შალვა პაპუაშვილი - მოვუწოდებ პარლამენტის ყველა წევრს, საკუთარი პასუხისმგებლობით იმოქმედონ - ყველაზე დაბალი რეიტინგის პარტიასაც კი მაღალი სახალხო მანდატი აქვს, ვიდრე რამდენიმე გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციას

მოვუწოდებ პარლამენტის ყველა წევრს, რომ საკუთარი პასუხისმგებლობით იმოქმედონ - ყველაზე დაბალი რეიტინგის პარტიასაც კი მაღალი სახალხო მანდატი აქვს, ვიდრე რამდენიმე გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევრორეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით განაცხადა რა დროსაც აღნიშნა, რომ რამდენიმე გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია ოპოზიციისთვის ულტიმატუმის წაყენებით ხელს უშლის სახალხო დამცველისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის პროცესს.

რაც შეეხება 12 რეკომენდაციის შესრულებას, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ რამდენიმე პუნქტი უკვე ცალსახად შესრულებულია, რამდენიმე პუნქტზე კი ეუთო-ოდირის დასკვნის მოლოდინში არიან.

„რა თქმა უნდა, შესრულებულია ცალსახად რამდენიმე პუნქტი, მაგალითად, პუნქტი, რომელიც ეხება სტრასბურგის გადაწყვეტილებების პროაქტიულ გამოყენებას სასამართლო პრაქტიკაში - ეს სრულად არის შესრულებული, მაგალითად გენდერული თანასწორობის კუთხით იცით, რომ რამდენიმე ცვლილება მივიღეთ, მათ შორის კონცეფციაც დავამტკიცეთ, საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით მრავალპარტიული თანხმობით იქნა მიღებული ცვლილებები.

არის ორი საკითხი, რომელიც შეეხება სასამართლო რეფორმას და დეოლიგარქიზაციას, ორივე საკითხი არის გაგზავნილი ვენეციის კომისიაში და ჩვენ დამოკიდებული ვართ იმაზეც, თუ რამდენად სწრაფად გვექნება პასუხი. ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა ჩვენ გვაცნობეს, რომ მარტში იქნება მათგან დასკვნა ამ ორ საკითხთან დაკავშირებით - ჩვენ, ჩვენი მხრივ, დავასრულეთ ამაზე მუშაობა, იმიტომ, რომ პროექტები არის ინიცირებული“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება იმას, შეეხება თუ არა კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ ბიძინა ივანიშვილს, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ყველა ვინც ფიქრობს, რომ კანონი უნდა მოერგოს ადამიანს, ფიქრობს არაევროპულად.

„კანონის მორგება ადამიანზე არის არაევროპული მიდგომა, შესაბამისად, ყველა, ვინც ფიქრობს, რომ კანონი უნდა მოერგოს ადამიანს, ფიქრობს არაევროპულად. რაც შეეხება სახალხო დამცველის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას, აქ დამოკიდებულები ვართ იმაზე, თუ რამდენად კონსტრუქციული იქნება ოპოზიცია. იყო პროცესი როგორც სახალხო დამცველზე, ისე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებზე, იყო გასაუბრებები. ჩვენ ვნახეთ, რომ თავიდანვე იყო ულტიმატუმი დაყენებული. სამწუხაროდ, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია აღმოჩნდა ამ მხრივ ყველაზე დესტრუქციული. მათ თავიდანვე დააყენეს ულტიმატუმი და თქვეს, რომ ან იქნება ამ სამი კანდიდატიდან ომბუდსმენის არჩევა და ხუთი კანდიდატიდან, რომელიც დააყენეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ასარჩევად. ეს იყო პირდაპირი ულტიმატუმის წაყენება ოპოზიციისთვის, რომელიც, სამწუხაროდ, დღემდე ვერ აცნობიერებს, რომ ისინი არიან არა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები პარლამენტში, არამედ არიან ხალხის მანდატით აღჭურვილი პარლამენტის წევრები და არ აფასებენ საკუთარ ამომრჩეველს, მაშინ, როდესაც ისინი ბრმად მიჰყვებიან რამდენიმე გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის ულტიმატუმს. პირველ ეტაპზე ვერ შედგა კონსენსუსი, თებერვალში კიდევ ვცდით. მე ახლა უკვე ნამდვილად, ერთი მხრივ, მოვუწოდებ ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ აცალონ პარლამენტს - იმ დემოკრატიულ პროცესს, რომელიც პარლამენტში იმართება ხალხის მიერ არჩეული დეპუტატების მიერ, აცალონ, რომ პარლამენტმა ამ დემოკრატიული პროცესით იხელმძღვანელოს. მათი ჩართულობა რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ კომიტეტებში, როცა იქნება გასაუბრებები და ა.შ. და მეორე მხრივ მოვუწოდებ პარლამენტის ყველა წევრს, რომ საკუთარი პასუხისმგებლობით იმოქმედონ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო