უკრაინის დახმარების ნებისმიერი შენელება შეცდომა იქნება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომელსაც დისტანციურად ესწრება.
მისი თქმით, მსოფლიოსთან ვაჭრობით რუსეთი თავისუფალი დროის მოგებას ცდილობს.
„სამწუხაროდ, მან ბევრი სიცოცხლე უნდა გაანადგუროს და ამიტომ ჩვენ უნდა ვიჩქაროთ. ჩვენი შეთანხმებების, [იარაღის] მოწოდების სისწრაფე გვჭირდება, რათა გავაძლიეროთ ჩვენი არმია, გადაწყვეტილებების სისწრაფე, რომ რუსული პოტენციალი შევზღუდოთ”, - აღნიშნა ზელენსკიმ.
პრეზიდენტის თქმით, ახლა უკრაინისადმი დახმარების მიწოდების სისწრაფის ალტერნატივა არ არსებობს, რადგან ამაზე ადამიანების სიცოცხლე არის დამოკიდებული.
„დაყოვნება ყოველთვის იყო და ახლაც შეცდომა არის… ვიდრე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ იმის შესახებ, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვა თანამედროვე ტანკებით, კრემლი ფიქრობს, როგორ დაახრჩოს მოლდოვა. ვიდრე ჩვენ ვირწმუნებით, რომ უკრაინას თანამედროვე საბრძოლო ავიაცია სჭირდება, რუსეთმა უკვე დაარწმუნა ირანული რეჟიმი - და ამის შედეგი უკვე არა მხოლოდ ირანული დრონებია უკრაინის ცაში, არამედ რაღაც, რითაც კრემლმა გადაიხადა. დარწმუნებული ხართ, რომ ეს ფულია? მსოფლიო ირანული რეჟიმის გამდიდრებას შეეჯახება. დარწმუნებული ვარ, რომ არავის არ უნდა, რომ ახლო აღმოსავლეთში ახალ სანქციებზე მოგვიწიოს საუბარი”, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა, რომ სამყარომ იგნორირება არ უნდა გაუკეთოს კრემლის მცდელობებს, გაანადგუროს საერთაშორისო ინსტიტუტები, მოახდინოს სოციალური ცხოვრების დესტაბილიზაცია და აწარმოოს დეზინფორმაციული კამპანია.
„კრემლმა უნდა წააგოს, ამის ალტერნატივა არ არსებობს, ვინაიდან მას უსაფრთხოების განადგურება სურს. გადაწყვეტილებებს თუ დააყოვნებთ - ეს პუტინის დიქტატურისთვის რესურსი იქნება. ასე იყო წლების განმავლობაში”, - დასძინა ზელენსკიმ.