კახა ქემოკლიძე - უნდა უფრთხილდნენ მდუმარე ადამიანს, გახარია აანონსებს პოლიტიკურ ბრძოლას

მარნეულიდან და სხვა რეგიონებიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები პოლიტიკურად ლურჯ ფერში გამოწყობილები, ზურაბიშვილს მიუგზავნეს და აძახებინეს: „მიშა არ შეიწყალო“, ადამიანები, რომლებიც პირჯვარს იწერდნენ კაბინეტში გამოკრული სააკაშვილის ფოტოს წინ, ამის მომსწრე მე თვითონ ვიყავი , - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკურმა მდივანმა კახა ქემოკლიძემ განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის სასახლის წინ გამართულ აქციას გამოეხმაურა, სადაც აქციის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებდნენ, არ შეეწყალებინა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

როგორც ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, სალომე ზურაბიშვილისგან სახელმწიფოებრივი სიბრძნის მოლოდინი აქვს.

ამასთან, მისივე თქმით, სახელმწიფოებრივი სიბრძნე არ გადის შეწყალებაზე.

„მარნეულიდან და სხვა რეგიონებიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები უკვე ლურჯ ფერში გამოწყობილები, ოღონდ პოლიტიკურად ლურჯ ფერში გამოწყობილები, ზურაბიშვილს მიუგზავნეს და აძახებინეს, „მიშა არ შეიწყალო“. ადამიანები, რომლებიც პირ-ჯვარს იწერდნენ კაბინეტში გამოკრული სააკაშვილის ფოტოს წინ, ამის მომსწრე მე თვითონ ვიყავი“,- განაცხადა ქემოკლიძემ.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის განცხადებების იმ ნაწილს, რომელიც მოსამართლეების საკითხს ეხებოდა, ქემოკლიძე ამბობს, რომ ამ შეთხვევაში პრეზიდენტი „სწორი“ იყო.

სალომე ზურაბიშვილმა 101 პროცენტით სწორი უთხრა, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე დანიშნულ ოდიოზურ მოსამართლეებს ეხებოდა“, - განაცხადა ქემოკლიძემ.

ქემოკლიძემ გადაცემაში შეაფასა ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადება, რომლის თანახმადაც, 2023 წელი იქნება ისეთი ბრძოლების წელი, რომ ბევრი ადამიანის ღირსება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

ქემოკლიძის თქმით, გახარია პოლიტიკურ ბრძოლას აანონსებს.

მისივე განმარტებით, შემდეგი წლიდან 2024 წლის არჩევნების დღის ჩათვლით, ძალიან სერიოზული პოლიტიკური ბატალია იქნება.

„ყოველთვის უნდა უფრთხილდნენ მდუმარე ადამიანს. გახარია აანონსებს პოლიტიკურ ბრძოლას, ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით ამისთვის, იმიტომ, რომ ჩვენ ბრძოლებისთვის ვართ შექმნილი, იმისთვის, რომ ეს ქვეყანა გავიდეს სამშვიდობოს. იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში მიშა, გრიშა, ჟენია და ბორია დამთავრდეს. გიორგი გახარია ამბობს, რომ შემდეგი წლიდან 2024 წლის არჩევნების დღის ჩათვლით, ძალიან სერიოზული პოლიტიკური ბატალია იქნება.

არჩევანი შექმნეს - „მე ცუდი ან ჩემზე უარესი“ და ჩვენ, სწორედაც ვაანონსებთ, რომ არგუმენტი -„ თუ „ოცნებას“ ხმა არ მივეცი, „ნაციონალები“ მოვლენ“, უბრალოდ უნდა ავაფეთქოთ. მესამე ალტერნატივა ქართულ პოლიტიკაში ნამდვილად გაჩნდება.

ჩვენ კარტს არ ვთამაშობთ, ჩვენ ბატონ ბიძინა ივანიშვილის პოკერს ვეთამაშებით. ივანიშვილი პოკერის სპეციალისტია. კარტს სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ეთამაშებიან და მუდმივად მარცხდებიან. ივანიშვილი პოკერის მასტერმაინდია, ამიტომ მისი დამარცხება პოკერის თამაშით არის შესაძლებელი“, - განაცხადა ქემოკლიძემ.

ამასთან, ქემოკლიძემ ისაუბრა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების დამოკიდებულებაზე „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას მიმართ. ქემოკლიძის თქმით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები, გახარიას პრემიერობის დროს „პირზე კოცნიდნენ“, დღეს კი ლანძღავენ.

„გახარია ტელევიზიაში გამოვიდეს და ყოფილი თანაგუნდელები პირდაპირ ეთერში, ლანძღოს და თქვას: „მე კარგი ვიყავი, ისინი კი ყველანი ცუდი“, იცით ამას ვინ აკეთებენ? - „ქართული ოცნების“ ძვირფასი ადამიანები, რომლებიც ჩემს თვალწინ ელაქუცებოდნენ, ტაშს უკრავდნენ, პირზე კოცნიდნენ და სანთლებს უნთებდნენ ბატონ გახარიას, მაშინ, როდესაც ის კარიერულ ზენიტში იყო“,- განაცხადა ქემოკლიძემ.

კითხვაზე, ხომ არ გულისხმობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს, ქემოკლიძე პასუხობს, რომ ყველას გულისხმობს, მათ შორის, კობახიძესაც.

„აბსოლუტურად ყველას ვგულისხმობ. ყველა იმ ამორალურ ადამიანს, რომელიც დღეს ერთს იძახის, ხვალ მეორეს და მესამე დღეს პირველ ჩვენებას უბრუნდება, მათ შორის, ბატონ კობახიძესაც, რომელიც ქართულ პოლიტიკაში იმის მაგალითია, როგორი ამორალური არ უნდა იყო ადამიანი. გახარია მაგალითს და სტანდარტს ამკვიდრებს მომავალი ახალგაზრდა თაობისთვის“,- განაცხადა ქემოკლიძე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო