ალეკო ელისაშვილი - ამერიკის ზოგიერთ შტატში სიკვდილით დასჯაცაა - ელექტროსკამზე აბამენ და კლავენ - ისიც ხომ არ გადმოვიღოთ?!

ამერიკის ზოგიერთ შტატში სიკვდილით დასჯაცაა - ელექტროსკამზე აბამენ და კლავენ - ისიც ხომ არ გადმოვიღოთ?! - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რითაც უპასუხა „ხალხის ძალის“ დეპუტატის ეკა სეფაშვილის განცხადებას, რომ „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტი ამერიკული კანონმდებლობიდან „ქოფი-ფეისთით“ გადმოიტანეს.

ელისაშვილის შეფასებით, აღნიშნული კანონპროექტი რუსულია.

„ყველაფერი უნდა ავიღოთ და როგორც თქვენ ამბობთ, „ქოპი-ფეისთით“ გადმოვიღოთ? ეს არის რუსული კანონი. ქვეყანაში, სადაც აშენებული ხიდი წყალს მიაქვს და ქვეყანაში, სადაც ვეტერან კაცს სახლი დაულეწეს და გარეთ გამოაგდეს, სხვა პრობლემა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ადამიანებს აგენტები დავუძახოთ? ამ დარბაზში რომელია ისეთი, გრანტი რომ არ აუღია და უცხოეთიდან დაფინანსება არ მიუღია? ყველა აგენტია ხო შალვა პაპუაშვილის თამადობით? აგენტების აგენტი იყო, დონორ ორგანიზაციაში იყო და ფულს აძლევდა სხვებს, სხვებს ავერბორკებდა და იბირებდა, როგორც ჩანს. ამ ქვეყანაში, სადაც გაჭირვება და უბედურებაა, იმისთვის აგვირჩია ხალხმა, ისეთი კანონი ავირჩიოთ, რუსებს რომ ვასიამოვნოთ?“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

რაც შეეხება სეფაშვილის განცხადებას, მისი თქმით, უცხოური გავლენების შესახებ ალტერნატიული კანონპროექტი ამერიკული კანონმდებლობის ზუსტი თარგმანია.

„ამერიკული კანონი „ქოფი-ფეისთით“ გადმოვიტანეთ, ვთარგმნეთ და დავარეგისტრირეთ იმ მიზნით, რომ საზოგადოებას საშუალება ჰქონდეს ეს ორი კანონი მუხლობრივად შეადაროს ერთმანეთს და დარწმუნდეს, რაოდენ ჯობია ჩვენ მიერ წარმოდგენილი პირველი ვარიანტი“,- განაცხადა სეფაშვილმა.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა კანონის პროექტი „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, რომელიც უცხოური გავლენების შესახებ „ხალხის ძალის“ მეორე კანონპროექტია.

პროექტის ავტორები უმრავლესობაში შემავალი "ხალხის ძალის" დეპუტატები: - სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, დაჩი ბერაია და ვიქტორ ჯაფარიძე არიან.

პროექტის გათვალისწინებით, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - ვადით 5 წლამდე.

კანონპროექტის ინიციატორების სახელით პარლამენტში ასევე ინიცირებულია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი. აღნიშნული პროექტი უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა (20%-ზე მეტი) უცხოეთიდან არის მიღებული. ამავე კანონპროექტის თანახმად, ყველა, ვინც უცხოური გავლენის აგენტად მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე