"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, სამართალდამცავებს მკაცრი მითითება მისცეს, აქციის მონაწილეების მისამართით სპეციალური საშუალებების გამოყენების წესების დაცვასთან დაკავშირებით.
საია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც მიმართავს და მოუწოდებს, სამართალდამცავების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების შემთხვევებზე გამოძიების მყისიერი და ეფექტიანი წარმოება უზრუნველყონ. „ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი მოქალაქეების მისამართით სახელმწიფო საპოლიციო ძალას უკანონოდ და არაპროპორციულად იყენებს.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ დაახლოებით 01:45 საათიდან მნიშვნელოვნად ინტენსიური გახდა რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენება. როგორც საჯაროდ გავრცელებული კადრებიდან ჩანს, საშუალებების გამოყენება ხდება წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ამასთან, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენება ერთმანეთის პარალელურად, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტს. ამასთან, ადგილი აქვს ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის ინტენსიურად, დროში შემჭიდროებულ შუალედებსა და დიდი რაოდენობით გამოყენებას, რასაც, გარდა არაპროპორციული ბუნებისა, აქვს მშვიდობიანი მოქალაქეებისადმი არასათანადო მოპყრობის ტოლფასი ეფექტი.
მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს: სამართალდამცავებს მიეცეთ მკაცრი მითითება სპეციალური საშუალებების გამოყენების წესების დაცვასთან დაკავშირებით; შეწყდეს სპეციალური საშუალებების გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების მისამართით. მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს: უზრუნველყოს სამართალდამცავების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების შემთხვევებზე გამოძიების მყისიერი და ეფექტიანი წარმოება. სამართალდამცავებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყეს. სპეცრაზმელებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, ისინი ამ გზით ცდილობენ გზის სავალი ნაწილის დემონსტრანტებისგან გათავისუფლებას“, - ნათქვამია საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.