სალომე სამადაშვილი - კასიანოვის ახსნა-განმარტებებისთვის დაბარება არის თავდასხმის რეჟიმზე გადასვლა

„ლელოს“ პოლიტიკური მდივნის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარება, ნიშნავს „თავდასხმის რეჟიმზე“ გადასვლას.

როგორც სამადაშვილმა „პალიტრანიუისის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, უკრაინელი დიპლომატის რეაგირება, რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების, შესაძლო აღდგენასთან დაკავშირებით, იყო სიგნალის გაგზავნა, რომ ეს უკრაინის მხრიდან აღქმული იქნება, როგორც არამეგობრული ჟესტი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან.

„ელჩის დაბარება ახსნა-განმარტებებისთვის, არის თავდასხმის რეჟიმზე გადასვლა, იმ ლოგიკით, რომ თავდასხმა თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა. რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ფრენების აღდგენის ინიციატივასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან ტაშისკვრის მიგებებაზე, უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის რეაქცია, სრულიად ბუნებრივი იყო.

იმდენად კარგად იქცევა საქართველოს ხელისუფლება, რუსეთის წარმომადგენლებმა ისიც თქვეს, რომ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაც კი უნდა განიხილონ. ლოგიკით რომ მივუდგეთ, მითხარი, ვინ არის შენი მტრის მეგობარი და გეტყვი, ეს ადამიანი შენი მტერია თუ მეგობარი“, - განაცხადა სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილმა ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტის როლზეც, მიმდინარე პროცესებში და კითხვაზე, შეძლებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გარდამტეხი როლი შეასრულოს უკრაინა საქართველოს ურთიერთობაში, სამადაშვილმა უპასუხა, რომ ზურაბიშვილი ცდილობს, დისტანცირება გააკეთოს იმ პოზიციისგან, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს.

„არ მგონია. სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, დისტანცირება გააკეთოს იმ სამარცხვინო პოზიციისგან, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს, რომელიც შორს არის გამიზნული არა მხოლოდ უკრაინის ხელისუფლების მკაფიო მხარდამჭერი პოზიციისგან, არამედ დასავლეთის პოლიტიკისგანაც - ამას სალომე ზურაბიშვილის პოზიცია ვერ გადაფარავს. ხელისუფლებას ჰგონია, რომ ორმაგ თამაშს თამაშობს და ჰგონიათ, რომ ბოლომდე ვერ მოედავებიან, მაგრამ რეალურად ორმაგი თამაში სულ უფრო რთულდება“, - აღნიშნა სამადაშვილმა.

საქართველო-უკრაინის უერთიერთობების გარდა, გადაცემაში „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩანიშნულ შიდა პარტიულ არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ბინძური ხერხებით“ ბრძოლა არაფრის მომცემია.

მისივე თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან წავა, მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ მომავალი გაუგებარი იქნება, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება პარტიის თავმჯდომარე.

„იმედი მაქვს, ყველაზე ცუდი სერიები უკვე ვიხილეთ. ბინძური ხერხებით ბრძოლა არაფრის მომცემია. საბოლოო ჯამში ეს აზიანებს ზოგადად პოლიტიკურ პროცესს იმიტომ, რომ ეს საზოგადოებაში ნიჰილიზმს ამწვავებს. შიდა პროცესების მანძილზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არც ერთი სიტყვა არ მომისმენია, რომელიც რამე ალტერნატივას დაანახებდა საზოგადოებას, იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომელზეც ჩვენ ყველა ვფიქრობთ - ეს არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, ევროპული მომავალი, ეკონომიკური განვითარება.

ის, რომ ამ პარტიაში სხვადასხვა ჯგუფს შორის ბრძოლა მიმდინარეობს, ყველასთვის ნათელია. არჩევნების შედეგები გამოავლენს, ამ დაჯგუფებებს შორის ძალთა ბალანსი როგორ არის გადანაწილებული. ჩემი აზრით, „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორალური ღირებულება უკავშირდება, პირველ რიგში იმას, რომ ამ ამომრჩევლების უმრავლესობა მხარს მიხეილ სააკაშვილს უჭერს. თუ მიხეილ სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან მიდის, მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ვინც არ უნდა იყოს, მისი მომავალი გაუგებარია“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს