდღიური სტატისტიკის გამოქვეყნება აღარ მოხდებოდა და რთული სათქმელია, სინამდვილეში მდგომარეობა მართლა გამოსწორების გზაზეა, თუ უბრალოდ „ჩრდილოვანი შემცირება“ მოხდა.

- როგორია ადგილობრივი ეპიდემიოლოგების მონაცემები და პროგნოზები?

- წინა კვირაში - 21 დეკემბერს, გავრცელდა ინფორმაცია ჩინეთის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის დირექტორის მოადგილის სუნ იანგის (არ შეგვეშალოს მის სეხნია - სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ მოცურავე სუნ იანგთან) დახურულ თათბირზე გამოსვლის შესახებ, როცა ინფორმირებული (მაგრამ არაიდენტიფიცირებული) ორი პირის გადმოცემით, მან განაცხადა, რომ დეკემბრის 20 დღეში ჩინეთში, სავარაუდოდ, მოსახლეობის 18%-ის ანუ, 250 მილიონი ადამიანის (!) ინფიცირება მოხდა, და მხოლოდ სამშაბათს, 20 დეკემბერს, - 37 მილიონი ადამიანის, ანუ მოსახლეობის 2.6%-ის, ინფიცირება. ეს ძალიან შემაშფოთებელი სტატისტიკაა.

გადმოცემით, იანგმა ისიც განაცხადა, რომ ცენტრის გათვლებით პეკინსა და სიჩუანში, სადაც ახლა პანდემიის ეპიცენტრია - მოსახლეობის უკვე ნახევარია ინფიცირებული. თუმცა, როდესაც „ბლუმბერგმა“ და „ფაინენშელ ტაიმსმა“ 23 დეკემბერს ეს ინფორმაცია გაავრცელეს, არაფერი იყო ნათქვამი ოფიციალური ჩინური წყაროებიდან ამ მონაცემების დადასტურების შესახებ.

პირიქით, ჩინეთის ჯანმრთელობის ეროვნული კომისიის ოფიციალური ინფორმაციით, სწორედ იმავე პერიოდში, კოვიდ-19 სიმპტომატური შემთხვევების რაოდენობა ზემოხსენებულთან შედარებით მიზერული იყო - 62,592, ხოლო 20 დეკემბრის ახალი შემთხვევების რიცხვი - 3049! შეუძლებელია ამ მონაცემების - არაოფიციალურის და ოფიციალურის შედარებაც კი.

სხვათა შორის, ტესტირების გაუქმებას დაემთხვა ისიც, რომ ჩინეთში შეიცვალა კოვიდ-გარდაცვალების დეფინიცია. ახლა კოვიდით გამოწვეულ სიკვდილად ითვლება მხოლოდ კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიითა და მწვავე სუნთქვითი უკმარისობით სიკვდილი.

ტესტირების გაუქმებას დაემთხვა ისიც, რომ ჩინეთში შეიცვალა კოვიდ-გარდაცვალების დეფინიცია. ახლა კოვიდით გამოწვეულ სიკვდილად ითვლება მხოლოდ კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიითა და მწვავე სუნთქვითი უკმარისობით სიკვდილი

ეს ცვლილება მნიშვნელოვნად შეამცირებს კოვიდ-სიკვდილობის სტატისტიკას, თუ შემთხვევები მკვეთრად გაიზრდება, რადგან კოვიდთან დაკავშირებული სხვა სერიოზული გართულებებით გამოწვეული ლეტალობა უკვე ამ სტატისტიკაში აღარ მოხვდება.

„ნულოვანი კოვიდის“ პოლიტიკიდან მკვეთრი შემობრუნებაა ისიც, რომ შემთხვევათა ზრდის შემაშფოთებელი ტენდენციის მიუხედავად, ჩინეთის მთავრობამ სწორედ ახლა გადაწყვიტა ჰონკონგთან მიმოსვლის შეზღუდვების გაუქმება, რაც თითქმის ორი წელია ძალაში რჩებოდა.

ამ მოხსნას ეკონომიკური სარჩული დაუდეს საფუძვლად - ჰონკონგის ეკონომიკური მონაცემები ბოლო წლის განმავლობაში მკვეთრად გაუარესებულია. ჰონკონგის უმაღლესი აღმასრულებელი ჯონ ლი წინა კვირაში პირადად ჩავიდა პეკინში, შეხვდა პრეზიდენტ სის და ამ შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა, რომ მიმოსვლის შეზღუდვები გაუქმდება და გამოთქვა იმედი, რომ ჰონკონგი ისევ დაბრუნდება მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების ლიდერთა სიაში.

თუმცა, ჰონკონგის ეკონომიკური სიძნელეები იმდენად, - არა კონტინენტურ ჩინეთთან მიმოსვლისა და გადაზიდვების სირთულით, რამდენადაც - ჩინეთის ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ჰონკონგში დემოკრატიული სტანდარტების მკვეთრად გაუარესების და ბიზნესის ხისტად გაკონტროლების შედეგი შეიძლება იყოს, რადგან მსოფლიოს წამყვანი კომპანიები აღარ განიხილავენ ჰონკონგს როგორც თავისუფალი ეკონომიკის კუნძულს მკაცრად კონტროლირებად ჩინურ ეკონომიკურ სივრცეში.

და მაშინ შეზღუდვების გაუქმება იმდენად ეკონომიკის გამაჯანსაღებლად კი არა, არამედ უფრო მეტად პეკინიდან და სხვა პანდემიური კერებიდან ინფიცირების ზრდის ფაქტორად იქცეს.

- და თუ ინფიცირებულთა რიცხვი ნოემბერსა და დეკემბრის დასაწყისში მკვეთრად იზრდებოდა, როგორ აიხსნება აქამდე დრაკონული შეზღუდვებისა და ლოკდაუნების სწორედ ახლა მოხსნა?

- ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა გამიჭირდება. ფაქტია, რომ ნოემბრის ბოლოს ჩინეთის ხელისუფლება, ეკონომიკური პარამეტრების ვარდნის გარდა, სულ უფრო მეტ კრიტიკას იმსახურებდა არა იმდენად გარედან, როგორც - საკუთარი მოსახლეობის მხრიდან, სწორედ პეკინში კატასტროფული ლოკდაუნის გამო, რამაც მთელ რიგ უბნებში ჩაკეტილ მოსახლეობას, განსაკუთრებით, მარტოხელა მოხუცებს, არსებობის სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

ჩაკეტილ უბნებში გაჩენილ ხანძარს და დროული დახმარების აღმოჩენის დაგვიანებას ათიოდე ადამიანის დაღუპვა, ხოლო ამას პოლიციასთან დაპირისპირება და რამდენიმე პროტესტანტის გარდაცვალებაც კი მოჰყვა...

ეს რომ დემოკრატიულ ქვეყანაში მომხდარიყო, რა თქმა უნდა, ხელისუფლების რეაქცია და უკანდახევა გასაკვირი არ იქნებოდა. მაგრამ ჩინეთის კომუნისტური ხელმძღვანელობისთვის, მით უფრო სი ძინ პენის პერიოდში, ასეთი უკანდახევები აქამდე მიუღებელი იყო.

ეს რომ დემოკრატიულ ქვეყანაში მომხდარიყო, რა თქმა უნდა, ხელისუფლების რეაქცია და უკანდახევა გასაკვირი არ იქნებოდა. მაგრამ ჩინეთის კომუნისტური ხელმძღვანელობისთვის, მით უფრო სი ძინ პენის პერიოდში, ასეთი უკანდახევები აქამდე მიუღებელი იყო

მაგრამ მსოფლიოსთან პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე ახლა უკვე საკუთარ მოსახლეობასთანაც სერიოზულ დაპირისპირება შეიძლება ძალიან სახიფათოდ იქნა აღქმული და ხელისუფლებამ დროულად ჩაყოლა არჩია ჩათრევას.

თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ თუ შეზღუდვების ასე სწრაფად მოხსნას შემთხვევების და სიკვდილობის ზრდა მოჰყვება, იგივე მოსახლეობა, რომელმაც საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, შეიძლება, საკმაოდ იოლად შეეგუოს ხრახნების ხელახალ მოჭერას.

მაშინ სი ძინ პენი ისევ მოუხმობს თავის საყვარელ „ნულოვან კოვიდს“, რომლის გაუქმება ისე მოხდა, რომ პირადად მას ამაზე აზრი გამოუთქვამს. და ძველ და კიდევ უფრო მეტად კონტროლირებად სისტემასთან დაბრუნება „ხალხის მოთხოვნით“ იქნას ახსნილი.

- პირადად ჩემთვის საკმაოდ ლოგიკურია ვერსია იმის შესახებ, რომ ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან ხრახნების მოშვება გამიზნული შეიძლებოდა ყოფილიყო.

მაგრამ, ბევრი ადამიანი ამ მოსაზრებას ახალ შეთქმულების თეორიად მონათლავს, მათ შორის - თავად ჩინეთის კომპარტიაც, დიდი ალბათობით. რამე მონაცემები გაქვთ, რომელიც ამ ეჭვის საფუძველს გაამყარებდა?

- არა, მონაცემები არ მაქვს და მართალი გითხრათ, სიამოვნებით უკუვაგდებდი ამ ეჭვებს, რადგანაც პანდემიის მართვას ისე არაფერი ართულებს, როგორც შეთქმულების თეორიები, მით უფრო, როცა ეს ჩინეთსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის ისედაც არსებული ეჭვიანობისა და გაღიზიანების ფონზე ხდება.

მე მგონი, ყურადღებით უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და დამატებითი და დამაჯერებელი ინფორმაციების გამოჩენას. ფაქტია, რომ ორი ციფრიდან - 250 მილიონი ინფიცირებული და 62,592 სიმპტომატური შემთხვევა - ერთ-ერთი ძალიან აცდენილია რეალობას.

ჯერ-ჯერობით პირველი რიცხვი არავის დაუდასტურებია ოფიციალურად. თუმცა, საინტერესოა ისიც, რომ არც მკვეთრი უარყოფა მოგვისმენია და ჩინეთის ჯანმრთელობის ეროვნულმა კომისიამ კომენტარებისაგან უბრალოდ თავი შეიკავა.

- და თუ ჩინეთი ინფორმაციას დამალავს, ან არასრულად მოგვაწოდებს, როგორც ეს 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში მოხდა, მსოფლიო ამას როგორ შეხედავს? ეს ხომ საერთაშორისო ნორმების დარღვევა და ახალი პანდემიის მოულოდნელად გავრცელების საწინდარი იქნება?

- დიახ, მით უფრო იმ ფონზე, როცა კოვიდ-გადაღლილობა მთელ მსოფლიოში მაღალია, ხალხი მონატრებულ მოგზაურობას, შოპინგ ტურებს თუ საერთაშორისო საგანმანათლებლო თუ ბიზნეს გაცვლით მობილობას კიდევ უფრო მეტი მონდომებით დაეწაფა და აეროპორტებში კარანტინების აღდგენა კატასტროფად იქნება აღქმული არა მარტო ინდივიდების, არამედ - მსოფლიო ბიზნესის დიდი სექტორების მიერ.

ჩინეთის ხელისუფლება, ისევე როგორც გაეროს წევრი ნებისმიერი ქვეყანა ვალდებულია დაიცვას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წესები პანდემიის საფრთხის დროული დადგენის, შემთხვევების გამოვლენის, აღრიცხვის და სასწრაფო ინფორმირების კუთხით.

ასევე ვალდებულია განახორციელოს სრულყოფილი ეპიდემიოლოგიური კონტროლი. მსგავსი სურათის გამეორებისას მსოფლიო თანამეგობრობის რეაქცია, სავარაუდოდ, გაცილებით მძაფრი შეიძლება იყოს, რადგან უკვე კარგად ვიცით, 2019-20 წლების მიჯნაზე ამას რა მოჰყვა.

ისიც აშკარაა, რომ ლოქდაუნების აღდგენა ჩინეთის ხელისუფლებისთვის გაცილებით უფრო ადვილი იქნება, ვიდრე დემოკრატიული ქვეყნების ლიდერებისათვის და მოვლენების მსგავსი სცენარი სწორედ ავტორიტარულ ქვეყნების ხელისუფალთ აწყობთ.

ისიც აშკარაა, რომ ლოკდაუნების აღდგენა ჩინეთის ხელისუფლებისთვის გაცილებით უფრო ადვილი იქნება, ვიდრე დემოკრატიული ქვეყნების ლიდერებისათვის და მოვლენების მსგავსი სცენარი სწორედ ავტორიტარულ ქვეყნების ხელისუფალთ აწყობთ

როგორც ჯანმომ, ასევე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე მოუწოდეს ჩინეთის ხელისუფლებას მეტი ტრანსპარენტულობისა და შემთხვევების სტატისტიკის გაზიარებისაკენ. ჯანმომ გააფრთხილა ჩინეთი, რომ ჯერ ძალიან ადრეა პანდემიის დასრულებულად გამოცხადება.

- თუ ინფიცირების ახალი შემთხვევები მართლა მილიონებს ითვლის, როგორია (ან როგორი უნდა იყოს) სიკვდილობის მონაცემები?

- ოფიციალურად ბოლო ხანებში 19 დეკემბერს იყო კოვიდ-სიკვდილიანობის 2 ახალი შემთხვევა, ხოლო 20 დეკემბერს - 4. მას შემდეგ ჩინეთში კოვიდ ლეტალობა არ დაფიქსირებულა. ამავდროულად მედიაში გავრცელდა ფოტოები პეკინის გადავსებული კრემატორიუმებისა და ჰოსპიტლებთან კატაფალკების რიგის შესახებ. ალბათ.

აშშ და ევროკავშირის სადაზვერვო სამსახურებიც აქტიურად არიან ჩართული ამ საკითხის გარკვევაში - დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. სავარაუდოდ, ახალი წლისთვის მეტი ინფორმაცია გვექნება და კვამლი გაიფანტება. თუ მილიონობით ადამიანის დაინფიცირება სინამდვილე აღმოჩნდა, ადვილი წარმოსადგენია, რომ როგორც იულიანური, ასევე შემდგომ ჩინური ახალი წლის დადგომა და ამ დროს გაცხოველებული გლობალური ტურიზმი - მით უფრო ჩინეთისკენ და ჩინეთიდან - დიდი პრობლემების რისკის მატარებელი იქნება.

თუ მილიონობით ადამიანის დაინფიცირება სინამდვილე აღმოჩნდა, ადვილი წარმოსადგენია, რომ როგორც იულიანური, ასევე შემდგომ ჩინური ახალი წლის დადგომა და ამ დროს გაცხოველებული გლობალური ტურიზმი - მით უფრო ჩინეთისკენ და ჩინეთიდან - დიდი პრობლემების რისკის მატარებელი იქნება

თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ დაუდასტურებელი ეჭვებია და შეიძლება ან არ დადასტურდეს, ან თუ დადასტურდება, მაშინაც კი ჩინეთის ხელმძღვანელობამ მდგომარეობის ეფექტური კონტროლი აღადგინოს და საქმე ვუჰანური აფეთქების გამოცდილების შემდეგ პეკინურ მეგა-აფეთქებამდე აღარ მიიყვანოს. მით უფრო, რომ გამოცდილებაც ძალიან დიდია და ომიკრონიც - გაცილებით მარტივად სამართავი.

- როგორი უნდა იყოს ამ მომენტში საქართველოს ჯანდაცვის სექტორის და თავად მოსახლეობის რეაქცია?

- მსოფლიოს მთავარი გამოწვევა ამჟამად უფრო აზიური გრიპების, მათ შორის ჰონკონგის გრიპის, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსის (RSV) და კორონავირუსის ერთობლივი პანდემიაა, რომელსაც “ტრიპლედემია” (სამმაგი პანდემია) უწოდეს.

გრიპის პიკი ევროპასა და განსაკუთრებით - აშშ-ში წელს ადრე დაიწყო და არა - თებერვალში. გრიპის სტატისტიკამ გადაფარა კოვიდით გამოწვეული ჰოსპიტალიზაცია, მაგრამ გრიპი სულაც არაა მთავარი პრობლემა. მთელ რიგ ქვეყნებში - მათ შორის - აშშ-ში ბავშვთა ავადობის მაღალი მაჩვენებლის მთავარი მიზეზი RSV გახდა. თუ ოქტომბერ - დეკემბერში 100,000 შემთხვევაზე კოვიდის 5, ხოლო გრიპის - 12 შემთხვევა ფიქსირდებოდა, RSV შემთხვევები - 60-ს აჭარბებდა.

სავარაუდოდ, გრიპის შემთხვევებმა შეიძლება კიდევ უფრო მოიმატოს იანვარ-თებერვალში. ზოგადად, კოვიდის ბატონობის ფაზაში გრიპის ვირუსი არ იყო ისე აქტიური, რასაც ისიც უწყობდა ხელს, რომ მთელი მსოფლიო პირბადეს ატარებდა და დისტანცირებას ასე თუ ისე იცავდა. ახლა გრიპმა და RSV-მ „თავი აიშვეს“.

ორწლიანი კოვიდ-პანდემიის შემდეგ კვლავ გვაქვს რესპირატორული ვირუსული შემთხვევების ჩვეულებრივი ასაკობრივი პროფილი - ბავშვები და მოზარდები უფრო ხშირად ხდებიან ავად და არა - მოხუცები

ამავდროულად, არაა გამორიცხული, რომ კორონავირუსის ახალი შტამიც გავრცელდეს, თუმცა ჯერჯერობით ამის ალბათობას ექსპერტები ძალიან მაღალად არ თვლიან.აცრები - გრიპისგან თავის დაცვის ყველაზე გამოცდილი მეთოდია.

ორწლიანი კოვიდ-პანდემიის შემდეგ კვლავ გვაქვს რესპირატორული ვირუსული შემთხვევების ჩვეულებრივი ასაკობრივი პროფილი - ბავშვები და მოზარდები უფრო ხშირად ხდებიან ავად და არა - მოხუცები

თუმცა, მან ვინც აცრა დააგვიანა და მათაც, ვინც უკვე აცრილია, უნდა ვიცოდეთ - რომ პირბადის და დისტანცირების წესის დაცვა ყველას შველის. რა თქმა უნდა, აცრილებში, თუ მათ მაინც დაემართათ გრიპის ვირუსი, ინფიცირება უფრო იოლად მიდის, ვიდრე აუცრელებში. ამიტომ ჯერაც არის დროს რომ პოლივალენტური გრიპის ვაქცინით აცრა ჩაიტაროს ყველამ, ვისაც ეს დღემდე არ გაუკეთებია.

- მაპატიეთ, რომ ამას გეკითხებით - თქვენ აცრილი ბრძანდებით?

- არა მარტო მე, არამედ ოჯახის ყველა წევრი გრიპზე აცრილები ვართ. თუმცა მე ცოტა დავაგვიანე, მხოლოდ ათიოდე დღის „სტაჟი“ მაქვს და ყველგან ვცდილობ ვატარო პირბადე და/ან დავიცვა დისტანცირება

რესპირატორული ინფექციების გავრცელების შენელების კუთხით გარკვეულ იმედს იძლევა სკოლებსა, უნივერსიტეტებსა და სამსახურებში გამოცხადებული არდადეგები. მაგრამ ამ პერიოდში ზამთრის კურორტებზე მასიური მიგრაცია, პირბადის და დისტანცირების წესის მკაცრად დაცვის გარეშე, ამ იმედს სრულად გააქარწყლებს

მიუხედავად იმისა, რომ კოვიდი უფრო ნაკლებად საშიშმა ვირუსებმა ჩაანაცვლეს და ეს ლეტალობის გაცილებით დაბალ მაჩვენებელს უკავშირდება, მათ უმრავლესობას, ვინაც წელს გრიპის ან RSV ვირუსი გადაიტანა, ძალიან მძიმე გამოცდილება აქვთ და კარგი იქნება, სხვებს თუ მოუყვებიან, რომ RSV სულაც არაა საჩუქარი

საოცრად მძიმედ მიმდინარე სურდო და ბრონქიტი, სპაზმური ხველა, რომელიც კარგა ხანს შეიძლება დარჩეს, მაღალი ცხელება, თავის ტკივილი, სინუსიტები (ფრონტიტი, ჰაიმორიტი), კუჭის ტკივილი და აშლილობა, გამოფიტვა და მდგომარეობის შებრუნება (და მესამე შებრუნებაც კი), აი, არასრული „ბუკეტი“, რასაც უამრავი ადამიანი იხსენებს, როგორც კოვიდზე უფრო მძიმე და ლამის დამანგრეველ გამოცდილებას.

მიზეზი - კოვიდი (მით უფრო - ომიკრონი) ძალიან ბევრმა - უკვე ვაქცინირებულებმა გადაიტანეს, ხოლო გრიპის და RSV ტალღას - წინა გამოცდილებების, დროული მოწოდების და აცრების მარაგის მიუხედავად - არავაქცინირებულები შეხვდნენ, არც პირბადის და დისტანცირების წესები დაუცავთ.

რეკომენდაციები -

1) უეჭველად გამოვიყენოთ პირბადე - განსაკუთრებით ტრანსპორტში, ხალხმრავალ დახურულ ადგილებში, მით უფრო, თუ სივრცე არ ვენტილირდება.

2) უეჭველად შევიკავოთ თავი თუნდაც დიდი ხნის უნახავი ნათესავის და ნაცნობ-მეგობრების გადაკოცნისაგან. გახსოვდეთ, ვირუსი ირგვლივ ძალიან ბევრს აქვს, მისი გავრცელება 3-8 დღის განმავლობაში ხდება და სიმპტომების გამოვლინებამდე 1-2 დღით ადრეც კი იწყება.

3) დავიცვათ დისტანცირება, თუ დახურულ სივრცეში გვიწევს სხვებთან ერთად ყოფნა, მით უფრო თუ ეს 10-15 წუთზე მეტხანს გრძელდება.

4) ხველის დაწყების შემთხვევაში ნახველის გამათხელებელი წამლის (მაგალითად - მუკალტინის) მიღება ხველის გაძლიერებას იძლევა და მეტად მძიმედ გადაიტანება პაციენტის მიერ. უკეთესი იქნება ალერგიის საწინააღმდეგო, ე.წ. ანტიჰისტამინური პრეპარატების მიღება. უფრო ეფექტურია მათი პირველი თაობა - სუპრასტინი, დიმედროლი.

თუმცა მათი გამოყენების შემთხვევაში მანქანის მართვა არ შეიძლება. ასევე სურდოს დროს გამართლებულია ცხვირის იმ წვეთების გამოყენება, რომლებიც ადგილობრივ სისხლძარღვების შევიწროებას (ადრენომიმეტური საშუალებები) და/ან გამონადენის შემცირებას უწყობენ ხელს (კორტიკოსტეროიდები). თუმცა არ უნდა მოხდეს ამ საშუალებების უკონტროლოდ და ძალიან დიდხანს გამოყენება.

5) აუცილებელია სიცხის და გრიპის სიმპტომების შემთხვევაში თვითიზოლაციის წესების დაცვა. გვახსოვდეს, რომ ინფექციის ფართო გავრცელება საზოგადოებისთვის მძიმე გამოცდად შეიძლება იქცეს. ხოლო ჩვენი გაუფრთხილებლობით ისევ ჩვენი ახლობლები დაზიანდებიან.

6) ანტიბიოტიკების მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით შეიძლება მოხდეს, რადგან მხოლოდ მაშინაა გამართლებული, თუ ვირუსულ ინფექციას დასუსტებულ ორგანიზმში მეორადი ბაქტერიული ინფექციაც დაერთო.

სხვა შემთხვევებში სითხეების მიღება, ოთახის ხშირად განიავება, წოლითი რეჟიმი, სიარული ან მსუბუქი/სუნთქვითი ვარჯიში, ხოლო სიცხის დროს პარაცეტამოლი - უფრო ეფექტურიცაა და ნაკლებ სახიფათოც.

ასევე, თუ არ ვართ დარწმუნებული, რომ გამომწვევი ბაქტერიაა, აზრი არ აქვს ანტიბიოტიკის შემცველი საწუწნი აბების გამოყენებას. ვირუსებზე ეს არ მოქმედებს, ხოლო სოკოვანი ინფექციების დროს უარესიც კია.

ჩვეულებრივი საწუწნი აბები შეგიძლიათ გამოყენოთ, მაგალითად ჰოლსი ან ჩვეულებრივი კოწახურის აბები. ამ დროს ნერწყვის გამოყოფის სტიმულაციაა მთავარი სამკურნალო ეფექტის მქონე და არა ტაბლეტის ანტიბიოტიკური შემადგენლობა. ასე რომ ეს უფრო უხიფათოცაა და უფრო იაფიც.

- დაბოლოს, როგორია თქვენეული შეფასება და პროგნოზი?

- საბოლოო ჯამში, კოვიდის სამწლიანი პანდემია შეიძლება ახლა გაცილებით კონტროლირებადად და ნაკლებად საშიშად ჩავთვალოთ. იმედია, ინტერვიუს დასაწყისში გამოთქმული ეჭვები გაიფანტება, ხოლო სახიფათო სცენარები აცილებული იქნება.

სამწუხაროა, რომ ჩვენთან პანდემიის შედეგების და გაკვეთილების შეფასება არ მომხდარა, ალბათ დროა - ის პერიოდული ანგარიშები, რომელიც ადრე ქვეყნდებოდა - გაგრძელდეს, ისევე როგორც საზოგადოების ინფორმირება არა მარტო კოვიდის, არამედ სხვა რესპირატორული ვირუსების მართვის მხრივაც.

მე პირადად მიმაჩნია, რომ ბატონ ამირან გამყრელიძის და დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის, ასევე ლუგარის ცენტრის მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და იმედს გამოვთქვამ, რომ ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ქალბატონი თამარ გაბუნია წარმატებით გააგრძელებს ამ მნიშვნელოვან და ფრონტის წინა ხაზზე საქმიანობის სწორად წარმართვას.

საბოლოო ჯამში, კოვიდის სამწლიანი პანდემია შეიძლება ახლა გაცილებით კონტროლირებადად და ნაკლებად საშიშად ჩავთვალოთ

მსოფლიო გლობალური კრიზისების ფონზე საქართველოს სერიოზული ეკონომიკური პერსპექტივები გამოუჩნდა და აუცილებელია, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფრონტზე გამოწვევებიც ადექვატურად იქნას შეფასებული და მართული.

ამ მხრივ დაფინასების DRG მოდელზე მუშაობის დროულად დასრულებასა და პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ბოლომდე მიყვანასთან ერთად ინფექციათა კონტროლი, ისევე როგორც მნიშვნელოვან ქრონიკულ დაავადებათა მართვა კვლავაც რჩება მთავარ პრიორიტეტად.

მინდა ბედნიერი, პოზიტიური და მშვიდობიანი ახალი წელი ვუსურვო თქვენს მკითხველებს და სრულად საქართველოს.

ასევე მინდა უკრაინელებს მივულოცო ახალი წელი და გამარჯვება ვუსურვო ქვეყნის დასაცავად წმინდა ბრძოლაში, ხოლო იქ მებრძოლ ქართველებს - მშვიდობით დაბრუნება ოჯახებში.

ჯანმრთელობა და წინსვლა დაგვბედებოდეს!

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი