ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2023

„ენმ-ის ერთიანობა დამარცხებულ მხარეზე იქნება დამოკიდებული, დატოვებს ის პარტიას თუ არა“ - ნიკა ჩიტაძე

დავოსის ფორუმზე საქართველო გამოჩნდა, როგორც ანგარიშგასაწევი ქვეყანა

***

„ენმ-ის ერთიანობა დამარცხებულ მხარეზე იქნება დამოკიდებული, დატოვებს ის პარტიას თუ არა“ - ნიკა ჩიტაძე

„ნაციონალურ მოძრაობაში" შიდა დაპირისირება გრძელდება და ბევრი მის ორად გახლაჩას მოელის. ამაზე საუბრისას ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ ყველაფერი დამარცხებული მხარის ნაბიჯებზე იქნება დამოკიდებული - სწორედ მას შეუძლია დაშალოს პარტია, რაც ოპოზიციას უაღრესად დაასუსტებს ან მას ერთიანობა შეუნარჩუნოს”, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, „ენმ-ის ერთიანობა დამარცხებულ მხარეზე იქნება დამოკიდებული, დატოვებს ის პარტიას თუ არა“ - ნიკა ჩიტაძე

„სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" წერვები შიდა კონკურენციას ასე არაჯანსაღად უმკლავდებიან, რადგან ისინი ერთ-ერთ მთავარ ძალას წარმოადგენენ ოპოზიციაში. მათ ჰყავთ ნახევარ მილიონამდე მხარდამჭერი და ზოგადად ოპოზიციის ამომრჩეველთა 50% მხარს მსწორედ „ნაციონალურ მოძრაობას" უჭერს. ბევრი რამ დალაგდება არჩევნების შემდეგ. თუ პარტიის შიდა არჩევნებში დამარცხებული მხარე პარტიას დატოვებს, ეს იქნება უდიდესი დარტყმა მთლიანი ოპოზიციისთვის, მაგრამ თუ პარტიის დატოვების მაგივრად დამარცხებული გამარჯვებულს ბოდიშს მოუხდის, როგორც ეს წინა არჩევნების დროს მოხდა, მათ აქვთ მომავალი და სტაბილურობის პერსპექტივა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, მეტს ვერაფერს ვიტყვი," - განაცხადა შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორმა, ანალიტიკოსმა ნიკა ჩიტაძემ. ბოლო დიდი დაპირისპირება აჭარის ორგანიზაციაში მოხდა, სადაც მელიას მხარდამჭერებმა ვანო მერაბიშვილს ბრალდებები წაუყენეს და ყოფილი ძალოვანი პროცესების კულისებიდან მართვაში დაადანაშაულეს. მათივე თქმით, ვანო მერაბიშვილი ლევან ხაბეიშვილის მხარდაჭერას და პარტიის ბათუმის ოფისის ხელმძღვანელობიდან გიორგი კირთაძის ჩამოშორებას სთხოვდა. აქტივისტ მირდატ ქათამაძის განცხადებით, ვანო მერაბიშვილმა მასთან შუამავალი გაგზავნა და ხაბეიშვილისთვის მუშაობა შესთავაზა, რაზეც მან უარი განაცხადა”, - აღნიშნავს გამოცემა.

ვანო მერაბიშვილი დამიკავშირდა ჩემი ძალიან პატივსაცემი ადამიანის მეშვეობით. სულ 5-ჯერ იყო მოლაპარაკების მცდელობა მისი მხრიდან, ხაბეიშვილის მხარეს გადასვლისთვის ყველაფერი შემომთავაზეს. შუამავლის მეშვეობით მერაბიშვილს წერილი გავუგზავნე და იმის გამო, რომ ყოფილმა ძალოსანმა ჩემგან უარი მიიღო, 30-31 დეკემბერს აღნიშნული დოკუმენტი დამახინჯებული ფორმით, კონტექსტის დარღვევით იქნა ბათუმში წინასაარჩევნო კამპანიის დროს ლევან ვარშალომიძის მიერ საჯაროს გამოქვეყნებული - გამხმოვანებელი ელგუჯა ბაგრატიონი იყო. ამით სცადეს ბათუმის ორგანიზაციის და გიორგი კირთაძის გაშავება," - განაცხადა მირდათ ქამადაძემ. გიორგი კირთაძე ადასტურებს, რომ მას ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელობის თანამდებობიდან წასვლა შესთავაზეს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამ გადაწყვეტილების არგუმენტი ვერ მოისმინა, იგი წინადადებაზე არ დათანხმდა”, - წერს სტატიის ავტორი.

დავოსის ფორუმზე საქართველო გამოჩნდა, როგორც ანგარიშგასაწევი ქვეყანა

„საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს წარმოჩენა, ქვეყნის სატრანზიტო როლის გაძლიერება, ინვესტიციების მოზიდვა და ნდობის განმტკიცება - ეს ის რამდენიმე საკითხია, რომელთა წარმატებით გადაჭრაში შესაძლო საქართველოს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობა დაეხმაროს”, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, დავოსის ფორუმზე საქართველო გამოჩნდა, როგორც ანგარიშგასაწევი ქვეყანა / ირაკლი ღარიბაშვილი: "ეს არის იშვიათი შესაძლებლობა უცხოური კომპანიებისთვის, რომ ჩამოვიდნენ და შექმნან საწარმოები, ჩადონ ინვესტიციები"

„დავოსში დიდი ინტერესით მოუსმინეს ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პანელურ დისკუსიაზე -„როგორ იქცა ევრაზიის შუა დერეფანი ბილიკიდან გზატკეცილად" - სიტყვით გამოვიდა. საქართველოს პრემიერი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა განახლებადი ენერგია, წყალქვეშა ელექტრონული კაბელის მშენებლობა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენა რეგიონზე და სხვა. „საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნეს კლიმატი გააჩნია. ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით პირველ ათეულში ვართ. პირველ ოცეულში ვართ ეკონომიკური თავისუფლების და ბევრი სხვა რეიტინგის და ინდექსების კონტექსტში. ოთხი თავისუფალი სამრეწველო და ეკონომიკური ზონა გვაქვს საქართველოში. ეს არის იშვიათი შესაძლებლობა უცხოური კომპანიებისთვის, რომ ჩამოვიდნენ, შექმნან საწარმოები, ჩადონ ინვესტიციები საქართველოში, აზერბაიჯანში. ამის დაკავშირება გვსურს განახლებად ენერგიასთან. საქართველო მდიდარია ჰიდრეოენერგორესურსებით. ჩვენ შევიმუშავეთ სტრატეგია, სადაც ვგეგმავთ დიდ ინვესტიციებს განახლებად ენერგიაში - მზის, ქარის ენერგიაში და ა.შ. გვინდა გამოვიყენოთ ეს იაფი ენერგია და ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილმდებარეობა და ეს ყველაფერი ჯამში ხელს შეუწყობს ბიზნესს. ინვესტორებისთვის იქნება მომგებიანი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა”, - აღნიშნავს გამოცემა.

„რაც შეეხება შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრონული კაბელის მშენებლობას, პრემეირის შეფასებით, ეს საინტერესო და მნიშვნელოვანი ინიციატივაა და მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ. ,,მზად უნდა ვიყოთ, რომ გაიზრდება საქონელბრუნვა ამ დერეფანში, ეს მარშრუტი ყველაზე მოკლეა ევროპასა და მწარმოებლებს შორის. მაგალითად, ჩინეთიდან მომავალი მატარებელი, რომელიც საქართველოს გაივლის 15 დღეში, როცა ზღვით 45 დღე სჭირდება. ამიტომ ეს საინტერესო, მნიშვნელოვანი დერეფანია და ყველა ქვეყანა ნამდვილად მოტივირებულია და მიზნად ისახავა ამ დერეფნის განვითარებას. რამდენიმე დღის წინ ვიყავით ყაზახეთში და შევთანხმდით საგზაო რუკაზე, როგორ განვავითაროთ ეს დერეფანი და როგორ მოვხსნათ ხელოვნური ბარიერები. ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მიგვაჩნია, რომ დიდი პოტენციალი გვექნება და ყველა ქვეყანა სარგებელს მიიღებს ამ დერეფნიდან,“- განაცხადა პრემიერმა. ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ პროექტი უნდა განხორციელდეს საქართველოს შესაძლებლობის გაზრდის მიზნით. კერძოდ, როგორც მან აღნიშნა, საქართველოს 550 ათასი ტონა შეუძლია გაატაროს ფოთში და 20 000 ათასი ბათუმში, რაც არის საკმარისი, თუმცა პორტის შესაძლებლობები გაიზრდება. საზღვაო ტერმინალის ოპერატორი კომპანია DP World, გერმანული ენერგეტიკული კომპანია RWE AG, Adani Group, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი CitiGroup, კომპანია Majid Al Futtaim, Stena Line და სხვა, მსოფლიოში ცნობილი ორგანიზაციებია, რომელთა წარმომადგენლებსაც ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა და ზოგიერთმა მათგანმა საქართველოსთან პარტნიორობის სურვილი გამოთქვა. პრემიერმა გერმანული ენერგეტიკული კომპანიის - “RWE AG” -ის აღმასრულებელ დირექტორთან მარკუს კრებერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ განიხილეს საქართველოს ენერგოსექტორი და ასევე მიმდინარე და შემოთავაზებული რეგიონალური პროექტები“, - განაგრძობს გამოცემა.

"მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შევხვდი გერმანიის ქალაქ ესენში სათავო დაწესებულების მქონე მრავალეროვნული ენერგოგენერაციის კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს მარკუს კრებერს. განვიხილეთ საქართველოს ენერგოსექტორი, მიმდინარე და შემოთავაზებული რეგიონალური პროექტები. საქართველო მიზნად ისახავს განახლებადი ენერგოგენერაციისა და ტრანზიტის ჰაბად იქცეს”, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. დავოსში განხილულ საკითხებს შორის საყურადღებოა საქართველოს გავლით, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი შუა დერეფანი, რომელიც სულ უფრო მიმზიდველი ხდება საერთაშორისო ლოგისტიკური გადაზიდვებისთვის. სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები კომპანია Stena Line-ს გენერალურ დირექტორთან შეხვედრაზე განიხილეს. ,,ძალიან კარგი საუბარი მქონდა კომპანია Stena Line-ს გენერალურ დირექტორთან ნიკლას მარტენსონთან. საქართველოს გავლით, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი შუა დერეფანი სულ უფრო მიმზიდველი ხდება საერთაშორისო ლოგისტიკური გადაზიდვებისთვის. შეხვედრაზე განვიხილეთ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები საქართველოს პორტების გავლით საქონლის საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვების ხელშესაწყობად", - აღნიშნა პრემიერმა. მთავრობის მეთაურის თქმით, სხვადასხვა ბიზნეს-კომპანიის წარმომადგენლებთან განხილული იქნა ტრანსპორტის, ლოგისტიკის და ენერგეტიკის სხვა სფეროებში ინვესტირების პერსპექტივები, მათ შორის, მრავალეროვნული კონგლომერატის "ადანი გრუპის" დამფუძნებელთან და თავმჯდომარესთან გაუტამ ადანისთან. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის "სითი გრუპის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან ჯეი კოლინსთან შეხვედრისას მთავარი საკითხი იყო საქართველოს მომავლის ფინანსური მომსახურების ჰაბად განხილვა. ითქვა, რომ ქვეყნის ძლიერი ფინანსური სექტორი და ინოვაციებით გაჯერებული ფინანსური ტექნოლოგიების ეკოსისტემა სულ უფრო საინტერესო ხდება გლობალური ფინანსური სექტორის ლიდერებისთვის. დავოსის ფორუმი და ამ გზით საქართველოს სარგებელი დიდ იმედს იძლევა ეკონომიკურ ექსპერტთა წრეშიც. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ გლობალურ ასპარეზზე საქართველოს იმიჯი საინტერესოდ გამოჩნდა”, - დასძენს გამოცემა.

„აკადემიკოს ავთო სილაგაძის შეფასებით, რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე საქართველოს ეკონომიკაში ნამდვილად არის პროგრესი, რაც სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში შეიმჩნევა. "ინვესტორების განწყობაზე დადებითად მოქმედებს სწორად მიწოდებული ჯანსაღი ინფორმაცია. ამის შემდეგ შემოდის ინვესტიციები. ცხადია, არა მხოლოდ ამის გამო, მაგრამ ნდობის ფაქტორია განმსაზღვრელი. მიღწევებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ორნიშნა ეკონომიკური ზრდაა, თუმცა საქართველომ სხვა კუთხითაც მიიპყრო ყურადღება. დავოსი ტრადიციულად აანალიზებს ქვეყნებში მიმდინარე ეკონომიკურ ვითარებას და ასევე ეხება პოლიტიკურ საკითხებსაც. ჩანს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ჰქონდა საინტერესო შეხვედრები, მათ შორის, ინვესტორებთან, რაც ნიშნავს, რომ ისინი გააძლიერებენ ინვესტიციებს საქართველოს მიმართულებით. შეხვედრები მიმდინარეობს ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირებს შორის, სადაც ასევე განიხილება საქართველოს ეკონომიკური განვითარების საკითხები, რომელიც ევროპაში რეცესიული პროცესის ფონზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეკონომიკური ზრდის მაღალი ნიშნული ამ მხრივ დიდ ნდობას იმსახურებს. მრავალმხრივი საინტერესო შეხვედრებია, რაც საქართველოსთვის ძალიან საინტერესო და სასარგებლოა", - განუცხადა "რეზონანსს" სილაგაძემ. მან ასევე აღნიშნა, რომ შავი ზღვის მიწისქვეშა კაბელის მშენებლობა საკვანძო საკითხია, რაც უკვე ნიშნავს, რომ ინვესტორები ინტერესდებიან კონკრეტულად ამ პროექტით და ასევე საქართველოს სტაბილური ეკონომიკური და ბიზნეს გარემოთი. განსაკუთრებით იმ ფონზე, რაც გლობალური მასშტაბით მიმდინარეობს, რამაც საქართველოს სატრანსპორტო ფუნქცია უფრო მეტად გაზარდა. ,,ყველაზე მეტი სიკეთე, რაც შეიძლება დავოსის კონფერენციიდან ღარიბაშვილმა წამოიღოს, პოტენციური ინვესტიციებია. მნიშვნელოვნად მოიმატა დაინტერესებამ სხვადასხვა სფეროში და გაჩნდა შესაძლებლობა, რომ რეგიონში ჰაბად ვიქცეთ, მათ შორის ძლიერი საფონდო ბირჟის განვითარების საფუძველი ყალიბდება. დავოსი ქვეყნების მიღწეულ შედეგს შეაფასებს, რაც საქართველოსთვის უდავოდ პოზიტიური და სარგებლის მომტანი იქნება", - დასძინა სილაგაძემ. ფინანსისტ ანდრია გვიდიანის შეფასებით, დავოსის ფორუმზე საქართველო წარმოჩნდა, როგორც ანგარიშგასაწევი ქვეყანა, რაც სამომავლოდ მრავალმხრივი სარგებლის მომტანი იქნება. ,,შედეგი ნელ-ნელა გამოჩნდება. ცნობილია, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა ბოლო 2 წლის განმავლობაში შეუქცევადად მაღალ მაჩვენებელზეა, რაც მის მიმართ ნდობას განაპირობებს. ჩანს, რომ ქვეყანა დინამიკურად ვითარდება. დავოსის ფორუმი ამ მხრივ კიდევ მეტ პოტენციალს და განვითარების ახალ შესაძლებლობებს აჩენს, რაც კონკრეტულ პერიოდში სასურველი შედეგის მიღწევაში დაგვეხმარება. რაც შეეხება მიმართულებებს, ვფიქრობ, ენერგეტიკული სექტორი განსაკუთრებით გამოირჩევა ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, რა მხრივაც შავი ზღვის მიწისქვეშა კაბელის მშენებლობის საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. ეს პროექტი სრულიად ახალ საფეხურზე აყენებს ენერგეტიკის განვითარების პრიორიტეტს საქართველოსთვის. დარწმუნევბული ვარ, როცა პროექტის განხორციელება დაიწყება, საქართველოს ენერგორესურსებისადმი ინტერესი ასმაგად გაიზრდება და ეკონომიკის, ასევე პოლიტიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდება", - აღნიშნა "რეზონანსთან" გვიდიანმა. შეგახსენებთ, რომ სამწლიანი პაუზის შემდეგ, შვეიცარიის სამთო კურორტზე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გაიმართა. 2023 წლის ეკონომიკურ ფორუმზე დავოსს ხუთი დღის განმავლობაში 130 ქვეყნიდან 2700 ბიზნეს ლიდერი ეწვია. მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები, მსოფლიოს წამყვანი ბანკებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელები, მეწარმეები, სახელმწიფოების ლიდერები და სხვა ცნობილი ადამიანები”, - წერს სტატიის ავტორი.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა