ვალერი ჩეჩელაშვილი - პრეზიდენტის ხელშია ბერკეტი, რომელმაც შეიძლება თავიდან აგვაცილოს ფატალური შედეგი - სალომე ზურაბიშვილი პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა

პრობლემა არის კარგად აღწერილი, მაგრამ პრობლემიდან გამოსავალი შემოთავაზებული არ არის და მე ვფიქრობ, საზოგადოება ზუსტად ამას ელოდა პრეზიდენტისგან, - ამის შესახებ საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” (GSAC) წევრმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ვალერი ჩეჩელაშვილის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა სალომე ზურაბიშვილსაც ეკისრება, მიუხედავად იმისა, რომ არსებული ვითარება მისი ბრალი არ არის.

„პრეზიდენტი ძალიან კარგად საუბრობს იმ პრობლემებზე, რომელიც არის ქართულ საზოგადოებაში და ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ მაინც და მაინც აქტიურ მოქმედებებს არ ახორციელებს საიმისოდ, რომ შესაბამისი წვლილი შეიტანოს.

იმთავითვე საუბრობდა, რომ „არა და არასდროს“. მე ვფიქრობ, რომ ეს ორი სიტყვა კარიერული დიპლომატის ბაგეებიდან საერთოდ არ უნდა აღმოცენდებოდეს. ეს პროფესიონალურად შეუთავსებელია დიპლომატიასთან, მაგრამ შემდეგ შეცვალა თავისი რიტორიკა და განაცხადა, რომ ვერ შეიწყალებს მესამე პრეზიდენტს ორი ძირითადი არგუმენტის გამო: პირველი ის, რომ ეს შეუწყობს ხელს შემდგომ პოლარიზაციას საზოგადოებაში, რაც არის ძალიან საკამათო არგუმენტი, ვინაიდან, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების დიდ უმრავლესობასაც არ სურს, რომ მესამე პრეზიდენტმა დაასრულოს საკუთარი სიცოცხლე საპყრობილეში. მეორე არგუმენტი სამართლებრივად უფრო გამართული იყო, რომ შეწყალებას არ აქვს მაინც და მაინც დიდი აზრი, რადგან სასამართლო არ არის დასრულებული. დღეს მან იმისთვის, რომ მოახდინოს შესაბამისი განმუხტვა და გამოსავალი გვიჩვენოს, განაცხადოს, რომ როგორც კი დასრულდება სასამართლო მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით, ის მზად არის, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.

აბსოლუტურად მართალია ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომ არ არის მისი ბრალი ის ვითარება, რაც ჩამოყალიბდა მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით, მაგრამ პასუხისმგებლობა მასზეც არის. ჩვენ თუ მივედით ფატალურ შედეგამდე, ეს მთელ სახელმწიფოზე იქნება ძალიან დიდი ლაქა. პასუხისმგებლობა გაცილებით უფრო მეტი იქნება ხელისუფლებაზე და მათ შორის პრეზიდენტზე, ვინაიდან, პრეზიდენტის ხელშია ის ბერკეტი, რომელმაც ჩვენ შეიძლება თავიდან აგვაცილოს ფატალური შედეგი. პასუხისმგებლობას პრეზიდენტი ამ შემთხვევაში ვერ გაექცევა მიუხედავად იმისა, რომ მისი ბრალი არ არის, რომ ჩვენ აღმოვჩნდით ასეთ ვითარებაში“, - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

ვალერი ჩეჩელაშვილი გადაცემაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ პლენარულ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა საქართველოს მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების და 12 პუნქტის შესრულების შესახებ.

ვალერი ჩეჩელაშვილის თქმით, ძალიან კარგია, რომ ბევრი კანონი მივიღეთ, მაგრამ ბევრი პრობლემა რჩება.

„ძალიან კარგია, რომ ჩვენ ამდენი კანონი მივიღეთ, მაგრამ ამასთან დაკავშირებით ბევრი პრობლემა ჩნდება და რჩება. 12 პუნქტი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არსებობს სხვა გარემოებებიც, მაგალითად ის, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან შესაბამისი ნდობის ხარისხი და დიალოგის დონე. სამწუხაროდ, ვერ ვხედავ მე ნდობის ხარისხს, რაც გამოიხატება სხვადასხვა გადაწყვეტილებებში ევროკავშირის მხრიდან. რაც გამოიხატება მაგალითად იმაში, რომ საგარეო-პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რომელსაც ევროკავშირი იღებს, ჩვენ არ ვუერთდებით და შესაბამისი მოწოდებები ისმის საქართველოს ხელისუფლების მხარეს. მე ვფიქრობ, რომ არასწორი ტონია შერჩეული, როდესაც ვსაუბრობთ ევროპელ პარტნიორებზე და თუ აქამდე ეს იყო ელჩების და ევროპარლამენტარების მისამართით, ახლა ამ კრიტიკის საგანი გახდა ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენიც, რაც არის ძალიან წინდაუხედავი ნაბიჯი და შეფასება“, - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა