უკრაინული ძალები გერმანული წარმოების Leopard 2-ის საბრძოლო ტანკების გამოყენებაზე წვრთნებს პოლონეთში გაივლიან, მიუხედავად იმისა, რომ მოკავშირეებმა კიევისთვის გერმანული წარმოების ტანკების მიწოდებასთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.
„დავიწყებთ ამით და შემდეგ უფრო შორს წავალთ”, - აღნიშნა რეზნიკოვმა.
უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ გერმანია ტანკების მიწოდებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს.
”მე ამას ოპტიმისტურად ვუყურებ, იმიტომ, რომ პირველი ნაბიჯი გადაიდგა - ჩვენ დავიწყებთ საწვრთნელ მისიებს Leopard 2-ზე“, - აღნიშნა რეზნიკოვმა.
ცნობისთვის, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა გუშინ განაცხადა, რომ „რამშტაინის” შეხვედრაზე მოკავშირეები უკრაინისთვის ტანკების გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ მან თავის სამინისტროს დააბარა მოემზადოს “დღისთვის, რომელიც, შესაძლოა, დადგეს”. ამასთან, ორი დღის წინ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ მის ქვეყანას შეუძლია თავისი ტანკები გაგზავნოს, მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა გერმანიისგან ნებართვას.