ანრი ოხანაშვილი 5 ივლისის საქმეზე - თუ გაქვთ მტკიცებულება, რითაც დასტურდება, რომ კონკრეტული პირი რაიმეს აორგანიზებდა და ამას კვალიფიკაცია არ ეძლევა, მოგიწოდებთ, შს სამინისტროს მიაწოდოთ

თუ გაქვთ მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ კონკრეტული პირი რაიმეს აორგანიზებდა და ამას კვალიფიკაცია არ ეძლევა, მოგიწოდებთ, ასეთი ინფორმაცია შს სამინისტროს მიაწოდოთ - ვიდრე არ გაქვთ ასეთი მტკიცებულება, არ გაქვთ საფუძველი იმისა, რომ გამოძიებაში ეჭვი შეიტანოთ, - ეს განცხადება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა 5 ივლისის საქმეზე დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.

ოხანაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პირადად მას გამოძიების მიმართ ეჭვის შეტანის არავითარი საფუძველი არ გააჩნია.

„სასამართლო გადაწყვეტილების არც შინაარსს ვიცნობ და არც მტკიცებულებებს, თუ რა იქნა გამოკვლეული და როგორ წარიმართა პროცესი. უნდა მივეჩვიოთ და პატივი ვცეთ სამართლებრივ გადაწყვეტილებას, რადგან ეს საქართველოს სახელით გამოტანილი გადაწყვეტილებაა. თუ ვინმე მას არ ეთანხმება, შემდეგ ინსტანციაში უნდა გასაჩივრდეს.

ჩემი ინფორმაციით, 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით პასუხისგებაში დაახლოებით 50 პირი მიეცა. ის თუ როგორი უნდა იყოს კვალიფიკაცია კონკრეტულ პირებთან მიმართებაში, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული - მტკიცებულებებზე, ჩვენებებზე და ასე შემდეგ.

მე მაქვს ნდობა შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი, გამომძიებლებისადმი, რომელთაც კანონის შესაბამისად აქვთ ვალდებულება, საქმე ყოველმხრივ გამოიძიონ - თუკი ისინი გამოკვეთენ, რომ ადგილი ჰქონდა ძალადობის ორგანიზებას, მათ კანონი ამ კვალიფიკაციის მინიჭებას ავალდებულებს. თუ ეს არ გამოიკვეთა, ამას ხელოვნურად ვერ შექმნის", - განუცხადა ოხანაშვილმა ჟურნალისტებს.

ჟურნალისტებისა და ოპერატორების, მათ შორის, „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდადებულები თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო, თუმცა ძალადობის ორგანიზებაში ყველა მათგანი უდანაშაულოდ მიიჩნია.

აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლე მაია თეთრაულმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა და მსჯავრდადებულებს სასჯელიც შეუმცირა. კერძოდ, მოსამართლემ მსჯავრდადებულები სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს, გაამართლა, თუმცა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დამნაშავედ ცნო.

შესაბამისად, აკაკი ნაკაშიძეს, თორნიკე დავლაშერიძეს, დავით კუტალაძეს, ოთარ გელაშვილს, ცოტნე ჩიხლაძეს და გია გიგუაშვილს 4-4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო