ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2023

უკრაინელები უკვე 150 კილომეტრში ურტყამენ - რა მოხდა მარიუპოლში და რატომ გამწვავდა რუს მებრძოლებში შიდა დაპირისპირება

რა ინფორმაცია აქვს “ოცნებას” მერაბიშვილი-კეზერაშვილის დაპირისპირებაზე - “შეიძლება ეს იყოს ფული ძალაუფლების წინააღმდეგ”

“ხალხის ძალა” ახალ კანონზე ფორსირებულად მუშაობს - “უცხოერი გავლენის აგენტების” ალტერნატივა ერთ კვირაში მომზადდება

* * *

უკრაინელები უკვე 150 კილომეტრში ურტყამენ - რა მოხდა მარიუპოლში და რატომ გამწვავდა რუს მებრძოლებში შიდა დაპირისპირება

“სამშაბათს ღამით რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ქალაქ მარიუპოლში მასირებული სარაკეტო იერიში განხორციელდა. სამხედრო ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ “ჰაიმარსის” სტანდარტული ჭურვებით ეს შეუძლებელი იქნებოდა და სავარაუდოდ, უკრაინამ უკვე მიიღო 150 კილომეტრზე მოქმედი მართვადი რაკეტები. ეს კი ფრონტზე უკრაინის სასარგებლოდ მნიშვნელოვან სიახლეებს მოასწავებს. ამის პარალელურად “ვაგნერის” ხელმძღვანელ ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის დაპირისპირება მწვავე ფაზაში გადავიდა. ანალიტიკოსების აზრით, შესაძლოა ეს დაპირისპირება იქამდე მივიდეს, რომ “ვაგნერი” ბახმუტის მისადგომებიდან სადმე სხვაგან გადაისროლონ, რათა თუ ქალაქი უკრაინულმა არმიამ მართლაც გეგმაზომიერად დატოვა, “გამარჯვების გვირგვინი” მას არ შეხვდეს, რაც დაპირისპირებას კიდევ უფრო გაამწვავებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით უკრაინელები უკვე 150 კილომეტრში ურტყამენ - რა მოხდა მარიუპოლში და რატომ გამწვავდა რუს მებრძოლებში შიდა დაპირისპირება.

“რაც შეეხება ფრონტზე არსებულ სიტუაციას, ანალიტიკოსთა შეფასებით, ახლა სამი აქტიური მიმართულებაა, მაგრამ დიდი წარმატებები რუსებს არ აქვთ. 24 თებერვალს, ომის დაწყების წლისთავზე კი “სიურპრიზებს” როგორც ერთი, ისე მეორე მხარისგან უნდა ველოდოთ. გენერალი ვახტანგ კაპანაძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ ამჟამად ფრონტზე სამი ცხელი წერტილია და არსებულ ვითარებაში მაქსიმუმი, რაც შეიძლება ფრონტზე რუსებმა გააკეთონ, ისაა, რომ გაზაფხულამდე ბახმუტი აიღონ. “ფრონტზე სამი ცხელი მიმართულებაა - უგლედარი, ბახმუტი და კურდიმოვკა. რუსებს მცირედი წარმატებები აქვთ, ინიციატივა მათ აქვთ, ცდილობენ, რომ ბახმუტს ფართო ალყა შემოარტყან. ამავე დროს მცდელობა დაიწყეს, რომ მოკლე ალყაც განახორციელონ... ჩემი აზრით, რუსეთი გაზაფხულამდე მაქსიმუმ რასაც შეძლებს, ისაა, რომ შეიძლება ბახმუტი აიღონ, მეტი ვერაფერი”, - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი აცხადებს, რომ პოზიციური ბრძოლები მიდის და არც ერთ მხარეზე სერიოზული გარდაქმნები არ შეინიშნება. ხოლო ომის დაწყების წლისთავთან დაკავშირებით “სიურპრიზებს” უნდა ველოდოთ როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ქალაქ მარიუპოლში სამშაბათს ღამით 11 აფეთქება მოხდა. თავად რუსი მიმომხილველები აღიარებენ, რომ უკრაინელთა საჰაერო თავდასხმა მოულოდნელი და მასშტაბური იყო. უკრაინული წყაროების ცნობით, მათ იერიში მიიტანეს მოწინააღმდეგი ცოცხალი ძალისა და შეიარაღების კონცენტრაციის ადგილებზე. თვითმხილველები კი წერენ, რომ ქალაქში ამის შედეგად ელექტროენერგიის მიწოდების და კომუნიკაციის პრობლემებია. რუსები სამხედრო მიმომხილველები “ტელეგრამზე” უკვე წერენ, რომ მარიუპოლს უკრაინელებმა, სავარაუდოდ, შორი მოქმედების რაკეტებით დაარტყეს, რადგან 70 კმ რადიუსზე მოქმედი “ჰაიმარსის” სტანდარტული ჭურვებით მარიუპოლს ფიზიკურად ვერ მისწვდებოდნენ. “ჩვენი დაზვერვის მონაცემებით, დაახლოებით ორი კვირის წინ ამერიკელებმა უკრაინას დამატებით “ჰაიმარსის” ტიპის დანადგარისთვის 150 კმ-მდე მოქმედი რაკეტები გადასცეს. ახალი რაკეტებია, შესაძლოა ექსპერიმენტულიც, რომელთა მახასიათებლებიც მკაცრად გასაიდუმლოებულია. ეს არ ჰგავს GLშDB ტიპის ჭურვებს, რომელთა უკრაინისთვის გადაცემაც მანამდე იყო დეკლარირებული”, - წერს რუსული ერთ-ერთი “ტელეგრამ” არხი. როგორც ვახტანგ მაისაია აცხადებს, სავსებით შესაძლებელია, რომ შორი მოქმედების რაკეტები ფრონტზე უკვე იყოს, რომელიც რუსებს საკმაოდ დიდ ზიანს მიაყენებს. გენერალი ვახტანგ კაპანაძეც ფიქრობს, რომ ეს ვარაუდი რეალობასთან ახლოსაა”, - განაგრძობს გამოცემა.

“სავსებით შესაძლებელია, რომ ეს ჭურვები უკრაინულმა მხარემ უკვე მიიღო, მათ შორის გაუმჯობესებული ვარიანტიც. ეს ბომბი შეიძლება დაახლოებით 12 კილომეტრის სიმაღლიდან დაუშვა თავისუფალი ვარდნის პრინციპით, აერობომბის ვარიანტში ვარდება, ფრთები გამოსდის და შეუძლია მართვადი სისტემის მეშვეობით მიზანს მიაღწიოს. მისი მართვა “ჯიპიეს” სისტემიდან ხდება. ასეთი იარაღის გამოჩენა ოკუპანტებს საკმაოდ დიდ ზიანს მიაყენებს. როგორც ჩანს, ამის გადაცემა ზესაიდუმლოდ მოხდა. მარიუპოლს უკრაინელები ისე ვერ მიწვდებოდნენ, ფრონტის ხაზიდან 70 კმ-ზე მეტითაა დაშორებული. ვერც დრონებით მოახერხებდნენ”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“ეს თუ მართლა რაკეტებით იყო, რატომაც არა. ამითიც შეეძლოთ, თუკი ეს მართლაც დაბომბვაა და არა დივერსიული საქმიანობა და დივერსიული აფეთქებები. 150 კმ-ზე მოქმედი ჭურვების რაოდენობასაც გააჩნია, მაგრამ ეს ფრონტზე არსებულ ვითარებას მნიშვნელოვნად შეცვლის, ვინაიდან ეს საარმიო სიღრმეა. შესაბამისად, თუკი უკრაინა დააპირებს კონტრდარტყმა განახორციელოს, ამით შეძლებს, რომ მოწინააღმდეგის ეშელონები ზურგს მოწყვიტოს, ხოლო თუ თავდაცვაში იქნება, მოწინააღმდეგეს სიღრმეში კონცენტრირების საშუალება არ მისცეს”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.

“ვაგნერის” ხელმძღვანელ ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის დაპირისპირება მწვავე ფაზაში გადავიდა. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ “ეგზალტირებული” უწოდა განცხადებებს, რომ “ვაგნერელებს”, რომლებიც არტიომოვსკის (ბახმუტის რუსული დასახელება) “გათავისუფლების ამოცანებს ასრულებენ”, საბრძოლო მასალების მიწოდებას უბლოკავენ. ამის საპასუხოდ გავრცელდა პრიგოჟნის აუდიო კომენტარი, სადაც იგი თავდაცვის სამინისტროს ტყუილში ადანაშაულებს. მისი ცნობით, ბახმუტის რაიონში “ვაგნერის” გარდა არცერთი რუსული ქვედანაყოფი არ იმყოფება და მათ საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად მოთხოვნილი საბრძოლო მასალების 80%-ს არ აწვდიან. მეტიც, პრიგოჟინი აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტრო მათ საბრძოლო ავიაციის გამოყენებასაც უზღუდავს და ჩვეულებრივ მესანგრის ნიჩბებსაც კი არ აწვდის, რომლებიც აუცილებელია ახალი საბრძოლო პოზიციის დაკავებისა სანგრების ოპერატიულად გათხრისათვის”, - დასძენს გამოცემა.

“პრიგოჟინის ეს რადიკალური და ემოციური მიმართვა დროში დაემთხვა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ყველწლიურ საანგარიშო გამოსვლას. ამ მხრივ ნიშანდობლივია, რომ პუტინმა სიტყვით გამოსვლისას ჩამოთვალა ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციებში ჩართული საბრძოლო შენაერთები, მათ შორის “როსგვარდიაც”, დონეცკელი და ლუგანსკელი მოხალისეებიც, მადლობა გადაუხადა მათ ხელისუფლების სახელით, მაგრამ ერთხელაც არ უხსენებია “ვაგნერი”. მეორე დღე კი პრიგოჟინმა ახალი ემოციური მიმართვა გაავრცელა, რომელსაც თან ახლდა რამდენიმე ფოტო. მათზე გარკვევით ჩანს ერთად თავმოყრილი რამდენიმე ათეული რუსი ჯარისკაცის ცხედარი. პრიგოჟიმის განცხადებით, ეს ის “ვაგნერელები” არიან, რომლებიც ბოლო 24 საათში ბახმუტთან დაიღუპნენ მხოლოდ იმის გამო, რომ საბრძოლო მასალები გაუთავდათ. ვახტანგ მაისაიას თქმით, ეს შიდა დაპირისპირებები ფრონტზე აუცილებლად აისახება, თუმცა კრემლი სიტუაციას ჯერჯერობით აკონტროლებს”, - წერს სტატიის ავტორი.

“ფედერალური სათათბიროს წინაშე გამოსვლისას პუტინმა “ვაგნერი” არ ახსენა, მაგრამ რა თქმა უნდა იუგულისხმა. არ მგონია პრიგოჟნი მოიშორონ, რადგან მის დაჯგუფებას თავისი ამოცანა და მისია აქვს. “ვაგნერის” დაფინანსება მილიარდობით დოლარს აღწევს. ალბათ შიდა კორუფციაა, პლუს დაპირისპირება, რადგან პუტინმა შესთავაზა, რომ დაქირავებული მებრძოლების მთავარსარდალი კადიროვი გახდეს. შიდა დაპირისპირებები ფრონტზე აისახება, მაგრამ ჯერჯერობით სიტუაციას აკონტროლებენ. თუმცა ყველაფერს დრო გვიჩვენებს. პრიგოჟინი კრემლში პუტინის გამოსვლაზე არ მიიწვიეს, მაგრამ ე.წ. სპეცოპერაციის რეალიზაციის 60% მაინც “ვაგნერზე" მოდის”, - ამტკიცებს მაისაია. ვახტანგ კაპანაძე კი აცხადებს, რომ ბახმუტისკენ და ზოგადად დონეცკის ოლქში რუსების მხარეს მხოლოდ “ვაგნერი” არ იბრძვის და ნაკლებ სავარაუდოა, რომ თუ დაპირისპირება გაღრმავდა, ამან ფრონტზე იმოქმედოს”, - დასძენს სტატიის ავტორი.

“ფაქტია, რომ ვითარება დაძაბულია. პრიგოჟინმა თავდაცვის სამინისტროს გენერლებს მოღალატეებიც კი უძახა, რადგან ამბობს, რომ საჭირო რაოდენობის საბრძოლო მასალას არ აძლევენ, დახმარებას არ უწევენ. არაა გამორიცხული, რომ ბახმუტის მიმართულებაზე ამოცანის შესრულების შემდეგ პრიგოჟინი საერთოდაც სხვაგან გადაისროლონ, რომ “გამარჯვების გვირგვინი” მას არ შეხვდეს. რაც შეეხება იმას, თუ ეს დაპირისპირება როგორ აისახება ფრონტზე, ბახმუტისკენ მხოლოდ ვაგნერი არ უტევს, აქ სადესანტო და სხვა დანაყოფებიც არიან. ზოგადად, დონეცკის რაიონში 160-ზე მეტი რუსული ბატალიონია. ერთი პერიოდი რუსეთს მითები სჭირდებოდა და “ბრწყინვალე გამარჯვებები” “ვაგნერს” მიაწერეს, მაგრამ ახლა აღარ სჭირდებათ და აღარც უნდათ, რომ ეს “გამარჯვებები” პრიგოჟნმა აიღოს”, - დაასკვნის ვახტანგ კაპანაძე.

რა ინფორმაცია აქვს “ოცნებას” მერაბიშვილი-კეზერაშვილის დაპირისპირებაზე - “შეიძლება ეს იყოს ფული ძალაუფლების წინააღმდეგ”

“ქართული ოცნების” ინფორმაციით, “ნაციონალურ მოძრაობაში” ახალი დაპირისპირებაა, ამჯერად ვანო მერაბიშვილსა და დავით კეზერაშვილს შორის. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი “რეზონანსთან” საუბრისას ამ ინფორმაციას არადამაჯერებლად მიიჩნევს, თუმცა აცხადებს, რომ თუკი ასეთი დაპირისპირება მართლაც არსებობს, ეს ნიშნავს, რომ ენმ-ის იმ გუნდში, რომელმაც შიდაპარტიული არჩევნები მოიგო, ძალაუფლების გადანაწილების პროცესი იწყება. ვანო მერაბიშვილსა და დავით კეზერაშვილს შორის დაპირისპირებაზე განცხადება მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ოთხშაბათს გააკეთა და მიანიშნა, რომ ამის ერთ-ერთი გამოვლინება ენმ-ში საპარლამენტო ბოიკოტთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობაა. “ხაბეიშვილს არავინ არაფერს ეკითხება. პარტიაში ყველაფერს კეზერაშვილი და მერაბიშვილი მართავენ და იღებენ გადაწყვეტილებას. აქედან გამომდინარე, არც ხაბეიშვილის რეპუტაცია და არც მისი სიტყვა, ბუნებრივია, არავის აინტერესებს. პროცესებს კეზერაშვილი და მერაბიშვილი მართავენ. მათ შორისაც გაჩნდა უკვე პირველი ბზარი. ამაზე გვაქვს ჩვენ ინფორმაცია”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა ინფორმაცია აქვს “ოცნებას” მერაბიშვილი-კეზერაშვილის დაპირისპირებაზე - “ტყუილი მგონია, მაგრამ შეიძლება ეს იყოს ფული ძალაუფლების წინააღმდეგ”.

“კობახიძე სულ ამბობს, რომ ინფორმაცია აქვს და არასდროს ამბობს საიდან აქვს ეს ინფორმაცია. ლაპარაკობს სრულ სისულელეს”, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა “რეზონანსთან”. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ, თუ ენმ-ში მართლაც არსებობს ბზარი კეზერაშვილისა და მერაბიშვილის გუნდებს შორის, ეს შეიძლება მხოლოდ ძალაუფლებისა და ფულის დაპირისპირება. “თუ არის, ეტყობა მერაბიშვილს მეტი გავლენები აქვს პარტიაში, მაგრამ ფული მის ხელში არ არის და თუ ეს ასეა, მაშინ ალბათ ხდება ძალთა გადანაწილება შიგნით გუნდში. ანუ, მათ გაიმარჯვეს მელიას გუნდზე, ჩასხნეს ეს ნახევარი პარტიაში და დარჩათ მეორე ნახევარი. ახლა შეიძლება განგსტერული ისტორიები რომ არის, ის ხდება - ჯერ ორი დახოცავს სხვებს და მერე ერთმანეთს რომ ხოცავენ, რომ ფული მარტო ერთს დარჩეს. აქ ფულზე ლაპარაკი არაა, აქ მარტო ძალაუფლებაზეა ლაპარაკი. კეზერაშვილს ალბათ უფრო ფული აქვს და მერაბიშვილს ალბათ უფრო ძალაუფლება. ახლა ფული უპირისპირდება ძალაუფლებას, ან ძალაუფლება ფულს”, - განაცხადა ზაქარეიშვილმა., რომლის თქმით, ვინც გადაწონის, მერე იმის ხალხი შევა პარლამენტში, მომავალ არჩევნებზე”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რაც შეეხება კობახიძის მინიშნებას, რომ მერაბიშვილი-კეზერაშვილის დაპირისპირების ერთ-ერთი გამოვლინება პარტიაში საპარლამენტო ბოიკოტთან დაკავშირებით არსებული აზრთა სხვადასხვაობაა, ამასთან დაკავშირებით დაკავშირებით მას არანაირი მოსაზრება არ აქვს, თუმცა მიიჩნევს, რომ წესით მერაბიშვილი საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტის მომხრე უნდა იყოს. “ვის ეკუთვნის პარლამენტში დარჩენის სიმპათიები - მერაბიშვილს თუ კეზერაშვილს - არც ვიცი და არც მაინტერესებს”, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი და მიიჩნევს, რომ “ვინც დარჩება, ის იქნება გონიერი, ვინც წავა - ის იქნება უგნური”, წერს სტატიის ავტორი.

“ხალხის ძალა” ახალ კანონზე ფორსირებულად მუშაობს - “უცხოერი გავლენის აგენტების” ალტერნატივა ერთ კვირაში მომზადდება

“მას შემდეგ, რაც პარლამენტში დაინიცირებულ “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონპროექტს დიდი კრიტიკა მოჰყვა, “ხალხის ძალამ” ალტერნატიულ ვერსიაზე დაიწყო მუშაობა, რომელსაც, მოძრაობის წევრების თქმით, საკანონმდებლო ორგანოში ერთ კვირაში წარადგენენ. იგი გადმოკოპირებული ვარიანტი იქნება იმ კანონის, “რაც დღეს მოქმედებს აშშ-ში”. როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე “რეზონანსთან” აცხადებს, “ხალხის ძალა” ერთსა და იმავე თემაზე მეორე კანონს იმისთვის ქმნის, რომ პირველი კანონპროექტი გაამართლოს. ძაბირაძე ეჭვობს, რომ ამერიკული ვარიანტი გასული საუკუნის შუა პერიოდშია მიღებული, როცა კომუნისტური იდეოლოგიის შეჭრის საფრთხე ძალიან დიდი იყო და არაა გამორიცხული, რომ ხისტი იყოს. ამასთან ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ხიფათი არსებობს და თუ დღეს “ხალხის ძალის” პირველი კანონპროექტი არანაირ შეზღუდვას არ აწესებს და ასე უმტკივნეულოდ გაიტანენ, შემდეგ არაა გამორიცხული, რომ შეზღუდვებზე კანონში დამატებითი ცვლილებები შეიტანონ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ხალხის ძალა” ახალ კანონზე ფორსირებულად მუშაობს - “უცხოერი გავლენის აგენტების” ალტერნატივა ერთ კვირაში მომზადდება.

“ეჭვი მაქვს, რომ ამერიკული კანონპროეტი მიღებული იქნება არა 2000 წლის შემდეგ, არამედ სადღაც გასული საუკუნის შუა პერიოდში. იქ მაშინ სრულიად სხვა მდგომარეობა იყო. კანონპროქეტის დაინიცირება და იმაზე მსჯელობა კანონი იმუშავებს თუ არა, არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე უნდა ხდებოდეს. ჩვენი და რუსული პოლიტიკური სივრცე, სამწუხაროდ, ერთნაირია. სხვათა შორის, თავისი ქმედებებით ერთმანეთისაგან არც ხელისუფლებები დიდად არ განსხვავდება, მაგრამ საზოგადოების განწყობა აბსოლუტურად განსხვავებულია. როცა უცხოურ აგენტზეა საუბარი, რუსეთში ეს მუშაობს, საქართველოში ეს კანონი პიარის თვალსაზრისით უბრალოდ არ იმუშავებს. რა თქმა უნდა, არასამთავრობოებისგან პროტესტი უნდა იყოს, მაგრამ მე რომ მათ ადგილზე ვიყო, გამოვიდოდი და ვიტყოდი, რომ დიახ, ჩვენ ამერიკული და დასავლური დემოკრატიის აგენტები ვართ, რა პრობლემაა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“მესმის ამერიკული კანონის ქართულად თარგმნა რატომაც უნდათ - თავისივე დაინიცირებული კანონის “გაპრავებას” ცდილობენ. მაგრამ საინტერესოა, ეს კანონი აშშ-ში როდის იქნა მიღებული, ეს თუ მაკარტიზმის ეპოქაა, მაშინ იქ ომის შემდგომ კომუნისტური იდეოლოგიის შეჭრის საფრთხე ძალიან დიდი იყო. დღეს თუ ამ კანონს უმტკივნეულოდ გაიტანენ, შემდეგ ხიფათი ჩნდება და შეზღუდვებზე შესწორებების მიღება დაიწყება. როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის, ისე ჩვენი პარტნიორებისთვის კანონში ცვლილებების შეტანა ისე არ ჭრის ყურს, როგორც ახალი კანონის მიღება. ვფიქრობ ესაა სურვილი, რაზედაც “ხალხის ძალა” და “ოცნება” მუშაობს. ეს კანონპროექტი მართლა იმისთვის ხომ არაა, რომ ამ ხალხის ფინანსები შეამოწმონ, არამედ იმისთვის სჭირდებათ, რომ არასამთავრობო სექტორი რამენაირად გააშავონ და თუ შესაძლებლობა მიეცათ, მაქსიმალურად შეზღუდონ. არასამთავრობო სექტორი ისედაც ვალდებულია, რომ ფინანსები გამოაქვეყნონ”, - განმარტავს ძაბირაძე.

|”ოპოზიციამ შეიძლება ასე შესთავაზოს, რომ ამ კანონპროექტს დავარქვათ არა “უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების” შესახებ, არამედ კანონი არასამთავრობო სექტორის ფინანსური ვალდებულებების, ან გამჭვირვალეობის შესახებ. შინაარსი არ იცვლება, მაგრამ, ჩემი აზრით, “ხალხის ძალა” ამაზე არ წავა. “არასამთავრობო სექტორი” აკადემიურად ჟღერს, მაგრამ “აგენტი” კარგი სიტყვა არასდროს არ ყოფილა. ეს კონტექსტი უნდათ შეინარჩუნონ, როგორც კი ამ კანონს მიიღებენ, ხელისუფლების წარმომადგენლებისა და სხვადასხვა მედიასაშუალებების მხრიდან სიტყვა “არასამთავრობო” გაქრება და “აგენტებზე” დაიწყება ლაპარაკი. ზოგი “გავლენის აგენტს” დაამატებს, ზოგი - არა. აქ მთავარი ისაა, რომ ეს რუსეთში მუშაობს, მაგრამ საქართველოში არა. მაგრამ სცდიან”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.

“მოძრაობა “ხალხის ძალის” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ალტერნატიული კანონის შესახებ განცხადება ოთხშაბათს გააკეთა. “ჩვენ მიერ ინიცირებული კანონპროექტით დარეგულირდება ფინანსური გამჭვირვალობა და უზრუნველყოფილი იქნება მხოლოდ აიპ-ების და მედიასაშუალებების ფინანსური პროცესები. სხვა არანაირ შეზღუდვაზე და არანაირ გაუქმებაზე საუბარი არ არის. მე-2 მუხლში პირდაპირ წერია, რომ ეს კანონი არანაირ შეზღუდვას არ აწესებს. მეორე დღიდანვე დაიწყო განცხადებების გაკეთება, თითქოს ჩვენი კანონპროექტი რუსულთან კავშირში იყო, მაშინ როდესაც საერთოდ არ ვიცნობდით რუსულ კანონმდებლობას.... ამერიკიდანაც მივიღეთ შეტყობინება, თურმე კანონპროექტი არ ყოფილა ამერიკული კანონმდებლობის ბაზაზე, გადავწყვიტეთ და დავაინიცირებთ ზუსტად, ერთი ერთში იმ კანონს, რაც დღეს მოქმედებს შეერთებულ შტატებში და რაზეც თავად ბრიუსელში ითქვა ევროპის სახალხო პარტიის მიერ, რომ ისინიც ერთი ერთში აპირებენ ამერიკის კანონის “გადმოკატავებას” ევროპარლამენტში. იმედია, ამის მერე მაინც აღარ იქნება სპეკულაციები, რომ მეორე ალტერნატიული კანონპროექტი ამერიკული არ არის. თუ სპეკულაციები მაინც იქნება, გამოვა, რომ ამერიკაშიც რუსული კანონი მოქმედებს”, - თქვა გურამ მაჭარაშვილმა”, - წერს სტატიის ავტორი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა