ვანო მერაბიშვილი - მრცხვენია, რომ ქართველები ამ ომში არ არიან უკრაინელთა მთავარი მოკავშირეები

შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, თუკი რამდენიმე წლის წინ ვინმეს ჯერ კიდევ ეჭვი ეპარებოდა „ქართული ოცნების“ პრორუსული ორიენტაციის შესახებ, დღეს უკვე კითხვა აღარავის უჩნდება.

ამის შესახებ მან უკრაინაში, 10 მარტს, სააგენტო „უკრინფორმის“ მედიაცენტრში განაცხადა.

„უფრო მეტიც, 24 თებერვლის შემდეგ, როდესაც ომი დაიწყო, ბევრისთვის გასაოცრად, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო აშკარა პრორუსული პოლიტიკა და მე როგორც ქართველს, მრცხვენია, რომ ქართველები ამ ომში არ არიან უკრაინელთა მთავარი მოკავშირეები, რადგან საქართველომ ბევრი გადაიხადა თავისუფლებისთვის, ევროპული ორიენტაციისთვის და ახლა, როდესაც წყდება მთელი ევროპის ბედი, საქართველო ახლა პრაქტიკულად რუსეთის მოკავშირეა”, - აცხადებს მერაბიშვილი.

ამასთან, მერაბიშვილი ყველას სთხოვს, ვინც დაინტერესებულია საქართველოში დემოკრატიით, დაეხმაროს მიხელ სააკაშვილის გადარჩენაში.

„ის არა მხოლოდ პირველი პრეზიდენტია, რომელმაც განახორციელა საქართველოს ინტეგრაცია ევროპაში, არამედ ის არის სიმბოლო პუტინის მოწინააღმდეგისა. სააკაშვილის გადარჩენა ეს არის კიდევ ერთი დიდი ქვა პუტინის ქმედებების შეზღუდვისთვის და მე რეკომენდაციას გიწევთ დარეგისტრირდეთ საიტზე SAVE MISHA.

ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ დასავლელ პარტნიორებთან ერთად, და მე ძალიან მიხარია, რომ პრეზიდენტი ზელენსკი ძალიან აქტიურად უჭერს მხარს მიხეილ სააკაშვილს. მე მადლობას ვუხდი პოლონელ მეგობრებს, სხვა მოკავშირეებს და ვთხოვ, გადაარჩინონ მიშა, რათა ის გათავისუფლდეს, გამოჯანმრთელდეს და ერთად აღვნიშნოთ უკრაინის მალე გამარჯვება.

24 თებერვალს, როდესაც ომი დაიწყო, მაშინვე ჩავჯექი თვითმფრინავში. ალბათ ერთ-ერთი პირველი ადამიანი ვიყავი, რომელიც ომის დროს უკრაინაში ჩავიდა და ახლა უკრაინა არის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილი, სადაც კარგად ვგრძობ თავს, სადაც ახლა შენდება, იქმნება ახალი ევროპა და მე დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა გახდება ახალი ევროპის ცენტრი“, - განაცხადა მერაბიშვილმა.

ვანო მერაბიშვილის თქმით, დარწმუნებულია, რომ გაზაფხული და ზაფხული ძალიან საინტერესო იქნება საქართველოს პრობლემების მოსაგვარებლად.

მას იმედი აქვს, რომ ქართული საზოგადოება მხარს დაუჭერს მასობრივი საპროტესტო აქციების გამართვაში.

„ვაპირებთ და იმედი მაქვს, რომ ქართული საზოგადოება მხარს დაგვიჭერს, დავიწყოთ მასობრივი აქციები და რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მიზანია ხელისუფლების შეცვლა და ხელისუფლებაში პროდასავლური, პროუკრაინული ხელისუფლების მოსვლა, რათა უკრაინა მარტო არ იყოს, რადგან ჩვენ ვართ მოკავშირეები და ერთად უნდა ვიყოთ და გამარჯვება ერთად აღვნიშნოთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გაზაფხული და ზაფხული ძალიან საინტერესო იქნება საქართველოს პრობლემების მოსაგვარებლად“.

7-9 მარტის აქციებზე საუბრისას, ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ ახლა მისთვის ძნელია ამ აქციების გაგრძელების პროგნოზირება, რადგან, მისი თქმით, პარლამენტმა გაიწვია კანონპროექტი.

„რა თქმა უნდა ბევრი ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა ამ პროტესტში, ხარობს წარმატების მიღწევით. მთელი საზოგადოება არ ვიცი, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით შემიძლია ვთქვა, რომ პარტიის ახალი ხელმძღვანელობა აპირებს ამ ბრძოლის გაგრძელებას.

შემიძლია გითხრათ, რომ უკრაინა და მოლდოვა, როდესაც კანდიდატი ქვეყნები გახდნენ, იცით, რომ საქართველოს უარი უთხრეს. ახლა საქართველოს აქვს მიცემული გარკვეული პერიოდი, უნდა შეასრულოს ევროკავშირის რეზოლუციის 12 პუნქტი და ახლა ჩვენ მობილიზებას ვუწევთ საზოგადოებრივ აზრს, რათა შესრულდეს ეს 12 პუნქტი. დარწმუნებული ვარ, რომ ვაიძულებთ საქართველოს მთავრობას ასევე დათმობაზე წავიდეს ამ საკითხში. 15 წლის წინ საქართველო იყო ყველაზე მოწინავე ქვეყანა ამ საერთაშორისო ორგანიზაციებში შესვლის საკითხში და ძალიან ცუდია, რომ ის ახლა აუთსაიდერი გახდა“ , - განაცხადა მერაბიშვილმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს