ზაზა ფირალიშვილი - „ოცნების“ ლიდერების ქცევა თავად ივანიშვილისთვის არის სახიფათო

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ფილოსოფოსს ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.

- ბატონო ზაზა, მარტის თვის მეორე კვირა ქართული პოლიტიკისთვის იმაზე საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე ვინმეს შეეძლო წარმოედგინა.

ფაქტია, რომ ბოლო დღეებში განვითარებულ პროცესებს ბევრი განზომილება აქვს.

დამკვირვებელთა უმრავლესობა ყურადღებას ამახვილებს გააქტიურებულ სტუდენტობაზე, რომელთა აქტიურობამაც ბევრად განაპირობა შედეგი.

მიუხედავად იმისა, რომ მომხდარზე მმართველი გუნდისა და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის რეაქცია-კომენტარები ახლა ყველაზე აქტუალურია, მოდით ჯერ მომხდარის ზოგადი შეფასებითა და მომხდარზე ხელისუფლების რეაქციით დავიწყოთ და შემდეგ გადავიდეთ სხვა თემებზე.

თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარს? მომხდარის შემდეგ იმ პოლიტიკურ რეალობას, რომელშიც ქვეყანა აღმოჩნდა?

- ახალს ვერაფერს ვიტყვი. ამ მოვლენებმა მნიშვნელოვნად შეცვალა ჩვენი ქვეყნის ცხოვრება. ერთ მომენტს მივაქცევდი ყურადღებას - ახალგაზრდების პოლიტიკური ქცევა გაცილებით უფრო მაღალ შეფასებას იმსახურებს, ვიდრე ეს გავრილოვის ღამის შემდგომი მოვლენებისას იყო.

მაშინ ახალგაზრდებმა ვერ გაიაზრეს, რომ პარლამენტის თავმჯდომარისა და საპარლამენტო უმრავლესობის გადადგომა უკვე მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო და ამის შემდეგ პაუზის აღება აჯობებდა.

ვერ დაძლიეს სამიტინგო ინერცია. ვერც იმ ჯგუფების განეიტრალება შეძლეს, რომლებიც მათი ენერგიის გამოყენებას ცდილობდნენ და რომელთა მიმართაც საზოგადოების ნდობის ხარისხი ძალზე დაბალია. შედეგი კი ის იყო, რომ გამარჯვების განწყობა მილევად სამიტინგო ვნებათაღელვაში ჩაიკარგა. ამჟამინდელი მოვლენები ადასტურებენ, რომ, როგორც ჩანს, გამოცდილება არსად იკარგება. ის ჩვენს კოლექტიურ ცნობიერებაში რჩება და მუშაობს.

ახალგაზრდების პოლიტიკური ქცევა გაცილებით უფრო მაღალ შეფასებას იმსახურებს, ვიდრე ეს გავრილოვის ღამის შემდგომი მოვლენებისას იყო

ცხადია, რადიკალური ოპოზიცია შეეცდება, რომ ეს ენერგია თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. ვფიქრობ, ეს ადამიანები ერთ რამეს არ ითვალისწინებენ - ჩვენი პოლიტიკური სპექტრი პოლიტიკურ ინფანტილებად მხოლოდ დასავლეთის წარმომადგენლებმა კი არ მონათლეს, არამედ, და ეს მთავარია, არც ქართულ საზოგადოებაშია მათ მიმართ დიდი ნდობა და ეს ამ ბოლო ამბებმაც ნათლად დაგვანახეს.

რადიკალურმა ოპოზიციამ ვერ შეძლო მოვლენების მართვა და ეს ხელისუფლებისათვის ნამდვილად არ იყო ხელსაყრელი. დარწმუნებული ვარ, ამ უკანასკნელს ერჩივნა, მოვლენები მისთვის ნაცნობი და ჩვეული სცენარით განვითარებულიყო.

არის ერთი მომენტი, რომელიც ჩვენი საზოგადოებრივი განვითარების საკმაოდ მაღალ ხარისხზე მიუთითებს: ახალგაზრდების პირით ჩვენმა საზოგადოებამ განაცხადა, რომ გარდა ხელისუფლებისა და ოპოზიციისა, არსებობს მესამე სუბიექტიც - საზოგადოება - რომელიც არ ყოფილა ამორფული და პიარ-ხრიკებით იოლად სამართავი.

მერამდენედ მიწევს თქმა, რომ ჩვენი პოლიტიკური სპექტრი თავის განვითარებაში მკვეთრად ჩამორჩა საზოგადოებას და გაუცხოვდა მისგან. ახლა მთელი ამოცანა ისაა, თუ რამდენად შეძლებს ეს მესამე სუბიექტი ახალი პოლიტიკური აქტორების შობას.

ჩვენი პოლიტიკური სპექტრი თავის განვითარებაში მკვეთრად ჩამორჩა საზოგადოებას და გაუცხოვდა მისგან. ახლა მთელი ამოცანა ისაა, თუ რამდენად შეძლებს ეს მესამე სუბიექტი ახალი პოლიტიკური აქტორების შობას

ახალგაზრდები გაცილებით უკეთ გრძნობენ საინფორმაციო ომის ნიუანსებს და საინფორმაციო შტურმით მათი მართვა ძალიან ძნელია. მათ ვერ წამოაგებ „დემოკრატიულ“ რიტორიკაზე იმის განცხადებით, რომ, თურმე, ქვეყანაში, რომლის ტერიტორიების დიდი ნაწილი ოკუპირებულია, პრორუსული პროპაგანდა და რუსული საინფორმაციო შტურმი, თურმე, დემოკრატიის პრინციპებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

ასეა თუ ისე, ახალგაზრდებმა გამარჯვებულებმა დატოვეს ასპარეზი. არ გამართლდა ხელისუფლების იმედი, რომ პროტესტები კვლავ გაიჭიმებოდა და ჩაინავლებოდა. ჰოდა, დღეს მისი წარმომადგენლების გაავებას ვუცქერთ.

- დამკვირვებელთა ნაწილი ფიქრობს, რომ ხალხის ზეწოლამ კი იმუშავა, მაგრამ არც ჩვენი დასავლელი პარტნიორები იყვნენ გულხელდაკრეფილი. ანუ, მოხდა ისეთი რამ, რამაც ეს პროცესი დააჩქარა.

უფრო ზუსტად, ბევრი ყურადღებას ამახვილეს იმაზე, რომ მმართველი პარტიის მიერ ე.წ. „აგენტების“ კანონპროექტის უკან გატანა შედეგი იყო ვაშინგტონიდან განხორციელებული ზარის. კერძოდ, იმის, რომ პრემიერ ღარიბაშვილს, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ესაუბრა.

მანამდე გვახსოვს ევროკავშირის, ევროსაბჭოს, გაეროსაც კი, არა ერთი ჩვენი დასავლელი მეგობრის საკმაოდ კრიტიკული განცხადებები ამ კანონპროექტზე, უფრო სწორად მის აბსოლუტურ მიუღებლობაზე.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ მომხდარში დასავლელი პარტნიორების როლი და მონაწილეობა ამ პროცესში საკმაოდ მნიშვნელოვანი და სერიოზული იყო?

- ცხადია, დასავლეთის წნეხის როლი მნიშვნელოვანი იყო. იქიდან წამოსულმა განცხადებებმა ყველას დაგვანახა, რომ ქვეყანა ევროამერიკული სივრცისაგან იზოლირებით ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩენილიყო.

მაგრამ, ამგვარი განცხადებები ადრეც იყო და „ოცნების“ ლიდერები მათ ხაზგასმული ირონიით ირეკლავდნენ. ვფიქრობ, მთავარი მათთვის მაინც იმის აღმოჩენაა, რომ ქვეყანაში მათი ოპონენტი მხოლოდ სუსტი და დაქსაქსული ოპოზიცია არ იყო, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მთელი თავისი რესურსები უაზროდ რომ დახარჯა.

დასავლეთის წნეხის როლი მნიშვნელოვანი იყო. იქიდან წამოსულმა განცხადებებმა ყველას დაგვანახა, რომ ქვეყანა ევროამერიკული სივრცისაგან იზოლირებით ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩენილიყო

ამას დაუმატეთ ისიც, რომ „ოცნების“ ლიდერებს შორის საკმაოდ ბევრია, ვინც ფსონს რუსების გამარჯვებაზე დებდა. იყვნენ ისეთებიც, ვინც დარწმუნებული იყო, რომ რუსები უკრაინის არმიას ომის პირველივე საათებში ელექტრონული საშუალებებით გაანადგურებდნენ.

არადა, რუსებმა თავისი ფსიქოლოგიური და მატერიალური რესურსების დიდი ნაწილი ერთი ციდა და სტრატეგიულად ნაკლებმნიშვნელოვანი ქალაქი ბახმუტის აღებას ისე დაახარჯეს, რომ მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწიეს. გამოიკვეთა იმის მნიშვნელოვანი ალბათობა, რომ აპრილის მეორე ნახევრიდან სიტუაცია უკრაინელების სასარგებლოდ შებრუნდება. მოკლედ, ფაქტორების მთელმა წყებამ იმუშავა.

რუსული პროპაგანდა დღეს ყველაფერს აკეთებს, რომ „ოცნების“ ლიდერებმა თავის მოკავშირეებთან ერთად დაბნეულობას დააღწიონ თავი და დაარწმუნონ, რომ მათ მარცხს არა აქვს სისტემური ხასიათი. ვხედავთ, რომ ეს მცდელობები არ არის უშედეგო. თავდაპირველი დაბნეულობის შემდეგ ოცნების ლიდერებმა ერთიმეორეზე მკვეთრი განცხადებები გააკეთეს და ახალგაზრდების შეურაცხყოფაც იკადრეს.

რუსული პროპაგანდა დღეს ყველაფერს აკეთებს, რომ „ოცნების“ ლიდერებმა თავის მოკავშირეებთან ერთად დაბნეულობას დააღწიონ თავი და დაარწმუნონ, რომ მათ მარცხს არა აქვს სისტემური ხასიათი

- მომხდარზე მმართველი პარტიის ლიდერების კომენტარები კი მოვისმინეთ, მაგრამ სახელისუფლებო გუნდის პოზიციაზე ყველაზე ვრცლად ტვ „იმედის“ ეთერში ისაუბრა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დარჩა შთაბეჭდილება, რომ პრემიერმა და მმართველი გუნდის პოლიტიკურმა გუნდმა მომხდარიდან წესიერად ვერც ვერაფერი გაიგო და ვერც ვერც „გაკვეთილი“ ვერ გამოიტანა. დამკვირვებელთა ნაწილმა სავსებით სამართლიანადა შენიშნა, რომ პრემიერის ლოგიკა და ლექსიკაც კი იმეორებდა ლავროვისა და სხვა რუსი პოლიტიკოსების რუსულ მანტრასა და ახსნას იმისა, თუ რა მოხდა ბოლო დღეებში თბილისში.

თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა 7-8-9 მარტს განვითარებულ პროცესებზე პრემიერის განცხადებებმა?

- პრემიერის დღევანდელი რიტორიკა დიამეტრულად განსხვავდება მისი გამოსვლებისაგან 2012 წლის შემდეგ ხანებში. იყო დრო, როდესაც ის თითქოს ევროპელი ადამიანი იყო და ევროპული იდეებისათვის იბრძოდა. დღეს ჩვენ ვხედავთ ადამიანს, რომელიც მზად არის, ნებისმიერი ხერხით შეინარჩუნოს ძალაუფლება.

თუ ადრე ფუნდამენტალისტურ ძალებთან პრემიერის ფლირტი შედარებით იშვიათი იყო, დღეს ის უფრო და უფრო იხრება კვაზირელიგიური ნაციონალიზმის მხარეს. რაც დრო გადის, მისთვის სხვა სოციალური ბაზა აღარ არსებობს. ეს კი ის სივრცეა, რომელსაც თითქმის მთლიანად რუსული ჰიბრიდული ომის მნიშვნელოვან მსოფლმხედველობრივ მდგენელს წარმოადგენს.

თუ ადრე ფუნდამენტალისტურ ძალებთან პრემიერის ფლირტი შედარებით იშვიათი იყო, დღეს ის უფრო და უფრო იხრება კვაზირელიგიური ნაციონალიზმის მხარეს. რაც დრო გადის, მისთვის სხვა სოციალური ბაზა აღარ არსებობს. ეს კი ის სივრცეა, რომელსაც თითქმის მთლიანად რუსული ჰიბრიდული ომის მნიშვნელოვან მსოფლმხედველობრივ მდგენელს წარმოადგენს

ამგვარი ვითარების შექმნის საფრთხეზე ადრეც ვლაპარაკობდი, რადგან უკვე 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან ჩვენი პროდასავლელი ლიბერალების დიდმა ნაწილმა ეროვნული და რელიგიური ღირებულებების დეკონსტრუქციის კურსი გამოაცხადა და ამით პრორუსულ ძალებს ეს სივრცე მთლიანად დაუთმო.

პირველ რიგში იმან გამაკვირვა, რომ პრემიერ მინისტრი არ მოერიდა, ახალგაზრდებთან ხისტ კონფრონტაციაზე წასულიყო. ტალეირანის არ იყოს, ეს გაცილებით უარესი იყო, ვიდრე დანაშაული. ეს იყო შეცდომა.

პირველ რიგში იმან გამაკვირვა, რომ პრემიერ მინისტრი არ მოერიდა, ახალგაზრდებთან ხისტ კონფრონტაციაზე წასულიყო. ტალეირანის არ იყოს, ეს გაცილებით უარესი იყო, ვიდრე დანაშაული. ეს იყო შეცდომა

ვხედავთ, რომ მის გარშემო ბევრია, ვინც ამგვარი შეცდომისკენ უბიძგებს. არადა, ბანალურია - თუ ხელისუფალი ალღოს ვერ უღებს საზოგადოებრივ პროცესებს, ის ან ავტორიტარიზმის გზას ადგება, ან მარცხისათვის არის განწირული.

ქართულ პოლიტიკაში ერთი კანონზომიერება მოქმედებს. პირველი საარჩევნო ვადის განმავლობაში გამარჯვებული ძალა, ამა თუ იმ ხარისხით, ნდობას ინარჩუნებს. მეორე საარჩევნო ვადის განმავლობაში აშკარა ხდება, რომ საკმაოდ დიდი უარყოფითი კაპიტალი დაუგროვებია.

ჰოდა ამის შემდეგ იწყება ყველაზე ცუდი. მმართველი ძალა ხელისუფლების ღირსეულ დათმობაზე კი არ ფიქრობს, არამედ ნებისმიერი ხერხით ებღაუჭება მას და შეცდომას შეცდომაზე უშვებს. ეს მოუვიდათ წინა მმართველებს და ეს ემართება „ოცნებასაც.“

თუ ხელისუფალი ალღოს ვერ უღებს საზოგადოებრივ პროცესებს, ის ან ავტორიტარიზმის გზას ადგება, ან მარცხისათვის არის განწირული

როგორც ჩანს, ხელისუფლებაში ვერ ხვდებიან მთავარს - დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ უკვე საკმაოდ დიდი დრო გავიდა და ასპარეზზეა თაობა, რომელსაც თითქმის არა აქვს რუსეთთან ფსიქოლოგიური და კულტურული ბმა და, რაც მთავარია, თავს თავისუფალ ადამიანებად განიცდიან.

დაქირავებული პროპაგანდისტებით უფროსი თაობის მართვა კიდევ შეიძლება, რადგან ჩვენ, გვინდა არ გვინდა, ყოფილი საბჭოთა ადამიანები ვართ და ბევრი ისეთი სოციალური ჩვევა გვაქვს, რომელთა წყალობითაც ჩვენი მართვა შედარებით იოლია, მაგრამ ასპარეზზე გამოდის თაობა, რომელიც ხელისუფლებაში პატრონს აღარ ხედავს და თავად სურს რეალური თუ პოტენციური მმართველები მართოს.

მათთვის ევროპა ბუნებრივი გარემოა და არა იდეოლოგიურად თავსმოხვეული რამ. თუ მათთან საერთო ენას არ მოძებნი, იძულებული გახდები, მოსახლეობის იმ ნაწილს მიმართო, რუსეთში რომ глубинный народ-ს უწოდებენ: ირაციონალური საწყისის მატარებელ ნაწილს, საბჭოეთის ანთროპოლოგიურ პროდუქტს და ამას ვხედავთ კიდეც. ხელისუფლების მცდელობა, რომ ადამიანების ზერელე, მაგრამ აგრესიულ რელიგიურ გრძნობებზე ითამაშოს, სხვა არაფერია.

სიტყვა „სატანისტების“ გაჟღერება იმის ნიშანია, რომ ჩვენს სივრცეზე ერთი ერთზე გადმოაქვთ პუტინისტური რუსეთის პროპაგანდისტული კლიშეები. როდესაც ათეიზმი ქრისტიანობის მანტიას მოისხამს, შედეგად ბანალურ აგრესიულ ფუნდამენტალიზმს ვიღებთ.

სიტყვა „სატანისტების“ გაჟღერება იმის ნიშანია, რომ ჩვენს სივრცეზე ერთი ერთზე გადმოაქვთ პუტინისტური რუსეთის პროპაგანდისტული კლიშეები. როდესაც ათეიზმი ქრისტიანობის მანტიას მოისხამს, შედეგად ბანალურ აგრესიულ ფუნდამენტალიზმს ვიღებთ

კიდევ ერთი - „ოცნების“ ლიდერთა აგრესიული განცხადებები იმითაც არის გამოწვეული, რომ ისინი ცდილობენ, მარცხის შემდეგ პარტიაში ეროზიულ პროცესებს აარიდონ თავი. არადა, მთავარი ეროზია უკვე მოხდა და ეს ამომრჩევლებში ხდება.

- გასაგებია, რომ სერიოზული პოლიტიკური მარცხის შემდეგ შინ და გარეთ მმართველ გუნდში ახლა სავარაუდოდ, დიდი დაბნეულობაა. მაგრამ, ახლა ყველაზე მთავარია, მოქმედების რა გზას დაადგება სახელისუფლებო გუნდი, უფრო სწორად „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ივანიშვილი.

პრემიერის გამოსვლამ გვანახა, რომ „ქართული ოცნება“ კანონზე მუშაობას გააგრძელებს, ვინც გამოსვლებში იღებდა მონაწილეობას შეეცდება მათთან ან მუშობას, არ გადაბირებას, ან შანტაჟს, მაგრამ ეს გზაც რომ კარგი გზა არ იქნება, ფაქტია.

დამკვირვებელთა ნაწილი ვარაუდობს, რომ თვითგადარჩენის რეჟიმში აღმოჩენილი „ქართული ოცნება“ სახელისუფლებო გუნდის როტაციას დაიწყებს. გამოითქმის ბევრი ვარაუდები. მათ შორის, დიდ როტაციაზე.

სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები მმართველ გუნდში? პროცესების განვითარების რა გზას აირჩევს უკანასკნელი 11 წლის მანძილზე ქართული პოლიტიკის მთავარი შემოქმედი ივანიშვილი?

- ყველაფერს ვნახავთ: მუქარასაც, შანტაჟსაც, ფინანსური რესურსების ჩაყრასაც. ყველაფერი ეს ჩვენ უკვე გვინახავს.

ხელისუფლების მიმართ ნდობის ხარისხი რომ კრიტიკულად დაბალია, ეს ბოლო გამოსვლებმაც აჩვენა. ის არ ფლობს არავითარ რესურსს საიმისოდ, რომ კანონზე მუშაობა განაგრძოს.

თუმცა, ვინ იცის?! ვხედავთ, როგორ აქტიურობენ მათი პროპაგანდისტები, ყოველდღიურად როგორ ავრცელებენ კანონის სასარგებლო არგუმენტებს. უკვე ვთქვი, რომ ძალზე აქტიურები არიან ადამიანები, ვისაც შეუძლიათ, დღევანდელი ხელისუფლება ილუზიების ნარკოტიკულ თრობაში ჩატოვონ.

თუ განაგრძობენ და მაშინ კიდევ ერთხელ ისმის კითხვა: ვის წინააღმდეგ იქნება ეს კანონი მიმართული? კანადაში, დიდ ბრიტანეთში, ევროკავშირში, იაპონიაში და სხვ. ანალოგიური კანონებით რუსულ, ჩინურ და ირანულ გავლენებს უპირისპირდებიან. რას უნდა დაუპირისპირდეს ქართულ სინამდვილეში მიღებული კანონი? იმ დასავლეთის გავლენას, რომლის მიმართ ერთგულებაზეც წლების განმავლობაში ლაპარაკობდნენ?

თანაც, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ, დიდი ალბათობით, „ოცნების“ ლიდერები ახლა საინფორმაციო ვაკუუმში იმყოფებიან. სამყაროს იმ აღწერაში, რომელსაც მათ მომხრეები სთავაზობენ, ყველაფერი კარგადაა და ძველებური ავტორიტეტი აქვთ.

დიდი ალბათობით, „ოცნების“ ლიდერები ახლა საინფორმაციო ვაკუუმში იმყოფებიან. სამყაროს იმ აღწერაში, რომელსაც მათ მომხრეები სთავაზობენ, ყველაფერი კარგადაა და ძველებური ავტორიტეტი აქვთ

სიტყვამ მოიტანა და „ნაცმოძრაობასაც ჰყავდა ასობით ე.წ. კოორდინატორი, რომლებიც ხელფასს მხოლოდ იმაში იღებდნენ, რომ არჩევნებზე ხელისუფლებას მომსახურებოდნენ. „ოცნებამ“ არათუ არ მოსპო ეს მოვლენა, პირიქით, რაც შეიძლებოდა გააფართოვა ამ კატეგორიის მოქმედების სფერო.

მათ შეხვდებით, სოციალურ ქსელებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტში, რიგებში და ა.შ. 2013-ში ვთქვი და, სამწუხაროდ, მართალი აღმოვჩნდი - ქართულ პოლიტიკაში დიდი ფულის შემოსვლა დაამახინჯებდა ისედაც მყიფე პოლიტიკურ სისტემას.

„ოცნების“ ლიდერები ვერ ეგუებიან მარცხს. ასეთი ვერ შეგუება კი მათთვის კარგს არაფერს ნიშნავს. არ ვარ დარწმუნებული, რომ სურვილის შემთხვევაში, ივანიშვილი ჯერ კიდევ შეძლებს „ოცნების“ ლიდერების მართვას.

ვფიქრობ, ივანიშვილს ესმის, რომ ასეთი კრიზისის დროს გამოსავალი სწორედ დიდი როტაციაა, თუნდაც საიმისოდ, რომ თავად გადარჩეს, მაგრამ შეძლებს კი იმ ადამიანების დაძლევას, ვისი ასპარეზიდან გაყვანაცაა საჭირო? ასეთები უკვე საკმაოდ ბევრნი და გავლენიანები არიან და არ არის გამორიცხული, უკვე თავისი დამოუკიდებელი არხებიც აკავშირებთ ჩრდილოეთთან.

ვფიქრობ, ივანიშვილს ესმის, რომ ასეთი კრიზისის დროს გამოსავალი სწორედ დიდი როტაციაა, თუნდაც საიმისოდ, რომ თავად გადარჩეს, მაგრამ შეძლებს კი იმ ადამიანების დაძლევას, ვისი ასპარეზიდან გაყვანაცაა საჭირო? ასეთები უკვე საკმაოდ ბევრნი და გავლენიანები არიან და არ არის გამორიცხული, უკვე თავისი დამოუკიდებელი არხებიც აკავშირებთ ჩრდილოეთთან

ბიძინა ივანიშვილი უკიდურესად პრაგმატული ადამიანია. ის პოლიტიკურ იდეებსაც და ღირებულებებსაც ბიზნესის კატეგორიებში აღიქვამს. ევროპაც და რუსეთიც მისთვის ბიზნეს კატეგორიებია და არა რაიმე სხვა. არსებულ საშინაო და საგარეო კონტექსტშიც ის გაწაფული ბიზნესმენის სიმშვიდით შეეცდება გამოსავლის მოძიებას. გამოსავლის მოძებნა კი შეუძლებელია იმ ადამიანებთან ერთად, ვისი საერთაშორისო ავტორიტეტიც ძალზე დაბალია.

როდესაც შენს ფავორიტებს ევროპული პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა მოუწოდებს, მორჩით ხრიკებსო, აშკარაა, რომ ამ უკანასკნელებს ევროპულ პოლიტიკაში აღარ დაედგომებათ და ხელისუფლების შენარჩუნების აზარტში ისინი შეიძლება ჩრდილოეთს ღიად მიეკედლონ.

ევროპაც და რუსეთიც ივანიშვილისთვის ბიზნეს კატეგორიებია და არა რაიმე სხვა. არსებულ საშინაო და საგარეო კონტექსტშიც ის გაწაფული ბიზნესმენის სიმშვიდით შეეცდება გამოსავლის მოძიებას. გამოსავლის მოძებნა კი შეუძლებელია იმ ადამიანებთან ერთად, ვისი საერთაშორისო ავტორიტეტიც ძალზე დაბალია

ეს კი, ყველაფერ სხვას რომ თავი დავანებოთ, ივანიშვილისთვის აჩენს სანქციების საფრთხეს მთელი შემდგომი შედეგებით.

- მას შემდეგ, რაც ივანიშვილის ყოფილი ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა „აგენტების“ კანონის მიღების მცდელობისათვის, გააკრიტიკა, ასევე კრიტიკული მოსაზრებები გამოთქვა იმის გამო, რომ მმართველი გუნდის წევრები თავისი განცხადებებით უკრაინის ხელისუფლების მიმართ რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტულები იყვნენ, „ქართული ოცნების“ ლიდერშიფმა ყიფიანი უმკაცრესად გააკრიტიკა.

ყიფიანზე ღია შეტევა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დაიწყო და როგორც ხდება ხოლმე მას მთელი გუნდი აჰყვა. ყაველაშვილმა კი აუცილებლად ჩათვალა ამ თემაზე აზრი გამოეთქვა.

ივანიშვილის ადვოკატი ხარ და ამავდროულად, უცხოური გავლენის აგენტი ხდები, ასეთი დამოკიდებულებით პრემიერი ვერასდროს გახდები“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ძნელია ი მის თქმა, თუ რატომ გამოთქვა მოსაზრება საჯაროდ ივანიშვილის ყოფილმა ადვოკატმა ყიფიანმა, მაგრამ ის, რომ მმართველი გუნდი მის წინააღმდეგ ერთიანად გაილაშქრა, ფაქტია.

როგორც ჩანს, მთლად უსაფუძვლოც არ უნდა იყოს გავრცელებული ხმები „ქართულ ოცნებაში“ დიდი საკადრო ცვლილების დაწყების. თქვენ ასე არ ფიქრობთ?

- ბატონი ირაკლის განცხადებიდან, პირველ რიგში, თვალში ის გეცემა კაცს, რომ ის ცალსახად უარყოფით შინაარსს დებს „უცხოური გავლენის აგენტის“ ცნებაში. არადა, სულ მცირე ხნის წინ ის თითქოს რაღაც სხვას გულისხმობდა, ყოველ შემთხვევაში, ასე ცდილობდა ამის წარმოდგენას.

როგორც ჩანს, ვიქტორ ყიფიანის გამოჩენამ მათ სწორედ დიდი როტაციის საფრთხე დაანახა. მათ ყიფიანის უფრო ეშინიათ, რადგან მის უკან ივანიშვილი ეგულებათ, ვიდრე რადიკალური ოპოზიცია. ამ უკანასკნელთან თამაშის წესები უკვე კარგად იციან. ამიტომაც არიან ასეთი აგრესიულები როგორც ერთის, ისე მეორის მიმართ.

როგორც ჩანს, ვიქტორ ყიფიანის გამოჩენამ სახელისუფლებო გუნდი სწორედ დიდი როტაციის საფრთხე დაანახა. მათ ყიფიანის უფრო ეშინიათ, რადგან მის უკან ივანიშვილი ეგულებათ, ვიდრე რადიკალური ოპოზიცია. ამ უკანასკნელთან თამაშის წესები უკვე კარგად იციან. ამიტომაც არიან ასეთი აგრესიულები როგორც ერთის, ისე მეორის მიმართ

უკვე ვთქვი, რომ „ოცნების“ ლიდერების ქცევა თავად ივანიშვილისთვის არის სახიფათო. მათი ჩანაცვლების იდეა ჰაერში ტრიალებს. ეს მათ იციან და სიტუაციის ესკალაციის გზას დაადგნენ იმის იმედით, რომ თავისი სოციალური ბაზის მობილიზებას მოახდენენ და თავისი ლიდერის დაშანტაჟებით ამ პროცესს შეაჩერებენ.

ცხადია, შემთხვევითი მოვლენა არც პრემიერის კვაზირელიგიური პათოსი არც ევროკავშირის დროშის დაწვაა. ვფიქრობ, მათ გადაჭარბებული წარმოდგენა აქვთ ამ სოციალურ ბაზაზე.

„ოცნების“ ლიდერების ქცევა თავად ივანიშვილისათვის არის სახიფათო. მათი ჩანაცვლების იდეა ჰაერში ტრიალებს. ეს მათ იციან და სიტუაციის ესკალაციის გზას დაადგნენ იმის იმედით, რომ თავისი სოციალური ბაზის მობილიზებას მოახდენენ და თავისი ლიდერის დაშანტაჟებით ამ პროცესს შეაჩერებენ

მიუხედავად მისი აგრესიულობისა და მობილიზების უნარისა, რაოდენობრივად ის არ არის დიდი და არც გაზრდის ტენდენცია აქვს. ეს აღარ არის 90-იანი წლების დასაწყისის გულუბრყვილო საქართველო, რომელსაც იოლად წამოაგებდი პათეტიკურ ნაციონალიზმსა და რელიგიურობაზე.

- გვერდს ვერ აუვლით ექსპრემიერ მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებებს. ბევრმა მისი განცხადებები „ქართული ოცნებისთვის“ მაშველი რგოლის გადაგდებად აღიქვა. მხედველობაში მაქვს ის, რომ თითქოს „ნაცმოძრაობა“ უახლოეს მომავალში მოვლენათა რევოლუციური გზით განვითარებას გეგმავს.

მას შემდეგ, რაც 7-8-9 მარტს ისე განვითარდა პროცესები, როგორც განვითარდა, მხედველობაში მაქვს ის, რომ

თქვენს როგორ აღიქვით ვანო მერაბიშვილის განცხადებები? რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ სახელისუფლებო გუნდმა მას შემდეგ რაც მათ რეალურად განიცადეს მარცხი, ქუჩაში „ნაციონალების“ გააქტიურებით ისარგებლონ?

- ჯერ კიდევ შევარდნაზე იყენებდა ერთ ხერხს. როგორი მძიმეც არ უნდა ყოფილიყო მის მიმართ ბრალდებები, პასუხობდა არა ოპოზიციის შედარებით რესპექტაბელურ ნაწილს, არამედ იმ ორ-სამ ადამიანს, რომელთა ავტორიტეტიც საზოგადოებაში საკმაოდ დაბალი იყო. არაჩვეულებრივი ხერხია ბრალდებების გასანეიტრალებლად. ოცნებასაც ურჩევნია, საქმე ჰქონდეს არა, ვთქვათ, ახალგაზრდებთან, არამედ ნაციონალურ მოძრაობასთან, განსაკუთრებით, მის რადიკალურ ფრთასთან, რომლის მიმართაც რა განწყობაცაა, აღარ დავაზუსტებ. ამიტომაც, ასეთი განცხადებები, ნებით თუ უნებურად, ხელისუფლების საქმეს ემსახურება და პროცესების მისთვის სასურველი სცენარით განვითარებას უწყობს ხელს.

- ფაქტია, რომ 7-8-9 მარტის მოვლენებმა ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება ახალ რეალობაში აღმოაჩინა. ოპოზიციის განცხადებებიდან ჩანს, რომ მათ ეს გაგებული აქვთ. მაგრამ ჯერჯერობით, მათაც არ იციან როგორ იმოქმედონ.

არადა, ახლა მთავარია ქვეყანამ წლის ბოლომდე შეძლოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება. გაქვთ განცდა, რომ პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი შეძლებს შექმნილი ვითარების ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ გამოყენებას?

- ოპოზიციაში ყოველთვის გამოჩნდებიან რადიკალური ძალები, რომლებიც მის კონსოლიდაციას და ახალი, ჯანსაღი ძალების გამოჩენას ხელს შეუშლიან. არადა დღეს, როგორც არასდროს, აუცილებელია ოპოზიციაში თანამშრომლობისა და დიალოგის რეჟიმის დამკვიდრება და საზოგადოების მხარდაჭერით ხელისუფლების მართვა. ჯერჯერობით, ხელისუფლება საკმაოდ მნიშვნელოვან ბერკეტებს ფლობს საიმისოდ, რომ ეს არ დაუშვას. და მაინც, იმედი მაქვს, რომ ახალგაზრდული სუბკულტურის გააქტიურება ამ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა