ეკა გიგაური - პრეზიდენტის განცხადება, რომ მას აბულინგებენ, საინტერესოა - სახელმწიფო მოხელეები ითხოვენ, არასამთავრობოებმა, ან ომბუდსმენმა დაიცვან ისინი, როცა ამ ორგანიზაციების უპირველესი როლი ადამიანის სახელმწიფოსგან დაცვაა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის განცხადებით, სახელმწიფო მოხელეები ითხოვენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ან სახალხო დამცველის ოფისმა ისინი დაიცვან მაშინ, როცა ამ ორგანიზაციების უპირველესი როლი ადამიანის სახელმწიფოსგან დაცვაა.

როგორც ეკა გიგაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი არის ადამიანი, რომლის ხელშიც, თავის დასაცავად, უამრავი ბერკეტია. ამით გიგაურმა უპასუხა პრეზიდენტის განცხადებას, რომლის მიხედვითაც მას უკვირს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები მის მიმართ განხორციელებულ ბულინგთან დაკავშირებით ხმას არ იღებენ.

სალომე ზურაბიშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ აბულინგებენ, საინტერესო იყო. ის არა მხოლოდ ბულინგზე, არამედ გარკვეულ ზეწოლაზეც საუბრობდა. ხშირად არიან სახელმწიფო მოხელეები, მთავრობის წარმომადგენლები, რომლებიც ითხოვენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ან სახალხო დამცველის ოფისმა ისინი დაიცვან. ალბათ, მოსახლეობას უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენი უპირველესი როლი სახელმწიფოსგან მოქალაქის დაცვაა. პრეზიდენტი არის ადამიანი, რომლის ხელშიც, თავის დასაცავად, უამრავი ბერკეტია. მან ღიად უნდა ისაუბროს პრობლემებზე. ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს, ფაქტობრივად ორი მხარეა - ერთი მხარე სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, რომ შეიწყალოს სააკაშვილი, მეორე მხარე მოუწოდებს, რომ არ შეიწყალოს. ზოგჯერ ძალიან აგრესიული და მიუღებელია ის ფორმები, რომლითაც ისინი ამას აკეთებენ, მაგრამ ამის უფლება აქვთ. მეორე ნაწილი არის ზეწოლა, რომელიც შეიძლება დანაშაულად ჩაითვალოს, თუ ზეწოლა და საზოგადოებრივი აზრის შექმნა ხდება სახელმწიფო რესურსების გამოყენებით. თუ მაგალითად, სოციალურ ქსელებში გარკვეული კამპანიაა პრეზიდენტის წინააღმდეგ და ამაში სახელმწიფო მოხელეები მონაწილეობენ, ეს სხვა საკითხია“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

გარდა ამისა, ეკა გიგაურის თქმით, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით დასავლურ მედიასთან ძალიან სწორად საუბრობს, თუმცა საჭიროა უფრო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.

მისივე თქმით, 12 პუნქტში გათვალისწინებული მედიის საკითხის მოგვარება მთლიანად პრეზიდენტის ხელშია.

„კომპლიმენტად უნდა ითქვას, რომ სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, სახე არ დაკარგოს. ბევრმა პოლიტიკოსმა ამ პერიოდის განმავლობაში ყველა წითელი ხაზი გადალახა. რაც შეეხება მის ვალდებულებებს, ზურაბიშვილი ხშირად საუბრობს იმაზე, რომ მისი მთავარი მიზანი ევროინტეგრაციაა. მას შემდეგ, რაც ევროკავშირის სტატუსის საკითხი წინ წამოიწია, თუკი მის განცხადებებს შევხედავთ, ის ძალიან სწორად საუბრობს, მათ შორის, დასავლურ მედიასთან. ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ვთვლი, რომ სალომე ზურაბიშვილმა ამ მიმართულებით ძალიან კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას. მედიის ნაწილში, რაც ნიკა გვარამიას საქმეს ეხება, 12 პუნქტის შესრულება მთლიანად მის ხელშია“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

ასევე, ეკა გიგაურის თქმით, დამოუკიდებელი სასამართლო რომ გვქონოდა, დასავლეთში კითხვებს არავინ დასვამდა.

„დღეს, სასამართლოს გადაწყვეტილებებთან მიმართებით, არანაირი ნდობა არ არსებობს. დამოუკიდებელი სასამართლო რომ გვქონოდა, დასავლეთში არავინ დასვამდა კითხვებს. დღევანდელი ჩვენი ხელისუფლება არ სწავლობს წინა ხელისუფლების შეცდომებზე. თუ შემდეგმა ხელისუფლებამ მაინც არ გადაწყვიტა, რომ სასამართლო დამოუკიდებელი გახადოს, რადგან ამათ ეს გადაწყვეტილი ნამდვილად არ აქვთ, ეჭვი მაქვს, რომ კვლავ მურუსიძე-ჩინჩალაძე გაასამართლებს იმათ, ვინც მაშინ ჩაითვლება დამნაშავედ. რატომ გვყავს ეს ხალხი სასამართლო სისტემაში ასე უვადოდ, ამას არანაირი ახსნა არ აქვს“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა