აჭარის უმაღლეს საბჭოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები - მოვუწოდებთ ხელისუფლებას უარი თქვას რუსული კანონის მიღებაზე - უმაღლესი საბჭოს „ქართული ოცნების“ გუნდისაგან მოვითხოვთ ღია პოზიციის დაფიქსირებას

აჭარის უმაღლეს საბჭოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები - მოვუწოდებთ ხელისუფლებას უარი თქვას რუსული კანონის მიღებაზე - უმაღლესი საბჭოს „ქართული ოცნების“ გუნდისაგან მოვითხოვთ ღია პოზიციის დაფიქსირებას

აჭარის უმაღლეს საბჭოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მმართველ გუნდს მოუწოდებენ, უარი თქვან რუსული კანონის მიღებაზე.

როგორც მათ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, აჭარის უმაღლესი საბჭოს „ქართული ოცნების“ წევრებისგან პოზიციის დაფიქსირებას ითხოვენ, რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებით.

„ბოლო პერიოდში ხელისუფლება აქტიურად დაკავდა ანტიდასავლური კამპანიით, უფრო მეტიც ინიცირება მოახდინეს რუსული კანონისა, რომლის მიხედვითაც ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული განვითარება, გამოაცხადებენ „უცხოური გავლენის აგენტებად”.​ კარგად გამოჩნდა, რომ ხელისუფლება არ აპირებს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას და ახლა ცდილობენ ჩამოგვაშორონ ევროპულ გზას. როცა ხელისუფლება ცდილობს ამ კანონით ევროინტეგრაციის პროცესის დისკრედიტაციას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე გავლენის გაძლიერებას, გვინდა შევახსენოთ მათ, რომ აჭარის რეგიონში ამერიკისა და ევროკავშირის პროგრამებით დაფინანსდა​ჯანდაცვის და სოციალური პროგრამები, მათ შორის C ჰეპატიტის პროგრამა, სოციალური სახლების მშენებლობა და სხვა​სოფლის მეურნეობის პროგრამები ბათუმის წყლისა და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაციის პროგრამა ბათუმის ნაგავსაყრელის პროგრამა​გზებისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობა​მუნიციპალური ავტობუსების შესყიდვა​სკოლების რეაბილიტაცია სტუდენტების უცხოეთში სწავლება უფასო იურიდიული დახმარება და სხვა სწორედ ამ და სხვა უამრავ პროგრამებში დასაქმებულ პირებს ხელისუფლება მიაკერებს უცხოური გავლენის აგენტის იარლიყს.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას უარი თქვას რუსული კანონის მიღებაზე; უმაღლესი საბჭოს „ქართული ოცნების“ გუნდისაგან მოვითხოვთ ღია პოზიციის დაფიქსირებას ინიცირებული, რუსული კანონის მიღებაზე; ჩვენ ვიწყებთ კამპანიას მოსახლეობას გავაცნოთ უმნიშვნელოვანესი პროექტები, რომელიც ხორციელდება ამერიკისა და ევროკავშირის დახმარებით“, - აცხადებენ უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერი დეპუტატები.

ცნობისთვის, პარლამენტი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ განხილვას დღეს იწყებს.

კანონპროექტები წარდგენილია „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების: - სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ.

პარლამენტში თავდაპირველად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დარეგისტრირდა. აღნიშნული კანონპროექტი „გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა (20%-ზე მეტი) უცხოეთიდან არის მიღებული.

რაც შეეხება რიგით მეორე - „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტს, აღნიშნული პროექტის გათვალისწინებით, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს.

„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით.