ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2023

გიორგი გობრონიძე - "ჩვენ გავდივართ ბეწვის ხიდზე და ფეხი არ უნდა დაგვიცდეს"

აფხაზეთში უცხოელებზე უძრავი ქონების გაყიდვას იწყებენ - ახალი პროექტი, რომელიც უკვე სერიოზულ პროტესტს იწვევს

ვახტანგ ძაბირაძე - “ივანიშვილი რთულ თამაშს ეთამაშება ოპოზიციას და ყველა მოსახვევში უგებს”

რუსების დაბალი საბრძოლო მოტივაცია დაანონსებული დიდი შეტევის წინ და ახალი “რამშტაინი”

“ნაციონალური მოძრაობის” ახალი ბოიკოტი და ძველი პრობლემები - ვახტანგ ხმალაძე

* * *

გიორგი გობრონიძე - "ჩვენ გავდივართ ბეწვის ხიდზე და ფეხი არ უნდა დაგვიცდეს"

“ეს იყო შეხვედრა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაანახა ყველას საქართველოსა და აშშ-ის პარტნიორობის მნიშვნელობა. ეს არ არის პარტნიორობა, რომელსაც ხვალ შეწყვეტ და ზეგ აღადგენ. ეს არის ორი სახელმწიფოს გრძელვადიანი, მდგრადი თანამშრომლობა. ეს შეხვედრა ასევე ცხადყოფს, რომ როგორც აშშ-ს, ისე საქართველოს ერთმანეთთან აქვთ ვალდებულებები და მათ სჭირდება შესრულება. საერთაშორისო ურთიერთობების მთავარი პრინციპი ხომ სწორედ ეს არის. თუ გადავხედავთ ჩვენს საგარეო-პოლიტიკურ აქტივობას, ის გარკვეულწილად აცდენილია ჩვენს რიტორიკას. არ ვამბობ, რომ ჩვენ უკვე ვართ დასავლური დემოკრატიის ქვეყანა, რაც უპირველესად ნიშნავს დასავლურ პრინციპებზე დაყრდნობით სახელმწიფოს მშენებლობას. ჩვენ ამისგან ჯერ შორს ვართ, მაგრამ ჩვენ ვართ დასავლეთის პარტნიორი სახელმწიფო. ჩვენ გვჭირდება ეს პარტნიორობა, ასევე ფხიზელი დამოკიდებულება რეგიონის ქვეყნებთან. მოკლედ, გვჭირდება რეგიონული და სამეზობლო პოლიტიკაც”, - აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი გიორგი გობრონიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ჩვენ გავდივართ ბეწვის ხიდზე და ფეხი არ უნდა დაგვიცდეს".

“დიპლომატიური თვალსაზრისით, დღეს ჩვენ გავდივართ ბეწვის ხიდზე და ძალიან უნდა ვიფრთხილოთ, რომ სადმე ფეხი არ აგვიცდეს. ისევ ხელისუფლების ბოლოდროინდელ რიტორიკასა და დასავლეთზე გახშირებულ კრიტიკულ, უსაფუძვლო განცხადებებს თუ გავიხსენებთ, ვაშინგტონში გამართულმა ამ შეხვედრამ ნათლად აჩვენა, რომ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენელთა ეს განცხადებები მეტწილად განკუთვნილია შიდა აუდიტორიისთვის და გათვლილია მაქსიმუმ ვიწრორეგიონულ ინტერესზე. ეს არ არის რეალურად საქართველოს დეკლარირებული საგარეო პოლიტიკა. მთელი პრობლემა კი ის არის, რომ ხელისუფლების ზოგიერთი წევრი ამ განცხადებების პოტენციურ დამაზიანებელ ეფექტს ჩვენი საგარეო იმიჯისთვის ნაკლებად უფიქრდება. ამიტომ საჭიროა ხელისუფლების მოქმედებები და რიტორიკა ერთმანეთთან თანხვედრაში იყოს. გასაგებია, რატომაც ლაპარაკობენ ამგვარად - ისინი ემზადებიან შემდეგი საარჩევნო ციკლისთვის, ასევე გარკვეული პოლიტიკური დაძაბულობისთვის, სამწუხაროდ, საქართველოში არა გვაქვს სტაბილური გარემო. აქედან გამომდინარე, ცდილობენ განწყობა შექმნან იმ შემთხვევისთვის, თუ ვერ მივიღებთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, ამაში ევროკავშირი დაადანაშაულონ და არა საკუთარი თავი. ყოველთვის ადვილია ეძებო და იპოვო დამნაშავე ყველგან, გარდა საკუთარი თავისა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი გობრონიძე.

“ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხელისუფლება ცდილობს ოქროს შუალედი იპოვოს, რამდენად გამოსდის ან არსებობს თუ არა ამგვარი შუალედი საერთოდ, სხვა საკითხია. მოდი, გავიაზროთ რამდენიმე მომენტი. მაგალითად, როდესაც ლაპარაკია, თუ რატომ არ გავიზიარეთ ევროკავშირის ქვეყნების მიდგომა და არ დავუწესეთ ჩვენც ცალმხრივი შეზღუდვები რუსეთს, ჯერ ერთი, ჩვენ არა ვართ ევროკავშირის წევრი და არ ვიყავით მზად ამის უარყოფითი ეფექტისთვის ისე, როგორც ევროკავშირის ქვეყნები. ჩვენ არც იმის გარანტიები მიგვიღია, რომ ამის შემდეგ ჩვენი ეკონომიკური სისტემა თუ უსაფრთხოება დაცული იქნებოდა და ა.შ. ჩემი აზრით, პრობლემა იყო არა ის, რომ არ და ვერ დავაწესეთ ამგვარი სანქციები, არამედ ის, თუ როგორ მივაწოდეთ ამის თაობაზე ინფორმაცია გარე სამყაროს. მარტივად და ლოგიკურად შეგვეძლო ამის ახსნა, მაგრამ ეს არ გააკეთეს. არაფერი განსხვავებული იმისგან, რაც, მაგალითად, გააკეთა მოლდოვამ, არ გაგვიკეთებია”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ვერ ვიტყოდი, რომ ამ გლობალურ დაპირისპირებაში ჩვენ რუსეთის მხარეს ვართ, უბრალოდ, ჩვენ განსაკუთრებული სიფრთხილე გვჭირდება. პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მსგავსად ვერ გავუწევთ უკრაინას დახმარებას. ეს ქვეყნები ნატოს ქოლგის ქვეშ არიან, შესაბამისად, მათ უსაფრთხოების გაცილებით მეტი გარანტია აქვთ, ვიდრე ჩვენ. თურქეთიც კი, რომელსაც ალიანსში რიგით მეორე არმია ჰყავს, ისიც ძალიან სიფრთხილით მოეკიდა სანქციების საკითხს. ის ცდილობს მაქსიმალურად დაიცვას თავისი ინტერესები. თურქული დიპლომატია მეტად საინტერესოა თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ ერთადერთი ქვეყანა იყო რეგიონში, რომელსაც მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობა არ მიუღია. ჩვენ სიფრთხილე გვმართებს, მაგრამ ზოგჯერ ნამდვილად იბადება კითხვები, ხომ არ ვაჭარბებთ ან ამა თუ იმ ვითარებაში რამდენად სწორად ვიქცევით? ცალკე პრობლემაა საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებების ურთიერთობა, რომლის გაუარესებაც ომის დროს არ დაწყებულა. ამ ურთიერთობაში სააკაშვილის ფაქტორმა ძალიან ცუდი როლი ითამაშა”, - მიიჩნევს საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი.

“დიპლომატიური ურთიერთობის თვალსაზრისით თუ შევხედავთ, ამ ხელისუფლების შეფასებით მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა, რომელზეც გამოცხადებული იყო ძებნა, უკრაინაში კი სხვადასხვა ხელისუფლების დროს სხვადასხვა მაღალ თანამდებობას აბარებდნენ. საინტერესოა, როგორი იქნებოდა უკრაინის პოლიტიკური ელიტის პოზიცია, იანუკოვიჩი რომ ჩამოგვეყვანა და რაიმე თანამდებობაზე დაგვენიშნა. მოკლედ, ვცდილობ ობიექტურად ავხსნა, თუ რამ გამოიწვია საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებების ურთიერთობის გაუარესება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მთელი ეს რიტორიკა, რაც ორივე მხრიდან გვესმის, მისაღებია... სხვა ქვეყნების ისტორიაშიც არაერთი შემთხვევა ყოფილა, რომ ყოფილი პრეზიდენტი დაუკავებიათ, მაგრამ ამას სჭირდება დასაბუთება და პროცესის ისე წარმართვა, რომ არ გაჩნდეს კითხვები. სააკაშვილი შეიძლება განვიხილოთ როგორც პოლიტიკური პატიმარი არა იმიტომ, რომ ის უდანაშაულოა, არამედ იმიტომ, რომ მისი დაკავება იმთავითვე იქცა პოლიტიკური პროცესის ნაწილად. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის გაუგებარია ხელისუფლების დამოკიდებულებაც. წესით, მისთვის ყოველმხრივ მომგებიანი უნდა იყოს მისი შეწყალება და როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქის საქართველოდან გაშვება. ეს იქნებოდა კრიზისიდან უმტკივნეულო გამოსავალი. არ მესმის, ხელისუფლება რატომ არ იქცევა ასე და სააკაშვილის პატიმრობაში დატოვებით რა სარგებელს იღებს”, - ამბობს გიორგი გობრონიძე.

“საქართველოს ხელისუფლების წამოწყებულ ძალიან არასწორ რიტორიკას, ახლა იყენებს რუსეთი. სწორედ ამ დაუფიქრებელმა რიტორიკამ მისცა ლავროვს და სხვებს ფრენების აღდგენისა და სხვა განცხადებების გაკეთების საშუალება. გარდა ამისა, რუსეთი ცდილობს საქართველოსა და დასავლეთის ურთიერთობა გააფუჭოს. რუსული პოლიტიკური დღის წესრიგი არსად წასულა. კრემლი ცდილობს საქართველოსვე მხრიდან გაკეთებული უპასუხისმგებლო განცხადებები სათავისოდ გამოიყენოს. ჩვენ გვჭირდება გრძელვადიანი მშვიდობიანი განვითარების საფუძველი, სტაბილური ეკონომიკური განვითარების პირობები შეუქცევადი დემოკრატიის განვითარების შესაძლებლობა. ეს სამი რამ სჭირდება ქვეყანას, რათა წარმატებას მივაღწიოთ. რაც შეეხება რუსეთს, მათ ძალიან მარტივი გამოსავალი აქვთ საქართველოსთან ურთიერთობის დასალაგებლად - აღიარონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და გაიყვანონ საოკუპაციო ჯარი. თუ ამას გააკეთებენ, საქართველოში ძალიან ცოტა პოლიტიკოსი თუ ილაპარაკებს, ალბათ, ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე”, - ამტკიცებს რესპონდენტი.

“ქართულ პოლიტიკურ ელიტას ერთი რამ ახასიათებს - მას ევროპა და დემოკრატია უნდა მაშინ, როცა ოპოზიციაში არიან. მაშინ ახსენდებათ სიტყვისა თუ სასამართლოს თავისუფლება, მაგრამ როგორც კი ძალაუფლებას ჩაიგდებენ ხელში, ავიწყდებათ. ისიც მახსოვს, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები როგორ უხდიდნენ მადლობას “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” დახმარებისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის, მათ შორის ქალბატონი წულუკიანი, რომელმაც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სულ “გველის წიწილები” უძახა ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებს”, - დასძენს გობრონიძე და შეკითხვაზე - “ნაციონალური მოძრაობის” ახალმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ქვეყანაში აქციები დააანონსა, თუმცა აშკარაა, რომ ამ იდეას ჩვენს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია...” - პასუხობს:

“სიმართლე გითხრათ, არ ვიცი და არც მაინტერესებს “ნაციონალურ მოძრაობაში” რა ცვლილებებია. მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ პარტიის ამ ცვლილებებამდე არსებულ ხელმძღვანელობასთან შედარებითაც კი ხაბეიშვილი და მისი “რაზმი” აშკარად დიდი უკუსვლაა. რაც შეეხება აქციებს, ის, რაც გასულ კვირას ვნახეთ, ყველა იმ ოპოზიციური პარტიისთვის, ვინც აქციებით აპირებს რაიმე ცვლილებას, ცივი შხაპი უნდა იყოს. ხალხს ამ პოლიტიკური აპოკალიფსის რეჟიმში ცხოვრება აღარ სურს. შესაბამისად, შეიწუხონ თავი, გადაშალონ წიგნები და, ბოლოს და ბოლოს, დაიწყონ იმაზე მუშაობა, როგორ შესთავაზონ ხალხს განვითარების ალტერნატიული და უკეთესი გეგმა და შევიდნენ ხარისხიან კონკურენციაში”.

აფხაზეთში უცხოელებზე უძრავი ქონების გაყიდვას იწყებენ - ახალი პროექტი, რომელიც უკვე სერიოზულ პროტესტს იწვევს

|ოკუპირებულ აფხაზეთში ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად ასლან ბჟანიამ რუს და აფხაზ ბიზნესმენებთან შეხვედრა გამართა, რომლის მთავარი თემა აფხაზეთში აპარტ-სასტუმროებისა და ბინების მშენებლობა იყო. ბიზნესმენები დარწმუნებულები არიან, რომ ეს პროექტი დე ფაქტო ქვეყნისთვის მომგებიანი იქნება, თუმცა აფხაზური საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ამის კატეგორიული წინააღმდეგია და მიიჩნევს, რომ უცხოელებისთვის აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენის უფლების მინიჭება დემოგრაფიულ მდგომარეობას აფხაზებისთვის არასახარბიელოდ შეცვლის. მოსკოვის აფხაზური დიასპორის თავმჯდომარე, ბიზნესმენი ბესლან აგრბა მიიჩნევს, რომ ეს წამოწყება წარმატებული იქნება, მით უმეტეს იმ შემთხვევაში, თუ პროექტი ინვესტორებს მიიზიდავს. აპარტ-სასტუმროებისა და ბინების მშენებლობასთან დაკავშირებით დადებითადაა განწყობილი დე ფაქტო ხელისუფლების პოლიტიკური ელიტაც, მაგრამ აფხაზური საზოგადოება სამომავლო გეგმებით უკმაყოფილოა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით აფხაზეთში უცხოელებზე უძრავი ქონების გაყიდვას იწყებენ - ახალი პროექტი, რომელიც უკვე სერიოზულ პროტესტს იწვევს.

“პირველ რიგში, აფხაზეთში უძრავი ქონების გაყიდვა სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხად განიხილება და ადგილობრივი “კანონმდებლობით” ეს აკრძალულიც კი აქვთ იმის შიშით, რომ მათ მიწებს რუსები იყიდიან, რის შემდეგაც რეგიონის დემოგრაფიული მდგომარეობა სრულიად შეიცვლება. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის გარეშე კი ეკონომიკა ვერ ვითარდება და აფხაზეთი არ წარმოადგენს ინვესტორებისთვის სასურველ ადგილს. დე ფაქტო ხელისუფლების ახალი კანონპროექტის მიხედვით, აპარტ-ოტელების მშენებლობა და აპარტამენტების გაყიდვა “უსაფრთხო” და მომგებიანი იქნება იმ კუთხით, რომ მიწა “სახელმწიფოს საკუთრებაში” დარჩება, ბინების გაყიდვა კი უცხოელებზეც იქნება შესაძლებელი. მაგრამ ეს ყველაფერი არ აკმაყოფილებს დე ფაქტო აფხაზეთის მოსახლეობას. მათ განსაკუთრებით ეშინიათ, რომ ბინებს სხვებთან ერთად რუსეთის მოქალაქე ეთნიკური ქართველები იყიდიან, რის შემდეგაც ლეგალურად შეძლებენ აფხაზეთში ცხოვრებას. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ პროტესტისა და წინააღმდეგობის მიუხედავად, ეს პროექტი, სავარაუდოდ, მაინც შედგება და უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ძირითადად რუსები, შეძლებენ აფხაზეთში უძრავი ქონების ყიდვას”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ამაზე დიდი ხანია საუბარი მიდის. ყველასთვის ცნობილია, რომ აფხაზეთში მიწის გასხვისება არ შეიძლება და თუ რუსეთის მოქალაქეებს სურთ საკუთარი ბინის ან სახლის ქონა, სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე უნდა ააშენონ, მაგრამ მიწა მაინც აფხაზური დე ფაქტო ხელისუფლების სახელზე იქნება. ახლა შემოვიდა აპარტ-ოტელების იდეა, იგივე განსაკუთრებული ბინების გადაცემა, რამაც დაძაბულობა გამოიწვია აფხაზურ საზოგადოებაში. მაგრამ, იქედან გამომდინარე, რომ ახალი კონცეფცია ძველთან თანხვედრაშია და მიწა ისევ აფხაზეთის სახელზე იქნება, ჩემი აზრით, ეს განხორციელდება. აფხაზებმა რუსებს უკვე ბევრ რამეზე უთხრეს უარი. გავიხსენოთ თუნდაც ბიჭვინთის ტერიტორიაზე არსებული პრობლემები. აქედან გამომდინარე ისინი ამ ე.წ. კანონპროექტს დაუშვებენ. ვიღაც გააპროტესტებს, მაგრამ ამას შედეგი არ ექნება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - “ივანიშვილი რთულ თამაშს ეთამაშება ოპოზიციას და ყველა მოსახვევში უგებს”

“ექსპრეზიდენტ სააკაშვილის უცხოეთში გაშვება კარგი იქნებოდა იმ თვალსაზრისით, რომ დასრულდებოდა უთანხმოება ჩვენს პარტნიორებთან. რაც შეეხება შიდა პოლიტიკას, არა მგონია, რამე შეიცვალოს. აქციები, რომელთაც ახლა ხაბეიშვილი ატარებს, ძალიან მცირერიცხოვანია და ეს მცირემასშტაბიანი აქციები ხელისუფლების სასარგებლოდაც კი მუშაობს. შეიძლება ხაბეიშვილმა და მისმა გუნდმა ცალკეულ პირებს მართლაც შეუქმნან მცირე დისკომფორტი, მაგალითად, ისეთი, როგორიც მამუკა მდინარაძეს “იმედიდან” გამოსვლის დროს, მაგრამ ხელისუფლება ამის საპირწონედ აუცილებლად მოიფიქრებს რამეს. დღეს ოპოზიციური ელექტორატი ერთიანი არ არის. ახლა 24 თებერვლისთვის გამოაცხადეს “გრანდიოზული” აქცია. “ქართულ ოცნებას” ვერც ხაბეიშვილი შეაშინებს და ვერც დანარჩენი ოპოზიცია. არ აწყობს და არ გაათავისუფლებს სააკაშვილს”, - აცხადებს პოლიტიკური მიმომხილველი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ივანიშვილი რთულ თამაშს ეთამაშება ოპოზიციას და ყველა მოსახვევში უგებს”.

“სააკაშვილი ამ ხელისუფლებისთვის საფრთხე აღარ არის, არც ჯანმრთელი და არც მომაკვდავი, არც საქართველოში მყოფი და არც უცხოეთში გაშვებული. ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა იმ აქციის მონაწილეების რაოდენობით, რომლებიც სასამართლო პროცესის შემდეგ­ შეიკრიბნენ სასამართლოს შენობასთან, ასევე იმ აქციებით, რომელთაც ახლა ხაბეიშვილი მართავს. საზღვარგარეთ გაუშვან კი არა, სულ “ნაციონალების” ოფისში რომ მიიყვანონ და დასვან, ის მაინც ვეღარ შეძლებს საპროტესტო ტალღის აგორებას. უფრო მეტსაც გეტყვით - გათავისუფლების შემთხვევაში მისი რეიტინგი უფრო დაეცემა. დღეს სიბრალულის ფაქტორი მაინც მუშაობს, შიმშილობს თუ ძალით აშიმშილებენ, ხალხს ეცოდება. როდესაც მოსახლეობის 2/3-ს არ უნდა სააკაშვილი, ზოგს ეცოდება და ზოგს ეზიზღება, ე.ი. მისი პოლიტიკური განაჩენი უკვე გამოტანილია. ხოლო `ქართული ოცნება~ ხომ არ აღიარებს, რომ სასამართლოს საქმეში ერევა - სააკაშვილის გათავისუფლება კიდევ ერთი დასტური იქნება იმისა, რომ სასამართლო დამოუკიდებელი არ არის. გარდა ამისა, თავად სჭირდება, რომ ოპოზიციამ ვერასდროს მოახერხოს ყალბი ორიენტირებისგან გათავისუფლება. წელიწადზე მეტია ოპოზიცია სააკაშვილის ირგვლივ ტრიალებს, ყველა სხვა თემა გვერდზე აქვს მიყრილი - პარლამენტშიც და მის გარეთაც”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“თქვენ რომ იყოთ "ქართულ ოცნებაში" და ქვეყანას მხოლოდ პირადი ინტერესებით მართავდეთ, გაუშვებდით სააკაშვილს ხელიდან? მხოლოდ ორ ვარიანტში შეიძლება ექსპრეზიდენტის გათავისუფლება - პირველი, თუ დასავლელი პარტნიორების (ოღონდ ევროპარლამენტის კი არა, აღმასრულებელი ხელისუფლების) ზეწოლა იქნება და მეორე, თუ ლეტალური შედეგის საფრთხე რეალურად დადგება. სალომე ზურაბიშვილმა სწორად თქვა, მას არა აქვს სააკაშვილის გათავისუფლების შესაძლებლობა. ვერ შეიწყალებს პირს, რომელზეც საქმის წარმოება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მიკვირს ოპოზიციის, როდესაც ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებას უკიჟინებენ. არ იციან, რომ პრეზიდენტის ეს ნაბიჯი მხოლოდ ოპოზიციისთვის კოჭის გაგორება იქნება და მმართველ გუნდთან კიდევ უფრო დაუძაბავს ურთიერთობას?! სააკაშვილს გარეთაც კი არ გამოუშვებენ, წაუკითხავენ ერთ დადგენილებას და ამცნობენ, რომ ამნისტიით გათავისუფლებულია, მაგრამ სანამ კარამდე მივა, მეორე დადგენილებას წაუკითხავენ, რომ გამოძიებამ სხვა საქმეზე მისი წინასწარი პატიმრობა მოითხოვა და იქვე დატოვებენ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“გასათვალისწინებელია ისიც, რომ “ოცნება” სერიოზულად არის დაპირისპირებული დასავლეთთან, განსაკუთრებით იმ საკითხების გამო, რომლებიც ქვეყნის შიდა პოლიტიკას შეეხება. უცნაური პოლიტიკა აქვს `ქართულ ოცნებას~, საოცრად ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებს, 2014 წლისგან განსხვავებით, დასავლელ პარტნიორებს ანგარიშს ნაკლებად უწევს. საერთოდ, თუ უწევს, ესეც საკითხავია.... “ქართულ ოცნებას” წინასწარ აქვს გამოცხადებული კაპიტულაცია. ისიც კი აღარ ვიცი, ჯარი ან შეიარაღება რისთვის გვჭირდება, როცა მოუნდება რუსეთს, მაშინ დავნებდებით! თუმცა არა მგონია, ეს იმიტომ ხდებოდეს, რომ “ქართული ოცნება” ან ბიძინა ივანიშვილი რუსეთთან ფარულ გარიგებაში არიან. ვინც რუს ხალხს იცნობს, იმან ისიც კარგად იცის, რომ არაფერია ისეთი, ისინი რომ არ იკადრებენ. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილს ძველი მეგობრები ურეკავდნენ და აფრთხილებდნენ, თუ “წესიერად” არ მოიქცევა, სამიზნე გახდება. ივანიშვილმა იცის, რომ რუსები ტყუილად არ იმუქრებიან და იმის უნარიც შესწევთ, რომ საჭიროების შემთხვევაში ბიძინასაც შეხვდებიან და მის ოჯახსაც!” - ამტკიცებს პოლიტიკური მიმომხილველი.

“მე ასეთი განცდა გამიჩინა აბაშიძე-კარასინის ფარულმა ჩანაწერმა, რომელშიც გრიგორი კარასინი აბაშიძეს ეუბნება, რომ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო კმაყოფილია ბოლო კონტაქტებით და სურს ისინი რეგულარული გახდეს. ამ ჩანაწერში, რჩება განცდა, რომ კარასინის ინიციატივა აბაშიძეს არ მოსწონს, მაგრამ უარსაც ვერ ეუბნება და ცდილობს თავი შორს დაიჭიროს... თუ მეტყვით, უკრაინის გამარჯვების შემთხვევაში “ქართული ოცნება” ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებსო, დაგეთანხმებით, უფრო სწორად, ლოგიკით ასე უნდა იყოს, მაგრამ ამ ოპოზიციის შემყურეს, მიჭირს პროგნოზის გაკეთება. უკრაინა რომ გაიმარჯვებს და ტერიტორიებს დაიბრუნებს, დარწმუნებული ვარ, მაგრამ არავინ იცის, სად გაჩერდება პროცესი. ჩვენ არაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ რუსეთის დამარცხების შემთხვევაში დასავლეთმა ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალიდან რუსული ჯარის გაყვანა უზრუნველყოს. სამწუხაროდ, 90-იან წლებში ერთმანეთთან დაპირისპირების გამო ხელიდან გავუშვით რუსეთის გავლენისგან თავის დაღწევის შესაძლებლობა და ახლაც იმავე შეცდომას ვიმეორებთ”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე და შეკითხვაზე - “იმედისმომცემი იყო აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინის განცხადება, რომ საქართველოს დიდი წვლილი შეაქვს უკრაინის თავდაცვის გაძლიერებასა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო საზღვრების გაძლიერებაში...” - პასუხობს:

“დასავლეთი, რა თქმა უნდა, ცდილობს ჩვენთან პარტნიორული ურთიერთობის შენარჩუნებას. მართლაც ძალიან ბევრს აკეთებენ ამისთვის, მაგრამ თუ “ქართული ოცნება” გააგრძელებს რუსეთის შიშზე დაფუძნებული პოლიტიკის გატარებას, მაშინ შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს. არ არის გამორიცხული, რომ რუსეთმა ივაჭროს ჩვენით, დიახ, უკრაინასთან დამარცხება საქართველოთი აინაზღაუროს. მე იმედი მაქვს, რომ დასავლეთი ამაზე არ წავა, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ასეთი მოცემულობა არ დადგეს, რუსეთს ჩვენით ვაჭრობის საშუალება არ მიეცეს”.

რუსების დაბალი საბრძოლო მოტივაცია დაანონსებული დიდი შეტევის წინ და ახალი “რამშტაინი”

“უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილი კვლავ ცხელი ზონაა. დონბასის ფრონტის ხაზზე რუსები შეტევას ფაქტიურად ყველა დასახლებულ პუნქტზე ცდილობენ, თუმცა წარუმატებლად. “ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” ანალიტიკოსთა ცნობით, ზუსტად ეს წარუმატებლობა გახდა იმის მიზეზი, რომ დაანონსებული დიდი შეტევის წინ, რუსულ შენაერთებში საბრძოლო მოტივაცია მნიშვნელოვნად შემცირდა. თავად რუსი სამხედრო ბლოგერები და ანალიტიკოსებიც სკეპტიკურად უყურებენ დონეცკის ოლქში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეტევის წამოწყების პერსპექტივებს. როგორც ქართველი სამხედრო ანალიტიკოსები აცხადებენ, ტაქტიკა, რომელიც რუსეთმა სოლედარის ხელში ჩასაგდებად გამოიყენა - მასიური საარტილერიო-სარაკეტო დაბომვა და მერე მოწინააღმდეგის პოზიციებზე ცოცხალი ძალის დიდი რაოდენობის მიშვება და შესაბამისად, დიდი მსხვერპლი - ეს ე.წ. პიროსის გამარჯვებაა, როდესაც ისეთი დანაკარგები გაქვს, რომელიც გამარჯვებით მოპოვებულ უპირატესობას აბათილებს. ეს კი მეომრებს თავისთავად მოტივაციას აკარგვინებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რუსების დაბალი საბრძოლო მოტივაცია დაანონსებული დიდი შეტევის წინ და ახალი “რამშტაინი”.

“ამის პარალელურად “რამშტაინის” ფორმატში უკრაინის მოკავშირე ქვეყნების მომდევნო შეხვედრა 14 თებერვალს ბრიუსელში გაიმართება, მანამდე მოსალოდნელ შეხვედრასთან დაკავშირებით გარკვეული დეტალები ცნობილი ხდება - მოკავშირეებს შორის უკვე დაწყებულია დისკუსია უკრაინაში მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემის შესახებ და მოსალოდნელი დებატები იმაზე უფრო რთული იქნება, ვიდრე ტანკების შემთხვევაში იყო. სამხედრო ექსპერტები კი არ გამორიცხავნ, რომ საბოლოოდ უკრაინას “ეფ-16”-ების ძველი თაობის თვითმფრინავები გადასცენ, რაც ფრონტზე სიტუაციას მნიშვნელოვნად შეცვლის. პენტაგონმა აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსი რეზნიკოვის სატელეფონო საუბრის დეტალები გაამხილა. პენტაგონის პრესმდივნის პეტ რაიდერის განცხადებით, თავდაცვის მინისტრებმა დიალოგის დროს განიხილეს უკრაინაში საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და არტილერიის მიწოდების საკითხი. ასევე ისაუბრეს იარაღის მიწოდების დაჩქარების მნიშვნელობაზე, რაზეც 20 იანვარს ამავე ფორმატის შეხვედრისას შეთანხმდნენ. ოსტინთან საუბარს რეზნიკოვიც ადასტურებს და აცხადებს, რომ პენტაგონის ხელმძღვანელთან ფრონტზე არსებული სიტუაცია და მომავალი რამშტეინის პრიორიტეტები განიხილა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ამასთან, “პოლიტიკო” წერს, რომ მოკავშირეებს შორის უკვე დაწყებულია დისკუსია უკრაინაში მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემის შესახებ. გამოცემა მიიჩნევს, რომ მოსალოდნელი დებატები იმაზე უფრო რთული იქნება, ვიდრე ტანკების გადაცემის წინ იყო, თუმცა, გამოცემის ვარაუდით, ეს საკითხოც დადებითად გადაწყდება. პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ “რამშტაინის” შეხვედრაზე შესაძლოა რამდენიმე საკითხი განიხილონ, მათ შორის, ისაუბრონ მოერიშე თვითმფრნავების გადაცემასთან დაკავშირებით და დროში გაწელილი საომარი კონფლიქტისთვის საბრძოლო მასალების წარმოების გაზრდაზე. სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი აცხადებს, რომ შესაძლოა შეხვედრაზე “ეფ-16”-ების საკითხი უკრაინისთვის სასარგებლოდ გადაწყდეს და პირველ ჯერზე პირველი და მეორე თაობის მოიერიშეერბი გადასცენ, რაც ფრონტზე სიტუაციას მნიშვნელოვნად შეცვლის”, - განაგრძობს გამოცემა.

“ტანკების გადაცემის საკითხი გადაწყვეტილია და ჩემი აზრით, ვერ დაჩქარდება. იმიტომ კი არა, რომ ვინმეს არ უნდა, არამედ აქ ტექნიკური მიზეზებია - მწყობრში მოყვანა უნდა, ლოჯისტიკა და ა.შ. მოიერიშე თვითმფრინავენი ძალიან კარგი საკითხია და რაღაც ეტაპზე უკრაინის სასიკეთოდ ალბათ გადაწყდება, მაგრამ დღეს ყველაზე მტკივცნეული და მნიშვნელოვანი რაცაა, ეს საბრძოლო მასალების ნაკლებობაა. ომის საწარმოებლად არც უკრაინას და არც რუსეთს საკმარისი საბრძოლო მასალები არ აქვთ. ახლა ამერიკაშიც და ევროპულ ქვეყნებშიც გადაწყვეტილებები უკვე მიღებულია, რომ საბრძოლო მასალების წარმოება გაზარდონ, მრეწველობა წაახალისონ. ისეთი ოდენობა, რაც ამ ომს სჭირდება, აღარ არის, მარაგები ყველგან ფაქტიურად გამოლეულია. ჩემი აზრით, ამ საკითხებს განიხილავენ. არტილერიის და საბრძოლო მასალების ნაკლებობას მოერიშე თვითმფრინავები ბევრად შეავსებდა, მაგრამ დღეს უფრო მეტად მნიშნელოვანია, რომ უკრაინას ბევრი საბრძოლო მასალა მიაწოდონ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ბერიძე.

“მხოლოდ საბრძოლო ავიაციის და კავშირგაბმულობის სპეციალური საშუალებების გადაცემის საკითხებია დარჩენილი და ამ შეხვედრაზე შეიძლება ეს აქტიურად განიხილონ. ალბათ უკრაინელები მოითხოვენ, რომ ტანკების გადაცემა დააჩაქრონ. ასევე შესაძლოა დასავლეთმა გადასცეს ზუსტი დამიზნების სარაკეტო ბალისტიკური კომპლექსები და საავიაციო ბომბები, რომლებიც 300 კმ მანძილში მოქმედებს. თუ დასავლეთი “ეფ-16”-ების გადაცემას დათანხმდა, ეს ფრონტზე იმას შეცვლის, რომ რუსები სტრატეგიული შტევის დაწყების დროს ან გადასწევენ, ან საერთოდაც გადაიფიქრებენ. რუსებს მასშტაბური შეტევისათვის უკვე 1800 ტანკი ჰყავთ მობილიზებული, ასევე 3000 ჯავშანმანქანა, 400-მდე საბრძოლო თვითმფრინავი, 300 საბრძოლო ვერტმფრენი და სპეციალური საბრძოლო ქვედანაყოფებიც უკვე მომზადებულები არიან, რომლებიც ბელარუსის პოლიგონებზე გაიწვრთნენ. მზადება დასრულებულია და შესაძლოა რუსებმა თებერვლის ბოლოს ახალი სტრატეგიული შეტევა დაიწყოს, რომელიც მათთვის გადამწყვეტი იქნება. ახლა ის მომენტია, რომ უკრაინელებმა დაასწრონ და შეტევა თავად დაიწყონ და ალბათ ეს იქნება განხილული, რომ სამხედრო დახმარების მიწოდება დააჩქარონ”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“საბოლოო ჯამში შესაძლოა “ეფ-16”-ების ძველი, პირველი-მეორე თაობის მოიერიშეები გადასცენ, რაც რუსების შეტევის ტემპს დააგდებს და მოწყვლად წერტილებში უკრაინელებს ისეთი შეტევის შესაძლებლობას მისცემს, რაც საოკუპაციო ძალების სტრატეგიულ გეგმებს ჩაშლის”, - მიიჩნევს მაისაია. ახალი დაანონსებული შეტევის წინ რუსების მოტივაცია სუსტდება, რაც წარუმატებელმა შეტევებმა განაპირობეს. როგორც ამერიკული “ომის შემსწავლელი ინსტიტუტი” წერს, უახლოეს კვირებში რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში თავდასხმის გაძლიერებისთვის ემზადება, თუმცა მას ის რესურსი არ აქვს, რომელიც ასეთი მასშტაბური ოპერაციის დასაწყებადაა საჭირო. მეტიც, ამავე ორგანიზაციის ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რუსი სამხედრო ბლოგერები და ანალიტიკოსები საოკუპაციო არმიის ამჟამინდელი სიტუაციის მიხედვით, დონეცკის რეგიონში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეტევის წამოწყების პერსპექტივებს სკეპტიკურად უყურებენ. ისინი პუტინის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს არარეალური მოლოდინების შექმნაში ადანაშაულებენ”, - დასძენს გამოცემა.

“ჩემი აზრით, რუსების შეტევა კარგა ხანია დაწყებულია და დონბასის ფრონტის ხაზზე ფაქტიურად ყველა დასახლებულ პუნქტზე მიაქვთ იერიშები. რთული თებერვალი იქნება. ის გრანდიოზული შეტევა, რომელიც კაი ხანია დაანონსებულია, ფაქტიურად მხოლოდ დონბასის ფრონტზეა, ლიმიტირებული და შეზღუდული და სხვაგან ვერაფერს ახორციელებენ. ეს იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთს ძალიან უჭირს. ამის ფონზე ახალი შეტევა რამდენად ეფექტური იქნება, ძნელი სათქმელია. ტაქტიკა, რომელიც რუსებმა სოლედარში გამოიყენეს - მასიური საარტილერიო-სარაკეტო დაბომბვა და მერე ცოცხალი ძალის მიწყვეტა - ესაა პიროსის გამარჯვება. ვითომ სოლედარი აიღეს, მაგრამ სინამდვილეში ისეთი ფასი გადაიხადეს, რომ ამის გაკეთება არ ღირდა. ომი ჩვეულებრივად მიდის და შესაძლოა ესა თუ ის დასახლებული პუნქტი ხელიდან-ხელში გადავიდეს, ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ის პუნქტები, რომელიც რუსების ხელში გადავიდა, დასახლებული აღარაა. ჩემი აზრით, რუსებს თუ რაიმე წარმატება ექნებათ, იქნება ძალიან შეზღუდული, მხოლოდ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში. მცდელობა იქნება, რომ შეტევა ხარკოვის ოლქზე განხორციელდეს, მაგრამ ესეც მცირედით, დონბასის მიმართულებიდან. დანარჩენი, რაც ჩვენ გვესმის, თითქოს შეტევები იქნება კიევზე და სხვა ქალაქებზე, მე ეს რეალისტური არ მგონია, ავანტურისტულია და ძალიან მალე ჩავარდება... მე ვერანაირად ვერ ვხედავ სტრატეგიულად როგორ უნდა გაიმარჯვოს ამ ომში რუსეთმა”, - დაასკვნის ლაშა ბერიძე.

“რუსებს წარუმატებელი შეტევები ჰქონდათ, თუმცა თავად თვლიან, რომ მოტივაცია ჯერჯერობით აქვთ. თუ მოტივაცია აღარ ექნათ, ეს შემდგომ შეტევაში სიტუაციას კარდინალურად შეცვლის და შესაძლოა უკრაინამ ის სცენარი გაიმეოროს, რომელიც გასულ შემოდგომას განახორციელა წარმატებული ოპერაციებით. რუსების წარუმატებლობა ისაა, რომ ამდენი მსხვერპლის შემდეგაც დღემდე ბახმუტი ვერ აიღეს. ხარკოვის მიმართულებაც რუსებისთვის ოპერატიულად მომგებიან მდგომარეობაში არაა. ასევე უკრაინელებმა რუსებს საზღვაო ინიციატივა გაუქარწყლეს და რუსებს შავი ზღვის სამხედრო-საღვაო პოტენციალი დაუსუსტეს, ეს ამ ეტაპზე რეალობაა. კუნძულ ზმეინის უკრაინელები აკონტროლებენ და რუსები ფაქტიურად შავი ზღვის აკვატორიიდან დიდი დარტყმების მიყენებას ვეღარ ახერხებენ”, - დასძენს ვახტანგ მაისაია.

“ნაციონალური მოძრაობის” ახალი ბოიკოტი და ძველი პრობლემები - ვახტანგ ხმალაძე

“პარლამენტში ბოიკოტი ჩვეულებრივი რამ არის, მაგრამ ის გამოიყენება როგორც საპარლამენტო პროტესტის რადიკალური ზომა. მაგალითად, როდესაც ამა თუ იმ ჯგუფისთვის პრინციპულად მიუღებელ საკითხს იღებენ, არ ითვალისწინებენ ამ ჯგუფის არანაირ შეთავაზებას, აზრს, ეს ჯგუფი პროტესტის ნიშნად იყენებს ბოიკოტის ფორმას და ამბობს, ამ კონკრეტული საკითხის განხილვაში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთო. ჩვეულებრივ, ბოიკოტი კონკრეტული საკითხის გამო კონკრეტული პერიოდით გრძელდება და შემდეგ შეწყვეტენ. პლენარულ სხდომაზე რომელიღაც საკითხისთვის ბოიკოტის გამოცხადება, როგორც წესი, არ იწვევს საპარლამენტო საქმიანობაზე ბოიკოტს. ან კომიტეტის სხდომაზე რაღაც საკითხისთვის ბოიკოტის გამოცხადება არ იწვევს იმას, რომ ყველა სხვა საკითხსაც ბოიკოტი გამოუცხადონ. ასე რომ, ჩვენთან ბოიკოტი იმ სახით გამოიყენება, როგორიც არ არის დამახასიათებელი საპარლამენტო საქმიანობისთვის”, - აცხადებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძეს გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ნაციონალური მოძრაობის” ახალი ბოიკოტი და ძველი პრობლემები.

“საპარლამენტო საქმიანობის დროს არსებობს უმრავლესობა და ოპოზიცია. უმრავლესობა არის ის, ვისაც აქვს მანდატების ნახევარზე მეტი. საკითხთა უმრავლესობა სწორედ უმრავლესობით წყდება და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, თუ უმრავლესობამ რაღაც მოინდომა, შეძლებს კიდეც გატანას, თუნდაც ოპოზიციის წინააღმდეგობის შემთხვევაში. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციამ ამას ყოველთვის ბოიკოტით უნდა უპასუხოს, ისევე, როგორც არ ნიშნავს იმას, რომ უმრავლესობამ არ გაუწიოს ანგარიში ოპოზიციის აზრს. ჩვენთან არის ასეთი მიდგომა, რაც პრინციპში იყო და ჩანდა ჯერ კიდევ პირველი მრავალპარტიული არჩევნებით არჩეული უზენაესი საბჭოს მუშაობის დროსაც - დღეს ჩვენ ვართ უმრავლესობა და რასაც გვინდა, იმას გავაკეთებთ. როცა თქვენ იქნებით უმრავლესობა, თქვენ გააკეთეთ, რაც გინდათო. ეს სამწუხარო რეალობაა. პარლამენტის ტრიბუნა ოპოზიციამ უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ საზოგადოებასაც აჩვენოს თავისი დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხის მიმართ და მეორე - შეეცადოს გავლენა მოახდინოს უმრავლესობის გადაწყვეტილებაზე. ამით ხდება ამომრჩევლების მომრავლება. ოპოზიციამ საპარლამენტო ტრიბუნა უნდა გამოიყენოს საკუთარი იდეების პოპულარიზაციისთვის. ეს არის ოპოზიციისთვის პარლამენტში მუშაობის მნიშვნელოვანი მომენტი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ხმალაძე.

“აღარაფერს ვამბობ იმ საკონტროლო ფუნქციებზე, რომლის მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობა ოპოზიციას აქვს. მაგალითად, პარლამენტის წევრთა 1/3-ს, ანუ 50 კაცს, შეუძლია მოითხოვოს საგამოძიებო კომისიის შექმნა და მოთხოვნა უნდა შესრულდეს. საგამოძიებო კომისიის შესაძლებლობები საკმაოდ ფართოა და, თუ ყველაფერს ბოიკოტს უცხადებს ოპოზიციის ის ნაწილი, რომლის გარეშეც, მაგალითად, საგამოძიებო კომისიის შექმნა შეუძლებელი ხდება, გამოდის, ოპოზიცია უარს ამბობს ასეთი ქმედითი მექანიზმის გამოყენებაზე. კანონების მიღება საპარლამენტო უმრავლესობას ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშეც შეუძლია. რაც არ უნდა გონივრული და საქმისთვის საჭირო წინადადება წარადგინოს ოპოზიციამ, რადგან არსებობს ერთპარტიული უმრავლესობა, მას შეუძლია არც ერთი წინადადება არ გაითვალისწინოს. ისევე როგორც, თუ უმრავლესობას უნდა რაიმეს მიღება და ვთქვათ, ამას ოპოზიცია ეწინააღმდეგება, უმრავლესობას მისი მიღებაც შეუძლია ოპოზიციისგან დამოუკიდებლად. მაგრამ პარლამენტში გატანილი ნებისმიერი კანონპროექტის განხილვისას ოპოზიციის არყოფნის შემთხვევაში პარლამენტში არავინ იქნება, ვინც იტყვის, რა არის არასწორი და რა ცუდი ამ კანონპროექტში, რა მოჰყვება ამას...” - განაგრძობს რესპონდენტი.

“ცხადია, ოპოზიციას ამის თქმა გარეთაც შეუძლია, მაგრამ საპარლამენტო დისკუსიას ის უპირატესობა აქვს, რომ მსმენელს ყველა არგუმენტის შეფასება და დასკვნის გამოტანა შეუძლია. საპარლამენტო დისკუსიის გარეშე ამის შესაძლებლობა, ფაქტობრივად, არა გვაქვს, რადგან ხელისუფლება და ოპოზიცია პარლამენტის გარეთ ცალ-ცალკე ლაპარაკობენ და, თუკი საკითხს ღრმად არ იცნობ, სწორი დასკვნის გამოტანა ძნელია. ამიტომ პარლამენტში ყოფნაა საჭირო”, - განმარტავს ხმალაძე და შეკითხვაზე - “თქვენი აზრით, ოპოზიციას რა მიზანი აქვს, რა სარგებელი შეიძლება ნახოს?” - პასუხობს:

“ის, რომ პოლიტიკური მოწინააღმდეგეები ერთმანეთის შეცდომებს იყენებენ საკუთარი ინტერესებისთვის, ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ ის, რომ მეორდება ისეთი მოქმედებები, გინდა ერთი მხრიდან და გინდა მეორე მხრიდან, და არცთუ იშვიათად ეს თავად შემსრულებლის წინააღმდეგ მოქმედებს, დაკავშირებულია პოლიტიკური კულტურის დაბალ დონესთან და სანამ ის არ ამაღლდება, ვითარება არ შეიცვლება. ეს კი ბევრ რამესთან არის დაკავშირებული, უპირველესად განათლებასთან და არა დიპლომებთან. სანამ განათლების დონე არ აიწევს და ის ღირებულებები, რაც არის პატიოსნება, მოუსყიდველობა, მიმტევებლობა, არ გახდება ადამიანებისთვის მთავარი და პრინციპული, მანამდე ასეთ მდგომარეობაში ვიქნებით”.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა