ბექა ლილუაშვილი ფარულ ჩანაწერზე - გიორგი გახარია ძალიან გამხიარულდა - „ოცნების“ წარმომადგენლები ახალი წლის შემდეგ პოლიტიკურ თუ რეალურ ნაბახუსევში არიან და „მესიჯბოქსის“ ორიენტირის გასწორება უჭირთ

ბუნებრივია, ამ „ნაცურ-ქოცურ“ ჭაობში ჩვენ ვერ ჩაგვითრევენ, ილაპარაკონ - გიორგი გახარია ძალიან გამხიარულდა, შეხვედრა გვქონდა გუშინ საღამოს და ვიმხიარულეთ ყველამ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბექა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც გავრცელებულ ჩანაწერს გამოეხმაურა, სადაც სავარაუდოდ, გიული ალასანია ფიგურირებს და გიორგი გახარიაზეა საუბარი.

ბექა ლილუაშვილის თქმით, აღნიშნულ ჩანაწერებს სერიოზულად ვერ უპასუხებს.

„ავთენტური თუ არა ავთენტური ჩანაწერების გავრცელება „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ კარგად ნაცადი პროპაგანდის მეთოდია. ბუნებრივია, ამ „ნაცურ-ქოცურ“ ჭაობში ჩვენ ვერ ჩაგვითრევენ, ილაპარაკონ. ერთი რეკომენდაცია მექნება რჩევის სახით, რომ რაღაც ისეთი მაინც გამოიგონონ, რაც უფრო მეტად დამაჯერებელი იქნება. ბუნებრივია, ჩვენ ამაზე არ გვექნება რეაქცია, ჩვენ გვაქვს სტრატეგია, რასაც მივყვებით.

ჩვენი დღის წესრიგი არის მხოლოდ ხალხის ინტერესებში შემავალი და სხვა მიზანი ამის უკან არ არის. მე გაგახსენებთ, რომ „ოცნების“ წარმომადგენლები გახარიას ამერიკის აგენტს ეძახდნენ, გუშინ სოზარ სუბარი გამოვიდა და თქვა, რომ ამერიკის აგენტი კი არა სუფთა ანტიდასავლურ საქმეს აკეთებდაო. მგონი, ეს ხალხი ახალი წლის შემდეგ პოლიტიკურ ნაბახუსევში, თუ რეალურ ნაბახუსევში არიან და ცოტა უჭირთ „მესიჯბოქსის“ ორიენტირის გასწორება. ამაზე სერიოზულად როგორ უნდა ვუპასუხოთ. მე არ მქონდა წარმოდგენა, რომ ქალბატონი გიულის სიტყვები ასე მნიშვნელოვანი იყო „ქართული ოცნებისთვის“, რომ მთელი ნარატივი აეწყო.

რეალურად „ნაციონალური მოძრაობა“ კარგავს ყველაზე მნიშვნელოვანი, თუ მეორე პოლიტიკური აქტორის სტატუსს და შესაბამისად, მესმის ეს საფრთხეები, რაც დაკავშირებულია ამასთან მათთვის პერსონალურად და პოლიტიკურად და „ოცნებასაც“ ესმის, რომ რეალური საფრთხე მის ძალაუფლებას და ფაქტობრივად, ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე ხელშესახები შედეგები ამ ძალაუფლების შეზღუდვის თვალსაზრისით, შევუქმენით ჩვენ და გასაგებია, ბუნებრივია, ის შიშები, რაც მათ აქვთ. „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ერთი და იგივე ნარატივით ცდილობენ ჩაგვითრიონ პასუხის პასუხების რიტორიკაში, რომელიც საერთოდ არ აინტერესებს ჩვენს მოქალაქეებს.

(გიორგი გახარია) ძალიან გამხიარულდა, შეხვედრა გვქონდა გუშინ საღამოს და ვიმხიარულეთ ყველამ. კიდევ ბევრი უნდა ილაპარაკონ, ბევრი სისულელე უნდა დაგროვდეს და ერთი რჩევა გვაქვს, რომ ისაუბრონ უფრო დამაჯერებლად, მოგვცენ საშუალება, რომ ვუპასუხოთ და შემდეგ ვნახოთ ვინ როგორ დამაჯერებელ, თუ არადამაჯერებელ ისტორიას მოყვება“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

ცნობისთვის, ტელეკომპანია “რუსთავი2“-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის. ტელეკომპანიის ინფორმაციით, გავრცელებული ჩანაწერში მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ფიგურირებს და საუბრობს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაზე. ჩანაწერში, სავარაუდოდ, გიული ალასანია სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ამბობს, რომ "ძალიან ეშინია" და "მთავარი ის არის, რას ფიქრობს რუსეთი ამ მომენტში". ასევე ჩანაწერის თანახმად, გიული ალასანია საუბრობს ოპოზიციაზე და მათ „პარაზიტებს“ უწოდებს. ჩანაწერში საუბარია გიორგი გახარიაზეც, რომელსაც „მომავლისთვის ამზადებენ“. გარდა ამისა, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში, ნახსენებია ბიძინა ივანიშვილიც, რომელიც „რუსებს არ უნდათ”. ტელეკომპანიის ინფორმაციით, აუდიოჩანაწერი გაკეთებულია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდე და უცნობია, ვის ესაუბრება გიული ალასანია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო