გია ხუხაშვილი - „ოცნებამ“ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ მისთვის ყველაზე კომფორტული პიროვნება მიიღო, ამიტომ იყო, რომ მმართველი გუნდი ხაბეიშვილს გულშემატკივრობდა

„ნაცმოძრაობაში“ პარტიის თავმჯდომარის შედეგებზე, „ნაცმოძრაობის პერსპექტივებზე, ასევე იმაზე, სავარაუდოდ, უმსხვილეს ოპოზიციურ პარტიაში ახალი თავმჯდომარის არჩევა როგორ აისახება საშინაო პოლიტიკაში პოლიტიკურ ცხოვრებაზე და ოპოზიციურ სპექტრზე ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოსს, გია ხუხაშვილს ესაუბრა.

- ბატონო გია, „ნაცმოძრაობაში“ დასრულდა პარტიის თავმჯდომარის არჩევნები და გამარჯვებულად ლევან ხაბეიშვილი გამოცხადდა.

„ნაცმოძრაობაში ჩატარებულ არჩევნებზე ბევრი სხვადასხვანაირად უყურებს და აფასებს, მაგრამ, ფაქტია, რომ პარტიის თავმჯდომარის მსგავსი არჩევნები საქართველოში პირველად ჩატარდა. ბევრი იმასაც კი ამბობს, რომ „ნაცმოძრაობამ“ პარტიულ დემოკრატიაში ახალი სტანდარტი დადო.

თქვენ როგორ შეაფასებდით „ნაცმოძრაობაში“ ჩატარებული არჩევნების შედეგს?

- ხაბეიშვილი აირჩიეს. ვფიქრობ, რომ ხაბეიშვილი იყო „ქართული ოცნების“ ფავორიტი. მე სულაც არ ვამბობ, რომ ისინი შეთანხმებული იყვნენ, მაგრამ, მას შემდეგ რაც „ნაცმოძრაობაში“ პარტიის თავმჯდომარის არჩევნები გამოცხადდა, ფაქტია, რომ მმართველი გუნდი ხაბეიშვილს გულშემატკივრობდა.

ცხადია, ხაბეიშვილი, როგორც ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე „ქართული ოცნებისთვის“ უფრო კომფორტულია. რატომ? იმიტომ რომ აქამდე ხელისუფლების მთავარი პროპაგანდისტული და პოლიტტექნოლოგიური ხაზი იყო „ნაცმოძრაობის“ რადიკალიზმში ბრალდება და ამის ფონზე სასურველი შედეგის მიღება.

ამ თვალსაზრისით, „ქართულმა ოცნებამ“ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ მისთვის ყველაზე კომფორტული პიროვნება მიიღო. ამიტომ იყო, რომ მმართველი გუნდი ხაბეიშვილს გულშემატკივრობდა.

- პარტია „ნაცმოძრაობისთვის“ სავარაუდოდ რას შეიძლება ნიშნავდეს ხაბეიშვილის გამარჯვება?

- ნებისმიერი პარტიის სიძლიერე იმაშია პარტიას ჰყავს თუ არა მხარდამჭერები. არჩევნებმა აჩვენა რომ „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები გაყოფილია. რა შედეგითაც არ უნდა დასრულებულიყო ეს არჩევნები, გასაგები იყო, რომ ელექტორალურად „ნაცმოძრაობა“ ბევრ მხარდამჭერს დაკარგავდა. ამ არჩევნების შედეგად „ნაცმოძრაობა“, როგორც პარტია დასუსტდა.

სახელმწიფოებრივი პოლიტიკისთვის ეს ცუდი არ არის, რადგან თუ „ნაცმოძრაობამ“ დაკარგა ორბიტალური მიზიდულობა, რაც „ქართულ ოცნებას“ ორპოლუსიანობის პირობებში კომფორტს უქმნიდა, ახლა სხვა ვითარება იქნება. კარგია, რომ მულტიპარტიულებისკენ მივდივართ.

„ქართულმა ოცნებამ“ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ მისთვის ყველაზე კომფორტული პიროვნება მიიღო, ამიტომ იყო, რომ მმართველი გუნდი ხაბეიშვილს გულშემატკივრობდა

არა მგონია, ზომიერმა პარტიებმა ხაბეიშვილის მმართველობის პირობებში „ნაცმოძრაობასთან“ მოინდომონ გაერთიანება. ასე რომ ქვეყანაში გაჩნდა შესაძლებლობა გვქონდეს მრავალცენტრიანი, მრავალპოლუსიანი გარემო. რაც ხელისუფლებისთვის სერიოზული დისკომფორტია.

შესაძლოა, უფრო სუსტი ცენტრები გვქონდეს, მაგრამ, სამაგიეროდ მათი რიცხვი ცოტა არ იქნება. ასე რომ სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით მხოლოდ პოზიტიურად შევაფასებდი „ნაცმოძრაობაში“ ჩატარებულ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებს.

- ვინც ხაბეიშვილის სასარგებლოდ აქტიურობდა, მათი ფავორიტის გამარჯვების შემდეგ აცხადებენ, რომ „ხაბეიშვილის გამარჯვება არის დიდი პასუხისმგებლობა, მისი არჩევით, „პარტიამ აიღო ვალდებულება დაიწყოს „ნაცმოძრაობაში“ გაერთიანება.“

მეტიც, არჩევნებამდე ბევრი ამბობდა რომ „ნაცმოძრაობაში“ პარტიის ხელმძღვანელობაში ცვლილება იყო „ნაცმოძრაობის“ გადარჩენის ერთადერთი შესაძლებლობა.

რამდენად იყო პარტიის თავმჯდომარის შეცვლა „ნაცმოძრაობის“ გადარჩენის ერთადერთი შესაძლებლობა? შეძლებს ხაბეიშვილი „ნაცმოძრაობის“ გაერთიანებასა და გაძლიერებას?

- როგორც უკვე ვთქვი, ელექტორალური თვალსაზრისით ვეღარ გაერთიანდებიან. პოლიტიკოსებმა რაზეც არ უნდა მოილაპარაკონ, „ნაცმოძრაობას“ მხარდამჭერები უკვე ჰყავს დაკარგული.

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ისინი ფორმალურად შეინარჩუნებენ თუ არა ერთიანობას. ფაქტია, რომ ამ არჩევნებით პარტია „ნაცმოძრაობა“ დასუსტებულია. მეტიც, გახლეჩილია. მელია გავა თუ არა ამ პარტიიდან ამას მნიშვნელობა სულაც აღარ აქვს.

- ხაბეიშვილის ძირითადმა ოპონენტმა ნიკა მელიამ მიულოცა ხაბეიშვილს გამარჯვება და თქვა, რომ რჩება პარტიაში...

- ამას აღარ აქვს დიდი მნიშვნელობა. შესაძლოა, მელია რაღაც პერიოდი დარჩეს პარტიაში, მაგრამ, ჩემი აზრით, მას პარტიაში პოზიციები აქვს დაკარგული.

ისეთი დაპირისპირების შემდეგ, რაც არჩევნებამდე იყო ძირითად კონკურენტებს შორის, მათი თანამშრომლობა მე პირადად ვერ წარმომიდგენია.

- ახლა ბევრი ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ აწყობდა ხაბეიშვილის პარტიის თავმჯდომარეობა, მაგრამ ახლა საინტერესო ისაა, ხაბეიშვილის არჩევით ვინ გაიმარჯვა - სააკაშვილმა თუ მერაბიშვილ-კეზერაშვილმა?

- სააკაშვილს ახლა თავისი პრობლემები აქვს. პარტიის თავმჯდომარეობისათვის მიმდინარე ბრძოლაში სააკაშვილი არც აღარავის ახსოვდა და აღარც აინტერესებდა, უბრალოდ, არჩევნებამდე მისი სახელით ვისმენდით სპეკულაციებს.

სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით მხოლოდ პოზიტიურად შევაფასებდი „ნაცმოძრაობაში“ ჩატარებულ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებს

რომელმა ფრთამ გაიმარჯვა „ნაცმოძრაობაში“, ამაზე საუბარი მიჭირს, რადგან ამ პარტიის შიდა სამზარეულოში არც ჩახედული ვარ და არც ვიცი რეალურად რა ხდება.

- გარკვეულ წილად კი ბრძანეთ, მაგრამ კითხვას მაინც დავსვამ - თქვენი აზრით, „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ ხაბეიშვილის არჩევა, სავარაუდოდ, როგორ აისახება ოპოზიციურ ფლანგზე, საშინაო პოლიტიკის ცხოვრებაზე?

- მხოლოდ პოზიტიურად. კონკურენტული სივრცე გაიხსნება, რადგან „ნაცმოძრაობას“ აღარ ექნება მიზიდულობის ძალა და პოლიტიკური პროცესი გაცოცხლდება.

„ნაცმოძრაობა“ ხომ ერთგვარი ტიტანიკი იყო, რომელთანაც ხელისუფლებას ყველა ოპოზიციური ჯგუფს აიგივებდა. ამ ტიტანიკმა ბევრი პოლიტიკური ძალა ჩაძირა, ახლა სხვა ეტაპი იწყება.

იმის გამო, რომ „ნაცმოძრაობა“ აღარ იქნება მიზიდულობის ცენტრი სხვა პარტიები დამოუკიდებელ პოლიტიკას გაატარებენ. სხვათა შორის, ამაზე საზოგადოებაში მოთხოვნილება კარგა ხანია არის.

- ასეთ პირობებში „ქართულ ოცნებას“ 2024 წლის არჩევნების მოგება არ გაუჭირდება...

- ვერ დაგეთანხმებით. ჩემი აზრით ახალ რეალობაში მმართველ ძალას 2024 წლის არჩევნებში გამარჯვება გაურთულდება. რატომ? იმიტომ რომ „ნაცმოძრაობაში“ ჩატარებული არჩევნების შემდეგ ხელისუფლებას გაუჭირდება ორპოლუსიანობის ვითარების შენარჩუნება და მუდმივად შუის გაკრეფის იმედად ყოფნა.

აქამდე ყველა არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მთავარი იარაღი იყო ორპოლუსიანობა და მუდმივად შუის გაკრეფა. პარტიათა სიმრავლე ხელისუფლებას გაურთულებს 2024 წლის არჩევნების მოგების შესაძლებლობას.

პარტიის თავმჯდომარეობისათვის მიმდინარე ბრძოლაში სააკაშვილი არც აღარავის ახსოვდა და აღარც აინტერესებდა, უბრალოდ, არჩევნებამდე მისი სახელით ვისმენდით სპეკულაციებს

თუ აქამდე „ოცნება“ ამბობდა, რომ ყველა „ნაცები“ არიან, ახლა ამას ვეღარ იტყვის. მანამდე იგი აცხადებდა ბრძოლას ბოროტსა და კეთილს შორის ბრძოლას, ახლა, მას ეს არგუმენტი აღარ ექნება.

- არჩევნებამდე ხაბეიშვილი კი აცხადებდა, რომ მისი ხელმძღვანელობით პარტია უფრო აქტიური იქნებოდა, მეტიც ამბობდა, სააკაშვილი უნდა დავიხსნა ვივამედიდანო.

თქვენი აზრით, „ნაცმოძრაობა“ ხაბეიშვილის ხელმძღვანელობით უფრო აქტიური და დესტრუქციული იქნება, როგორც ამას ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ?

- ალბათ, უფრო დესტრუქციული იქნება, მაგრამ განცხადებების დონეზე. რაცაა ხაბეიშვილი ყველამ ვიცით.

- ანუ, სააკაშვილის სასამართლოს პროცესის ფონზე მოსალოდნელია ხაბეიშვილის ხელმძღვანელობით „ნაცმოძრაობის“ გააქტიურება?

- ეგ არავინ არ იცის. ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

- სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები სააკაშვილის პროცესზე?

- მიჭირს ამაზე რაიმეს თქმა, რადგან ივანიშვილმაც არ იცის რა და როგორ იქნება. ვხედავთ, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით ივანიშვილს უჭირს გადაწყვეტილების მიღება.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით