ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023

კავკასია დიდი ომის ზღვარზე? - ირანი აზერბაიჯანს ემუქრება და ბალისტიკური სარაკეტო ბაზები მზადყოფნაში ჰყავს მოყვანილი

ხატია დეკანოიძე შეიძლება სამადაშვილის გზას დაადგეს - სანამდე მივა განხეთქილება ენმ-ში

სარესტორნო და სამშენებლო სექტორმა უცხოეთიდან მუშახელის ჩამოყვანა უკვე დაიწყო

* * *

კავკასია დიდი ომის ზღვარზე? - ირანი აზერბაიჯანს ემუქრება და ბალისტიკური სარაკეტო ბაზები მზადყოფნაში ჰყავს მოყვანილი

“ირანსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბული ურთიერთობა ისე გამწვავდა, რომ სიტუაცია დიდი ომის ზღვარზეა. თეირანი იმუქრება, რომ თუ აზერბაიჯანი სომხეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას დაიწყებს და ზანგეზურის ბლოკპოსტთან განლაგებულ ირანის სამშვიდობოებს თავს დაესხმება, არაა გამორიცხული, რომ ბაქოზე სარაკეტო იერიში მიიტანოს. ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე |რეზონანსთან| აცხადებს, რომ ირან-აზერბაიჯანს შორის სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია, თუმცა ამის მიუხედავად კავკასიაში დიდი ომის საფრთხე არაა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით კავკასია დიდი ომის ზღვარზე? - ირანი აზერბაიჯანს ემუქრება და ბალისტიკური სარაკეტო ბაზები მზადყოფნაში ჰყავს მოყვანილი.

“როგორც ემიგრაციაში მყოფი ირანელი ჟურნალისტი, სამხედრო ანალიტიკოსი ბაბაკ თაღვაე ტვიტერზე წერს: “აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ირანმა ზანგეზურის დერეფანში თავისი ჯარები და სამხედრო ტექნიკა უკვე გაგზავნა, ბოლო სასაზღვრო პუნქტში, რომელიც სომხეთს გარე სამყაროსთან აკავშირებს, რადგან აზერბაიჯანის არმია სამხედრო ოპერაციის დასაწყებად ემზადება, სომხეთის სრული ბლოკადისთვის”. აღსანიშნავია, რომ ეს პოსტი 22 მარტითაა დათარიღებული, ამ ინფორმაციას ვიდეოც ერთვის, სადაც სავარაუდოდ რამდენიმე სამხედრო ჯავშანმანქანა და ავტომობილია თავმოყრილი და ამასთან ადამიანები გადაადგილდებიან. წყარო ასევე წერს, რომ “ირანის ჩრდილო-დასავლეთით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საჰაერო კოსმიური ძალების ბალისტიკური სარაკეტო ბაზები მზადყოფნაშია ბაქოზე ნებისმიერი შესაძლო სარაკეტო დარტყმისთვის იმ შემთხვევაში თუ აზერბაიჯანის არმია თავს დაესხმება ირანის სამშვიდობოებს, უკვე სომხეთში (ზანგეზურის დერეფანი)”. მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ ირანმა და აზერბაიჯანმა საზღვარზე სამხედრო წვრთნები უკვე ჩაატარეს და ძალების დემონსტრირება მოახდინეს, მაგრამ საქმე დიდ ომამდე არ მივა, რადგან “ძალიან სერიოზული ძალებია ჩართული”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ეჭვი მეპარება, რომ ასეთი შედეგი დადგეს. ირანსა და აზერბაიჯანს შორის რეალურად ძალიან სერიოზული დაპირისპირებაა და ამას შეიძლება ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვეს, მაგრამ ომს მაინც არ ვვარაუდობ. ძალიან სერიოზული ძალებია ჩართული იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს. ჯერ ერთი, არსებობს 3+3 ფორმატი, რომელიც მაინცდამაინც არ მუშაობს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ ამან ის შედეგი არ გამოიღოს, რაც ომთანაა დაკავშირებული. ცუდ შდეგებში იმას ვგულისხმობ, რომ ეს დაძაბულობა თავისთავად რეგიონისთვის ცუდია. ორივემ (ირანმა,აზერბაიჯანმა) საზღვარზე სამხედრო წვრთნები ჩაატარა, იმის დემონსტრირება მოახდინეს, რომ ყველაფრისთვის მზად არიან. დღეს აზერბაიჯანის მთავარ მოკავშირე თურქეთს ირანთან საქმის გარჩევისთვის არ სცალია, რადგან თავისი სერიოზული პრობლემები აქვს - ერთი მიწისძვრის შედეგების აღმოფხვრა და მეორე, არჩევნები,რომელიც მაისში უნდა ჩაატაროს. აზერბაიჯანი კი მარტო ამის გამკეთებელი არაა. თურქეთის გარდა, აზერბაიჯანის უკან ისრაელი დგას, ეს თეირანში ძალიან კარგად იციან. დემონსტრირება დემონსტრირებად, მაგრამ ამან არ მგონია, რომ რაღაც განსაკუთრებული ფორმა მიიღოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

ხატია დეკანოიძე შეიძლება სამადაშვილის გზას დაადგეს - სანამდე მივა განხეთქილება ენმ-ში

“ხატია დეკანოიძე არ ეთანხმება “ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებას, გამოუცხადოს პარლამენტოს ბოიკოტი. მასა და პარტიის ახალ ხელმძღვანელობას შორის მიუღებლობამ ისეთი ფორმა მიიღო, რომ თავადვე ადასტურებს, რომ წასვლაზე ფიქრობს. ნათელია, რომ ახალ მენეჯმენტთან პარტიის ბევრი ცნობადი სახის შეუთავსებლობა ღრმავდება და შეიძლება პარტია ნატურალური განხეთქილების პირას მიიყვანოს. “გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ ამ ფრაქციაში, ამ ვითარებაში ძალიან რთული “იქნება ჩემი ყოფნა”, - თქვა დეკანოიძემ დიანა ტრაპაიძის “დღის ამბებში”. მას პარტიის დატოვებას ურჩევს “ლელოს” ამჟამინდელი და ენმ-ის ყოფილი წევრი სალომე სამადაშვილიც. თავად დეკანოიძე ამბობს, რომ პარტიიდან წასვლაზე “ნაფიქრი აქვს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ხატია დეკანოიძე შეიძლება სამადაშვილის გზას დაადგეს - სანამდე მივა განხეთქილება ენმ-ში.

“ჩემი მხრიდან თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს საზოგადოებისთვის იქნება ცნობილი ყველა ნიუანსით და ყველა მიზეზით. გეტყვით, რომ ამაზე ნაფიქრი მაქვს. ნაფიქრი მაქვს იმ კონტექსტში, რომ ბოიკოტი მე არ მიმაჩნია გზად, ამიტომ ვნახოთ, შევხედოთ როგორ გაგრძელდება...” - განაცხადა დეკანოიძემ. მისი თქმით, ბოიკოტზე კოლეგებთან მძიმე საუბრები ჰქონდა. “ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსებს გვაქვს პასუხისმგებლობა ხანდახან ვიმუშაოთ იმ ატმოსფეროში, რომელიც არ მოგვწონს, ამიტომ ვფიქრობ და ამასთან დაკავშირებით, ვისურვებდი, რომ საქართველოს პარლამენტში სრული სამუშაო შემადგენლობით წარმოდგენილი იყოს “ნაციონალური მოძრაობა”. მე დარღვეული მაქვს ბოიკოტი, არ ვიზიარებ ბოიკოტის პოზიციას, მე მაქვს აზრთა სხვადასხვაობა ჩემს კოლეგებთან და მქონდა, მათ შორის, მძიმე საუბრები და ვფიქრობ, რომ ეს ჩემი პოზიცია არის სწორი”, - განაცხადა დეკანოიძემ. რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ხატია დეკანოიძე სავარაუდოდ მანდატს არ დატოვებს და თუ პარტიას დატოვებს, დამოუკიდებელ დეპუტატად გააგრძელებს საპარლამენტო საქმიანობას”, - აღნიშნავს გამოცემა.

“თუკი მასა და პარტიას შორის გაგება ნაკლებადაა, ერთი მეორისა არ ესმით, მაშინ ფრაქციაში მის ყოფნას აზრი არა აქვს, მეორეს მხრივ თუკი დეკანოიძე ოპოზიციონერია, იქნება ოპოზიციონერი რიგითი დეპუტატი პარლამენტში, როგორც არის თეონა აქუბარდია. ხშირი პრაქტიკაა, ადრეც გვქონია ასეთი შემთხვევები, იყვნენ ისეთი დეპუტატები, რომლებიც ინდივიდუალურად მოქმედებდნენ და პრინციპში გასაკვირი არ არის. რა თქმა უნდა, ქმედითუნარიანობა, შედეგიანობა მეტია, როცა მთლიანად პარტია მოქმედებს, მაგრამ რახან პარტიას ეგრე უნდა, რომ გაიბუტოს, მაინც ვერ იქნება ის შედეგიანი. თუკი ხატია დეკანოიძე ბოიკოტს არ უჭერს მხარს, ის მხარს უჭერს საპარლამენტო დონეზე ოპოზიციურ მუშაობას. თუ მაგას უჭერს მხარს, მაშინ მანდატის დატოვება არალოგიკური იქნება, იმიტომ რომ ბოიკოტის ფორმაა, მანდატის დატოვება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“დატოვებენ თუ არა “ნაციონალურ მოძრაობას” პარტიის სხვა წევრები, ამ პროგნოზის გაკეთება რთულია. რთულია ქართული პოლიტიკური მოქმედების პროგნოზი. მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ არ დატოვებენ, ბოიკოტს არ გამოაცხადებენ და რაღაც ნორმალურ, ევროპული სტილის საპარლამენტო ცხოვრებით დაიწყებენ ცხოვრებას. რაც ზედაპირზე ჩანს, “ნაციონალური მოძრაობის” მმართველ ფენასაც ეტყობა, ის საერთოდ პოლიტიკასთან შეუთავსებელია, და რაც მთავარია მათსავე წარსულთან შეუთავსებელია იმ მხრივ, რომ 11 წლის განმავლობაში ნახეს, რომ ასეთი ჭიდაობის, ბოიკოტის, გაბუტვის ხერხების გამოყენებით ვერაფერს ვერ აღწევენ. თუ ისევ აგრძელებენ ამ მოქმედებას ლიდერების დონეზე, მორიგი შეცდომაა”, - დასძენს საყვარელიძე.

სარესტორნო და სამშენებლო სექტორმა უცხოეთიდან მუშახელის ჩამოყვანა უკვე დაიწყო

“საქართველოში, მუშახელის დეფიციტის გამო, უცხოეთიდან კადრების შემოყვანის პროცესი უკვე დაიწყო. სხვა დანარჩენ ბიზნესთან ერთად, უცხოელები საქმდებიან, სარესტორნო და სამშენებლო სფეროში. პროცესი ჯერჯერობით არც ისე აქტიურია, მაგრამ თუ ბიზნესი ანაზღაურებას არ გაზრდის, უფრო მეტი ქართველი წავა ემიგრაციაში სამუშაოდ, კერძო სექტორს კი კადრების პრობლემა გაუღრმავდება. კერძო სექტორი თითქოს ხელფასებს ზრდის, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, შრომით პირობებთან ეს საკმარისი არ არის. ქართველები ემიგრიაში უფრო მაღალ ანაზღაურებად სამუშაოებზე საქმდებიან, საქართველოში კი, ბიზნესს კადრების მოძიება უცხოეთიდან დასჭირდა. იმ ქვეყნებიდან, სადაც მუშახელი იაფია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სარესტორნო და სამშენებლო სექტორმა უცხოეთიდან მუშახელის ჩამოყვანა უკვე დაიწყო / “დიდი პრობლემა აქვთ მათ, ვისაც ახალი ობიექტების გახსნა სურს”.

“რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე ადასტურებს, რომ სარესტორნო ბიზნესი მუშახელს შუა აზიისა და მეზობელ ქვეყნებში ეძებს. საუბარია ისეთ პოზიციებზე, სადაც ენის ბარიერი არ იქნება. “კადრების დეფიციტის წინაშეა არა მარტო ის ობიექტები, რომლებიც მუშაობს, უფრო მეტი პრობლემა აქვთ მათ, ვისაც ახალი ფილიალების გახსნა სურს. შეუძლებელია ახლად გახსნილ ობიექტში დაასაქმო თანამშრომელი, რომელსაც არ აქვს პროფესიონალური გამოცდილება. არაპროფესიონალი კადრებით ვერ იმუშავებ. პრობლემის გადაჭრა მოკლევადიან პერიოდში რთულია, გრძელვადიან პერსპექტივაში კი შესაძლებელია”, - განუცხადა შოთა ბურჯანაძემ “ბიზნეს ინსაიდერს”. უცხოელი მუშახელი თანდათან შემოდის სამშენებლო სექტორშიც. კადრების მოძიება აქაც შუა აზიის ქვეყნიდან ხდება. ბიზნესის მცირე ნაწილს კარგად აქვს გააზრებული, რომ კადრების დეფიტიცის მიზეზი დაბალი ანაზღაურებაა, მაგრამ ასეთი, სამწუხაროდ, თითზე ჩამოსათვლელია. ამგვარ კატეგორიას მიეკუთვნება სამშენებლო კომპანია, შპს “ზუკაკუს” დამფუძნებელი, ზურაბ კუკულაძე, რომელიც აცხადებს, რომ ადამიანი თუკი “კაპიკებზე” მუშაობს, ის უცხოეთში დასაქმებაზე იფიქრებს, რადგან ემიგრაციაში უფრო მეტ შემოსავალს მიიღებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“პირადად მე, უცხოეთიდან სამუშაოდ არავინ ჩამომიყვანია, ისე კი, ახლაც და ადრეც გამიგია, რომ ყაზახეთიდან ჩამოყვანილ ადამიანებს სთავაზობდნენ სამუშაოს. კადრების დეფიციტი თავისავად არსებობს, რადგან ვისაც რამის კეთება შეუძლია, მარტივად მიდის ევროპაში და მუშაობს გაცილებით მაღალ ანაზღაურებად სამუშაოზე. არა მარტო დეფიციტია, არამედ 30-50%-ით გაძვირდა მუშახელი. უკვე წელს, მხოლოდ 3 თვეში დაახლოებით, 20%-ით გააძვირეს მომსახურება, თუმცა საბოლოოდ მაინც ვფიქრობ, რომ ეს გარემოება მთლად ცუდი არ არის, რადგან დაბალანაზღაურებადი თანამშრომელი ვერ იძლევა ისეთ შედეგს, რომელიც მომხმარებლისთვის იქნება მისაღები. რეალურად, ბიზნესი შეჩვეულია, რომ თანამშრომლებს “კაპიკები” გადაუხადოს და მუშახელი დღეში 20 და 30 ლარად ამუშაოს. ამიტომ წუწუნებს ბიზნესი, რომ ადამიანი მონურ ანაზღაურებას არ თანხმდება. არავის სიამოვნებს პოლონეთში წასვლა და ოჯახისგან მოწყვეტა, მაგრამ ადამიანს იქ უფრო მეტს სთავაზობენ, ვიდრე აქ და ამიტომ მიდის. დღეს თუ შესაბამისად გადაიხდი, კვალიფიციურ კადრსაც იპოვი და არც საკადრო კრიზისი გექნება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზურაბ კუკულაძე.

“ბიზნესს ფულის კეთება უნდა იმის ხარჯზე, რომ ადამიანები მონებად ამუშაოს. ბიზნესის მომხმარებელი ხომ ისევ ადამიანები, ჩვეულებრივი ეკონომიკური სუბიექტები არიან? მომხარებლებმა თუ ფული ვერ იშოვეს, ბიზნესს თანხას როგორ გადაუხდიან? თუ ბიზნესი მეტ ფულს გადაუხდის თავის დასაქმებულებს, ისინი ისევ ბიზნესისგან შეიძენენ, პროდუქტსა თუ მომსახურებას. როცა ადამიანს 400 და 600 ლარზე ამუშავებ, ბუნებრივია, ის იფიქრებს, რომ უფრო მაღალი შემოსავლის მქონე სამსახური იპოვოს - ეს ან ადგილობრივი ბაზარი იქნება, ან საქართველოს ფარგლებს გარეთ. სრულ უნამუსობასთან გვაქვს საქმე, ყველა მხრიდან მოგება უნდათ”, - დასძენს ზურაბ კუკულაძე.

“დაბალი ანაზღაურების შემდეგ, მუშა ხელის დეფიციტის ერთ-ერთი მიზეზი ისაცაა, რომ ქვეყანაში პოპულარობით ვერ სარგებლობს პროფესიული განათლება. ასე მაგალითად, ყოველწლიურად კოლეჯებს დაახლოებით 5-6 ათასი ადამიანი ამთავრებს, ხოლო უმაღლეს სასწავლებლებს - 45 ათასი. ამ თანაფარდობის შეცვლა არც ისე მარტივი საქმეა, რაც 1 ან 2 წელში ვერ მოხერხდება. ამ დროს, ქვეყანაში სწორედ ისეთ პროფესიებზეა მოთხოვნა, რომელიც კოლეჯებში ისწავლება, თუმცა განათლების მიღებას და პროფესიის შესწავლას, დღეს, ახალგაზრდების ძალიან დიდ ნაწილი უნივერსიტეტებში ცდილობს. ასეთი რთული მოცემულობის გამო, განათლების ახალმა მინისტრმა პროფესიული განათლება პრიორიტეტად დაასახელა. “პროფესიული განათლება ჩემი მინისტრობის პერიოდში პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადდება. უახლოეს პერიოდში ჩვენ შემოგთავაზებთ კონკრეტულ ხედვას, თუ როგორ ვაპირებთ ამ დარგის გარდაქმნას და რა კონკრეტულ, იოლ მექანიზმებს შევთავაზებთ დამსაქმებლებს პროფესიულ განათლებაში ჩართვისთვის”, - განაცხადა განათლების მინისტრად ახლად დანიშნულმა გიორგი ამილახვარმა”, - წერს სტატიის ავტორი.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით