ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023

გიორგი გობრონიძე - „პუტინს პირდაპირ უთხრეს - ომი გაგრძელდება ბოლომდე“

“ოცნების” შეკრება ბორჯომში - რა გადაადგილებებს უნდა ველოდოთ პარლამენტსა და მთავრობაში

ანდრო გოცირიძე - “ხელისუფლებამ უკან გამოიწვია კანონი და ახლა მუშტების ქნევას აზრი აღარ აქვს”

უკრაინელთა მზადება ბახმუტის დეოკუპაციისთვის და პუტინის საპასუხო ნაბიჯები ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

ვახტანგ ძაბირაძე - “ლოზუნგებს თავი უნდა დავანებოთ! რატომ ჰგონიათ, რომ ვადამდელი არჩევნები მომგებიანი იქნება?”

* * *

გიორგი გობრონიძე - „პუტინს პირდაპირ უთხრეს - ომი გაგრძელდება ბოლომდე“

“ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ამას მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. შეიძლება ითქვას, უახლეს ისტორიაში პირველად მოხდა მსოფლიოს ერთ-ერთი გავლენიანი სახელმწიფოს ლიდერის ქმედებების ამგვარი სამართლებრივი შეფასება, სახელმწიფოსი, რომელიც აქამდე მეტ-ნაკლებად იყო ცივილიზებული მსოფლიოს ნაწილი, ყოველ შემთხვევაში, ჰქონდა ამაზე პრეტენზია. ეს სამართლებრივი შეფასება მიუთითებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი არის პასუხისმგებელი ყველა იმ დანაშაულზე, რომლებიც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა ჩაიდინეს უკრაინის ტერიტორიაზე. ამით პირდაპირ ითქვა, რომ პუტინი ომის დამნაშავეა. სამართლებრივად ყველაფერი ნათელია - რუსეთს დღეს მართავს დამნაშავე, რომელიც იძებნება საერთაშორისო დანაშაულისთვის და ექვემდებარება უნივერსალურ იურისდიქციას, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერ ქვეყანას ეძლევა უფლება თავის ტერიტორიაზე დააკავოს და გადასცეს სასამართლოს. პუტინს პირდაპირ უთხრეს - ომი გაგრძელდება ბოლომდე”, - აცხადებს ექსპერტი, საერთაშორისო საკითხთა სპეციალისტი გიორგი გობრონიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით „პუტინს პირდაპირ უთხრეს - ომი გაგრძელდება ბოლომდე“

“რაც შეეხება ამის პოლიტიკურ განზომილებას, რუსეთის პრეზიდენტმა მოახერხა, რომ მისი ქვეყანა ცივილიზებული სამყაროდან ისეთი ქვეყნების გვერდით ინაცვლებს, როგორიც არის სომალი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, სუდანი. სხვათა შორის, ჰააგის სასამართლომ მსგავსი გადაწყვეტილება სწორედ სუდანის დიქტატორზე მიიღო. ეს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ რუსეთის ფედერაციამ საკუთარ რეპუტაციას მიაყენა ისეთი მასშტაბური ზიანი, რომელსაც ვერავითარი მტერი ვერ მიაყენებდა. გყავდეს პრეზიდენტი, რომელიც საერთაშორისო დამნაშავე და ძებნილია, ეს ნებისმიერი ქვეყნისთვის უდიდესი დარტყმაა. არ ვიცი, რუსეთისთვის ამაზე მეტი რა უნდა დაეშავებინათ იმ ქვეყნებს, რომელთაც კრემლი მტრად მიიჩნევს... ნებისმიერი სახელმწიფო, მმართველი რეჟიმი, რომელიც თანამშრომლობს დღეს რუსეთის ხელისუფლებასთან, ავტომატურად აღიქმება მხარედ, რომელიც ომის დამნაშავეებთან თანამშრომლობს. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებას ექნება შემაკავებელი ეფექტიც, რათა აღიკვეთოს რუსეთის ფედერაციის ზედმეტად მხარდაჭერა, განსაკუთრებით უკრაინაში ომის გათვალისწინებით. გარკვეულწილად ეს ქმნის საფუძველს იმისთვისაც, რომ ამ სახელმწიფოების ხელისუფლებებზე სხვა ტიპის პოლიტიკური შეფასებები გაკეთდეს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი გობრონიძე.

“აგენტების კანონპროექტის მხარდაჭერა თავშივე იყო მმართველი გუნდის დიდი შეცდომა, რასაც თავისი მიზეზები აქვს: ერთი, რომ ეს უკიდურესად აზიანებდა ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ იმიჯს, და მეორე, კანონპროექტი მოკლებულია სოციალურ რელევანტურობას და მისი მიღების აუცილებლობა არ არსებობდა. თუკი არსებობს ეჭვი, რომ ვიღაც თანამშრომლობს უცხო ქვეყნის ძალასთან და მუშაობს უცხო ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ, არსებობს კანონმდებლობა, რომლის თანახმადაც, აღნიშნული სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება. დეტალურად არის ყველაფერი გაწერილი და საქმე არ შეეხება მხოლოდ დაფინანსების წყაროებს. შეიძლება პირი იდეოლოგიური საფუძვლებით მუშაობდეს უცხო ძალასთან ისე, რომ არც ერთ თეთრს არ იღებდეს მისგან. ამ შემთხვევაშიც საქმე გვაქვს სახელმწიფოს ღალატთან, რაც ისჯება. შესაბამისად, თუ არსებობს დასაბუთებული, გონივრული ეჭვი და არსებობს ინფორმაცია დანაშაულის შესახებ, პროკურატურას აქვს დისკრეციული უფლება დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა. პრობლემა ის არის, რადგან მსგავსი საფუძველი არ არსებობდა, გადაწყვიტეს აღნიშნული კანონი მიეღოთ და მასზე დაყრდნობით მიეკერებინათ აგენტის იარლიყი იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც ხელისუფლებისთვის გამაღიზიანებელია. სინამდვილეში ეს კანონპროექტი ემსახურებოდა საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მიმართ ანტაგონიზმის გაჩენას, ასევე ხელისუფლების ინტერესს, გაეჩინა ნიადაგი აგრესიული, პრეაპოკალიფსური და აზრს მოკლებული პოლიტიკური პიარისთვის”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჯერ ვერ გავცდით იმას, რომ ოპონენტი არ მოვიხსენიოთ აგენტად, ხალხის მტრად და ქვეყნის მოღალატედ. თუ გავყვებით იმ ლოგიკას, რომ ჯგუფები, რომლებიც საზღვარგარეთიდან ფინანსდებიან, ახდნენ გავლენას საზოგადოებრივ აზრზე და ამიტომ უნდა დარეგისტრირდნენ უცხო ქვეყნის აგენტებად, მაშინ იქვე უნდა დარეგისტრირებულიყო საქართველოს ხელისუფლებაც, რადგან ის ახდენს გავლენას საზოგადოებრივ აზრზე და იღებს დახმარებას უცხოეთიდან, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 15%-ს შეადგენს. მოკლედ, ეს კანონპროექტები მოკლებული იყო ლოგიკას, დასაბუთებას, სოციალურ რელევანტურობას და საერთოდ არაფერს იძლეოდა. ისედაც გვაქვს საკანონმდებლო ბაზა როგორც ფინანსების გამჭვირვალობის, ისე სხვა თვალსაზრისით. მოკლედ, იმთავითვე ეს იყო შეცდომა, რომლის შედეგადაც დაზარალდა ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური რეპუტაცია; შეილახა მმართველი პოლიტიკური გუნდის იმიჯი როგორც ქვეყანაში, ისე მის საზღვრებგარეთ. ამ ყველაფერს მოჰყვა საზოგადოებრივი მღელვარება და ქვეყანაში მშვიდობასა და მართლწესრიგს საფრთხე დაემუქრა. ასეთ შეცდომებზე პასუხისმგებელია მმართველი პოლიტიკური კლასი და, წესით, კარგად უნდა დაფიქრდეს, თუ მსგავსმა შეცდომებმა სადამდე შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა. დაიცვან ის სახელმწიფო ინტერესები, რაც მათი დასაცავია, იმოქმედონ ამ ინტერესების შესაბამისად”, - ამტკიცებს ექსპერტი.

“ჯერ საკითხავია, რა რედაქციით იღებენ ამგვარ საკანონმდებლო ნორმას კანადასა თუ ევროკავშირში, მაგრამ მთავარი კითხვა მაინც სხვაა, კანადასა და ევროკავშირის ქვეყნებში დგას სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ან არჩევნების სამართლიანად ჩატარების პრობლემები? - რა თქმა უნდა, არა! შესაძლოა კანადაშიც მიიჩნევენ, რომ ეს არ არის ქვეყნის დემოკრატიისთვის კარგი, მაგრამ როდესაც ჩვენი ხელისუფლება ედარება კონსოლიდირებულ დემოკრატიას, მაშინ კეთილინებოს და შექმნას პირობები, რათა ყველა ინსტიტუტმა საქართველოშიც იმუშაოს ისე გამართულად, რომ არ არსებობდეს კითხვები; რომ აღარ ვისმენდეთ სასამართლო ხელისუფლებისა თუ მედიის თავისუფლებაზე კრიტიკას; რომ არ იყოს პოლიტიკური პლურალიზმის პრობლემა; ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს საარჩევნოდ ე.წ. კოორდინატორი დეიდების სირბილი, ძველი ბიჭების მობილიზება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ა.შ. სამწუხაროდ, ამ ყველაფერს ჯერ ვერ გასცდა ქართველი პოლიტიკური კლასი, ეს ხდებოდა |ნაციონალური მოძრაობის| ხელისუფლებაში ყოფნისასაც და ხდება დღესაც. საჯარო მოხელეებს მმართველი პარტიის მომხრეების სიის მოტანას არავინ ავალდებულებს კანადასა და ევროპის ქვეყნებში. ამიტომ დაანებონ ამ დემაგოგიას თავი. კი ბატონო, იმუშაოს დემოკრატიულმა ინსტიტუტებმა ისე გამართულად, როგორც უნდა მუშაობდეს და მერე ილაპარაკონ ამგვარი კანონმდებლობის შექმნაზე”, - დაასკვნის გიორგი გობრონიძე.

“ევროპარლამენტში მართლაც დაახლოებით ეს გვითხრეს, მთავრობა არ ვარგა, მაგრამ ხალხია ოქროო... მეც ვფიქრობ, რომ ეს პროცესი შეიძლება წაადგეს საქართველოს ევროინტეგრაციას, 12 პუნქტის მთლად ზედმიწევნით შესრულების გარეშეც შეიძლება მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და მერე, პოსტ ფაქტუმ დაგვითქვან პირობები შესასრულებლად. რა თქმა უნდა, ამასაც ხელისუფლება თავის პოლიტიკურ წარმატებად გამოაცხადებს, რაც ნამდვილად არ იქნება მართალი. რაღა დაგიმალოთ და, ვფიქრობ, სტატუსი ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა მოეცათ, რადგან რომ შევადაროთ ის კრიტერიუმები, რომლებითაც ფასდება ევროკავშირისკენ მიმავალი ქვეყნის მდგომარეობა, ჩვენ გაცილებით წინ ვიყავით სხვადასხვა სფეროს გათვალისწინებით, ვიდრე მოლდოვა და უკრაინა, მიუხედავად ჩვენი ყველა პრობლემისა... არ მაინტერესებს მერაბიშვილი რას ამბობს, ვერც კონსპირაციულ თეორიებზე ვილაპარაკებ. ქართველი პოლიტიკური კლასი თავიდან ბოლომდე, მთავრობაც და ოპოზიციაც, უხარისხოა. ამომრჩევლის 67%-ს არა აქვს გადაწყვეტილი, ვის უნდა მისცეს ხმა. მეც მათ რიცხვში ვარ, ვისაც არც ხელისუფლება მოსწონს და არც ოპოზიცია”, - დასძენს გობრონიძე და შეკითხვაზე - “ექსპრეზიდენტ მარგველაშვილის ინიციატივით, უნდა შეიქმნას საბჭო, რომელიც კოორდინირებას გაუწევს ოპოზიციურ ფლანგს. მანვე ახსენა ვადამდელი არჩევნებიც...”, - პასუხობს:

“რა საბჭო და ვადამდელი არჩევნები?! ხვალ რომ ჩატარდეს არჩევნები, ოპოზიციაში ვინმე ფიქრობს, რომ გამარჯვების შანსი აქვს? საბჭოებზე ლაპარაკის სანაცვლოდ, ოპოზიცია მე, როგორც ამომრჩეველს, უნდა მესაუბრებოდეს იმაზე, თუ როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემები ქვეყანაში. საბჭო, კონგრესი, მრგვალი მაგიდა და ამისთანები გავლილი გვაქვს გასული საუკუნის 90-იან წლებში. მთავრობაც და ოპოზიციაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოვიდნენ ამ ნარატივიდან და საქმეზე ილაპარაკონ. მე მაინტერესებს კონკრეტული პრობლემები, ისეთი, როგორიცაა ეკონომიკური საკითხების მოგვარება, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და საგარეო პოლიტიკური ვექტორის გაძლიერება, განათლების რეფორმები, უსაფრთხოების უზრუნველყოფა და უამრავი სხვა რამ. აქედან გამომდინარე, საბჭოს შექმნიან, დარბაზს თუ საფიხვნოზე ჩამოსხდებიან, არ არის რიგითი ამომრჩევლისთვის საინტერესო. შეაფასონ კონკრეტული პრობლემები და იმუშაონ მათი მოგვარების გზებზე. სამწუხაროდ, მე დღეს ქართველ პოლიტიკოსებში ვერ ვხედავ იდეოლოგიურ და კონცეპტუალურ განსხვავებას. მეტიც, ისინი ღირებულებათა სისტემითა და მორალითაც კი არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან”.

“ოცნების” შეკრება ბორჯომში - რა გადაადგილებებს უნდა ველოდოთ პარლამენტსა და მთავრობაში

“შაბათს “ოცნებამ” ბორჯომში საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის წარმომადგენელთა გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პარტიის საჯარო ინფორმაციით, მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხების გარდა, საუბარი შეეხო საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის სამომავლო სამუშაო გეგმებს. სხდომა დახურული იყო და მასთან დაკავშირებით სხვა კონკრეტული დეტალები უცნობია. თუმცა ანალიტიკოსები “რეზონანსთან” საუბარში არ გამორიცხავენ, რომ მთავარი განსახილველი საკითხი მოსალოდნელი საკადრო გადაადგილებები იყო როგორც პარლამენტში, ისე მთავრობაში.საუბარი დიდი ალბათობით შეეხებოდა მმართველი პარტიიდან იმ რადენიმე დეპუტატის წასვლა-არწასვლის საკითხსაც, რომელთაც ე.წ. აგენტების კანონთან დაკავშირებით “ოცნებისაგან” განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ოცნების” შეკრება ბორჯომში - რა გადაადგილებებს უნდა ველოდოთ პარლამენტსა და მთავრობაში.

“ქართული ოცნების” დეპუტატმა დავით სერგეენკომ შაბათს ღიად ისაუბრა, თუ რატომ არ დაუჭირა მხარი ე.წ. აგენტების კანონპროექტს და მიანიშნა, რომ პოლიტიკიდან მიდის. “ვხედავდი, რომ ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, საზოგადოების დიდი ნაწილი ძალიან ნეგატიურად უყურებდა ამ ყველაფერს (აგენტების შესახებ კანონის მიღებას). ვერ გეტყვით, რომ დეტალებში შევედი და გავაანალიზე ეს კანონპროექტი, არ მაქვს მაგის კომპეტენცია, მაგრამ ვხედავდი ამ დამოკიდებულებას და ალბათ, ეს იყო გადაწყვეტილების (კენჭისყრაზე არდასწრების საფუძველი). არ არის პოლიტიკოსობა ის, რაზეც მე ვოცნებობდი. მირჩევნია, რომ ექიმად ვიმუშაო. ცალსახად, მე-10 მოწვევა არის ბოლო მოწვევა, როცა მე პარლამენტში, საჯარო სამსახურში და პოლიტიკაში ვარ. (გეგმები) დამოკიდებული იქნება შეჯერებულ პოზიციაზე. საბოლოო ჯამში, ახლა იქნება თუ პარლამენტის ვადის დასრულების შემდეგ, მე მაინც ვფიქრობ, რომ პროფესიას დავუბრუნდები”, - საუბრობს დავით სერგეენკო “ტვ პირველთან” ინტერვიუში. ამასთან, სხვადასხვა წყარო საუბრობს იმაზე, რომ სერგეენკოს გარდა შესაძლოა “ოცნება” დატოვოს ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, გიორგი ხელაშვილმა, ირაკლი კოვზანაძემ, ნინო იობაშვილმა და სხვებმა. “ოცნების” ოფიციალურ “ფეისბუქ” გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ბორჯომში გამართულ შეხვედრას აღნიშნული დეპუტატები არ ესწრებიან”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ანალიტიკოსთა შეფასებით, მათ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული, შეიქმნება თუ არა კრიზისული სიტუაცია მმართველ პარტიაში და დადგება თუ არა “ოცნება” საპარლამენტო უმრავლესობის დაკარგვის საფრთხის წინაშე. გარდა ამისა, სხვადასხვა წყაროებიდან ირკვევა, რომ შესაძლოა საკადრო ცვლილება მთავრობაშიც მოხდეს და ე.წ. აგენტების კანონთან დაკავშირებით სტუდენტების აქტიურობის გამო, განათლების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს თანამდებობა დაატოვებინონ. აღნიშნულ საკითხზე ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ სენსიტური საკითხია და “ოცნება” ფრთხილად უნდა მოეკიდოს. ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ ეს ყველაფერი მმართველ პარტიაში სერიოზული კრიზისის დასაწყისია. როგორც ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბოტკოველი ამბობს, “ხელისუფლება დაშლისთვის, დაქუცმაცებისთვის და დასასრულისთვისაა განწირული”. მისივე შეფასებით, “შაბათის შეხვედრა ემსახურებოდა იმას, თუ როგორ გადაირჩინოს თავი უმრავლესობამ", რადგან ადამიანებს “კონკრეტული ფაქტებით აიძულებენ, რომ იყვნენ ე.წ. უმრავლესობის წარმომადგენლები”. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ამ საკითხზე ორი სცენარია მოსალოდნელი. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი აცხადებს, რომ თუ ეს დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობასა და “ოცნებას” დატოვებენ, მაგრამ არა მანდატებს, “ოცნებაში” კრიზისია მოსალოდნელი”, - განაგრძობს გამოცემა.

“იმაზე მეტი ინფორმაცია არ მაქვს, რაც “ოცნებამ” გაავრცელა, მაგრამ ადრეც იყო ნათქვამი, რომ ეს დეპუტატები კანონს მხარს არ უჭერენ. საერთოდ, კობახიძეს ადმინისტრაციული კუთხით მოქმედება ძალიან უყვარს ხოლმე - რომ ყველა პარტიულ დისციპლინას უნდა დაემორჩილოს. ამ მიდგომის შედეგად “ოცნებამ” უკვე ბევრი დეპუტატი დაკარგა. თუკი კობახიძე ამ სტრატეგიას გააგრძელებს და მას პარტია აჰყვება, მაშინ ყველაფერია მოსალოდნელი. მემგონი “ოცნების” ეს წევრები იმ ტიპის დეპუტატები არ არიან, რომლებიც პარტიის ოპონენტების გაძლიერებას შეეცდებიან. პირიქით, ისინი ალბათ “ოცნების” მიმართ კორექტულები იქნებიან იმ შემთხვევაშიც კი, თუ “ოცნებას” დატოვებენ. მგონია, რომ ეს საკითხი რომც დადგეს, უმრავლესობას ისინი არ დატოვებენ და ალბათ უმრავლესობის გადაწყვეტილებების მხარდამჭერებად დარჩებიან. ლოგიკურად “ოცნებაში” კრიზისი არ უნდა იყოს და თუ გადაირევიან, არ ვიცი... არც ის მეგონა, რომ კანონს გამოიტანდნენ, მაგრამ გამოიტანეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“ამ მოვლენიდან ორი სცენარი იკვეთება - თუ ეს დეპუტატები პარტიას დატოვებენ, უმრავლესობიდან გავლენ, მაგრამ დეპუტატის მანდატს შინარჩუნებენ და პარლამენტის სხდომათა დარბაზში მიპირდაპირე მხარეს გადავლენ, სადაც ოპოზიოცია ზის, უნდა ვივარაუდოთ, რომ “ოცნება” შესაძლოა საპარლამენტო უმრავლესობის დაკარგვის საფრთხის წინაშე უნდა დადგეს, რაც მმართველი პარტიისთვის სასურველი არ იქნება. მეორე ვარიანტი - ეს დეპუტატები პარტიიდან და საპარლამენტო უმრავლესობიდან გადიან, ოღონდ იმ დათქმით, რომ ისინი მანდატებს ტოვებენ. ამის შემდეგ, კანონმდებლობის თანახმად, მათ ადგილას ის დეპუტატები დაიკავებენ, რომლებიც პარტიულ სიაში მომდევნო იყვნენ. ხოლო იმ დეპუტატების შემთხვევაში, რომლებმაც მანდატები მაჟორიტარული არჩევნების შდეგად მიიღეს, იქ ალბათ შუალედური არჩევნები ჩატარდება. ზუსტად არ ვიცი ეს დეპუტატები მანდატების დატოვებას აპირებენ თუ შენარჩუნებას. აქ მთავარი ისაა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას საფრთე არ შეექმნას. თუ 76 დეპუტატი აღარ იქნა, მაშინ უკვე მთავრობის ფორმირების საკითხი დადგება და ამას უკვე რა მოვლენები მოჰყვება, ნათელია”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

“შესაძლოა სახელისუფლებო და პოლიტიკური რიზისი დადგეს. ჩემი აზრით, “ოცნებას” ეს ყველაფერი გათვლი აქვს და ალბათ პრევენციულ ზომებს მიიღებენ, რომ ეს არ მოხდეს. ბორჯომის შეხვედრა დახურული იყო. იქიდან რა ინფორმაციამაც გამოჟონა, ამაზე მარჩიელობას ვერ დავიწყებ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ამაზეც ყოფილიყო საუბარი”, -აღნიშნავს ანჯაფარიძე. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ განათლების სისტემის პოლიტიზირება ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებიდან მოდის და დღეს მწვავე ფაზაშია, რაც ხელმძღვანელობას არ უნდა დაეშვა. თუმცა ახლა მინისტრის გადაყენება შესაძლოა სტუდენტების 7-8 მარტის აქტივობას დაუკავშირონ და უფრო მწვავე შედეგებო მოჰყვეს, ამიტომაც “ოცნება” ფრთხილად უნდა მიუდგეს ამ საკითხს”, - დასძენს გამოცემა.

“იმ ლოგიკიდან თუ ამოვალთ, რომ აქტიური სტუდენდები “ოცნებისთვის” პერობლემა იყო, ფაქტია, რომ იყო, მაგრამ ეს ჩხენკელთან კავშირში არაა. 2012 წლამდე “ნაციონალური მოძრაობაც” კი უმაღლესებში ყურადღებას აქცევდა სტუდენტების ისეთ მიმართულებით დაყენებას, რაც თვითონ აწყობდა. დღესაც ენმ-ის განწყობის მქონე ახალგაზრდები ლექტორებს უტევენ და ეს პროცესი იმ დროიდან მოდის. მთელ რიგ უმაღლესებში პარტიული ნიშნით ხდება პროფესურისა და სტუდენტების ფორმირება. ეს ზოგადად ენმ-ის კონცეფციაა და თუ ამ ხნის განმავლობაში ამის საპასუხო არაფერი მოხდა, ეს ზოგადად “ოცნების” პოლიტიკის ხარვეზია. მაგრამ ამ სასწავლო სისტემის ჩხენკელზე გადაბრალება მემგონი ცოტა გადაჭარბებული იქნება. თუკი ჩხენკელის გადაყენება სტუდენტების აქტივობასთან დაკავშირდება, რა თქმა უნდა, ამას “ოცნება” უნდა მოერიდოს, რადგან სტუდენტებს უკვე ერთმანეთის დასაცავი აქციების გამართვა შეუძლიათ. თუ “ოცნება” ჩაერევა, როგორც პარტია, მაშინ გააპროტესტებენ - პარტიული კონტროლი უმარლეს სასწავლებლებში რატომ შემოგყავსო. იქ არავინ არკვევს იმას, რომ ასეთი ასიმეტრია ზუსტად ენმ-ის დროინდელი პარტიული კონტროლის შედეგად შეიქმნა. მარტივი სიტუაცია არაა და ჩხენკელის მოხსნა-დანიშვნით მდგომარეობა არ შეიცვლება. “ოცნებას” ამაზე ფიქრი უფრო შორიდან უნდა დაეწყო, რომ ენმ სასწავლო ორგანიზაციების პოლიტიზირებას ახდენს”, - განმარტავს საყვარელიძე.

“გავიხსენოთ კობახიძის ლექციის ინციდენტი, ასევე რომელიღაც სტუდენტებმა იმის გარკვევა რომ დაიწყეს, პროფესორებს რა ორიენტაცია აქვთ და ა.შ. ანუ სტუდენტების მხრიდან პოლიტიკური ბულიგნი დაიწყო. ისევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიტიკური ბულინგია მასწავლებლების მხრიდან მოსწავლეებზე, რომ მამამისი ვინაა და ა.შ. სასწავლო ფენის პოლიტიკაში ჩართვა რა თქმა უნდა ურთულესი მოვლენის მოწმეებს გაგვხდის. ამას კომუნისტები და ფაშისტები აკეთებდნენ, რომ ახალგაზრდების მთელ ჯგუფებს პოლიტიკაში რთავდნენ. თუ ამ სტრატეგიას გავაგრძელებთ, ქვეყნისთვის კარგი არაფერი იქნება, მაგრამ ეს ისეთი პროცესია, რომ ცოტა ფაქიზად, დაფიქრებით და ფრთხილად უნდა მიუდგე, რადგან ჩვენ უკვე ფაქტთან გვაქვს საქმე - რომ ეს სეგმენტი ენმ-ის მხრიდან პოლიტიკაში უკვე არიან ჩართული", - დაასკვნის რამაზ საყვარელიძე.

“ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი ამბობს, რომ სტუდენტებს საკუთარი სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირების უფლება აქვთ. შესაბამისად, მისი აზრით, სტუდენტთა პოლიტიკური აქტივობის გამო საკადრო გადაწყვეტილების მიღება არასწორი იქნება. “განათლების მინისტრთან სტუდენტების აქტიურობის დაკავშირება ცოტა არ იყოს არაადეკვატურია. სტუდენტებს სამოქალაქო აქტივობას და საკუთარი სამოქალაქო პოზიციების დაფიქსირებას ვერავინ აუკრძალავს. ეს მათი არჩევანის თავისუფლებაა. ამაზე საკადრო გადაწყვეტილებების მიბმა - რომ სტუდენტების ერთი ნაწილი რატომ გამოვიდა - არ მგონია სწორი იყოს და თუ ეს მოხდა, ალბათ საზოგადოებაც დიდი ალბათობით ამას ასე აღიქვამს. არ მგონია ამას დადებითი რეზონანსი ჰქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ განათლების ექსპერტი არ ვარ, ამ სფეროში კომპეტენტური სპეციალისტებისგან მომისმენია, რომ განათლების სფეროში ბევრი რამ ხდება ისეთი, რაც შეცვლის და უკეთესის სურვილს ტოვებს”, - თქვა ანჯაფარიძემ”, - წერს სტატიის ავტორი.

ანდრო გოცირიძე - “ხელისუფლებამ უკან გამოიწვია კანონი და ახლა მუშტების ქნევას აზრი აღარ აქვს”

“აქციებს ძალადობრივი ხასიათი და გაგრძელება არ ჰქონია და ამას ადასტურებენ როგორც საერთაშორისო საზოგადოება, ასევე ჩვენი სამართალდამცავი უწყებები. შესაძლოა ერთეულ შემთხვევებში იყო გადაცდომები, მაგრამ ხომ არ იყო ეს გამოწვეული სამართალდამცველების არასწორი ქმედებებით, ეს ჯერ არ არის გარკვეული. როგორც ვიცი, ამაზე გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის, ასევე, სახალხო დამცველის აპარატს აქვს დაწყებული. აქციებს რა ფორმაც არ უნდა მიეღო, რეალობას ვერ გავექცევით - თუკი ძალადობა იქნებოდა, ისიც საპარლამენტო უმრავლესობის ყოვლად გაუაზრებელი ნაბიჯით იყო ინსპირირებული, რაც გამოიხატა ე.წ. აგენტების შესახებ კანონის ინიცირებით. ცხადი იყო, რომ ამას ასეთი შედეგი მოჰყვებოდა”, - აცხადებს ექსპერტი, უსაფრთხოების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ხელისუფლებამ უკან გამოიწვია კანონი და ახლა მუშტების ქნევას აზრი აღარ აქვს”.

“წლებია, ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე (განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ დასავლურ არჩევანს საფრთხე ემუქრება) ასეულათასობით ადამიანი იკრიბება ქუჩაში. მეორეც, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მუდმივად მიგვანიშნებდნენ, რომ ამ კანონის განხილვა და მიღება იქნებოდა ევროატლანტიკური არჩევანის შემაფერხებელი გარემოება. ბუნებრივია, ამაზე შეიკრიბებოდა ასიათასობით მოქალაქე და როცა ამხელა მასა იკრიბება, იქ შესაძლოა დანაშაულის პროვოცირებაც. ამიტომ მმართველი ძალის ვალდებულება იყო სწორად განეჭვრიტა, რა პროცესები შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამ ყველაფერს - მასობრივი შეტაკებები შსს-ს ძალებსა და მოსახლეობას შორის და არაა გამორიცხული, ეს ყველაფერი მსხვერპლითაც დასრულებულიყო, ისეთი მძიმე შედეგებით, როგორიც 20 ივნისის აქციის დარბევას მოჰყვა. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 20 ივნისის მოვლენებიც ხელისუფლების უპასუხისმგებლო მოქმედებების შედეგი იყო. მაშინაც გავრილოვის დემონსტრაციულმა და უტიფარმა გამოჩენამ საქართველოს პარლამენტში გამოიწვია ეს მოვლენები... ხელისუფლებას მოუწია სწრაფად წაეღო უკან საკუთარი გადაწყვეტილება, ძალიან სწრაფად უარეყო საკუთარი შეხედულებები, ამიტომ, რასაკვირველია, მას არ სურს გამოჩნდეს დამარცხებული, მით უმეტეს, როცა ეს დამარცხება საქართველოსთვის და ჩვენი სახელმწიფოსთვის გამარჯვებად ჩანს - ამას მიესალმა საერთაშორისო თანამეგობრობა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ანდრო გოცირიძე.

“ალტ-ინფომ” კიდევ ერთხელ გადაწყვიტა ეჩვენებინა რუსი პატრონებისთვის, რომ ის ანგარიშგასაწევი რუსული ძალაა საქართველოში და მასზე ფსონის დადება რუსული სპეცსამსახურების ინტერესებში უნდა შედიოდეს. არ ვთვლი, რომ ეს ხალხი სერიოზულ ძალას წარმოადგენს, თუმცა კრიტიკას ვერ უძლებს სამართალდამცველების მოქმედება, როდესაც წინასწარ გათვლილი პროვოკაციის (დროშის­ ჩამოხევა პირველად ხომ არ ხდება?) აღკვეთას ვერ ახერხებს. როგორ შეიძლება ვირწმუნოთ, რომ ამის აღკვეთას უფრო მძიმე შედეგები მოჰყვებოდა, ვიდრე იმ სამარცხვინო სანახაობას, რაც მთელმა მსოფლიომ იხილა. არა მაქვს ილუზია, რომ ჩვენმა საპოლიციო ძალებმა, რომლებიც საკმაოდ კარგი დაფინანსებით, აღჭურვილობით, მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან, ვერ შეძლეს რამდენიმე ათეული პირის პროვოკაციის აღკვეთა მაშინ, როცა კარგად ახერხებენ ათიათასობით მომიტინგესთან გამკლავებას, თუკი ამის ნება არსებობს. პოლიცია პოლიტიკურ ნებაზე კი არ უნდა იყოს, ავტომატურ რეჟიმში უნდა აღკვეთდეს კანონდარღვევას, ევროპული სიმბოლიკის ხელყოფა კი საქართველოში დასჯადი ქმედებაა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“საყოველთაოდ ცნობილია, რომ უკრაინაში რუსეთის სახელმწიფოს ინტერესების ჩაშლა რუსული სპეცსამსახურების ჩავარდნაა, რადგან მათ კრემლის მესვეურთათვის არასწორი სადაზვერვო ინფორმაცია მიჰქონდათ. შესაბამისად, მაშინ, როდესაც რუსეთი უკრაინაში მარცხდება, რუსული სპეცსამსახურები ცდილობენ კრემლის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას მიაწოდონ ისეთი სცენარი, რომელიც რუსეთის მოსახლეობის თვალში გამარჯვებად გაფორმდება. რუსეთს ახლა არ შესწევს უნარი სამხედრო ძალით მოახდინოს მოლდოვის, საქართველოს, მით უფრო, ევროპის შუაგულში არსებული პრორუსული პოლიტიკის წარმონაქმნების, ან თუნდაც ჩვენი სეპარატისტული რეჟიმების სამხედრო ძალით შეერთება, ამიტომ ცდილობს მცირე სახელმწიფო გადატრიალებებით, სადაზვერვო სპეცსამსახურის ოპერაციებით უზრუნველყოს კრემლის პოლიტიკური რეჟიმის რეაბილიტაცია. სწორედ ამას უნდა უკავშირდებოდეს დაინტერესების რეგიონებში რუსული მეხუთე კოლონის გააქტიურება, მათ შორის, ამ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის პირდაპირი ლობირება ისეთ განსხვავებულ სისტემებშიც კი, როგორიც არის საქართველო”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“სამოქალაქო დაპირისპირება და შიდაარეულობა, სისხლის ღვრა საქართველოში რუსეთისთვის ყველაზე სასურველი სცენარი იქნებოდა, მით უმეტეს, თუ ამის შემდეგ ის მშვიდობისმყოფლად მოგვევლინებოდა. ცხადია, რუსეთს მშვიდობისმყოფლად აქ არც ერთი ძალა არ დაპატიჟებს. მაგრამ, ბუნებრივია, რაც უფრო არეული იქნება საქართველოში სიტუაცია, ეს შეაფერხებს ჩვენს დასავლურ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. რუსეთი ძალიან კარგად ხვდება, რომ საქართველოსა და მოლდოვისთვის ახლა სწორედ შესაძლებლობის ის ფანჯარაა გახსნილი, რასაც შეიძლება სწრაფად მოჰყვეს ამ ქვეყნების უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ მოქცევა. ამიტომ, ბუნებრივია, არეულობა, სისხლის ღვრა, გათიშულობა რუსეთისთვის ყველაზე ხელსაყრელი სცენარია. ის ყველაფერს გააკეთებს ამისთვის, მაგრამ, სანამ უკრაინაში ხელ-ფეხი აქვს შეკრული, ვერაფრით მოახერხებს სამხედრო ძალით საქართველოზე შეტევას, ახალი ავანტიურის წამოწყებას, ვინაიდან ამას მატერიალური, სამხედრო, გნებავთ, მორალური რესურსი სჭირდება. იმედია, ამ ომში რუსეთი დამარცხდება და იმდენად დასუსტდება, რომ ჩვენთვის ვეღარასდროს მოიცლის... რაც არ უნდა მოხდეს (ქვეყნის დამაზიანებელი), პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, რადგან მას ყველანაირი ბერკეტი აქვს, აღკვეთოს რუსული აღვირახსნილი პროპაგანდა საქართველოში. სამწუხაროდ, ძალიან ხშირად პოლიტიკური ბენეფიტების მიღწევის მიზნით ამ აღვირახსნილი რუსული პროპაგანდის გამავრცელებელი თვითონ ხელისუფლებაში არსებული ძალები არიან”, - დაასკვნის ანდრო გოცირიძე.

“უსაფრთხოების სამსახურები უნდა ახდენდნენ ამგვარი ჯგუფების გამოვლენას. მათ ღია ანგარიშებში წერია, რომ საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენენ ის ძალები, რომლებიც საქართველოში რუსულ პროპაგანდას, რუსულ დეზინფორმაციას ეწევიან, რაც გამოიხატება დასავლური ინსტიტუტებისადმი ნდობის შემცირებაში, საქართველოს ევროატლანტიკური კურსის დისკრედიტაციულ მოქმედებებში. როდესაც ვისმენთ ზოგიერთი პოლიტიკოსის და მაღალი თანამდებობის პირის გამონათქვამებს, რომ "დასავლეთი ომში გვითრევს", მეტიც, "დასავლეთი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებასა და ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლას ამზადებს", არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წლების განმავლობაში სწორედ ეს მესიჯები ისმის რუსული სადაზვერვო სამსახურებისა და კრემლის მესვეურთაგან. ეს იყო კანონის მიღების გაცხადებული მოტივი, რაც საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების დამაზიანებელია, რადგან პირდაპირ ვამბობთ, რომ იმას, რასაც წლების განმავლობაში ცდილობს დაამკვიდროს რუსული პროპაგანდა, ჩვენ მოცემულობად ვიღებთ”, - განმარტავს ექსპერტი.

“რუსული სადაზვერვო სამსახურები ამბობენ, რომ დასავლეთი მისთვის მიუღებელ ხელისუფლებებს ცვლის, აპირებს ომში ჩაითრიოს ისინი და თუკი ამას საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტით გავამყარებთ, ბუნებრივია, ჩვენი ევროატლანტიკური კურსისგან აღარაფერი დარჩება. რამდენი ქვეყანაც და ორგანიზაციაც არ უნდა დასახელდეს, სადაც ასეთ კანონზე მიდის მსჯელობა, შედეგი იქნება ერთი - დასავლური სამყარო ამ კანონს იღებს დესტრუქციული აქტორების წინააღმდეგ - რუსეთის, ირანის და ა.შ.. რუსეთი კი ამ კანონს იღებს დასავლური სამყაროს წინააღმდეგ. ხელისუფლებამ უკან გამოიწვია კანონი და ახლა მუშტების ქნევას აზრი აღარ აქვს”, - დასძენს გოცირიძე და შეკითხვაზე - “17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინი სამხედრო დამნაშავედ ცნო და მისი დაპატიმრების ორდერი გასცა”... - პასუხობს:

“ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურად დიდი მნიშვნელობა აქვს, რუსეთის პრეზიდენტი საერთაშორისო დამნაშავედ ცხადდება, რაც გამორიცხავს მასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას, ასევე მონაწილეობას ნებისმიერ მსოფლიო ფორუმში. დამნაშავის სტატუსი ამყარებს დასავლეთის გადაწყვეტილებას, რომ რუსეთი ბრძოლის ველზე უნდა დამარცხდეს და მხოლოდ ამის შემდგომაა შესაძლებელი მოლაპარაკებები ომის შემდგომ არქიტექტურასა თუ უკრაინის აღმშენებლობის საკითხებზე. შესაძლოა არსებობდეს განცდა, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ესკალაციას გამოიწვევს და ჩიხში მოქცეულ დიქტატორს შესაძლოა ბირთვული იარაღის გამოყენებისაკენ უბიძგოს, თუმცა ამას ერთი კაცის გადაწყვეტილება არ ჰყოფნის, ხოლო ამგვარი ბრძანების შემსრულებლებს არ სურთ არა მარტო პოლიტიკურ, არამედ რეალურ საფლავში ჩაჰყვნენ პუტინს. ტექნიკურადაც ამგვარი ბრძანების შესრულება ამერიკული პრესინგის პირობებში თითქმის შეუძლებელი მისიაა. ბირთვული მოთამაშეებიც, ჩინეთი და ინდოეთიც, წინ აღუდგებიან მოვლენათა ამგვარ განვითარებას. ამ ეტაპზე პუტინს არავინ დაიჭერს, მაგრამ ფაქტია, ეს მისი სრული იზოლაციაა, მათ შორის რუსული პოლიტელიტისა და საკუთარი გარემოცვისგანაც”.

უკრაინელთა მზადება ბახმუტის დეოკუპაციისთვის და პუტინის საპასუხო ნაბიჯები ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

“მას შემდგეგ, რაც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინზე დაგავების ორდერი გასცა, რუსეთის პრეზიდენტი მოულოდნელად უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩავიდა. ორშაბათს კი მოსკოვში ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს ელოდებიან. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს ყველაფერი მაინც ვერ გადაფარავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების მნიშვნელობას. ამის პარალელურად კი რუსებს შესაძლოა უშალოდ ფრონტზეც ელოდებათ უსიამოვნო სურპრიზი - სამხედრო მიმომხილველების ცნობით, უკრაინელებმა ბახმუტთან სერიოზულ ძალებს მოუყარეს თავი და ამ დღეებში მათგან მასირებულ შეტევას ელოდებიან. ფრონტზე ვითარება კვლავ რთულია. უკრაინის მთელს ტერიტორიაზე კვირასაც გამოცხადდა განგაში. უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათში მათ მტრის 100-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით უკრაინელთა მზადება ბახმუტის დეოკუპაციისთვის და პუტინის საპასუხო ნაბიჯები ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

“ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამ შეტევებს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს - არ მისცენ უკრაინელებს ძალის მოკრებისა და ბახმუტის დებლოკირების საშუალება. ბახმუტთან უკრაინული ძალების კონცენტრაციის შესახებ ცნობები სხვადასხვა “ტელეგრამ” არხებით ვრცელდება. ზოგიერთ მათგანზე გამოქვეყნებულია დიდი რაოდენობით უკრაინული სამხედრო დექნიკის, მათ შორის დასავლეთისგან მიღებული უახლესი ტანკებისა და ჯავშანტრანსპორტიორების გადაადგილების კადრებიც. როგორც გენერალი ვახტანგ კაპანაძე “რეზონანსს”უყება, რუსეთი ბახმუტის ალყაში მოქცევას კვლავ ცდილობს და ამასთან სურს, რომ უკრაინელებისთვის ხელის შეშლის მიზნით 800-კილომეტრიან ფრონტზე აქტიურობა შეინარჩუნოს. უკრაინას კი, მისი ინფორმაციით, 4 ახალი დაჯგუფება აქვს შექმნილი და შეტევა წესით უახლოეს ერთ კვირაში უნდა დაიწყონ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ბახმუტის მიმართულებაზე რუსეთი მაქსიმალურად ცდილობს, რომ წინ წაიწიოს, წრე შეკრას და ქალაქი ალყაში მოაქციოს. ქალაქის მომარაგების ერთადერთი გზაა დარჩენილი, რომელიც ნაწილობრივ რუსები ცეცხლის ქვეშაა, თუმცა ასე თუ ისე მაინც ფუნქციონირებს. ბახმუტში მდინარე ბახმუტკას აღმოსავლეთ ნაპირი რუსების კონტროლქვეშაა, დასავლეთ ნაპირზე კი ბრძოლები მიდის. არის ქარხანა “აზომ”-ი, სადაც უკრაინის თავდაცვაა ორგანიზებული, ქარხნის ნაწილი კი რუსებმა დაიკავეს. ასევე ბრძოლები ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილშიცაა, სადაც რუსები შეტევას კიდევ ერთ ქარხანაზე ცდილობენ. რუსების კონცენტრაცია ბახმუტისკენაა, თუმცა ასევე კუპიანკის მიმართულებაზე წინ წაწევასაც ცდილობს. 800-კილომეტრიან ფრონტზე რუსეთი აქტიურობის შენარჩუნებას იმიტომ ცდილობს, რომ უკრაინელებმა ბახმუტის დასახმარებლად ძალების კონცენტრაცია ვერ მოახდინონ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.

“სამხრეთის მიმართულებას რაც შეეხება, აქ მხოლოდ საარტილერიო დარტყმების გაცვლაა. ამ მხრივ არაკონტაქტური დაპირისპირებაა. გარკვეულ მონაკვეთებზე არის დაზვერვა ბრძოლით, მაგრამ აქტიურობა ძირითადად მაინც უკრაინის აღმოსავლეთ მიმართულებაზეა. ჩემი მონაცემებით, უკრაინელებს ოთხი დაჯგუფება აქვს შექმნილი. თითქოსდა მოლოდინია, რომ ბახმუტის მიმართულებით უკრაინელები კონტრშეტევას განახორცილებენ დახმარების აღმოსაჩენად. ვნახოთ, თუ ეს უახლოეს ერთ კვირაში იქნება - იქნება, თუ არა და მერე არ მგონია ამ მიმართულებაზე მსგავსი რამ განახორციელოს”, - თვლის კაპანაძე. როგორც რუსული მედია წერს, ვლადიმერ პუტინი შაბათს ჯერ ოკუპირებულ ყირიმში ჩავიდა, სადაც, სევასტოპოლში ხელოვნების სკოლა და ბავშვთა ცენტრი მოინახულა, ხოლო შემდეგ ოკუპირებულ მარიუპოლს ესტუმრა. ამასთან ჩინეთის ორშაბათს პრეზიდენტის სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტია დაგეგმილი, რომელზეც რუსი მიმომხილველები განსაკუთრებულ იმედებს ამყარებენ. როგორც თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია აცხადებს, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც რუსეთისთვის, ისე პუტინისთვის დამამცირებელია და ამის საპირწონედ მოსკოვი ყველა შესაძლო ნაბიჯს გადადგამს, თუმცა ეს ნაბიჯები იმ სიძლიერის ვერ იქნება, რომ დასავლეთი და მისი გეგმები დააზიანოს”, - განაგრძობს გამოცემა.

“ფაქტია, რომ ჰააგის გადაწყვეტილება რუსეთის ხელისუფლებისთვის და პირადად პუტინისთვის ძალიან დამამცირებელია, რადგან ისინი აქამდე ყოველთვის ამბობენ, რომ მათთვის საერთაშორისო სამართლის პრინციპები მნიშვნელოვანი იყო. რა თქმა უნდა, ეს თავისებურად ესმოდათ, მაგრამ მაინც არ მოელოდნენ, რომ დასავლეთი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდა. მათთვის ყველაზე ცუდი ისაა, რაც შეიძლება ამ გადაწყვეტილებას მოჰყვეს - ბევრი აღნიშნავს, რომ ეს ომი როგორც არ უნდა დამთავრდეს, დასავლეთი რუსეთთთნ ნორმალური ურთიერთობის დამყარებას არ აპირებს. რუსეთი თანდათან იზოლირებული ქვეყანა ხდება, როგორც თავის დროზე საბჭოთა კავშირი იყო და ეს მათ მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს. აქამდე დასავლეთი ცდილობდა, რომ ხიდები არ დაეწვა, მაგრამ ამ გადაწყვეტილებით გამოჩნდა, რომ ისინი რუსეთთან ბრძოლაში უკან არ დაიხევენ. ამასთან, მცირდება იმის შანსი, რომ დასავლეთის ჩართულობით პირდაპირი მოლაპარაკება შედგეს, რადგან საერთაშორისო ძებნილთან მოლაპარაკებას არავინ დაიწყებს”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.

“ამ გადაწყვეტილებას რუსეთში შიდა განზომილებაც აქვს - შესაძლოა შიდაპოლიტიკურ ელიტაში პრობლემები გამოიწვიოს. ამის ფონზე რუსეთმა რა პოლიტიკური ნაბიჯებიც არ უნდა გადადგას, ამით დასავლეთს ვერაფერს ვერ უზამს და იმაზე უარესს ვერ გააკეთებს, რაც უკრაინაში უკვე გააკეთა. უბრალოდ, შეიძლება რაღაც პასუხი იყოს, რაზედაც საუბარი წინასწარ ძნელია. რაც შეეხება სი ძინ პინის ვიზიტს, ჩინეთი საერთოდ პრაგმატული აქტორია და რუსეთი მასთან ყველაფერს ვერ გააკეთებს, რადგან პეკინი პუტინის ხელისუფლებას საფლავში არ ჩაყვება. ჩინეთი რუსეთის სტრატგიული მოკავშირეა, მაგრამ მას ასევე საკუთარი ინტერესები აქვს, რომელიც რუსეთის ინტერესების იდენტური არაა. ამის პარალელურად, ჩინეთს გლობალური ინტერესები აქვს, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით დასავლეთთან და განსაკუთრებით აშშ-სთან. ამიტომაც შეზღუდულია და ყველაფერს არ გააკეთებს, რაც შეუძლია”, - ამბობს კაკაჩია.

“ამავე დროს, სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში ვალდებულება აქვს, რომ რუსეთს გარკვეული დახმარება აღმოუჩინოს სავაჭრო, ფინანსური კუთხით. ალბათ უფრო ნაკლებად სამხედრო დახმარება იქნება, რადგან უკვე დასავლეთის მხრიდან გაფრთხილებულია, რომ თუ ის შეიარაღებას მიაწვდის, ამან შესაძლოა აშშ-სა და ჩინეთს შორის ისედაც დაძაბული სიტუაცია კიდევ უფრო გაართულოს. ჩინეთი ეცდება დელიკატურად იმოქმედოს, რომ არც მწვადი დაწვას არც შამფური, მაგრამ რეალურად რა გამოვა, ამას უახლოეს ხანში ვნახავთ. რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავად პუტინის ჩასვლას, ეს დასავლეთისთვის და უკრაინისთვის სიგნალია, რომ თითქოს არ უნდა ჰქონდეთ მოლოდინი, რომ რუსეთი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს დათმობს, ამ თემაზე მოლაპარაკებებიც კი ზედმეტი არისო”, - დასძენს კორნელი კაკაჩია.

ვახტანგ ძაბირაძე - “ლოზუნგებს თავი უნდა დავანებოთ! რატომ ჰგონიათ, რომ ვადამდელი არჩევნები მომგებიანი იქნება?”

“დავიწყოთ იმით, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება თავად “ნაცმოძრაობას” არ მოუტანს არაფერს. “ქართული ოცნება” იფიცება, რომ 12 პუნქტიდან უკვე ყველა შეასრულა, გარდა იმ პუნქტისა, სადაც მას ხმები არ ჰყოფნის და ოპოზიციის ხმები სჭირდება. ოპოზიციის ვალია გამოიკვლიოს, “ოცნებამ” მართლაც შეასრულა ყველა პუნქტი ისე, როგორც საჭიროა, თუ როგორც თავად სურდა. უნდა დაიწყონ უკვე მიღებული კანონების შესწავლა, თუ რამდენად შეესაბამება ისინი იმას, რასაც ჩვენგან ითხოვენ, რომ არ მივიღოთ უარყოფითი შეფასება”, - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ლოზუნგებს თავი უნდა დავანებოთ! რატომ ჰგონიათ, რომ ვადამდელი არჩევნები მომგებიანი იქნება?”

“ნაციონალურ მოძრაობას” უნდა მოვთხოვოთ განმარტოს, ვის წარმოადგენს მერაბიშვილი - იმ ახალ “ნაციონალურ მოძრაობას”, რომელსაც სათავეში ხაბეიშვილი უდგას? თუ პარტიის პოზიციას არ ამჟღავნებს, მაშინ ვის პოზიციაზე ლაპარაკობს? ვისი სახელით? მე მოვუსმინე მის ინტერვიუს და ჩანდა, რომ “ნაცმოძრაობის” სახელით ლაპარაკობდა. თუ ასე არ არის, მაშინ “ნაცმოძრაობამ” უარყოს და რაც მთავარია, დამზღვევი სისტემაც შექმნას, რადგან არ შეიძლება ეს კაცი მუდმივად ლაპარაკობდეს, რას უნდა აკეთებდეს პარტია, ხოლო პარტია აცხადებდეს, ეს არ არის ჩვენი აზრიო. თუ ასეა, მაშინ მერაბიშვილის ნათქვამი უნდა უარყოფილ იქნეს არა მარტო საქართველოში, არამედ უკრაინაშიც. უნდა გაუგზავნონ ტელევიზიებს განცხადება, რომ ეს არის კერძო მოსაზრება და არა პარტიის პოზიცია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“თუ ვადამდელი არჩევნები ჩატარდება, ჩატარდება იმავე სისტემით, რა სისტემითაც 2020-ში ჩატარდა, და მეორე - ამას დათანხმდება თუ არა ხელისუფლება, კაცმა არ იცის. რაც მთავარია, საარჩევნო სისტემა ისეთია, ისევ ხელისუფლებას აქვს უმრავლესობის მოპოვების დიდი შანსი - მაჟორიტარებს ისევ გაიყვანს, პროპორციული წესით 40-მდე კაცის გაყვანა არ გაუჭირდება უმრავლესობის მოსაპოვებლად. რაც შეეხება ოპოზიციას, ისედაც დაშლილი და ფრაგმენტირებული იყო და ასპარეზზე კეზერაშვილი-მერაბიშვილის გამოჩენამ თუ ხაბეიშვილის თავმჯდომარეობამ თავად “ნაცმოძრაობაც” დაანაწევრა. ასეთ ვითარებაში რა შანსია, რომ “ოცნება” ისევ დიდ უმრავლესობას არ აიღებს? თუ უმრავლესობას ისევ აიღებს, ხოლო 2024 წელს არჩევნები ისევ ჩატარდება, წელს გამარჯვებული მმართველი პარტია იმ არჩევნებს არა რეიტინგდაკარგული და დასუსტებული შეხვდება, არამედ ახალი ლეგიტიმაციით იქნება მოსული და ეს ვის უნდა აწყობდეს?”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“სხვა საკითხია, რომ ვადამდელი არჩევნები “ქართული ოცნების” ლიდერებს არ აწყობთ, რადგან მომავალ არჩევნებში, ვადამდელი იქნება თუ ვადიანი, უმრავლესობის უმრავლესობა მანდატს გამოეთხოვება და მერწმუნეთ, ისინი მდუმარე დეპუტატები არ იქნებიან. ვინც უფრო აქტიურია და ვისი იმიჯიც ძალიან შელახულია, დიდი ალბათობით, სიიდან ამოიღებენ. ამიტომ ახლა, როდესაც მათი ბედიც გაურკვეველია, ახალი არჩევნების ჩატარება არ აწყობთ. ასე რომ, იდეები კარგია, მაგრამ იდეებს არგუმენტები სჭირდება, ვის აძლევს ხელს და რა შედეგს მოგვიტანს ვადამდელი არჩევნები”, - დასძენს ძაბირაძე და შეკითზვაზე - “მარგველაშვილი არ არის ერთადერთი, ვინც რიგგარეშე არჩევნებზე საუბრობს. რითი აიხსნება მათი ასეთი დაჟინება?”, - პასუხობს:

“ლოზუნგებს თავი უნდა დავანებოთ. როდესაც რაღაცას სთავაზობ საზოგადოებას, ვადამდელი არჩევნები იქნება თუ სხვა რამ, საჭიროა მკაფიო არგუმენტირება და მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა. ნათელმხილველი არავინ არის, მაგრამ რატომ გგონია, რომ ეს მომგებიანი იქნება, ის მაინც ხომ უნდა თქვა? ამის ნაცვლად კი ვისმენთ ლოზუნგებს, ასეა ამ ვადამდელი არჩევნების შემთხვევაშიც. ჯობს, იმაზე ვიფიქროთ, როგორ ვაიძულოთ “ქართული ოცნება” შეასრულოს 12-პუნქტიანი გეგმა ისე, როგორც აუცილებელია. ამისთვის უნდა დახარჯოს ოპოზიციამ დრო და ენერგია, ამასთან, როგორღაც ჩამოყალიბდეს. ეს ერთი წელი ამისთვის უნდა გამოიყენონ და არა ვადამდელი არჩევნების ძახილზე. სხვა გამოსავალს, რომ 2024 წელს არჩევნები მეტ-ნაკლებად ნორმალურად ჩატარდეს, ვერ ვხედავ”.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო