მიმდინარე კვირაში პარლამენტი ირაკლი ღარიბაშვილს, ილია დარჩიაშვილს და ლაშა ხუციშვილს მოუსმენს

მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტი პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს და ფინანსთა მინისტრ, ლაშა ხუციშვილს მოუსმენს.

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მიმდინარე კვირის განრიგი ბიუროს წევრებს გააცნო. მიმდინარე სასესიო კვირის სამშაბათს, ტრადიციულად, პოლიტიკური განცხადებები გაიმართება, რომლის შემდეგ დღის წესრიგით გათვალისწინებულ კანონპროექტებს განიხილავენ.

ოთხშაბათს დეპუტატები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წლიურ ანგარიშსა და კომიტეტების ანგარიშებს მოისმენენ, ხუთშაბათს მინისტრის "საათის ფორმატში" პარლამენტის წინაშე ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი წარდგება, ხოლო პარასკევს გაიმართება ინტერპელაცია, სადაც დეპუტატები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს მოუსმენენ.

პრემიერს ინტერპელაციის წესით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოუსმენენ.

პარლამენტის წევრების: - თეონა აქუბარდიას, ხათუნა სამნიძის, ტარიელ ნაკაიძის, ანა ბუჩუკურის, თამარ კორძაიას, მიხეილ დაუშვილის, ბექა ლილუაშვილის, შალვა კერესელიძის და არმაზ ახვლედიანის ხელმოწერით საინტერპელაციო კითხვები პრემიერ-მინისტრს ჯერ კიდევ იანვარში გაეგზავნა.

ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე გაგზავნილ წერილში საუბარია იმაზე, რომ კანონმდებლობით დადგენილი ვადებისა თუ ნატოსთან აღებული ვალდებულებების მიუხედავად, დღემდე არ არის განახლებული ეროვნული უსაფრთხოების სფეროში ფუძემდებლური კონცეპტუალური დოკუმენტები: ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, საფრთხეების შეფასების დოკუმენტი და ეროვნული თავდაცვის სტრატეგია. იმავდროულად, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დამგეგმავი და მაკოორდინირებელი ორგანოს - ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფარგლებში არ ხდება კანონით გათვალისწინებული საკითხების რეგულარული განხილვები, რაც პრემიერ მინისტრის უშუალო პასუხისმგებლობაა.

ოპოზიციონერი დეპუტატები პრემიერს ინტერპელაციის წესით შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით მიმართავენ და მისგან პასუხს შემდეგ კითხვებზე ითხოვენ:

რატომ არ ხდება ეროვნული უსაფრთხოების სფეროში ფუძემდებლური კონცეპტუალური დოკუმენტების განახლება? რატომ არ იკრიბება უსაფრთხოების საბჭო ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციისთვის კანონით დადგენილ სამ თვეში ერთხელ მაინც? რამდენადაც სტრატეგიულ დონეზე დოკუმენტები არ გაგვაჩნია, გვიპასუხეთ გაიზარდა თუ არა ქვეყნის საფრთხეები და გამოწვევები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის ფონზე და რას უპირისპირებს ამ საფრთხეებს თქვენი მთავრობა ან როგორ იყენებს შესაძლებლობებს იქნება ეს ჩვენს რეგიონში, თუ ევროკავშირში წევრობის პერსპექტივის კუთხით?

რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდგომ, კერძოდ კი 2016 წლიდან მოყოლებული ეროვნული მედეგობის გაძლიერებაში, ისევე როგორც კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაში ნატო და ევროკავშირი აქტიურ ძალისხმევას უწევენ საქართველოს. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანმა ომმა კიდევ უფრო მეტად გამოკვეთა ამ საკითხებზე აქტიური მუშაობის საჭიროება. გთხოვთ განგვიმარტოთ, სადაა საქართველო ამ კუთხით, რა ნაბიჯები გადაიდგა თქვენი პრემიერობის პირობებში ეროვნული მედეგობის გასაზრდელად და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად?

საქართველოს თავდაცვის პოლიტიკას ორი ამოცანა გააჩნია: შეკავება და თავდაცვა. უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე, როგორ აფასებთ საქართველოს თავდაცვის ამ ორი ამოცანის შესრულების რეალურ მდგომარეობას? რატომ არის ქართული ოცნების მმართველობის ათი წლის თავზე გაზრდილი საფრთხეების და გამოწვევების ფონზე თავდაცვის ბიუჯეტი მშპ-სთან მიმართებაში რადიკალურად შემცირებული (1.6% 2023წ)?

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიიდან ერთი წლის თავზე რა მოიმოქმედეთ, რათა დასავლელ პარტნიორებთან (აშშ, დიდი ბრიტანეთი, სხვა სტრატეგიული პარტნიორებთან და ნატო, ევროკავშირთან) მჭიდრო კოორდინაციით საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება მომხდარიყო?

როდის აპირებთ საქართველოს პარლამენტის №07-3/99, 21.07.2021 რეზოლუციით მოწოდებული დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საერთო ეროვნული ხედვის შემუშავებას, ისევე როგორც ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის დამტკიცებას?

რაც შეეხება ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს მოსმენას, დარჩიაშვილის მოსმენა ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ჯერ კიდევ სექტემბერში მოითხოვეს და მინისტრს საინტერპელაციო კითხვები გაუგზავნეს, თუმცა პარლამენტში ინტერპელაციის წესით დარჩიაშვილის მისვლა რამდენჯერმე გადაიდო.

საგარეო საქმეთა მინისტრთან ინტერპელაციისთვის კითხვები შემდეგ საკითხებზე გაგზავნა:

- რუსეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის პროცესს აგრძელებს. რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ აიბღას ფაქტობრივი ანექსიის შემდეგ, მიმდინარე წლის ივლისში ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ 19 იანვარს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ე.წ. შეთანხმებას ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების შესახებ, რომლის პროექტის თანახმად 49 წლით 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. ეს ფაქტი ანექსიის ფორმად შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა. საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატების ნაწილმა პრეზიდენტის განცხადების გაკეთებამდე მოვითხოვეთ აღნიშნული ე.წ. შეთანხმების, როგორც მორიგი ანექსიის ფაქტად შეფასება, ისევე როგორც ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან შესაბამისი კომუნიკაცია მისი დაგმობის მიზნით, თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან დღემდე არც ერთი საჯარო განცხადება არ გაკეთებულა, რაც პირდაპირ კავშირშია საქართველოს დეოკუპაციის გაცხადებულ ეროვნულ ინტერესთან და 2021 წლის2 აგვისტოს მიღებული პარლამენტის რეზოლუციასთან “დეოკუპაციის და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ მიმართებაში.“

შესაბამისად, გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი პოზიცია ბიჭვინთის ანექსიის საკითხზე, ისევე როგორც განგვიმარტოთ თუ რით ხსნით თქვენი უწყების დუმილს ამ საკითხთან დაკავშირებით, გქონიათ თუ არა ჩვენი დასავლელ პარტნიორებთან აღნიშნულ საკითხზე შესაბამისი კომუნიკაცია, თუ კი რა იყო თხოვნა მათი მისამართით და თუ არ რატომ? ამასთან, გთხოვთ განგვიმარტოთ, თუ რა პოზიცია გაქვთ და რა ღონისძიებებს მიმართავს თქვენი უწყება რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის აეროპორტის აღდგენით სამუშაოებთან დაკავშირებით, რომლის რუსეთისათვის შესაძლო გადაცემაზეც მიმდინარეობს საუბარი? გქონდათ თუ არა შესაბამისი კომუნიკაცია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (იკაო)-სთან ამ შემთხვეაში რუსეთის იკაოდან გარიცხვის მოთხოვნასთან დაკავშირებით?

- ჩვენს რეგიონში ჩვენს დასავლელ მოკავშირეებს, მათ შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს აქვთ მცდელობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, რომელზეც მიმდინარეობს აქტიური მუშაობა გაიხსნას სატრანსპორტო კორიდორები. ამის საპირისპიროდ რუსეთის ფედერაცია ცდილობს ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ჩართვას სატრანსპორტო კორიდორებში თურქეთთან და სომხეთთან.

ამასთან დაკავშირებთ, გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია რას აკეთებს თქვენი უწყება საქართველოს როლის წარმოჩინებისთვის ამ ახალ რეალობაში სატრანსპორტო კორიდორების კუთხით ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან, ისევე როგორც ჩვენს მეზობლებთან? რა ხედვა არის ამ მიმართულებით და სტრატეგია, როგორ უპირისპირდებით რუსეთის ზემოთაღნიშნულ მცდელობებს?

- მას შემდეგ, რაც საქართველომ ვერ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, მმართველი პარტიის არაერთი წარმომადგენელი ამ ფაქტს ხსნიდა რუსეთთან ომში არ ჩართვით, ისევე როგორც აცხადებდა, რომ დასავლეთს სურდა საქართველოს ომში ჩართვა. რიგი “ქართული ოცნების“ თუ მისგან ფორმალურად გასული დეპუტატები ღიად ესხმოდნენ თავს საქართველოში აშშ-ს ელჩს, რაც ელჩმა რუსული ტიპის დეზინფორმაციად და ანტიდასავლურ კამპანიის ნაწილად შეაფასა.

გთხოვთ მოგვაწოდოთ უწყების პოზიცია საქართველოში გაძლიერებული ანტიდასავლური კამპანიის შესახებ. 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის თანახმად, მთავრობის ამოცანაა “საქართველოს მოსახლეობაზე მზარდი ანტიდასავლური პროპაგანდის ზეგავლენის პრევენცია და შემცირება“. ამისთვის კი სტრატეგიის თანახმად უნდა მიმდინარეობდეს საინფორმაციო გარემოს მონიტორინგი და ანალიზი, გამოვლენილ იქნას დეზინფორმაციის ფაქტები და დაიგეგმოს შესაბამისი საპასუხო ღონისძიებები. გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია, თუ როგორ ახორციელებს სტრატეგიით ზემოთაღნიშნულ ამოცანას თქვენი უწყება, და რა არის თქვენი, როგორც უწყების ხელმძღვანელის პოზიცია.

- ასევე, გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია: რა ვიზიტები განახორციელეთ და რა სამუშაო გასწია თქვენმა უწყებამ მიმდინარე წლის 23 ივნისიდან დღემდე ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის მისაღებად.

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველოს მიერ განაცხადის გაკეთებიდან ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების დღემდე, ევროკავშირის რომელ ქვეყნებში გქონდათ ვიზიტები და რა სამუშაოები გასწია თქვენმა უწყებამ - ასოცირების საბჭოს მეშვიდე სხდომის შედეგებზე საქართველოსთვის განსაკუთრებით დემოკრატიული რეფორმების ნაწილში.

ასევე, გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია მიმდინარე წლის 6 სექტემბერს, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტისას დახურულ კარს მიღმა შეხვედრების და პოზიციების შესახებ ჩვენი ევროპელი პარტნიორების საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსახორციელებელი წინაპირობების და ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ.

საგარეო საქმეთა მინისტრთან გაგზავნილ საინტერპელაციო კითხვებს ხელს აწერენ დეპუტატები: - თეონა აქუბარდია, ტარიელ ნაკაიძე, ანა ნაცვლიშვილი, გიორგი ვაშაძე, პაატა მანჯგალაძე, ხათუნა სამნიძე და დავით ბაქრაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა