ხატია დეკანოიძის განცხადებით, „ხალხის ძალის“ მიერ პარლამენტში უცხოური გავლენების შესახებ დარეგისტრირებული ორივე კანონპროექტი რუსულია და „ერთმანეთისგან პრაქტიკულად არ განსხვავდება“

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის განცხადებით, „ხალხის ძალის“ მიერ პარლამენტში უცხოური გავლენების შესახებ დარეგისტრირებული ორივე კანონპროექტი რუსულია და „ერთმანეთისგან პრაქტიკულად არ განსხვავდება“.

როგორც დეკანოიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ კანონპროექტების განხილვაში შევა და გადაწყვეტს, რომელიმეს მხარი დაუჭიროს, ევროინტეგრაციის გზაზე მთავარი დამაბრკოლებელი იქნება“.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ, საქართველოს კანდიდატის სტატუსის და ზოგადად, საქართველოს ევროინტეგრაციის საბოტაჟი გრძელდება. რამდენიმე კვირის წინ ივანიშვილის დეპუტატების, „ხალხის ძალის“ მიერ დარეგისტრირდა რუსული კანონპროექტი, რომელიც ყველანაირ ჟანგბადს უსპობს სამოქალაქო საზოგადოებას. ეს კანონპროექტი საერთაშორისო პარტნიორების მიერ შეფასდა როგორც რუსული კანონპროექტი, გამოეხმაურა კელი დეგნანი, სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკავშირმა თქვა, რომ ნებისმიერი ამ კანონპროექტის სახეცვლილებით მიღება ძირს უთხრის საქართველოს ევროინტეგრაციას. ასევე, იყო გაეროს განცხადება, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოში მდგრადი განვითარება საფრთხის ქვეშ დადგება, თუ ეს კანონპროექტი მიიღება.

რამდენიმე კვირის შემდეგ კი, დღეს ბიუროზე რეგისტრირდება კანონპროექტის მეორე სახეცვლილება, რომელიც ვითომ გაცილებით ხისტი ვარიანტია და ითვალისწინებს ფიზიკური პირების 5 წლით თავისუფლების აღკვეთას, ასევე, ყველა ადამიანის მიმართ განხორციელებას ამ პოლიტიკური ეგზეკუციის ნორმების. მაგრამ რეალურად, თუ ამ კანონპროექტის დარეგისტრირება ხდება დღეს და ამ ორი კანონპროექტის ერთობლივ განხილვაში შევა პარლამენტი, ეს საზოგადოებას არანაირ ცვლილებას არ მისცემს. ორივე ვარიანტი რუსულია. ეს არის რუსული კანონპროექტის იმ შინაარსის ქაღალდი, რომელიც დესტრუქციას უწყობს ევროკავშირში ინტეგრაციას და ყველანაირ სივრცეს სპობს არასამთავრობო სექტორისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც საქართველოს მოქალაქეებს ეხმარება. ეს კანონპროექტი არის საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ინფორმაციისთვის, "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" - ასე ეწოდება რიგით მეორე კანონის პროექტს, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.

პროექტის ავტორები უმრავლესობაში შემავალი "ხალხის ძალის" დეპუტატები: - სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, დაჩი ბერაია და ვიქტორ ჯაფარიძე არიან.

პროექტის გათვალისწინებით, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - ვადით 5 წლამდე.

კანონპროექტის ინიციატორების სახელით პარლამენტში ასევე ინიცირებულია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი.

აღნიშნული პროექტი უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა (20%-ზე მეტი) უცხოეთიდან არის მიღებული. ამავე კანონპროექტის თანახმად, ყველა, ვინც უცხოური გავლენის აგენტად მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა