ანრი ოხანაშვილი „აგენტების შესახებ“ კანონზე - წუხილი საკომიტეტო განხილვებში უნდა აისახოს და არა ისე, რომ ვინმემ ტაბუ დაადოს თემას - უკაცრავად, მაგრამ წმინდანების საქმიანობას განიხილავენ და სხვადასხვა რაკურსით აფასებენ

წუხილი საკომიტეტო განხილვებში უნდა აისახოს და არა ისე, რომ ვინმემ წინასწარ ტაბუ დაადოს თემას - უკაცრავად, მაგრამ წმინდანების საქმიანობას განიხილავენ და სხვადასხვა რაკურსით აფასებენ, - ასე ეხმიანება აგენტების რეგისტრაციის თაობაზე პარლამენტში ინიცირებული 2 კანონპროექტის თაობაზე გამოთქმულ კრიტიკას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.

მისი თქმით, თუ წუხილი ტერმინოლოგიას შეეხება, ამაზე მსჯელობა შესაძლებელია და დასაბუთებას და არგუმენტებს მოისმენენ, თუმცა, პრინციპი რომ ყველაფერი იყოს გამჭვირვალე და მოხდეს კონკრეტულ ვებ-გვერდზე ადმინისტრირება, არ ჰგონია, ვინმესთვის დისკომფორტს წარმოადგენდეს.

"ეს წერია ერთ - ერთ კანონპროექტში, რომ არც ერთი ორგანიზაციის საქმიანობას საფრთხე არ უნდა შეექმნას. გაერო იქნება თუ ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელთანაც ვთანამშრომლობთ, თუ მოგვაწვდიან წინადადებას საქმიანად და შინაარსობრივად, თუ რაზე წუხან, ჩვენ მზად ვართ ამაზე ვიმსჯელოთ. საკომიტეტო განხილვებში უნდა აისახოს ეს და არა ისე, რომ ვინმემ წინასწარ ტაბუ დაადოს თემას, რომ თურმე კონკრეტულ საკითხზე მსჯელობის დაწყება დემოკრატიასთან არის შეუთავსებელი. უკაცრავად, მაგრამ წმინდანების საქმიანობას განიხილავენ და სხვადასხვა რაკურსით აფასებენ, ესეც კი მისაღები შეიძლება იყოს დემოკრატიული პრინციპებისთვის და რა არის ის პრინციპი, რომელიც ამ საკითხთან მიმართებით განხილვასაც კი მიუღებელს ხდის,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

პარლამენტი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას იწყებს. პროექტებს სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ 2 მარტს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ.

პარლამენტში თავდაპირველად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დარეგისტრირდა. აღნიშნული კანონპროექტი „გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა (20%-ზე მეტი) უცხოეთიდან არის მიღებული.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას

რაც შეეხება „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტს, აღნიშნული პროექტის გათვალისწინებით, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს.

„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს