ქართული პრესის მიმოხილვა 27.02.2023

მამუკა არეშიძე - “დასავლეთი საქართველოზე უარს არ და ვერ იტყვის, რადგან...”

წლისთავი სიურპრიზების გარეშე და მზადება გაზაფხულის დიდი შეტევისათვის

მიძინებული სეპარატიზმი რუსეთში ანუ “გაუმარჯოს ურალის რესპუბლიკას!”

ახალი სანქციები და პირველი დარტყმა “ანტისანქციურ ჰაბზე” - ვინ ეხმარება რუსეთს სანქციებისათვის გვერდის ავლაში

“ყველა უცხოელი ერთად რომ აიღოთ, იმაზე მეტი ქართველი იბრძვის უკრაინაში”

* * *

მამუკა არეშიძე - “დასავლეთი საქართველოზე უარს არ და ვერ იტყვის, რადგან...”

“ჩვენი საზოგადოება ნიჰილისტურად არის თანამედროვე ქართული პოლიტიკისა და პოლიტიკოსების მიმართ განწყობილი, მაგრამ რაღა დაგიმალოთ და, ველოდი, რომ აქციაზე ბევრი ხალხი გამოვიდოდა, ამისთვის ჩვენს მოქალაქეებს არაერთი მიზეზი ჰქონდათ - ფაქტია, ჩვენი საზოგადოების დიდი უმრავლესობა სოლიდარულია უკრაინის, მისთვის რუსეთის უკრაინაში შეჭრის თარიღი ძალიან მტკივნეულია. ჯერ ერთი, ეს ბევრ რამეს გვახსენებს ჩვენი უახლესი წარსულიდან და იმავდროულად, ვხვდებით, რომ იმაზე, თუ როგორ წარიმართება ეს ომი უკრაინაში, ჩვენი ქვეყნის მომავალი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული. ამას ჩვენ ინტუიციურად ვგრძნობთ. ამასთანავე, ეს აქცია იყო დაანონსებული როგორც უკრაინისა და ქვეყნის დასავლური კურსის მხარდამჭერი შეკრება”, - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “დასავლეთი საქართველოზე უარს არ და ვერ იტყვის, რადგან...”

“არც ეს არის ვინმესთვის სიახლე, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციას მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უჭერს მხარს. ერთი მიზეზი ჩვენი მოქალაქეების ქუჩაში გასვლისა ისიც იყო, რომ ამ თვალსაზრისით ხელისუფლების ზოგიერთი წევრის რიტორიკა ბევრ კითხვას ბადებს, ამას დაამატეთ უკმაყოფილება ხელისუფლებით. ამ ყველაფრის საფუძველზე გავიდა ხალხი ქუჩაში. იქ არ ყოფილა ერთსახოვანი პუბლიკა, 24-ში რუსთაველზე სხვადასხვა პოზიციისა და პოლიტიკური გემოვნების ადამიანები იდგნენ. მათგან ბევრი მიიჩნევს, რომ ბევრად მეტია გასაკეთებელი საქართველოს დასავლური ვექტორის გასაძლიერებლად. აქცია კარგად იყო ორგანიზებულიც. რაც შეეხება ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადებებს, რომ აქციები პერმანენტული უნდა გახდეს, სიმართლე გითხრათ, ვეჭვობ, ოპოზიციამ ეს შეძლოს და ამ გზით შეცვალოს ხელისუფლება. საქმე ისაა, რომ როგორც უკვე ვთქვი, რუსთაველზე იყვნენ სულ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მოქალაქეები, რომლებიც უკრაინისა და ქვეყნის დასავლური კურსის მხარდასაჭერად გავიდნენ ქუჩაში, ვეჭვობ, რომ ისინი სხვა პოლიტიკურ მოწოდებებს გაჰყვნენ, თუმცა ვნახოთ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

“ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხელისუფლების ზოგიერთი განცხადება თუ მოქმედება დასავლეთთან ურთიერთობისას არ არის კარგად გათვლილი და მოქნილი. ამაში, ჩემი აზრით, ცუდი როლი ითამაშა ჩვენსა და უკრაინის ხელისუფლებებს შორის დაძაბულობამ. სამწუხაროდ, არც ერთ და არც მეორე მხარეს არაფერი გაუკეთებია ამის განსამუხტად და ნორმალური ურთიერთობის დასამყარებლად. აღარ დავიწყებ ამის მიზეზებზე ლაპარაკს, არაერთხელ გვისაუბრია. სამწუხაროდ, ზოგჯერ იყო ჩვენი ხელისუფლების პროვოცირების ცდაც, რასაც ძალიან ცუდად წამოეგნენ. თუნდაც საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის ბოლო განცხადებები გაიხსენეთ - დიპლომატები, როგორც წესი, თავს ამდენის უფლებას არ აძლევენ. ვგულისხმობ მის განცხადებას, “ქართული ოცნების” ცალკეული დეპუტატები აგრძელებენ რუსი სამხედრო დამნაშავე შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოხალისეების სისხლზეო. ჩემი აზრით, რაც არ უნდა ეთქვათ “ქართული ოცნების” დეპუტატებს, კასიანოვს ამგვარად ლაპარაკის უფლება არ ჰქონდა, მაგრამ, ამასთანავე, საქართველოს ხელისუფლებას სჭირდება თანამიმდევრობა უკრაინასთან დამოკიდებულებაში”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“არ შეიძლება უკრაინელი ხალხის მხარდაჭერაზე ლაპარაკობდე, საერთაშორისო ასპარეზზე ყველგან მართლაც მხარს უჭერდე და პარალელურად ისეთ განცხადებებს აკეთებდე, რომლებიც მხოლოდ კრემლში ესიამოვნებათ. ეს იწვევს ჩვენი დასავლელი პარტნიორების დაეჭვებასაც. ეს რიტორიკა შეიძლება ხშირ შემთხვევაში შეფასდეს როგორც დაუფიქრებელი და საქმისთვის დამაზიანებელი... პირდაპირ გეტყვით, დასავლეთი საქართველოზე უარს არ და ვერ იტყვის, რადგან დღეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ევროპისთვის საქართველოს, შავი ზღვის პოლიტიკასა და საზოგადოდ, რეგიონს. ჩვენი დასავლელი პარტნიორები, მიუხედავად დღეს არსებული ერთგვარი კრიტიკული დამოკიდებულებისა, ამ რეგიონთან დაკავშირებულ პოლიტიკასა და გეგმებს. როცა მეკითხებით, საქართველოს ხელისუფლების წევრთა რიგი განცხადებები რას ემსახურებაო, პასუხი არა მაქვს, რადგან არ ვიცი. ჩემი აზრით, მთავრობის მოქმედება არ არის პრორუსული, რეალურად რაიმე ტიპის ნაბიჯები კრემლის მიმართულებით არ იდგმება”, - თვლის ექსპერტი.

“ოპონენტები ადანაშაულებენ ჩვენს ხელისუფლებას, თითქოს რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მაგრამ ამდენი ხანია გვესმის ეს ლაპარაკი, რეალური ფაქტები კი არ ჩანს. ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც ამბობენ, რომ მათ არა აქვთ ფაქტები, რომლებითაც ამ ბრალდებას დაასაბუთებდნენ. საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ვერაფრით ვერ ჩაითვლება რუსეთის მხარდასაჭერად ჩემი ხედვით, ჩვენი ხელისუფლების ქმედებებსა და რიტორიკას შორის დიდი განსხვავებაა, მაშ, რა საჭიროა ხშირ შემთხვევაში ასეთი დაუფიქრებელი და დამაზიანებელი ლაპარაკი? ეს რას გვაძლევს იმის გარდა, რომ შეიძლება მოსკოვში ვიღაცის წისქვილზე ასხამს წყალს და აღიზიანებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებსაც და ქართველი საზოგადოების ნაწილსაც”, - ამბობს მამუკა არეშიძე და შეკითხვაზე - “ბრძანეთ, რომ დასავლეთი არ და ვერ იტყვის საქართველოზე უარსო. ეს იციან ხელისუფლებაშიც და დასავლეთთან ვაჭრობენ ზოგიერთი საკითხით?” - პასუხობს:

“მე კითხვას არც დავსვამდი ამაზე - დიახ, ვაჭრობენ. მე არ ვიცი, კონკრეტულად რა საკითხებია კულუარული მოლაპარაკებების თემა, მაგრამ ამგვარი ვაჭრობა ახასიათებს პოლიტიკას. ჩნდება კითხვა, რომ ამ დიდი გეოპოლიტიკური ჯახის დროს რა დროს ვაჭრობა და საქმეების გარჩევაა, მაგრამ გამიჭირდება თქმა, რომ ამის დრო არ არის. საქართველო არ არის ისეთი მოთამაშე, რომ დიდ გეოპოლიტიკურ ველზე კლიმატი შეცვალოს. საქართველოს მხოლოდ ის შეუძლია, ხელი შეუწყოს დასავლეთს რუსეთთან სამოქმედო პროცესში... ხოლო ვაჭრობის თემა შეიძლება თუ არა იყოს კანონპროექტი “უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ”, ამაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ თვითონ კანონპროექტის თაობაზე შემიძლია ვთქვა, რომ ამგვარი კანონი შეიძლება ქვეყანაში არსებობდეს, მაგრამ არა ამგვარი ფორმულირებებით”.

“არ შეიძლება გავლენის აგენტებზე ლაპარაკი, თუმცა დაფინანსების გამჭვირვალობა ნამდვილად აუცილებელია. თვითონ ამ კანონის ინიციატორებიც აყენებენ საკითხს ძალიან გაუგებრად, თითქოს მხოლოდ დასავლური დაფინანსების გამჭვირვალობაა საინტერესო. არა, ბატონებო, უმნიშვნელოვანესი რუსეთიდან და სხვა, არადასავლური ქვეყნებიდანაც შემოსული თანხების გაკონტროლებაა. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ბევრი სხვა წყაროც არსებობს, საიდანაც შემოსული თანხების დანიშნულება კითხვებს ბადებს. ამგვარი კანონპროექტისთვის დრო შეიძლება სწორადაც იყოს შერჩეული, მაგრამ მისი ფორმაა არასწორი. ამგვარი კანონი ბევრ ქვეყანაშია, მაგრამ მას სხვა სახელი ჰქვია და დაფინანსების გამო ადამიანებს აგენტად დარეგისტრირებას არ სთხოვენ”, - განმარტავს რესპონდენტი.

“პუტინს ბოლო გამოსვლაში, ფაქტობრივად, ახალი არაფერი უთქვამს, თუ არ ჩავთვლით 2023 წლის 21 თებერვლის მიმართვაში გახმაურებულ ინიციატივას, შეაჩეროს რუსეთის მონაწილეობა 2010 წელს რუსეთისა და შეერთებული შტატების მიერ ხელმოწერილი სტრატეგიული შეტევითი იარაღის ხელშეკრულებაში... ეს იყო ერთგვარი უსუსური გაგრძელება ბირთვული იარაღით შანტაჟისა, რაზეც, ჩემი აზრით, ბოლო ხანს პუტინს ხელი ჰქონდა აღებული. კიდევ ერთ საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას - ჩემი აზრით, ამ გამოსვლისას გამოჩნდა ის განხეთქილება, რომელიც არსებობს რუსეთის შეიარაღებულ ძალებში. თუ მიაქციეთ ყურადღება, პუტინმა დიდხანს ილაპარაკა ეკონომიკაზე და ბევრად ნაკლები სამხედრო თემაზე. საერთოდ არ უხსენებია ე.წ. კერძო არმიები, მეტიც, ამ ღონისძიებაზე არც კადიროვი და არც პრიგოჟინი არ დაუპატიჟებიათ. ამ გამოსვლამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პუტინი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აპირებდა განცხადების გაკეთებას. ერთი ვერსიით, ის თითქოს ამ რეგიონების ანექსიას გამოაცხადებდა, თუმცა ასე არ მოხდა. ჩემი ინფორმაციით, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის თემის წამოჭრას მართლაც გეგმავდნენ, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ გაკვრით ითქვა, უნდა გავაძლიეროთ რუსეთის საზღვრების გასწვრივ ჩვენი კავშირებიო”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“რაც შეეხება ომს, საკმაოდ რთული ვითარებაა. მოლაპარაკების დრო ჯერ არ დამდგარა, ომის აქტიური ფაზა, ალბათ, კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება. მეტად საინტერესო სურათი ყალიბდება - ბოლო კვლევების თანახმად, მსოფლიოს ის ნაწილი, რომელიც დისტანცირებულია ამ ომისგან, მას შიდაევროპულ გარჩევად მიიჩნევს. იმავდროულად, მნიშვნელოვნად არის დაცემული რუსეთის იმიჯი. სამხრეთ ამერიკის თუ აზიის ქვეყნებში, მაგალითად, ინდოეთში, ჩინეთში თუ თურქეთში რუსეთს ზესახელმწიფოდ აღარ მიიჩნევენ... ევროკავშირი და შტატები აღიქმებიან გაცილებით დიდ მოთამაშეებად. ეს არის ის დიდი გარდატეხა, რაც ამ ომმა მოიტანა. უკვე ყველა ხვდება, რომ რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს. კრემლმა შეიძლება რაღაც პარიტეტს მიაღწიოს, ეს არის მაქსიმუმი, რაც ამ ვითარებიდან შეიძლება რუსეთმა მიიღოს. და რაც არ უნდა ილაპარაკოს პუტინმა იმ ხელშეკრულებაში მონაწილეობის შეჩერებაზე, აშკარაა, რომ მან ამ ეტაპზე ამოწურა ბირთვული იარაღით შანტაჟის რესურსი”, - დაასკვნის მამუკა არეშიძე.

“პუტინი ჩაკეტილია ძალიან ვიწრო სამყაროში. მას არა აქვს ისეთი გაქანება, როგორიც სხვა კლასიკურ დიქტატორებს ჰქონდათ, ვთქვათ, სტალინს. პუტინი გახლავთ საშუალო ინტელექტის ადამიანი, რომელსაც ასაკთან ერთად ძალიან გაუმძაფრდა შიშები და ახლა ფიქრობს, როგორ გადაირჩინოს თავი. მას ურთიერთობა აქვს ძალიან შეზღუდული რაოდენობის ადამიანებთან, რომლებიც მხოლოდ იმას ეუბნებიან, რაც მას ესიამოვნება. რაც შეეხება ბაიდენის უკრაინაში ჩასვლას, ეს მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, განსაკუთრებით პიარის თვალსაზრისით - ომის წლისთავზე მისი ეს ნაბიჯი მოსალოდნელი იყო უკრაინისკენ მსოფლიო საზოგადოების ყურადღების მისაქცევად და რუსეთისთვისაც იმის საჩვენებლად, რომ დასავლეთი და მისი ფლაგმანი შტატები ამ ქვეყნის გვერდით დგანან კვლავაც. მნიშვნელობა არ ჰქონდა შინაარსს, იმას, თუ რას იტყოდა ბაიდენი უკრაინაში თუ პოლონეთში, მნიშვნელოვანი იყო თვითონ ფაქტი, ერთგვარი დემარში. ოფიციალურად რუსეთი იყო ინფორმირებული ამ ვიზიტის შესახებ. თუ დააკვირდით, არც იმ დღეს, არც მომდევნო დღეს სარაკეტო თავდასხმები უკრაინაზე არ ყოფილა, რაც აჩვენებს, რომ არსებობს კულუარული ურთიერთობა, რაც აუცილებელიც არის”, - დასძენს ექსპერტი.

წლისთავი სიურპრიზების გარეშე და მზადება გაზაფხულის დიდი შეტევისათვის

“უკრაინა ახალი გზაფხულის კონტრიერიშისთვის ემზადება და როგორც ჩანს, მთავარი აქცენტი ყირიმის მიმართულებაზე იქნება გადატანილი. ამის საპასუხოდ რუსული ძალები დროებით ოკუპირებულ ყირიმში საკუთარ თავდაცვას აძლიერებენ და მეტ სიმაგრეებს აგებენ. ანალიტიკოსები გაზაფხულის დადგომასთან ერთად ორივე მხარისგან მასშტაბურ შეტევას ელიან და მთავარი შეტაკებების სავარაუდო მიმართულებებს ასახელებენ. ბოლო დღეების შედარებით სიმშვიდესა და ომის დაწყების წლისთავის “სიურპრიზების გარეშე” ჩავლას კი სწორედ გაზაფხულის მასშტაბური ბრძლებისთვის მზადებით ხსნიან. ანალიტიკოსთა შეფასებით, რუსების ეს მზადება იმის ნიშანია, რომ ყირიმს თავის მთავარ პლაცდარმად მოიაზრებენ, თუმცა, მათივე აზრით, ყირიმამდე უკრაინელებმა ჯერ ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების სრულად უნდა გაათავისუფლონ, რაც ახლანდელი გადასახედიდან ადვილი საქმე არ ჩანს. ამის პარალელურად ის მოლოდინი, არ გამართლდა, თითქოს რომელიმე მხარეს ომის წლისთავთან დაკავშირებით რაიმე “სიურპრიზს” ამზადებდა. მეტიც, ორი დღის შემდეგაც მთავარი ბრძოლები კვლავ დონბასშია და რუსები კვლავ იმ ლოკაციის აღებას ცილობენ, რაც 6-7 თვის წინ წამოიწყეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით წლისთავი სიურპრიზების გარეშე და მზადება გაზაფხულის დიდი შეტევისათვის.

“24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ერთი წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით როგორც რუსეთის, ისე უკრაინის მხრიდან იყო მოლოდინი, რომ რაღაც მნიშვნელოვანს აპირებდნენ. მეტიც, უკრაინელთა მხრიდან კეთდებოდა განცხადებები სამხედრო ხასიათის ისეთ მოქმედებაზე, რომელიც ისტორიაში შევიდოდა. თუმცა, ამის საპირისპიროდ, უშუალოდ ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა და უკვე რამდენიმე დღეა მხარეები ლოკალური მნიშვნელობის პოზიციურ ბრძოლებზე არიან გადასული. 24 თებერვალს პოლონეთიდან უკრაინაში პირველი “ლეოპარდები” ჩავიდა, რაც აშკარად სიმბოლური ჟესტი იყო. გავრცელდა შესაბამისი ვიდეოც, სადაც უკრაინის თავდაცვის მინისტრი “ლეოპარდის” ფონზე მეგობარ სახელწიფოს მადლობას უხდის. პოლონეთი უკრაინას სულ “ლეოპარდ 2”-ის ტიპის 14 ტანკს დაჰპირდა, ასევე გადასცემს “ტ-72”-ის ტიპის 60 მოდერნიზებულ ტანკს. გასულ პარასკევს კი კიევმა 4 “ლეოპარდი” მიიღო. როგორც გენერალი ვახტანგ კაპანაძე აცხადებს, ის, რომ არ ცერთი მხრიდან “სიურპრიზი” არ ყოფილა, ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინაც და რუსეთიც პოზიციურ დაპირისპირებაშია ჩაფლული და ამის შესაძლებლობა არც ერთს არ ჰქონდა. რაც შეეხება ტანკების პირველ პარტიას, მისი თქმით ეს სამხედრო თვალსაზრისით ჯერ არაფერს ცვლის, თუმცა მნიშვნელოვანია პიარიასა და პოლიტიკური კუთხით”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მიზეზი ისაა, რომ ორივე მხარე პოზიციურ დაპირისპირებაშია ჩაფლული, ახლა უკრაინას ის დაჯგუფება არ გააჩნია, რომელიც ოპერატიულ დონეზე კონტრდარტყმის განხორციელბას შეძლებს, ხოლო რუსებს ის პოტენციალი არ აქვს, რომელიც რაღაც გარკვეული მნიშვნელოვან გარღვევას განხორციელებს იმ ჩამოყალიბებულ დაპირისპირებაში, რომელიც პირველი მსოფლიო ომის ტიპის დაპირისპირებაში გადასდით. ის, რომ ომის დაწყების წლისთავზე უკრაინამ დასავლური ტანკები მიიღო, სამხედრო თვალსაზრისით არაფერს ცვლის, მაგრამ თავად ფაქტია მნიშვნელოვანი, რომ ტანკების მიღება დაიწყეს, რომელიც ადრე არ იყო შესაძლებელი. გარკვეული რაოდენობის ტანკებს ყველა ქვეყანა მიაწვდის, ვინც ინიციატივა გამოიჩინა. მთავარია, რომ უკრინამ ამის აკუმულირება მოახდინოს და ერთ მუშტად გამოიყენოს. ფრონტზე 3-4 ტანკის, ანუ ოცეულის მოქმედება არაეფექტურია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.

“კავკასიის საერთაშორისო იუნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი აცხადებს, რომ შეტევის მომზადებას მინიმუმ ერთი თვე მაინც სჭირდება, არც რუსულ და არც უკრაინულ მხარეს კი იმის შესაძლებლობა არ ჰქონდა, რომ ომის წლისთავს დაემთხვია რაიმე მნიშვნელოვანი”. “შეტევას გარკვეული დრო სჭირდება, ამისთვის შეიარაღებული ნაწილები და ქვედანაყოფები მწყობრში უნდა მოიყვანონ. როგორც ჩანს, მზად არც ერთი არ იყო და 24 თებერვალს ვერ დაამთხვიეს. უკრაინელებს “ლეოპარდები” და მომზადებული მებრძოლები ახლა ჩაუვიდათ. საბრძოლო ოპერაციის დაგეგმვას, მით უმეტეს ფართომასშტაბიანს, სულ მცირე ერთი თვე მაინც უნდა. 4 ტანკის ჩასვლა სამხედრიო თვალსაზრისით მაინცდამაინც დიდს არაფერს ცვლის, თუმცა ეს პიარის, საინფოამაციო ომისა და პოლიტიკური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. ტანკების მიღება გაგრძელდება”, - აცხადებს მაისაია. სამხედრო ანალიტიკოსები გაზაფხულზე მასშტაბურ შეტევას ელოდებიან როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან. ამას უკრაინის თავდაცვის სამინისტროც ღიად ამბობს - როგორც თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი წერს, ქვეყანა ახალ პერიოდში შედის ახალი მიზნით, რომ გამარჯვება მოიპოვოს”, - განაგრძობს გამოცემა.

“დარტყმებს უფრო ძლიერად და უფრო შორს განვახორციელებთ - ჰაერში, მიწაზე, ზღვაში და კიბერსივრცეში. იქნება ჩვენი კონტრიერიში. ბევრს ვმუშაობთ, რათა იგი მოვამზადოთ და უზრუნველვყოთ”, - წერს რეზნიკოვი. მზადება რუსების მხრიდანაცაა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსული ძალები დროებით ოკუპირებულ ყირიმში საკუთარ თავდაცვას აძლიერებენ და მეტ სიმაგრეებს აგებენ. კერძოდ, როგორც მედია უკრაინულ მხარეზე დაყრდნობით წერს, რუსეთის ჩელიაბინსკის ოლქიდან 150 ახალწვეულ ჯარისკაცს შესაბამისი საინჟინრო სამუშაოების განხორციელება დაევალა. გენერალი ვახტანგ კაპანაძე აცხადებს, რომ ახლა მთავარი ბრძოლები დონბასისკენაა, ხოლო თუ უკრაინელები მოახერხებენ შესაბამისი რაოდენობის ტექნიკისა და ცოცხალი ძალის მობილიზებას, ახალ შეტევას შეძლებენ ზაპოროჟიე-ხერსონის მიმართულებით. რაც შეეხება ყირიმს, გენერალ კაპანაძის თქმით, სანამ უკრაინელები ნახევარკუნძულამდე მივლენ, ჯერ აღნიშნული ოლქები უნდა აიღონ. ვახტანგ მაისაია კი აღნიშნავს, რომ ყირიმის გამაგრება იმის ნიშანია, რომ სტრატეგიული შეტევისათვის რუსების მთავარი პლაცდარმი გახდება”, - დასძენს გამოცემა.

“ახლა მთავარი მიმართულება დონბასია. ტაქტიკურ და ოპერატიულ დონეზე ინიციატივა რუსებს აქვთ, წინ წასვლას ცდილობენ, თუმცა ვერ მიდიან. უკრაინელები თუ რუსებთან აქ დაპირისპირებას არ გააგრძელებენ, მოახერხებენ და დაჯგუფებას შექმნიან, შესაბამის აღჭურვიულობას მიიღებენ და დარტყმით დაჯგუფებას შეაგროვებენ, რომელიც თანამედროვე დასავლური იარაღით იქნება აღჭურვილი, მაშინ გაზაფხულის შეტევა შესაძლებელი იქნება და ალბათ მთავარი დარტყმის მიმართულება მაინც სამხრეთი, ზაპოროჟიე-ხერსონის რაიონი იქნება. თუ ეს ვერ მოახერხეს, ეს დაპირისპირება ისევ გაგრძელდება. რუსები არა მხოლოდ ყირიმს, არამედ ზაპოროჟიეს, ხერსონის რაიონს და ყველა იმ ტერიტორიას ამაგრებენ, რომელიც დაკავებული აქვთ. ისინი ოკუპირებული ტერიტორიების დაცვისთვის ემზადებიან. მათი მხრიდან ეს შეტევები მხოლოდ იმიტომ ხორციელდება, რომ უკეთესი პირობები შექმნან იმ დროისთვის, როცა ოკუპირებული ტერიტორიის დაცვა მოუწევთ”, - მიიჩნევს გენერალი.

“რუსეთს ახლა იმის თავი არ აქვს, რომ უკრაინაზე შეტევები გააგრძერლოს. ახლა მისი მთავარი ამოცანაა, რომ დაკავებული ტერიტორიები შეინარჩუნოს და უკრაინასთან ივაჭროს. ყირიმამდე უკრაინას მხოლოდ ერთი გზა აქვს - ესაა ვიწრო ყელი ჩრდილოეთი მიმართულებიდან. უკრაინას საზღვაო ძალები რომ ჰყავდეს, სხვა რამის პროგნოზირება შეიძლებოდა, მაგრამ ვინაიდან არ ჰყავს, ეს მიმართულება აქვთ. თუკი საშუალება მიეცათ, საჰაერო დარტყმების ფონზე ამ შეტევის განხორციელება შესაძლებელია, მაგრამ სანამ ყირიმამდე მივლენ, ზაპოროჟიე და ხერსონი უნდა აიღონ. ასე რომ, ადვილი საქმე არაა”, -დაასკვნის ვახტანგ კაპანაძე.

“დღეს მთავარი დარტყმები ჯერჯერობით ე.წ. მანერჰეიმის ხაზთანაა და რუსები მის გარღვევას ცდილობენ, რათა მერე შეტევაზე გადავიდნენ. უკრაინელები კი პირიქით, აქტიურ თავდაცვაზე არიან. გაზაფხულიდან შეტევები სად გადაინაცვლებს, ახლა ამის პროგნოზირება რთულია, ეს ყელაფერი მარტის შუა რიცხვებიდან გამოჩნდება. ჯერჯერობით ოპერატიული სურათი შემდგომი შესაძლო დარტყმების გასაზღვრის საშუალებას არ იძლევა. ჩემი აზრით, რუსები ყირიმს იმიტომ ამაგრებენ, რომ, როგორც ჩანს, სტრატეგიული შეტევისათვის ის მათი მთავარი დასაყრდენი პლაცდარმი გახდება”, - დასძენს ვახტანგ მაისაია.

მიძინებული სეპარატიზმი რუსეთში ანუ “გაუმარჯოს ურალის რესპუბლიკას!”

“2008 წელს რუსეთში ერთი საინტერესო წიგნი გამოვიდა - “რუსეთის შემდეგ”. მისი ავტორი პოლიტოლოგი ფიოდორ კრაშენინიკოვია. წიგნის სიუჟეტის მიხედვით,­ რუსეთის მმართველს (სავარაუდოდ, პუტინს) მოსახლეობა აღმერთებდა, თუმცა ქვეყანაში სერიოზული კრიზისი დაიწყო და პრეზიდენტის სიყვარული სიძულვილით შეიცვალა. კრიზისის გამო რუსეთი დაიშალა და დიდი ქვეყნის ნანგრევებზე ურალის რესპუბლიკა აღმოცენდა. ახალი რესპუბლიკის ლიდერებმა ერთ-ერთ ფილოსოფოსს ურალის სახელმწიფოს იდეოლოგიის შექმნა დაავალეს. წიგნის დასასრულს ფილოსოფოსი დაასკვნის, რომ რეალურად მოსკოვსა და ურალში მცხოვრები რუსები სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლები­ არიან და მოსკოვი ურალის ერთ-ერთი დაუძინებელი მტერია. წიგნში აღნიშნულია, რომ ურალი მოსკოვისგან ისევე უნდა გათავისუფლდეს, როგორც ბრიტანული კოლონიები ლონდ­ონის უღელისგან. ვნახოთ, იქნება თუ არა ეს წიგნი ისეთივე წინასწარმეტყველური, როგორიც ამერიკელი მწერლის მორგან რობერტსონის ნაწარმოები “ტიტანის” დაღუპვა. დიახ, რობერტსონმა 1898 წელს ზუსტად აღწერა `ტიტანიკის~ ტრაგედია, რომელიც მისი წიგნის გამოსვლიდან 14 წლის შემდეგ მოხდა”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით მიძინებული სეპარატიზმი რუსეთში ანუ “გაუმარჯოს ურალის რესპუბლიკას!”

“როდესაც ქართველ ექსპერტებს ეკითხებიან, თუ რას ფიქრობენ რუსეთის დაშლის სავარაუდო სცენარებზე, პასუხი ზოგადია. მეტიც, უმეტესობა ამბობს, რომ რუსეთის დაშლა ზღაპარია, დასავლეთი ამას არ დაუშვებს, რათა ბირთვული იარაღი ტერორისტების ხელში არ აღმოჩნდეს და ა.შ. მატარებელზე წინ სირბილი საჭირო არ არის - რა თქმა უნდა, გეოპოლიტიკური პროგნოზების გაკეთება უმადური საქმეა, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ თანამედროვე მსოფლიოში რაც დღეს წარმოუდგენელი გვეჩვენება, ხვალ შეიძლება რეალობა იყოს. ფაქტია, რუსეთში არსებობს მიძინებული სეპარატიზმის დიდი კერები, რომელთაც თუ ცეცხლს წაახმარ, აგიზგიზდებიან. დღეს რუსეთი ჩრდილოეთ კავკასიას, ჩეჩნეთის თამადობით, ყოველწლიურად უხდის მრავალმილიარდიან ხარკს ლოიალურობისთვის. წარმოვიდგინოთ, რომ რუსეთში რყევები დაიწყო და მოსკოვმა ვეღარ შეძლო ხარკის გადახდა - როგორ ფიქრობთ, ჩრდილოკავკასიელები რუსული სახელმწიფოს ფუნდამენტის გამაგრებას შეეცდებიან?! რა თქმა უნდა, არა. პირველები სწორედ ისინი იქნებიან, რომლებიც შეეცდებიან რუსული სახელმწიფოს ნანგრევებისგან თავის გადარჩენას. ამაზე ყველაზე ფანატიკოსი რუსი შოვინისტებიც არ დაობენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჩრდილოეთ კავკასია, სავარაუდოდ, ჟურნალი იქნება რუსებისთვის, თუ მიძინებულმა სეპარატიზმმა სხვა რეგიონებშიც გაიღვიძა. მაგალითად, თათარსტანში. ალბათ, მოსკოვშიც არ იცის ბევრმა, რომ რუსეთის ამ რეგიონში საზოგადოებისა და აქტივისტების არცთუ მცირე ნაწილი არაოფიციალურად აღნიშნავს “ყაზანის დამცველთა დღეს”. იგულისხმება 1552 წლის მოვლენები, როდესაც რუსებმა ყაზანი აიღეს და თათარი ნაციონალისტების აზრით, მოსახლეობას გენოციდი მოუწყვეს. იქ ძლიერია სეპარატისტული განწყობები და თუ რუსეთის რყევა დაიწყო, თათარსტანი მოიქცევა ისე, როგორც მოიქცა 1992 წელს, როდესაც დამოუკიდებლობისკენ აიღო გეზი. როგორ და რა მეთოდებით ჩაახშვეს მოსკოვიდან ადგილობრივი სეპარატიზმი, ეს სხვა სტატიის თემაა... რუსეთის ერთიანობას საფრთხე ციმბირიდანაც ელის. ეროვნება “ციმბირელი” ოფიციალურად აღიარებული არ არის. თუმცა რუსეთში ერთ-ერთი ბოლო საყოველთაო აღწერისას 4 ათასზე მეტმა ადამიანმა გრაფაში “ეროვნება” “ციმბირელი” ჩაწერა. ციმბირული სეპარატიზმი სათავეს მეცხრამეტე საუკუნიდან იღებს, 1917-1918 წლებში კი ამ რეგიონს საერთოდ დამოუკიდებლობა ჰქონდა გამოცხადებული. ციმბირული სეპარატიზმის გარდა, ადგილობრივების “განსაკუთრებულობის” იდეოლოგია ეკონომიკურ ფაქტორებსაც ეფუძნება. არცთუ მცირე ნაწილი მიიჩნევს, რომ მოსკოვი ციმბირს ექცევა როგორც კოლონიას, რადგან ადგილობრივი სასარგებლო წიაღისეულიდან მიღებული შემოსავლიდან ციმბირელებს მხოლოდ ნამცეცები რჩებათ”, - განაგრძობს გამოცემა.

“სხვათა შორის, ციმბირელი სეპარატისტები განსაკუთრებით 2014 წელს გააქტიურდნენ, მაგრამ პუტინის სპეცსამსახურებმა მათთვის ჩვეული მეთოდებით დაამშვიდეს “განსაკუთრებულები”. თუმცა “ციმბირის რესპუბლიკის” იდეა არსად წასულა, სძინავს და როცა დრო დადგება, გაიღვიძებს. “ციმბირის რესპუბლიკის” გვერდით შესაძლოა ვიხილოთ “ურალის რესპუბლიკაც~. მით უმეტეს, აქ სეპარატისტებს შორის ერთგვარი კონკურენციაცაა. ნაწილს “ურალის რესპუბლიკა” სურს, ნაწილს კი “დიდი ურალის ფედერაციული რესპუბლიკა”, რომელიც უფრო მეტ ტერიტორიას მოიცავს, ვიდრე გეოგრაფიულად ურალია. ადგილობრივი სეპარატისტების იდეოლოგია ისეთივეა, როგორიც დაახლოებით “ციმბირის რესპუბლიკის”. მათი აზრით, ურალის მოსახლეობის მთავარი მტრები უცხოელი დამპყრობლები კი არა, რუსეთის მთავრობაა, რომელიც რეგიონს ძარცვავს. ციმბირელებისგან განსხვავებით, ურალის სეპარატისტებს “რესპუბლიკობის” გამოცდილება უფრო აქეთ აქვთ, უახლოეს წარსულში. დიახ, 1993 წელს სვერდლოვსკის მხარის ტერიტორიაზე “ურალის რესპუბლიკა” გამოცხადდა და მალევე კონსტიტუციაც მიიღო. მთავარი მოქმედი ფიგურა იყო “ურალის რესპუბლიკის” ხელმძღვანელი ედუარდ როსელი, რომელიც დიდი სახალხო პოპულარობით სარგებლობდა. უკვე ბეჭდვაში იყო გაშვებული ფულის ერთეულიც - ურალის ფრანკი. კრემლი ოპერატიულად ჩაერია და სეპარატიზმი ჩაახშო, მაგრამ იდეა ადგილობრივებში დღემდე პოპულარულია”, - დასძენს გამოცემა.

“2019 წელს ეკატერინბურგში მღელვარება დაიწყო არაპოლიტიკურ ნიადაგზე, თუმცა აქციებზე სეპარატისტული ლოზუნგები ისმოდა და კრემლმა მაქსიმალურად “მოუჭირა” ცენზურას, რათა ამ ამბავს სხვა რეგიონებამდე არ მიეღწია... ტუვა (ტივა) რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს სამშობლოა. როგორც მისი ნაცნობები ინტერვიუებში ჰყვებიან, მისი ოცნება იყო ტუვას პრეზიდენტი გამხდარიყო (შოიგუს თავისი რესპუბლიკა რუსეთის შემადგენლობაში მყოფი წარმოედგინა თუ დამოუკიდებელი, ამას მისი ნაცნობები არ აკონკრეტებენ). თუმცა შოიგუ დიდ პოლიტიკაში წავიდა და თუ ოდესმე უკრაინაში რუსეთის დანაშაულებთან დაკავშირებით ტრიბუნალი შედგა, ერთ-ერთი­ მთავარი ბრალდებული სწორედ სერგეი კუჟუგეტოვიჩი იქნება. ტუვა კი როგორც იყო რუსეთის ერთ-ერთი უღარიბესი რეგიონი, ისეთივედ დარჩა. ტუველებისთვის თავის გადარჩენის ერთადერთი გამოსავალი ჯარში სამსახურია. ჰოდა, უნახავი ტუველი ჯარისკაცები უკრაინაში (რა თქმა უნდა, რუსებსა და რუსეთში მცხოვრებ სხვა ეროვნების წარმომადგენლებთან­ ერთად) დანაშაულს სჩადიან და უნიტაზებს იპარავენ. ცნობილი რუსი ბლოგერი და ჟურნალისტი ვარლამოვი ორიოდე წლის წინ იმყოფებოდა ტუვაში. მისი რეპორტაჟი რომ ნახოთ, მიხვდებით, რატომ იპარავენ უნიტაზებს რუსეთის მოქალაქეები”, - წერს სტატიის ავტორი.

“გარდა ამისა, როგორც ადგილობრივებმა ჟურნალისტს უთხრეს, დღის ოთხი საათის შემდეგ ქუჩაში ფხიზელ კაცს ვერ იპოვიდა. თავად ვარლამოვიც ძლივს გადაურჩა თავდასხმას. თუმცა ეს არ არის მთავარი. მთავარი ის არის, რომ ვარლამოვის ინფორმაციით, ტუვაში ნაციონალიზმი მძვინვარებს - ადგილობრივები ყველანაირად ცდილობენ ეთნიკური რუსების შევიწროებას: ყოფითი საკითხებით დაწყებული და სახელისუფლებო სტრუქტურების ჩათვლით. ნაციონალიზმის რა მოგახსენოთ, მაგრამ სეპარატიზმი ტუველებისთვის უცხო ნამდვილად არ არის. 1990 წლის 12 დეკემბერს (ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს), ტუვის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო დეკლარაცია სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის შესახებ. მოსკოვმა ამჯერადაც მოახერხა სეპარატიზმის ჩახშობა, მაგრამ იდეა დარჩა... ტუვის არ იყოს, კარელიაც ერთ-ერთი ჩამორჩენილი რუსული მხარეა. იქ სულ ახლახან უცნაური ამბები დაიწყო. კერძოდ, წარწერები სახელმწიფო დაწესებულებებზე და გზის მაჩვენებლები ორენოვნად გადააკეთეს - რუსულად და კარელიურად. რუსულ რეგიონულ მედიას თუ გადაავლებთ თვალს, ნახავთ, რომ კარელიაშიც სეპარატისტთა ორი დაჯგუფება მოქმედებს - ერთს ფინეთთან მიერთება უნდა, მეორეს კი დამოუკიდებლობა. კარელიის ტერიტორიაზე არალეგალურად ვრცელდება გაზეთი “ფინური კარელია”. რა თქმა უნდა, რუსული პროპაგანდისტული მედია ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი “ფეიკია”, თუმცა დაინტერესებული ადამიანი ინტერნეტში იოლად იპოვის ფაქტებს იმის შესახებ, რომ ამ რეგიონში სეპარატიზმმა უკვე გაიღვიძა”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

“P.S. მთელი გაზეთი არ ეყოფა რუსეთში მიძინებული სეპარატიზმის მთლიანად მიმოხილვას. რუსეთს ეს პირველად 90-იან წლებში დაემუქრა. თუმცა მაშინ დასავლეთი რუსეთის მოკავშირე იყო და სწორედ ვაშინგტონ-ბრიუსელის მრავალმილიარდიანმა დახმარებებმა გადაარჩინა ეს ქვეყანა. არ ვიცი, მაშინდელი ლიდერები თვლიან თუ არა ამას სტრატეგიულ შეცდომად, რადგან 20 წელიწადში მიიღეს აგრესიული პუტინი, რომელიც მესამე მსოფლიო ომით იმუქრება. დღეს რუსეთი და დასავლეთი ფრონტის სხვადასხვა მხარეს არიან. ასე რომ, ჯერ კიდევ საკითხავია, უკრაინაში რუსეთის დამარცხების შემდეგ (და იმედია, ეს მალე მოხდება) ჩათვლიან თუ არა ვაშინგტონში, ბრიუსელში ან ლონდონში, რომ რუსეთის ერთიანობის შენარჩუნებას მსოფლიო უსაფრთხოებისთვის მაინცდამაინც გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს”, - დაასკვნის სტატიის ავტორი, რედაქტორი გიორგი კვიტაშვილი.

ახალი სანქციები და პირველი დარტყმა “ანტისანქციურ ჰაბზე” - ვინ ეხმარება რუსეთს სანქციებისათვის გვერდის ავლაში

“დასავლეთი რუსეთის წინაღმდეგ სანქციებს კიდევ უფრო ამკაცრებს, რომელიც ითვალისწინებს, როგორც რუსეთის მსხვილი კერძო ბანკების საერთაშორისო საგადახადო სისტემიდან სრულიად გათიშვას, ისე იმპორტ-ექსპორტის კიდევ უფრო შეზღუდვას. უკრაინაში ომის დაწყების წლისთავზე ევროკავშირმა თავისი სანქციების მე-10 პაკეტი გამოაქვეყნა. ასევე ახალი სანქციები დააწესეს აშშ-მა და ბრიტანეთმა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ახალი შეზღუდვების პარალელურად დასავლეთი სერიოზულ ბრძოლას იწყებს იმ მესამე ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან. ევროკავშირში აცხადებენ, რომ ევროკავშირიდან რუსეთში სავაჭრო ნაკადების მასიური შემცირების პარალელურად მესამე ქვეყნებთან ევროკავშირის ვაჭრობის უჩვეულო ზრდა შეინიშნება და ეს განსაკუთრებით თვალში საცემია უშუალოდ რუსეთის მეზობელ ქვეყნებში”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ახალი სანქციები და პირველი დარტყმა “ანტისანქციურ ჰაბზე” - ვინ ეხმარება რუსეთს სანქციებისათვის გვერდის ავლაში

“გასულ კვირას “დიდი შვიდეულის” წევრმა ქვეყნებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც მესამე ქვეყნებს მოუწოდებენ, რომ რუსეთის მატერიალური მხარდაჭერა შეწყვიტონ. წინააღმდეგ შემთხვევაში სერიოზული ზომებს მიიღებენ. მეტიც, გერმანია აპირებს, რომ სანქცირებული საქონლის რუსეთში ჩრდილოვანი ექსპორტი სისხლის სამართლის დანაშაულად აქციოს. გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა და ვიცე-კანცლერმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ სანქცირებული საქონლის “მნიშვნელოვანი რაოდენობა” გერმანიიდან და ევროკავშირიდან რუსეთში მესამე ქვეყნების გავლით შედის და ქვეყნის მთავრობა ამის მოთმენისთვის მზად არაა და არაა გამორიცხული, რომ საქნცირებული საქონლის რუსეთში ექსპორტი კრიმინალური დანაშაული გახდეს. კონკრეტულ ქვეყნებს დასავლელი ლიდერები “უდანაშაულობის პრეზუმციის” გამო ჯერჯერობით არ ასახელებენ, თუმცა, როგორც გერმანიის წარმომადგენელი ამბობს, ეს უნდა გაკეთდეს როგორც ეროვნულ, ისე პანევროპულ დონეზე. მან წარმოადგინა შესაბამისი წინადადებები და დაჟინებით მოითხოვს მათ ჩართვას ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტში. აშშ-მა და ბრიტანეთმა კი გასულ კვირას სერიოზული დარტყმა მიაყენეს “ანტისანქციურ ჰაბს”, რომელიც, მათი შეფასებით, არაბთა გაერთიანებულ ემირატებში ჩამოყალიბდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“გარდა ამისა, დასავლურ მედიაში უკვე ასახელებენ კონკრეტულ ქვეყნებსა და შესაბამის სტატისტიკას, რომელიც ირიბად მიუთითებს, თუ როგორ და ვისი წყალობით შეიძლება ხდებოდეს რუსეთისათვის სანქცირებული პროდუქციის მიწოდება... ომის წლისთავთან დაკავშირებით, აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. ვაშინგტონმა სასანქციო სიაში 22 ფიზიკური და 83 იურიდიული პირი შეიყვანა. სანქციები მიზნად ისახავს რუსეთის შესაძლებლობის შემცირებას, გააგრძელოს ომი უკრაინის წინააღმდეგ და მოიპოვოს ომისთვის საჭირო რესურსები. შეზღუდვები, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს რუსეთის ეკონომიკის მეტალურგიულ და სამთო სექტორებს. ამასთან, აშშ რუსეთსა და ბელარუსში 300 დოლარზე მეტი ღირებულების სმარტფონების მიწოდებას კრძალავს. შეზღუდვები არა მხოლოდ მობილურ ტელეფონებს შეეხება, არამედ ვენტილატორებს, კონდიციონერებს და მაცივრებს, რომლებიც 750 დოლარზე მეტი ღირებულებისაა. ასევე შეიზღუდა იმ მიკროტალღური ღუმელების, ჭურჭლის სარეცხი მანქანებისა და პრინტერების ექსპორტი, რომლებიც 300 დოლარზე მეტი ღირს. სია სულ 276 სხვადასხვა დასახელების მსგავს პროდუქციას შეიცავს. აღნიშნული ნივთების ექსპორტირება გამონაკლის შემთხვევებში დაიშვება, ამისთვის ექსპორტიორს სპეციალური ლიცენზია დასჭირდება. ამის პარალელურად, აშშ აგრძელებს რუსეთის ეკონომიკაზე “ფინანსური ფარდის” ჩამოფარებას, რაც ითვალისწინებს იმას, რომ სულ უფრო მეტ ბანკს უზღუდავს ამერიკული დოლარით ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობას”, - განაგრძობს გამოცემა.

“საერთაშორისო საგადასახადო სისტემა “სვიფტ”-იდან გათიშულია თითქმის ყველა მსხვილი რუსული ბანკი და როგორც რუსული წყაროები სტატისტიკაზე დაყრდნობით წერენ, სანქციებმა მათ დიდი ზიანი მიაყენა. რუსული წყაროები იმედოვნებდნენ, რომ მსხვილი კერძო რუსული ბანკებიდან აშშ-მ მხოლოდ “ტინკოფი” “დაინდო”, თუმცა ის ევროკავშირის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტში მოაქციეს. სანქციების გამკაცრებაზე ევროკავშირიც შეთანხმდა, უკვე დაამტკიცა მეათე პაკეტი, სადაც მთლიანობაში შეზღუდა რუსეთში მისი ექსპორტის თითქმის ნახევარი - 49%. სანქციების სიაში ასევე შედის სამი რუსული ბანკი - “ტინკოფი”, “ალფა-ბანკი” და “როსბანკი”. ახალი სანქციები ვრცელდება 121 ადამიანსა და ორგანიზაციაზე, ხოლო დაწესებული შეზღუდვები გავლენას მოახდენს რუსეთიდან იმპორტსა და ექსპორტზე, ასევე რუსული პროპაგანდისტული მედიის მუშაობაზე. შეზღუდვები ასევე დაწესდა მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია დეპორტაციაზე და მინიმუმ 6 000 უკრაინელი ბავშვის იძულებით გაშვილებაზე. ახალი პაკეტი, კერძოდ, მოიცავს სანქციებს 96 ორგანიზაციის წინააღმდეგ. შეზღუდვები შეეხო, მათ შორის, ირანის შვიდ საწარმოს, რომლების მიერ გამოშვებული უპილოტო თვითმფრინავებიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენა”, - დასძენს გამოცემა.

“შეზღუდვების გამკაცრებასთან ერთად, დასავლეთი ბრძოლას იწყებს რუსეთისათვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ. “დიდი შვიდეულის” წევრმა ქვეყნებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც მესამე ქვეყნებს მოუწოდებენ, რომ სანქციების გვერდის ავლით რუსეთის მატერიალური მხარდაჭერა შეწყვიტონ. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, წინააღმდეგ შემთხვევაში სერიოზული ზომებს მიიღებენ. “დიდი შვიდეულის” ლიდერებმა ასევე პირობა დადეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გააძლიერებენ. როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი სანქციების საკითხში, დევიდ ოსალივანი „ფაინენშელ თაიმსთან" აცხადებს, ევროკავშირი ეჭვობს, რომ ზოგიერთი ქვეყანა რუსეთს დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. აქვე ნათქვამია, რომ ევროკავშირი აშშ-სთან, ბრიტანეთთან და სხვა მოკავშირეებთან ერთად, რუსეთის ექსპორტის მკვეთრ ზრდას იძიებს მის მეზობლებთან. ოსალივანის თქმით, ევროკავშირიდან რუსეთში სავაჭრო ნაკადების მასიური შემცირება და მესამე ქვეყნებთან ვაჭრობის უჩვეულო ზრდა შეინიშნება, განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციის სიახლოვეს, თუმცა მას “უდანაშაულობის პრეზუმციის” გამო, კონკრეტული ქვეყნები არ დაუსახელებია, რომლებიც სანქციების გვერდის ავლაში რუსეთს ეხმარებიან”, - წერს სტატიის ავტორი.

“თუმცა ამასთან დაკავშირებით თავად „ფაინენშალ თაიმსს" ერთი საინტერესო მონაცემი მოჰყავს - გასული წლის დეკემბერში ყაზახეთმა ევროპის ქვეყნებიდან დაახლოებით მილიონი ევროს ღირებულების სარეცხი მანქანები შეიძინა, რაც ოთხჯერ აღემატება 2021 წლის დეკემბერში შესყიდვების მოცულობას, ეს კი გარკვეულ ეჭვს ბადებს. ამასთან, გერმანის განზრახული აქვს სანქცირებული საქონლის რუსეთში ჩრდილოვან ექსპორტს სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაცია მიანიჭოს. გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა და ვიცე-კანცლერმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ სანქცირებული საქონლის “მნიშვნელოვანი რაოდენობა” გერმანიიდან და ევროკავშირიდან რუსეთში მესამე ქვეყნების გავლით შედის. მისი თქმით, გერმანიის მთავრობა ამის მოთმენისთვის მზად არაა და პირობა დადო, რომ იბრძოლებს მათ შორის იმისთვის, რომ სანქცირებული საქონლის რუსეთში ექსპორტი კრიმინალური დანაშაული გახდეს. როგორც ჰაბეკმა განაცხადა, ეს უნდა გაკეთდეს როგორც ეროვნულ, ისე პანევროპულ დონეზე. მინისტრმა წარმოადგინა შესაბამისი წინადადებები და დაჟინებით მოითხოვს მათ ჩართვას ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტში. კომპანიებს მოუწევთ, რომ საექსპორტო დეკლარაციებში მკაფიოდ დაასახელონ თავიანთი საქონლის საბოლოო დანიშნულების ქვეყანა და “განაცხადონ, რომ ისინი არ იქნება ექსპორტირებული რუსეთში. ახალი წესები გავრცელდება “ყველა სანქცირებული საქონელზე, რომელიც მნიშვნელოვანია რუსული სამხედრო მანქანისთვის”, - ნათქვამია გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

“მათივე ცნობით, ნებისმიერს, ვინც მიაწვდის ცრუ ინფორმაციას საბოლოო დანიშნულების ქვეყანასთან დაკავშირებით, შეიძლება დაემუქროს სისხლის სამართლებრივი დევნა. ამის პარალელურად, აშშ და ბრიტანეთი უკვე მოქმედებაზე გადავიდნენ. მათი ბოლო სანქციები უკვე შეფასდა, როგორც დარტყმა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ფორმირებულ “ანტისანქციონურ ჰაბზე”. დასავლური მედიის ცნობით, წინასწარი გაფრთხილების შემდეგ, გასული კვირიდან მათ დაიწყეს სანქციების დაწესება იმ რუსული კომპანიებისათვის, რომელთაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში გახსნეს შვილობილი კომპანიები ემირატებში. მანამდე ბრიტანელი და ამერიკელი მაღალჩინოსნები რამდენჯერმე იმყოფებოდნენ აბუ-დაბიში და გააფრთხილეს ადგილობრივი ხელისუფლება, რომ მზად იყვნენ სანქციები დაეწესებინათ იმ კომპანიებისა და ფიზიკური პირებისათვის, ვინც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაშ ეხმარება. დასავლური მედიის ცნობით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში იმ რუსული კომპანიების რაოდენობა, რომელთაც ემირატებში ოფიციალური წარმომადგენლობები გახსნეს, 7-ჯერ გაიზარდა. ამასთან, მხოლოდ 2023 წლის პირველ ორ თვეში ქვეყანაში 700 ასეთი ფირმა გაიხსნა. ამავე წყაროების ცნობით, ბოლო ერთ წელიწადში რუსეთის უმდიდრესი მოქალაქეების თითქმის მესამედი თავისი ფინანსური აქტივებით სწორედ ემირატებში გადაბარგდა”, - დასძენს სტატიია ავტორი.

“ყველა უცხოელი ერთად რომ აიღოთ, იმაზე მეტი ქართველი იბრძვის უკრაინაში”

“რუსეთ-უკრაინის ომმა არაერთი გმირობისა თუ ამაღელვებელი ამბის მომსწრე გაგვხადა. ერთ-ერთი ასეთი იყო კუნძული ზმეინის გათავისუფლება. ამ ამბავში ჩვენთვის, ქართველებისთვის, განსაკუთრებული ის არის, რომ პირადად პრეზიდენტ ზელენსკის განკარგულებით დაკომპლექტებულ 12-კაციან ჯგუფში უკრაინელებთან ერთად მხოლოდ ქართველები არიან. ვიცე-პოლკოვნიკი ლაშა შერგელაშვილი ერთ-ერთი მათგანია იმ ოთხი ქართველიდან. ის უკრაინის ცენტრალური სადაზვერვო დანაყოფ ”ზგარდის” წევრია. “ზგარდი” ყოფილი სპეცრაზმელებისგანაა დაკომპლექტებული და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო დავალებებს ასრულებს. შერგელაშვილს სპეციალური დანიშნულების რაზმში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს, მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს ომსა და სხვა მნიშვნელოვან ოპერაციებში. შეგახსენებთ, რომ ლაშა ის სპეცრაზმელია, რომელმაც “გავრილოვის ღამეს” იარაღზე ხელი აუკრა მეთოფე კოლეგას, რომელიც აქციის მონაწილეებს რეზინის ტყვიებს დამიზნებით ესროდა. ჩემი რესპონდენტი უკრაინაში ომის დაწყებისთანავე გაემგზავრა და “კვირის პალიტრასთან” რუსეთ-უკრაინის ომის ერთწლიან პერიპეტიებს იხსენებს”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით “ყველა უცხოელი ერთად რომ აიღოთ, იმაზე მეტი ქართველი იბრძვის უკრაინაში”.

“2005 წლიდან ვმსახურობდი სპეცდანიშნულების რაზმში, 20-წლიანი მუშაობის შემდგომ პენსიაზე გავედი. უკრაინაში რუსეთის შეჭრის ამბავი ტელევიზიით გავიგე. როდესაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ ყველას მოუწოდა, ვისაც რითი შეგიძლიათ დაგვეხმარეთო, ვიფიქრე, მეც რაღაც უნდა გამეკეთებინა. მერე ჩემმა მეგობარმა დამირეკა უკრაინიდან - ბევრი მეგობარი მყავს უკრაინელ სამხედროებს შორის. ერთმა მათგანმა, რომელიც მაღალი თანამდებობის პირია, პირადად მთხოვა ჩემი გამოცდილება მათ დასახმარებლად გამომეყენებინა. 27 თებერვალს გადაწყვეტილება მივიღე და უკრაინაში გავემგზავრე. სამი დღე ვიყავი გზაში. პოლონეთიდან ლონდონელი ჩეჩენი დამემგზავრა. კადიროვის ხელისუფლებისგან ყოფილა დევნილი, სტუდენტობა თბილისში გაუტარებია. ორი დღე ვიყავით ერთად და დავმეგობრდით. იმდენი საერთო აღმოგვაჩნდა, თითქოს ერთი ქვეყნის შვილები ვიყავით. კიევში დავიშალეთ, ის ჩეჩნურ ბატალიონში გადავიდა, მე “ქართული ლეგიონის” ბიჭებთან მივედი, რომ მომეფიქრებინა, სად, რა და როგორ შეიძლებოდა გამეკეთებინა. საბოლოოდ უკრაინის მთავარი დაზვერვის სამსახურში მოვხვდი. იქ სხვა ქართველებიც დამხვდნენ, ჯერ კიდევ 2014 წელს ჩამოსულან უკრაინაში”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვიცე-პოლკოვნიკი ლაშა შერგელაშვილი.

“27 თებერვალს ჩავედი კიევში, ქალაქი საშინელ დღეში დამხვდა. უკაცრიელ ქუჩებში მხოლოდ კანტიკუნტად დადიოდნენ ადამიანები, შეშინებული და დაზაფრული სახეებით, თითო-ოროლა მაღაზიას ან აფთიაქს თუ ნახავდით ღიას. საომარ მოქმედებებში ჩართვიდან სამ თვეში ისევ მომიწია დედაქალაქში დაბრუნებამ და შეიძლება ითქვას, მოსულიერებული კიევი დამხვდა. ყველაფერი მუშაობდა. ხალხს შიშის მაგივრად რისხვა და ბრაზი ეწერა სახეზე. ერთი ამბავი მინდა გიამბოთ: კიევში მეორე ჯერზე რომ ჩამოვედი, ღამის გასათევად მეგობარს ვესტუმრე. მას ონკანი გაუფუჭდა და სანტექნიკოსი გამოიძახა. სწორედ მაშინ განმეორდა სარაკეტო თავდასხმა. დაახლოებით ორ საათში მოვიდა. ვკითხე, რამ მოგიყვანა ასეთი თავდასხმის დროს-მეთქი. რას ჰქვია, რამ მომიყვანა, ჩემი მოვალეობა შევასრულეო. მითხრა, რომ კიევში ჩამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე ზაპოროჟიეს ერთ სოფელში ცხელ წერტილთან მუშაობდა. რუსებსაც ეგ უნდათ, ყველამ რომ ჩვენი საქმე მივატოვოთო. მაშინ გავიფიქრე, რომ ამ ხალხს მაროდიორი რუსები ვერ დაამარცხებენ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“აგვისტოს ომმა რუსებისადმი ჩემი დამოკიდებულება რადიკალურად შეცვალა. რუსებმა და ოსებმა 2 აგვისტოს ერედვის მიმართულებით ისროლეს. მეც იქ ვიყავი. მაშინ გადავრჩით, მაგრამ 4 აგვისტოს ისევ გვესროლეს და ბიჭები მანქანაში ჩაგვიხოცეს. 7 აგვისტოს საღამოს წავედით ცხინვალისკენ და 8 აგვისტოს დილით შევედით ქალაქში. დღის სამ საათზე სამშვიდობო საათი გამოაცხადეს დევნილებისთვის. საღამოს კიდევ იყო შეტაკება. 9 აგვისტოს დილით სხვა დავალება მივიღეთ, რა დროსაც მოიერიშე თვითმფრინავებმა აღმოგვაჩინეს. მე მაშინ დავიჭერი და საბრძოლო მოქმედებებს გამოვეთიშე. საავადმყოფოდან ვცდილობდი ამბების გაგებას. მას შემდეგ ყოველივე რუსულის მიმართ პროტესტი გამიჩნდა, ყოველი რუსი ჩემთვის პოტენციური მტერი გახდა. ვბრაზობ, როდესაც მათზე ამბობენ, ერთმორწმუნეები არიანო. უღირსი და ყველაფრის მკადრებელი, უბინძურესი სულის ხალხია. როდესაც უკრაინაში ვხედავ მათ ნამოქმედარს, გული მეკუმშება. თქვენ წარმოდგენაც არა გაქვთ, რას არის ქართველი მოსახლეობა გადარჩენილი. რუსებს მეომრობის არაფერი სცხიათ, ტერორისტები, ქურდები და მოძალადეები არიან, მხოლოდ მშვიდობიან მოსახლეობასთან აქვთ დიდი გული”, - მიიჩნევს ვიცე-პოლკოვნიკი.

“ჯერ იქადნებოდნენ, სამ დღეში თუ არა, ერთ კვირაში აიღებდნენ კიევს, მერე ეს რომ ვერ მოახერხეს, მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა დაიწყეს, საცხოვრებელი კორპუსები, სამშობიარო სახლები და საბავშვო ბაღებიც კი არ დაინდეს... მე ვნახე თავად რუსების გადაღებული ვიდეო და შოკში ჩავვარდი. არის ასეთი ხელსაწყო, ავტომატის ზუმბა, რომლის საშუალებითაც იარაღის ლულა ჭუჭყისგან იწმინდება. ჰოდა, აი, ეს ზუმბა არაკაცმა რუსმა ჯარისკაცმა 9 წლის ბიჭს თვალში გაუყარა მას შემდეგ, რაც გააუპატიურა, თან ეს ყველაფერი ტელეფონით გადაიღო. ბოლო დროს მსგავსი ფაქტები ნაკლებად ხმაურდება. რუსებს ახლა ლუგანსკისა და დონბასის ტერიტორია, ასევე ზაპოროჟიეს ნაწილი აქვთ დაკავებული. ამ ფრონტებზე ბრძოლაა და როდესაც ის ადგილები გათავისუფლდება, მერე კიდევ ბევრი სისასტიკის ამბავი გახდება ცნობილი. იმაზე აღარაფერს ვამბობ, მოხუცებზე რომ ძალადობენ, მამაკაცებზე აქვთ განსაკუთრებული გართულება. არ ვიცი, ეს რა ჯიშის ხალხია. ამათ როგორ შეიძლება ერთმორწმუნეები ვუწოდოთ? ერთმორწმუნე, მამაცი, ღირსეული მეომრები უკრაინელები არიან. რუსებმა ყველანაირი ბინძური მეთოდებით სცადეს უკრაინელების გატეხა, მაგრამ ვერ მოახერხეს, საპირისპირო მიიღეს. ის უკრაინელებიც კი, რომლებიც ომის დაწყებამდე ლოიალურად იყვნენ განწყობილი, რუსებს დანასისხლად გადაემტერნენ. ბევრი უკრაინელი ვიცი, რომლებმაც რუსეთში გათხოვილი დედმამიშვილები დაკარგეს. გაამწარეს ეს ხალხი!” - ამბობს ლაშა შერგელაშვილი.

“არ მეგონა, ასე, ერთ მუშტად შეკვრას თუ შეძლებდნენ. ხშირად ვფიქრობ, ჩვენ რა დაგვემართა, რამ დაგვათითოკაცა ასე? ღმერთმა ნუ დააყენოს ისეთი კრიტიკული მომენტი საქართველოში, როგორიც ახლა უკრაინაშია. ეს რომ არ მოხდეს, აქ იმისთვის ვარ მეც და კიდევ ბევრი ქართველი მეომარი. რუსეთი უნდა დამარცხდეს უკრაინაში, რომ ჩვენს ოჯახებს არ შეეხოს მათი ბინძური ხელი. ჩვენ მზად ვართ სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ვიბრძოლოთ. საკუთარ სიცოცხლეს უყოყმანოდ გავწირავთ, ოღონდ ზურგიდან გულს ნუ გვატკენენ უსამართლო ბრალდებებით, ცილისწამებით. აიჩემეს ეს ხელფასები. რა ხელფასი? ჩვენც ზუსტად იმდენს ვიღებთ, რამდენიც უკრაინელ სამხედროს ერიცხება. ჩემი ხელფასის 80% სამხედრო აღჭურვილობასა და სპეცსაშუალებების შეძენას სჭირდება. მე აქ ხელფასის გამო არ წამოვსულვარ. ოთხი თვის განმავლობაში მეც და ბევრი სხვაც საერთოდ უარს ვამბობდით ხელფასის აღებაზე, შემდეგ გვითხრეს, რომ აუცილებლად უნდა აგვეღო, თუნდაც იმისთვის, რომ ბრძოლაში საჭირო ნივთები შეგვეძინა და სიგარეტის ფული გვქონოდა. მე არ ვამბობ, რომ საქართველოს ხელისუფლება ომში უნდა ჩართულიყო. ვიცი, რომ ჩვენ ამის შესაძლებლობა არა გვაქვს. ჩემს უკრაინელ მეგობრებთანაც არაერთხელ მქონია ამ თემაზე საუბარი”, - განმარტავს რესპონდენტი.

“საქართველოს ხელისუფლებას უკრაინაში ისე ვიცავ, როგორც საკუთარ ოჯახს. უკრაინელებს ვეუბნები, რომ ჩვენ არც თქვენსავით დიდი ტერიტორიები გვაქვს და არც თქვენსავით ბევრნი ვართ, ისედაც ბევრი სიცოცხლე შევალიეთ რუსებთან ბრძოლას, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან მოყოლებული-მეთქი. მე იმაზე მწყდება გული, რომ საქართველოს ხელისუფლება ხან ქართველ მებრძოლებს გვემუქრება და გვლანძღავს, ხან საერთო მტერთან ომში მყოფ ქვეყანას. გაჩერდნენ, გვაცალონ, ჩვენ ვახერხებთ საქართველოს სახელის დაცვას. წარმოუდგენელ პატივს სცემენ უკრაინელები ქართველებს. ივლისში ხელი მიმიწვდა უკრაინაში მებრძოლი უცხოელი მეომრების სტატისტიკაზე. ყველა უცხოელი ერთად რომ აგეღოთ, იმაზე მეტი იყო ქართველი. როგორ გგონიათ რატომ? ზოგს აფხაზეთიდან, ცხინვალიდან, აგვისტოს ომიდან გამოყოლილი ჯავრი აქვს, ზოგსაც საკუთარ ქვეყანაში არ უნდა იმის ხილვა, რასაც უკრაინაში ხედავს”, - დაასკვნის ვიცე-პოლკოვნიკი და შეკითხვაზე - “თქვით, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო კუნძულ ზმეინის გათავისუფლებაში ქართველების მონაწილეობა. რატომ?” - პასუხობს:

“იმიტომ, რომ იქ შესვლა ყველას უნდოდა. საბოლოოდ, მთავარსარდალმა გადაწყვიტა, ვინ უნდა შესულიყო. ამ ოპერაციაში მონაწილე ოთხივე ქართველის სახელი ისტორიაში ჩაიწერება. კუნძულზე კი შევედით ოთხი ქართველი, მაგრამ დამხმარე, მხარდამჭერთა ჯგუფში კიდევ ორი ქართველი იყო. შესაბამისად, ოპერაციაში სულ ექვსმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა. კუნძული სისტემატურად იბომბებოდა. რუსული ტელეგრამარხები წერდნენ, თითქოს ზმეინის გათავისუფლების დროს უკრაინელი ჯარისკაცების ნაწილი დაიღუპა. სინამდვილეში იქიდან ზუსტად იმდენი­ კაცი გამოვედით, რამდენიც შევედით. კუნძულის ყოველი გოჯი დანაღმული იყო. ძალიან გაჭირდა შესვლა, მაგრამ გამნაღმველებმა კარგად იმუშავეს და ოპერაცია წარმატებით ჩავატარეთ.

“ვადასტურებ, სამხედრო ექსპერტების ნათქვამს, რომ რუსული თავდასხმა გაძლიერდა, მაგრამ არანაკლები წინააღმდეგობა ხვდება უკრაინისგან. რუსულმა არმიამ მთლიანად შეცვალა და დახვეწა მოქმედების სტილი. ამდენი მსხვერპლის გაღების მერე ისწავლეს ბრძოლის ტაქტიკა. თუმცა როგორც კი დასავლური ტანკები შემოვლენ უკრაინაში, იმ წუთიდანვე დაიწყება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა”. - დასძენს ლაშა შერგელაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა