ევროპარლამენტში გაკეთებული განცხადებები ადასტურებს, რომ სააკაშვილის გათავისუფლების ოპერაცია კოორდინირებულია "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი მეგობრების, პარტნიორების მიერ , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით ევროპარლამენტში გამართულ დებატებს გამოეხმაურა.
მათიკაშვილის თქმით, ისინი ცდილობენ, საზოგადოებას მცდარი ინფორმაცია მიაწოდონ.
"ევროპარლამენტარების გამოსვლას ვუსმენდი და ერთ-ერთმა გამომსვლელმა ახსენა, რომ საქართველოში ჯანდაცვის სისტემა ბევრ კითხვას იწვევს. ევროპარლამენტიდან 3 მილიონ 700 ათასს ადამიანს უთხრეს, რომ საქართველოში ჯანდაცვის სისტემა არ მუშაობს, ამიტომ, ადექით და სხვა ქვეყნებში ეძებეთ ჯანმრთელობის პრობლემებზე პასუხებიო, ეს სწორია, ლოგიკურია, სამართლებრივია ან სამართლიანია?! ეს განცხადებები ადასტურებს იმას, რომ სააკაშვილის გათავისუფლების ოპერაცია კოორდინირებულია "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი მეგობრების, პარტნიორების მიერ იმ დონეზე, რომ პიარული თვალსაზრისით საზოგადოებისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდება მოხდეს, იმ კონტექსტით, რომ ქვეყანაში რაღაც უკანონობა ხდება, არადა, ყველაფერი პირიქითაა”,- განაცხადა მათიკაშვილმა.
მან ისაუბრა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივაზეც და აღნიშნა, რომ თუ საქართველოს მდგომარეობის შეფასება ობიექტურად მოხდება, ქვეყანა კანდიდატის სტატუსს „აუცილებლად მიიღებს“.
„ყველა ობიექტური კრიტერიუმით, რაც საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას გულისხმობს, საქართველო ამ სტატუსს ყველა კრიტერიუმით იმსახურებს. ყველა დანარჩენი, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო მანამდეც და იქნება დღესაც. თუ 12 - პუნქტიანი გეგმის შესრულების ჭრილში საქართველოს მდგომარეობის შეფასება ობიექტურად მოხდება, საქართველო კანდიდატის სტატუსს აუცილებლად მიიღებს. თუ კიდევ ერთხელ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ამაში რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ვიწრო ინტერესები იქნება ჩადებული, ასეთ შემთხვევაში პასუხი ცალსახაა, დაველოდოთ რა გადაწყვეტილება იქნება,"- განაცხადა მათიკაშვილმა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"