ალეკო ელისაშვილი - კალაძე თვეში ერთხელ საშოპინგოდ დადის ევროპაში და ჩვენ გვეუბნება, აი დარდი, სტატუსს თუ არ მოგვცემენ, სარატოვი ჯობია მილანსო - იაროს თვითონ და შეიჭრას თმა ტაგანროგში

რეზოლუცია კარგი სილის შემოლაწუნებაა „ქართული ოცნებისთვის“. ბოლოს იქამდე მივა საქმე, რომ სანქციებს დაუწესებენ პირადად მას [ბიძინა ივანიშვილს] და „ოცნების“ ლიდერებსაც - ის კრახი, რაც დღეს ევროპარლამენტში განიცადეს, ზუსტად ამ ლაზღანდარაობის შედეგია, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ევროპარლამენტის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ელისაშვილი აცხადებს, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის დღევანდელი განცხადება - „სტატუსი თავისთვის დაიტოვონ“, უპასუხისმგებლოა.

„ახია „ქართულ ოცნებაზე“, რომ დგანან და დღესაც, რომ ლაზღანდარაობდა კალაძე. ეს არის საკითხი, რომელიც არის წითელი ხაზი მთელი ქართველი ერისთვის. ამ ზაფხულს რომ უამრავი ხალხი გამოვიდა ყოველგვარი ორგანიზების გარეშე, რამ გამოიყვანა? არ გვინდა ეს ჯადო რუსეთი! არ გვინდა! თან რომელ რუსეთს ებღაუჭებიან კაცო? რომ იძირება? ტანსაცმელს ვერ იყიდი მოსკოვის ვერც ერთ სავაჭრო ცენტრში და საერთოდ ვერაფერს ვეღარ იყიდი, უკვე „მოსკვიჩების“და დაფეხვილი რაღაცების წარმოებაზე გადავიდნენ. კალაძის ეს განცხადება იყო უპასუხისმგებლობა. ის კრახი, რაც დღეს ევროპარლამენტში განიცადეს, არის ზუსტად ამ ლაზღანდარაობის შედეგი.

[რეზოლუცია] კარგი სილის შემოლაწუნებაა „ქართული ოცნებისთვის“. ბოლოს იქამდე მივა საქმე, რომ სანქციებს დაუწესებენ პირადად მას [ბიძინა ივანიშვილს] და „ოცნების“ ლიდერებსაც. მე რომ კაცმა მკითხოს, ხვალ რომ კალაძეს სანქციები დაუწესონ, მშვენიერი პასუხი იქნება მისთვის. თმის შესაჭრელად რომ დადის მილანში და დგას აქ და ჩვენ გვეუბნება რომ აი, დარდი თუ სტატუს არ მოგვცემენო. თმის შესაჭრელად მილანში დადის, თვეში ერთხელ საშოპინგოდ დადის ევროპაში და ეს კაცი დგას და გვეუბნება, არა სარატოვი ჯობია მილანსო. იაროს მერე თვითონ, სარატოვში შეიჭრას თმა და ტაგანროგში. ქალაქს მიხედოს საერთოდ, რეებით არის დაკავებული - დადგება და აფრქვევს სიბრძნეებს,“ - განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე შეფასებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საქართველოს ევროპულ არჩევანზე ლაპარაკისას ცეცხლს ეთამაშებიან და „შემდეგ ღლიცინით ლაპარაკი ძალიან ძვირი უჯდებათ“.

„არჩევნების გზით უნდა შევცვალოთ ეს ხელისუფლება და ყველაფერზე პოლიტიკურად ვაგებინოთ პასუხი, რაც არ მოგვწონს და რაც მიუღებელია. მანამდე ყველანაირი მცდელობა, რომ „მოდი ახლა ამათ რევოლუციის გზით ამოვატრიალებთ“ ამაოა, არ გამოდის, იმიტომ რომ არ სურს ხალხს, რომ რევოლუციის გზით შეიცვალოს [ხელისუფლება],“ - აღნიშნა ელისაშვილმა.

რაც შეეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის კადრებს - როგორც პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი აცხადებს, „ქართული ოცნება“ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ძალიან დიდ სადიზმს ავლენს.

„დამარცხებული მეტოქის წამება რატომ უნდა გინდოდეს? სააკაშვილი არის დამარცხებული. ძალიან დიდი პოლიტიკური შეცდომა დაუშვა, რომ ჩამოვიდა. შეცდომა დაუშვა, ჩამოვიდა და ახლა „ქართული ოცნება“ სადისტურად ექცევა. მე ეს არ მომწონს. ადამიანურად ჩემთვის არის დამთრგუნველი. რატომ უნდა გსიამოვნებდეს ან ამ კადრების გადაღება, ან გავრცელება?, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ევროპარლამენტმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუცია ხაზს უსვამს იმ "ფუნდამენტურ როლს, რომელიც ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილის დაკავებაში, პირადი ვენდეტის ფარგლებში, ითამაშა". ამიტომ, პარლამენტი იმეორებს თავის მოწოდებას [ევროპული] საბჭოსა და დემოკრატიული პარტნიორების მიმართ, განიხილონ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება „საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში“ მისი როლისთვის.

რეზოლუციაში, ევროპარლამენტი გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების გამო.

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი და მისცეს მას საზღვარგარეთ სათანადო სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება. ასევე, ისინი პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, გამოიყენოს კონსტიტუციური უფლება და შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.

ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მუდმივი წარუმატებლობა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატურის მიღების პერსპექტივის შეფერხების რისკს ქმნის.

რეზოლუციას მხარი 577-მა პარლამენტარმა დაუჭირა, 33 წინააღმდეგი წავიდა, 26-მა კი - თავი შეიკავა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო