რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის” ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა ქალაქი სოლედარი დაიკავეს და იქ დარჩენილი უკრაინული ძალები ალყაში მოაქციეს.
"ვაგნერის" ქვედანაყოფებმა აიღეს სოლედარის მთელი ტერიტორია. მიმდინარეობს ქუჩის ბრძოლები. დაკავებულთა რაოდენობა ხვალ გახდება ცნობილი“, - აღნიშნა „ვაგნერის” ხელმძღვანელმა.
პრიგოჟინმა გამოაქვეყნა საკუთარი ფოტო, სადაც ის მარილის მაღაროში, „ვაგნერის“ მებრძოლებით გარშემორტყმული იმყოფება. The Guardian-ი წერს, რომ ეს, შესაძლოა, მიზანმიმართული პასუხი იყო აშშ-ის ოფიციალური პირებისთვის, რომლებიც ბოლო დღეებში საჯაროდ აცხადებდნენ, რომ პრიგოჟინი დაინტერესებულია მარილისა და თაბაშირის მაღაროების ხელში ჩაგდებით.
თავის მხრივ, უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ სოლედარში მყოფი უკრაინელი სამხედროები მხოლოდ სანახევროდ მოექცნენ ალყაში. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, სოლედარის აღმოსავლეთ გარეუბნები რუსეთის საოკუპაციო ძალების კონტროლის ქვეშაა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ უკრაინის სარდლობა გადაწყვეტს ჯარების გაყვანას სოლედარიდან, ეს არ იმოქმედებს ომის მიმდინარეობაზე.