სსფ-ს მისიის ვიზიტი საქართველოში დასრულდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტი საქართველოში დასრულდა. როგორც ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ვიზიტის დასასრულს გამოქვეყნებული პრესრელიზი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის წევრთა წინასწარ მიგნებებს წარმოადგენს.

„2022 წელს მაღალი, 10 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის შედეგად მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და ფისკალური დეფიციტი მნიშვნელოვნად შემცირდა. ინფლაციამ გასული წლის შუა პერიოდიდან კლება დაიწყო, თუმცა კვლავაც მაღალ დონეზე ნარჩუნდება.

უჩვეულოდ მაღალი გაურკვევლობის გათვალისწინებით, ეკონომიკის ზრდის არსებული ტემპის შენელების მოლოდინის ფონზე, პრიორიტებად ნარჩუნდება: მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, გაცვლითი კურსის მოქნილობა, ფისკალური და სავალუტო ბუფერების შემდგომი ზრდა.

მაღალი რისკების პირობებში, პოლიტიკის საიმედოობის შენარჩუნება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. საქართველოს ეროვნული ბანკის კანონში ცვლილების შეტანის მიზნით გადადგმული ბოლოდროინდელი ნაბიჯები, რომელიც ცვლის საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მართვის სტრუქტურას, თავდაუზოგავი შრომით მოპოვებული სანდოობის დაკარგვის რისკს ქმნის. სებ-ის მმართველობის სტრუქტურის ნებისმიერი ცვლილება დაკვირვებულ მიდგომას საჭიროებს და შინაარსობრივი კონსულტაციების საფუძველზე უნდა განხორციელდეს, რაც ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობას და სანდოობას უზრუნველყოფს“, - ნათქვამია სსფ-ს მისიის განცხადებაში.

როგორც პრეზრელიზშია აღნიშნული, 13-17 თებერვალს, თბილისში ვიზიტით იმყოფებოდა სსფ-ს მისია ჯეიმს ჯონის ხელმძღვანელობით. მისიის მიზანი ქვეყნის ეკონომიკაში და საფინანსო სექტორში მიმდინარე პროცესების და რეფორმების პროგრესის შეფასება იყო.

„საქართველოს ეკონომიკა 2022 წელს მაღალი, 10 პროცენტიანი, ტემპით გაიზარდა, უკრაინაში რუსეთის ომისგან მომდინარე უარყოფითი გავლენის შეზღუდული ეფექტის, ტურიზმის სწრაფი აღდგენის, ომთან დაკავშირებული მიგრანტების და ფინანსური ნაკადების შემოდინების და ტრანზიტული ვაჭრობის ზრდის გათვალისწინებით. ამ გარემოებათა ერთობლიობამ ხელი შეუწყო საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას, შეამცირა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და შესაძლებელი გახადა სავალუტო რეზერვების დაგროვება და ლარის გამყარება.

ინფლაციის საერთო მაჩვენებელი 2022 წლის მეორე ნახევარიდან შენელდა, რასაც სასაქონლო ფასების კლებამ, ლარის გამყარებამ და კრედიტის ზრდის ტემპის შენელებამ შეუწყო ხელი. ეს თავისმხრივ უკავშირდება წინა პერიოდებში პოლიტიკის განაკვეთის ზრდას, მაკროპრუდენციული ღონისძიებებს და გლობალური ფინანსური პირობების გამკაცრებას. მაშინ როდესაც ინფლაცია სებ-ის მიზნობრივ მაჩვენებელზე ბევრად მაღალ დონეზე ნარჩუნდება, ძირითადი (ქორ) ინფლაცია და ინფლაციის მოლოდინები იანვარში ძლიერი შიდა მოთხოვნისა და საცხოვრებლის ქირის ზრდის გამო გაიზარდა, რაც, დიდწილად, მიგრანტების შემოდინებამ გამოიწვია.

2023 წელს ზრდის ტემპის შემცირების მოლოდინების გათვალისწინებით, ეკონომიკურ ზრდას ველით 4 პროცენტთან ახლოს, მიგრანტების და სავალუტო ნაკადების მილევის, სავაჭრო პარტნიორების ზრდის შენელების და მართებულად შემზღუდევლი ფისკალური პოლიტიკიდან გათვალისწინებით.

ძლიერმა შემოსავლებმა 2022 წელს ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას შეუწყო ხელი. 2023 წელს, ფისკალური წესის შესაბამისად, ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 2.8 პროცენტამდე შემცირდება. შემოსავლების მობილიზაციისა და სახელმწიფო ინვესტიციების მართვის დახვეწაზე მიმართული უწყვეტი ძალისხმევა, ასევე შემოსავლების საშუალოვადიანი სტრატეგიის შემუშავება, ქმნის სივრცეს პრიორიტეტული ხარჯებისთვის, ინფრასტრუქტურული ინვესტიციებისთვის. გასულ წელს შემუშავებული სახელმწიფო საწარმოების მმართველობის რეფორმისა და განახლებადი ენერგიის განვითარების სტრატეგიების წარმატებით განხორციელება შესაბამის სექტორებში პროდუქტიულობას გაზრდის და ფისკალურ რისკებს შეზღუდავს.

ინფლაციის შემცირების ნელი პროცესის გაგრძელება წელს და ეროვნული ბანკის სამიზნე, 3 პროცენტიანი, მაჩვენებლის მიღწევა 2024 წლის შუა პერიოდში, მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას და სებ-ის დამოუკიდებლობის საჭიროებს. ამ კონტექსტში, მისია მიესალმება ეროვნული ბანკის ერთგულებას მოქნილი გაცვლითი კურსის, სარეზერვო ბუფერების დაგროვების და ძლიერი და მედეგი ფინანსური სექტორის მიმართ. ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის დინამიკის გულდასმით შეფასება უნდა გააგრძელოს და საპროცენტო განაკვეთების შემდგომი გაზრდისთვის იყოს მზად, თუ ინფლაციის გაძლიერების ნიშნები გახანგრძლივდება.

საქართველოს ეროვნული ბანკის კანონში ცვლების შეტანის მიზნით გადადგმული ბოლოდროინდელი ნაბიჯები, რომელიც ცვლის საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მართვის სტრუქტურას, თავდაუზოგავი შრომით მოპოვებული სანდოობის დაკარგვის რისკს ქმნის. სებ-ის მმართველობის სტრუქტურის ნებისმიერი ცვლილება დაკვირვებულ მიდგომას საჭიროებს და შინაარსობრივი კონსულტაციების საფუძველზე უნდა განხორციელდეს, რაც ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობას და სანდოობას უზრუნველყოფს.

გვსურს მადლობა გადავუხადოთ საქართველოს ხელისუფლებას და სხვა კოლეგებს სტუმართმოყვარეობისა და პროდუქტიული დისკუსიებისთვის. სსფ-ს მისია შეხვდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გვენეტაძეს, ფინანსთა მინისტრს ხუციშვილს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დავითაშვილს, სხვა მაღალი თანამდებობის პირებს, კერძო სექტორისა და დონორთა წარმომადგენლებს. ჩვენ მოუთმენლად ველით დიალოგის გაგრძელებას მომავალ თვეებში საქართველოში სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი ეკონომიკური რეფორმების პროგრამის მეორე მიმოხილვის კონტექსტში“, - განაცხადა ვიზიტის დასასრულს ჯეიმს ჯონმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს