ვახტანგ ძაბირაძე - რაზე ისაუბრა დახურულ კარს მიღმა ბერბოკმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან?!
პრეზიდენტის “ამბოხება” - რატომ შეცვალა ზურაბიშვილმა ივანიშვილის მიმართ რიტორიკა და რატომ აღარ გამორიცხავს სააკაშვილის შეწყალებას
თენგიზ ფხალაძე - “ჩვენი პოლიტიკური ძალები ხელისუფლებაში ყოფნის ან მოსვლის ერთადერთ საშუალებად პოლარიზაციას მიიჩნევენ”
პუტინის ბირთვული შანტაჟის ახალი ფაზა - რას ნიშნავს ბელარუსში ბირთვული შეიარაღების გაგზავნა
თორნიკე შარაშენიძე - “ჩინეთს აწყობს რუსეთის გამარჯვება და შეეცდება ხელი შეუწყოს, ოღონდ არც შარში გახვევა სურს...”
* * *
ვახტანგ ძაბირაძე - რაზე ისაუბრა დახურულ კარს მიღმა ბერბოკმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან?!
“ერთია, რა განაცხადა საჯაროდ პრესისა და საზოგადოებისთვის და მეორე, რა თქვა ქალბატონმა მინისტრმა მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. იმას, რაც მოვისმინეთ ანალენა ბერბოკისგან, ფაქტობრივად, ვისმენთ თითქმის ყველა ევროპელი პოლიტიკოსისგან, ევროპარლამენტისგან თუ სხვა ევროპული სტრუქტურებისგან. მას შეეძლო გერმანიაშიც ეთქვა, რომ ევროპა მზად არის საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებისთვის... მთავარია, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა რა და როგორ თქვა დახურულ კარს მიღმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე. არ იქნებოდა მარტივი საუბრები. ვფიქრობ, ლაპარაკი იქნებოდა დღევანდელ პოლიტიკურ პროცესზე საქართველოში. ჩვენს ქვეყანაში არასდროს ყოფილა ასეთი მასშტაბური და გავეშებული ანტიდასავლური პროპაგანდა, როგორიც დღეს არის. ვიღაცისთვის ეს პრორუსული პროპაგანდაა, ვიღაცისთვის ნეიტრალური პოლიტიკის მაგალითი, ვიღაცისთვის “ღირსების საკითხი”, მაგრამ საბოლოოდ ამას აერთიანებს ერთი ნომინალი - ანტიდასავლური პროპაგანდა”, - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რაზე ისაუბრა დახურულ კარს მიღმა ბერბოკმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან?!
“ამის არდაკავშირება იმასთან, რაც ხდება უკრაინაში, თუ ჩვენსა და რუსეთს შორის, ალბათ, დიდი გულუბრყვილობა იქნება. ვფიქრობ, ამ თემაზეც იქნებოდა ლაპარაკი. დარწმუნებული ვარ, მძიმე საუბარი გაიმართებოდა პრემიერსა და ბერბოკს შორის. თუ ასე არ ყოფილა, საქართველოში მისი ჩამოსვლის აზრსა და მიზანს ვერ ვხედავ. სხვათა შორის, ოპოზიციისთვისაც მნიშვნელოვანი იყო ეს ვიზიტი. სამწუხაროა, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა “ნაციონალური მოძრაობა” ისევ ბოიკოტზე ლაპარაკობს, არადა, მოწოდებაში, რომ საჭიროა დეპოლარიზაცია, ისიც იგულისხმება. აუცილებელია ითანამშრომლონ და იმუშაონ პარლამენტში ხელისუფლებასთან ერთად 12 პუნქტის შესასრულებლად. რაც შეეხება იმას, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, რთული სათქმელია. ეს მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე. თუ აკვირდებით სახელისუფლებო მედიას ან ხელისუფლებასთან აფილირებულ ექსპერტებს, ჩინეთ-რუსეთის ლიდერების შეხვედრის შემდეგ მათი რიტორიკა მნიშვნელოვნად შეიცვალა, ცდილობენ გააჩინონ იმის მოლოდინი, რომ ეს ორი ქვეყანა ერთ ტანდემად იქცევა და დაამარცხებს უკრაინასა და დასავლეთს. არადა, ცხადია, ჩინეთს რუსეთის გამარჯვება არ აწყობს, შესაძლოა არც დასავლეთის, მაგრამ რუსეთი მისი ბუნებრივი მოკავშირე ვერასდროს გახდება. მას აწყობს შექმნილი ვითარება რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს და რაც შეიძლება მეტად მოითბოს ხელი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“ჩვენი ხელისუფლების ქმედება ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება. დღეს მეტი სადარდებელი ხელისუფლებას არა აქვს. მართლაც აბსურდია, აქ, თბილისში, “ფრანკლინის კლუბს” რომ ერჩიან და გაიძახიან, რა საერთო აქვს საქართველოსთან ფრანკლინსო, და ამ დროს მათი შვილები ფრანკლინის დაარსებულ წამყვან ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლობენ. იცით, ამან რა გამახსენა, საბჭოთა კავშირის გენერალური მდივნების შვილების 90%, სტალინიდან მოყოლებული, საზღვარგარეთ გარბოდა. იგივე მეორდება აქაც. ჩვენთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის არის თურმე დასავლეთი უბედურება, მაგრამ სახელისუფლებო გუნდისა და მათი შვილებისთვის თანამედროვე განათლების კერაა. მშვენივრად იციან, რომ ბევრად ჯობს ფრანკლინის დაარსებულ უნივერსიტეტში განათლების მიღება, ვიდრე რომელიმე ქართულ უმაღლეს სასწავლებელში. აიღეთ ბიძინა ივანიშვილი. როგორც ვიცი, ამჟამად მისი არც ერთი შვილი საქართველოში არ ცხოვრობს და აქ არც განათლება მიუღიათ. თუ ორმაგ სტანდარტზეა ლაპარაკი, ამაზე მეტი ორმაგი სტანდარტი ვერც წარმომიდგენია. საკუთარი თავისთვის უნდათ დასავლეთი, იქაური განათლება, ცხოვრების დონე, დემოკრატიული განვითარება, რაშიც ვერ გაამტყუნებ, მაგრამ ქვეყნისთვის ეს არ სურთ”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“წინააღმდეგი კი არ იქნებიან, თუ სტატუსს მოგვცემენ, მაგრამ ამასთანავე, გარანტია სჭირდებათ, რომ ძალაუფლებას შეინარჩუნებენ. დღეს ხელისუფლება თვითიზოლაციაშია. მარტის მოვლენებს დააკვირდით, იმას, რაც გაშუქდა, გარდა ხელისუფლებასთან აფილირებული ჩაკეტილი წრისა, მეტ-ნაკლებად ნეიტრალური ვერც ექსპერტი მოძებნეს, ვერც საზოგადო მოღვაწე, ვინც მაგათ ე.წ. აგენტების კანონს გაამართლებდა. ბოლოს იქამდე მივიდნენ, რომ ლამის მთელი ახალგაზრდობა სატანისტებად მონათლეს. ძალიან საყურადღებო იყო ბატონი რისმაგ გორდეზიანის ინტერვიუ, რომელშიც ბრძანა, 60 წელია უნივერსიტეტში ვარ და არ მინახავს რომელიმე რექტორს, ლექტორს ან მინისტრს, როგორი მკაცრი ხელიც არ უნდა ჰქონოდა, გავლენა მოეხდინა სტუდენტურ მოძრაობაზეო. სრულად ვეთანხმები - 1978 წლიდან მოყოლებული, როდესაც ახალგაზრდობა ქუჩაში ქართული ენის დასაცავად გავიდა, ვერავინ შეძლო მათი შეჩერება, მათ წინააღმდეგ არაფერი მუშაობს. ამიტომაც აშინებთ ასე ძალიან ეს მოძრაობა”, - მიიჩნევს ექსპერტი.
“შეგახსენებთ, 2024 წელს არჩევნები პროპორციული წესით გაიმართება. ცხადზე ცხადია, რომ “ქართული ოცნება” ვერ მიიღებს 50%-ზე მეტ მხარდაჭერას, რათა ძალაუფლება ერთპიროვნულად შეინარჩუნოს. მათ ეს ვერ შეძლეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც, როდესაც 46% აიღეს და უმრავლესობის პრობლემა მაჟორიტარებით გადაწყვიტეს. აი, ეს პრობლემა აქვთ და აღარ იციან, რა ქნან. ერთადერთ შანსს, რომ მიიღონ 50%-ზე მეტი მხარდაჭერა “ქართული ოცნება” ხედავს იმაში, რომ დარჩეს ერთი-ერთზე “ნაციონალურ მოძრაობასთან”, მით უფრო ასეთთან, რომელშიც სააკაშვილს ანაცვლებენ კეზერაშვილ-მერაბიშვილი. ამიტომ ყველაფერს აკეთებენ, რომ არ დაუშვან მესამე ძალის ფორმირება. სურთ ამ ორმა პარტიამ 5%-იანი ბარიერი გადალახოს და გაუნაწილებელი მანდატებით მოახერხონ უმრავლესობის მოპოვება... მარტამდე შედარებით მშვიდად იყვნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ პოლიტიკური სპექტრის დაშოშმინებას მოახერხებდნენ, მაგრამ გამოჩნდა ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი - ახალგაზრდობა, რომელზეც ზეგავლენა შეუძლებელია”, - ამტკიცებს ვახტანგ ძაბირაძე.
“ერთიც - მიუხედავად იმისა, რომ “ქართულმა ოცნებამ” საზოგადოების უდიდესი ნდობა და რეიტინგი გაანიავა, ის დღესდღეობით მაინც ყველაზე გავლენიანი პარტიაა, რომელიც, მართალია, ვერ აიღებს 50%-ს არჩევნებში, მაგრამ ყველა სხვა პარტიაზე მეტ მხარდაჭერას მაინც მიიღებს. თუ ის ვერ შეძლებს მთავრობის დაკომპლექტებას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება გახდება საჭირო, რაც მრავალპარტიული პარლამენტის პირობებში შესაძლოა “ქართული ოცნების” გარეშეც მოხერხდეს და მათ ოპოზიციაში მოუწიოთ გადასვლამ, რაც ძალიან აშფოთებთ. ასეთ შემთხვევაში ე.წ. კოაბიტაციამ შეიძლება აღარ იმუშაოს და რიგ მაღალჩინოსნებს მოუწიოთ ნაშოვნი დიდძალი ქონების დათმობა. აი, ეს აშინებთ ყველაზე მეტად”, - დაასკვნის რესპონდენტი.
“ვეთანხმები სალომე ზურაბიშვილს - თუ არ შესრულდება 12 პუნქტი და ისევ უარს გვეტყვიან, დასავლეთი აუცილებლად მიიღებს ზომებს ყველა იმ საშუალებით, რაც ხელთ ექნება. ამ შემთხვევაში საკითხავია, ეს ზომები პერსონიფიცირებული იქნება თუ მთელ ქვეყანას შეეხება. ჩემი აზრით, მოსალოდნელია ხელისუფლების მაღალჩინოსნებისა და მათი ოჯახის წევრების პერსონიფიცირებული სანქციები. სიმართლე გითხრათ, ყველაფრის მიუხედავად, იმედიანად ვარ და მგონია, რომ აუცილებლად შევძლებთ ამ სიტუაციიდან დიდი დანაკარგის გარეშე გამოსვლას. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ სტატუსის მისაღებად. უნდა დავარწმუნოთ ჩვენი ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, რომ ერთობლივად იმუშაონ 12 პუნქტის შესრულებაზე. უნდა დავარწმუნოთ ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც, რომ ხელისუფლება თუ არა, ქართველი ხალხი სტატუსს იმსახურებს. შემდეგ კი უნდა ვიფიქროთ არა მარტო ხელისუფლების, არამედ სახელმწიფო მოწყობის სისტემურ ცვლილებაზე. ცოტა კი ეჭვი მეპარება, რომ რომელიმე პოლიტიკური ძალა, მათ შორის კოალიციური ხელისუფლებაც, ამას მოინდომებს, მაგრამ ჩვენ ამაზე უნდა ვილაპარაკოთ და მოვითხოვოთ”, - თვლის ექსპერტი.
“ფიზიკური დაპირისპირება ყველა ქვეყნის პარლამენტში ხდება და ამაში უბედურებას ვერ ვხედავ, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო ხანს “ქართული ოცნების” დეპუტატები მეტისმეტად აგრესიულები გახდნენ, მანამდეც ხომ ვნახეთ ერთმანეთისთვის მიკროფონების სროლა. მესმის მათიც, ნამდვილად არ მინდა მათ ადგილას ყოფნა, საკუთარ თავთან მარტო რომ რჩებიან, მაშინ მაინც ხომ აღიარებენ, რომ მათ რეალურად არაფერი ეკითხებათ, ე.წ. აგენტების კანონის განხილვამ აჩვენა მათი პარლამენტარობის მთელი არსი. ამ უსიამოვნების განცდის გადალახვას აგრესიით ცდილობენ. აქვე ღარიბაშვილის გამოსვლის ერთ მომენტზე მინდა გავამახვილო ყურადღება, როდესაც ის ქვეყანაში უცხოური სპეცსამსახურების მუშაობასა და მეხუთე კოლონაზე ლაპარაკობდა. არ შეიძლება ხელისუფლების წარმომადგენელი ამგვარ საკითხებზე ასე ლაპარაკობდეს. როცა ხელისუფლებაში ხარ, პირდაპირ გევალება არა ამაზე ლაპარაკი, არამედ მისი აღკვეთა. ბოლოს და ბოლოს, გამოძიება მაინც უნდა დაიწყო, რომ გქონდეს ამგვარი ლაპარაკისთვის საფუძველი. ამ ხელისუფლების პირობებში გახსოვთ კი ერთი ამგვარი გამოძიებული საქმე? თუ ქვეყანაში მეხუთე კოლონა მუშაობს და ვერაფერს უხერხებ, რა გინდა ხელისუფლებაში?! ისე კი, თუ გაიხსენებთ, ჩვენში ოპოზიცია თითქმის ყველა ხელისუფლების დროს ცხადდებოდა მეხუთე კოლონად. სხვათა შორის, ეს კომუნისტური გადმონაშთია”, - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.
პრეზიდენტის “ამბოხება” - რატომ შეცვალა ზურაბიშვილმა ივანიშვილის მიმართ რიტორიკა და რატომ აღარ გამორიცხავს სააკაშვილის შეწყალებას
“საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით რიტორიკას მოულოდნელად ცვლის და მას “ოლიგარქს” პირველად უწოდებს. ასევე მიანიშნებს, რომ შესაძლოა შეიწყალოს “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია და ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ანალიტიკოსები ამას მისი საპრეზიდენტო ვადის დასასრულის მოახლოებით ხსნიან. მათი აზრით, ზურაბიშვილი შესაძლოა ამის შემდეგ ევროპაში გეგმავდეს პოლიტიკური კარიერის გაგრძელებას და წინასწარ ამზადებდეს ამისთვის საფუძველს. პარასკევს ინტერვიუს დროს ზურაბიშვილმა მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ფაქტობივად დავალებების შემსრულებელი უწოდა და თქვა, რომ არ იცის ძალაუფლების მართვის მთავარი წერტილი სად არის. მისი თქმით, ამ კითხვებს დასავლეთშიც სვამენ, ამიტომ მეტი სიცხადის შეტანისთვის მას სურვილი აქვს, რომ ბიძინა ივანიშვილს პირადად შეხვდეს, თუმცა კომუნიკაციას ვერ ახერხებს. ზურაბიშვილი ასევე აცხადებს, რომ მას ყველა მინისტრთან კარგი ურთიერთობა აქვს, გარდა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით პრეზიდენტის “ამბოხება” - რატომ შეცვალა ზურაბიშვილმა ივანიშვილის მიმართ რიტორიკა და რატომ აღარ გამორიცხავს სააკაშვილის შეწყალებას.
“ამ გაგებით არის ოლიგარქი, მაგრამ ივანიშვილის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ოლიგარქიზმი. არის პოლიტიკური სისტემის გაუმჭირვალობა. საჭიროა, ჩვენ ვიცოდეთ, სად მიიღება გადაწყვეტილებები, როგორ შეიძლება ამ გადაწყვეტილებების შეცვლა ან მათზე გავლენის მოხდენა. დასავლეთშიც კითხულობენ - სად არის მთავარი წონა გადაწყვეტილების და პასუხისმგებლობის და რადგან პასუხი არ აქვთ იქაც უნდათ, რომ მივიდეს ეს გზავნილები”, - განაცხადა ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, “ნორმალური კომუნიკაცია” აქვს მინისტრებთან, გარდა ერთისა - მხოლოდ პრემიერ-მინისტრთან არ აქვს ურთიერთობა. ამბობს, რომ კომუნიკაციის სურვილი თავად ირაკლი ღარიბაშვილს არ აქვს. საქართველოს პრეზიდენტმა ასევე “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალება არ გამორიცხა - “რას გავაკეთებ, ამაზე არც “კი”-ს ვამბობ და არც “არა”-ს, ეს ღია საკითხია“, თქვა მან. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხს, ზურაბიშვილი ისეთი კატეგორიული აღარ არის და ამბობს, რომ როცა ამის დრო მოვა, საზოგადოება მისგან პასუხს გაიგებს. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ სარჯველაძემ პრეზიდენტს “ოლიგარქის” განმარტება დაუწუნა და მის კომპეტენციაში ეჭვიც შეიტანა. პრეზიდენტის განცხადებები მმართველი გუნდისთვის იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა, რომ ზურაბიშვილის ლამის გაპრეზიდენტებაც წამოაძახეს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“როდესაც განცხადებებს აკეთებს, რომ ვინმე ოლიგარქია ცოტა მეტი წინადახედულობაა საჭირო - ეს ერთი და ალბათ კვალიფიციურობაზეც უნდა ვისაუბროთ, რადგან ოლიგარქობა არ ნიშნავს მხოლოდ გარკვეული კაპიტალის ფლობას... მგონია, რომ ამაზე კითხვის დასმის შესაძლებლობა და უფლება პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს, როდესაც მან გადასარევად იცის, სადაც და როგორც მიიღება ეს გადაწყვეტილება. ეს არის საქართველოს პარლამენტი, სადაც მიიღება ეს გადაწყვეტილებები, ეს არის საქართველოს მთავრობა, სადაც მიიღება ეს გადაწყვეტილებები. 2018 წელს, როდესაც ის პრეზიდენტად უნდა არჩეულიყო, მაშინ როგორი იყო მისი პოზიცია და დღეს რამ განაპირობა ეს ცვლილება - ალბათ ამაზე კითხვები რომ დაუსვათ პრეზიდენტს, როდესაც გეყოლებათ ინტერვიუზე, ალბათ უმჯობესი იქნება”, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ბოლო დროს პროდასავლელი ლიდერის როლის მორგებას ცდილობს და უნდა დასავლეთს აჩვენოს, რომ “ოცნებისგან” რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვს”, - განაგრძობს გამოცემა.
“ზურაბიშვილი ამ განცხადებებით ცდილობს მმართველ გუნდს გაემიჯნოს და დასავლეთს აჩვენოს, რომ მათგან განსხვავებით ის არის ქვეყანაში ხელისუფლებაში მყოფი ფიგურა, რომელზეც დაყრდნობა შესაძლებელია. მას უნდა დასავლეთის პოლიტიკურ წრეებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს და ამ რაღაც ახალი ფანჯრის გახსნის შემდეგ განსხვავებულ პოლიტიკურ ლიდერად ჩამოყალიბდეს. საქართველოში რამდენად შეძლებს ამ იმიჯის მორგებას, რომ მისი წარსული და განცხადებები არავინ გაიხსენოს, ძნელი სათქმელია, მაგრამ დასავლეთში შესაძლოა ეს გამოვიდეს. ვხედავთ, რომ ის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან შედარებით დასავლეთში უფრო მისაღები ფიგურაა. მასთან კომუნიკაცია ბევრად უადვილდებათ. არ ვიცი ქვეყანას ეს რამდენად წაადგება რამეში და დასავლეთისთვის რისი მიმცემი იქნება, მაგრამ რაღაც როლს რომ ასრულებს, ესეც ფაქტია. ზურაბიშვილი ასევე ხედავს, რომ საქართველოს მოსახლეობის 80%-მდე ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა. ცდილობს ქვეყნის შიგნითაც პროდასავლელი ლიდერის იმიჯი შეინარჩუნოს, თუმცა მაინც დასავლეთზე მუშაობს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
“დიდი ხნის განმავლობაში ზურაბიშვილი ერიდებოდა, რომ ივანიშვილი ოლიგარქად მოეხსენიებინა. ალბათ ფიქრობდა, რომ მისგან დავალებული იყო და ერთგულებას ჯერ კიდევ უმტკიცებდა. შარშანაც, როცა ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ვერ მიიღო, გვახსოვს, რომ პირველ რიგში ქვეყნის მთავრობა გააკრიტიკა. თქვა, რომ ივანიშვილი “ოცნების” წევრებმა ვერ დაიცვეს და მის წინააღმდეგ მიღებული რეზოლუცია სწორედ ამ ხალხის ბრალი იყო. ახლა კი პირდაპირ ივანიშვილს უპირისპირდება. ამიტომ ზურაბიშვილის მიმართ ბევრი კითხვები არსებობს. ბოდიში, მაგრამ ივანიშვილი ოლიგარქი დღეს რანაირად გახდა, როცა საარჩევნო ბილბორდზეც კი ზურაბიშვილის მაგივრად ივანიშვილის ფოტო იყო?! მაშინ მისი ოლიგარქობა არც კი გახსენებია. ანუ, როდის იყო მართალი - როცა ამბობდა, რომ საქართველომ მძინარე ცხინვალი დაბომბა? ანუ როცა როგორც აწყობს ისე საუბრობს? ეს შეცვლილი რიტორიკა იმის ბრალი ხომ არაა, რომ ფიქრობს ივანიშვილი არაფერშიც აღარ სჭირდება? ახლა შეაწუხა სინდისმა, როცა ივანიშვილის წინააღმდეგ დასავლეთშიც და ქვეყნის შიგნითაც აქტიური კამპანია დაიწყო?”, - ამბობს ჩიტაძე.
“მისი წარსული არავის დავიწყებია და ყველამ კარგად იცის - ივანიშვილს პრეზიდენტობაზე საკუთარი კანდიდატურა თავად შესთავაზა. ყველაფერზე იყო თანახმა, ოღონდ პრეზიდენტი გამხადრიყო. ამიტომაც მისი გულწრფელობა ცოტა საეჭვოა”, - დაასკვნის ჩიტაძე. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თემას, ჩიტაძეს რჩება შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტი ამ საკითხსაც პოლიტიკური სპეკულაციებისთვის ინახავს. ის სააკაშვილს იმ შემთხვევაში შეიწყალებს, თუკი დანახავს, რომ ქვეყანაში სიტუაცია რადიკალურად იცვლება, ან დასავლეთთან ამ კოზირის გამოყენება აუცილებლად დასჭირდება. “რეზონანსთან” საუბარში ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძეც ასევე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის საკუთარი ახალი პოლიტიკური მომავლის შექმნით არის დაკავებული და ფიქრობს, რომ ახლა ივანიშვილისთვის ოლიგარქის დაძახება სწორედ საჭიროა, რათა დასავლეთის თვალში უფრო გაბედულ და ძლიერ პოლიტიკურ ფიგურად წარმოჩინდეს”, - დასძენს გამოცემა.
“კარგი გამოთქმაა - “დრონი მეფობენ და არა მეფენი”. სალომე ზურაბიშვილი უკვე დიდი ხანია საკუთარი, დამოუკიდებელი პოლიტიკოსის იმიჯის შექმნას შეუდგა. მან ეს მას შემდგე დაიწყო, რაც ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდიოდა. ის აღარ თვლის თავს ვალდებულად არც ხელისუფლების და არც ივანიშვილის წინაშე. მისთვის ახლა მნიშვნელოვანი დასავლეთის განწყობა და დამოკიდებულებაა. ფიქრობს, რომ მას დასავლეთში პოლიტიკური კარიერის გაგრძელების შესანიშნავი შანსი აქვს. ივანიშვილი თავის დროზე საჭირო იყო და ის ლაპარაკობდა, როგორც უნდოდა. ახლა კი რიტორიკა შეცვალა. ახლა თავს ანგარიშვალდებულად დასავლეთთან მიიჩნევს. ამიტომ მეტი გაბედულების საჩვენებლად აუცილებელია, რომ ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენიოს და ესეც გააკეთა. შესაძლოა, პრემიერთან დაწყებული უთანხმოების გამო, გარკვეული სამაგიეროს გადახდასაც ჰქონდეს ადგილი. ალბათ გაბრაზებულია იმაზეც, რომ მას მმართველ გუნდში არაფრად აგდებენ და უნდა მათ თავისი მნიშვნელობა დაანახოს. ამიტომაც გვახსოვს 7-9 მარტის აქციების დროს რა განცხადებებიც გააკეთა. მე მაინც მგონია, რომ ის მხოლოდ საკუთარი პოლიტიკურ მომავალზე ფიქრობს და იმედი აქვს, რომ ევროპაში კარიერას გაიკეთებს”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
თენგიზ ფხალაძე - “ჩვენი პოლიტიკური ძალები ხელისუფლებაში ყოფნის ან მოსვლის ერთადერთ საშუალებად პოლარიზაციას მიიჩნევენ”
“პოლარიზაციის დასრულება ნამდვილად არის შესაძლებელი, ოღონდ ამისთვის პოლიტიკური ნებაა საჭირო. პარლამენტში პოლიტიკოსებს შორის სიტყვიერი თუ ფიზიკური კონფლიქტი მხოლოდ და მხოლოდ აღრმავებს დაპირისპირებას. ე.წ. აგენტების კანონპროექტი სხვა არაფერი იყო, თუ არა საზოგადოების ერთი ნაწილის სტიგმატიზაცია. ჩვენი პოლიტიკური ძალები ხელისუფლებაში ყოფნის ან მოსვლის ერთადერთ საშუალებად პოლარიზაციას მიიჩნევენ. ოპონენტის გაშავებასა და დემონიზაციაზე აქვთ აგებული პოლიტიკური დღის წესრიგი. რაც შეეხება პრემიერის განცხადებას, რომ პოლარიზაცია ყველა დემოკრატიულ ქვეყანაშია, ძალიან დიდხანს შეიძლება ამ საკითხზე დავა. “ქართულ ოცნებას” ახასიათებს მანიპულირება. როდესაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები დეპოლარიზაციისკენ მოგვიწოდებენ, იმას კი არ გულისხმობენ, რომ განსხვავებული პოლიტიკური პარტიები და პოზიცია არ უნდა არსებობდეს. არა, ისინი გვეუბნებიან, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე პარტიებმა უნდა შეძლონ თანამშრომლობა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და არავითარ შემთხვევაში არ ცდილობდნენ ერთმანეთის დემონიზებას”, - აცხადებს პოლიტოლოგი თენგიზ ფხალაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ოპოზიცია იმდენად სუსტია, რომ “ქართულ ოცნებას” სრული კარტ-ბლანში აქვს”.
“დღევანდელი პოლიტიკური ვითარება ძალიან შორს დგას ევროპული სტანდარტებისგან. 12-პუნქტიან რეკომენდაციაში სიტყვა “დეპოლარიზაცია” ვინმეს ახირების გამო კი არ მოხვდა, არამედ იმიტომ, რომ ქართველები შეეჩვიონ ევროპული ტიპის პოლიტიკის გატარებას, საწინააღმდეგო აზრის მიღებას და ქვეყნის ინტერესებისთვის პირადი და პარტიული ინტერესების დათმობას. ამასვე ითვალისწინებდა შარლ მიშელის შეთანხმებაც, მაგრამ კი იცით, რა ბედიც ეწია... საქართველოში არ არსებობს ძლიერი ოპოზიციური პარტია. მთელი ოპოზიციური სპექტრი დეზინტეგრირებულია. ჩვენ რომ ძლიერი ოპოზიცია გვყავდეს, ახლა სულ სხვა პოლიტიკური მოცემულობა გვექნებოდა. რაც არ უნდა ბევრი ნაკლი ჰქონდეს ოპოზიციას, არ შეიძლება ხელისუფლება თითს იშვერდეს მისკენ და ყველა პრობლემას აბრალებდეს. ხელისუფლებაში ყოფნა იმით განსხვავდება ოპოზიციაში ყოფნისგან, რომ შესაძლებლობაც მეტი გაქვს და პასუხისმგებლობაც. ჩვენთან არ არის კოალიციური მმართველობა, ქვეყანას კონკრეტული პარტია მართავს და სწორედ მის ხელშია ქვეყნის მართვის ბერკეტები. შესაბამისად, სწორედ მმართველ გუნდს ეკისრება პასუხისმგებლობა პოლარიზაციაზე”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.
“საქართველოს დღევანდელი მმართველი გუნდი თავადვე ახდენს სტიგმატიზებას, ამბობს, ყველა, ვინც გვაკრიტიკებს, “ნაციონალიაო”. რატომ აკეთებს ამას?! იმიტომ, რომ სჭირდება, უფრო ადვილია ოპონენტს 9 წელი წამოაყვედრო, ვიდრე საქმე აკეთო. მიუხედავად იმისა, რომ “ოცნება” უკვე თერთმეტი წელია ხელისუფლებაშია, მაინც “ნაციონალების” 9 წელზე ლაპარაკობს. მათ გარდა, სხვა ოპოზიციის აღიარება არ სურს. სხვებს ვერ ეტყვიან, შენ გააფუჭე ყველაფერი და მე შენგან მძიმე მემკვიდრეობა მერგოო... რაც შეეხება, მაგალითად, კანადაში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მიღებაზე ლაპარაკს, ისევ და ისევ მანიპულაციასთან გვაქვს საქმე. პოლიტიკური ლობიზმისგან თავის დაცვა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეზღუდვა-გაკონტროლება სხვადასხვა რამ არის. როდესაც მმართველი გუნდი კანონის ამერიკულ ვერსიაზე ლაპარაკობს, იმას რატომ არ ამბობს, რომ ამერიკულ კანონში პირდაპირ წერია, ეს კანონი არ ეხება მეგობარ სახელმწიფოებსო!”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ხალხის ძალის” შემოთავაზებულ აგენტების კანონში რუსული გავლენების შეჩერებაზე არაფერია ნათქვამი, მხოლოდ ფინანსური ფონდების გაკონტროლებაზეა აქცენტი. არადა, ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ დასავლური ფონდები მოქმედებენ გამჭვირვალედ. ევროკავშირი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონით ცდილობს კონკრეტულად რუსული გავლენისგან, არამეგობრული სახელმწიფოებისგან დაიცვას თავი. ამრიგად, ამერიკული კანონი ტერმინოლოგიით კი ჰგავს “ხალხის ძალის” კანონპროექტს, მაგრამ შინაარსობრივად სრულიად განსხვავებულია. არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობის საკითხი ყბადაღებულ თემად იქცა. შეგახსენებთ, რომ საქართველოში არსებობს კანონი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას არეგულირებს. არსებობს კანონი “გრანტების შესახებაც”. დასავლური ფულის გამჭვირვალობას კანონი ისედაც უზრუნველყოფს, მაგრამ ასეც რომ არ იყოს, არაფერში არ ჯდება გამჭვირვალობისთვის მეგობრებისა და პარტნიორების აგენტებად და ჯაშუშებად მონათვლა. ხელისუფლებას ურჩევნია ნამდვილ ჯაშუშებსა და მზარდ რუსულ გავლენებს ებრძოლოს, რათა მოულოდნელი საფრთხის წინაშე არ აღმოვჩნდეთ. ძალიან დიდი საფრთხის შემცველია ის შავი ფული, რომელიც რუსეთიდან უკონტროლოდ შემოდის”, - მიიჩნევს პოლიტოლოგი.
“ჩვენ ხომ იმიტომ გვინდა ევროკავშირში შესვლა, რომ ქვეყანაში ევროპული ტიპის ინსტიტუციები და წესები არსებობდეს?! 12-პუნქტიანი რეკომენდაცია სწორედ ევროპული ინსტიტუციების შექმნას, დემოკრატიას, უკეთესი ცხოვრების წესს უზრუნველყოფს. თუ ამ ყველაფერზე უარს ვიტყვით, ან ისინი როგორ მიგვიღებენ ევროპულ ოჯახში, ან ჩვენ რა გვინდა იქ?! დაზუსტებით ვიცი, რომ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს მართლაც ძალიან სურთ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. მათი ყველა ვიზიტი გამიზნულია იმისთვის, რომ ხელიდან არ გავუშვათ ისტორიული შანსი. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკის თბილისში ვიზიტიც ამის დასტურია. თუმცა ჩვენი პარტნიორები ჩვენს გასაკეთებელ საქმეს ვერ გააკეთებენ, რეფორმებს ვერ გაატარებენ!”, ამბობს თენგიზ ფხალაძე და შეკითხვაზე - “სხვათა შორის, ბერბოკთან დაგეგმილ შეხვედრას ოპოზიციის ნაწილი არ დაესწრო. ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის ნაწილს არ აწყობს, საქართველომ `ოცნების~ მმართველობის დროს მიიღოს კანდიდატის სტატუსი...” - პასუხობს:
“ეს მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს - ქვეყანა არ არის მომწიფებული კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ჩვენ ხშირად ვიწონებთ თავს, რომ მთელი რიგი პარამეტრებით უკრაინასა და მოლდოვაზე წინ ვართ. კი, ნამდვილად ასეა, მაგრამ პრობლემა ის არის, პოლიტიკური სიტუაცია არ არის შესაბამისად მომწიფებული. ჩვენი პოლიტიკური სპექტრი მზად არ არის პირადზე წინ ქვეყნის ინტერესები დააყენოს... საქართველოს ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ პოლიტიკოსების უმრავლესობა აცდენილია პოლიტიკურ რეალობას, ვერ ხვდება, რა არის საზოგადოების დაკვეთა, ვერ აცნობიერებს, რომ ხელისუფლებით უკმაყოფილება თავისთავად ოპოზიციის მხარდაჭერას არ ნიშნავს... არა მაქვს კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლის რეცეპტი. თუმცა შემიძლია თქმა, კარგი იქნება, თუ პოლიტიკიდან წავლენ ის პირები, რომლებმაც ამდენი ხნის განმავლობაში წარმატებას ვერ მიაღწიეს. არ შეიძლება ქვეყანა 11 წლის განმავლობაში ორი პოლიტიკური დაჯგუფების კინკლაობის მსხვერპლი იყოს”.
პუტინის ბირთვული შანტაჟის ახალი ფაზა - რას ნიშნავს ბელარუსში ბირთვული შეიარაღების გაგზავნა
“რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხდებს, რომ მოსკოვი და მინსკი ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეთანხმდნენ. ამისთვის სპეციალური საწყობის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს და 1-ლი ივლისისთვის დასრულდება. საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრისა და ანალიტიკოსის, ირაკლი მენაღარიშვილის აზრით, პუტინის შანტაჟის სტრატეგია შემდგომ მწვავე ფაზაში გადავიდა და თეორიულად დასაშვებია, რომ ასეთმა ნაბიჯებმა ადრე თუ გვიან მსოფლიოს ბირთვული დაპირისპირებისკენ უბიძგოს. თუმცა მენაღარიშვილი ასევე ამბობს, რომ პუტინი “რატომღაც მთლად ისეთი გიჟიც არ უნდა იყოს, რომელიც პირდაპირ თვითმკვლელობაზე წავა”. აღსანიშნავია, რომ ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, საგანგებო განცხადება გაავრცელა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა. მასში ნათქვამია, რომ პენტაგონიც ვერ ხედავს რაიმე ნიშანს იმის შესახებ, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით პუტინის ბირთვული შანტაჟის ახალი ფაზა - რას ნიშნავს ბელარუსში ბირთვული შეიარაღების გაგზავნა.
“როგორც ვლადიმერ პუტინი რუსულ სამთავრობო მედიასთან ახადებს, ბელარუსის ტერიტორიაზე უკვე განლაგებულია 10 თვითმფრინავი, რომელსაც ტაქტიკური ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლია. გარდა ამისა, მისი თქმით, რუსეთმა ბელარუსს “ისკანდერის” სარაკეტო სისტემაც გადასცა, რომლითაც ასევე შეიძლება ბირთვული ქობინით აღჭურვილი რაკეტების გაშვება. პუტინი აცხადებს, რომ იარაღი შესაბამისი საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევის გარეშე განლაგდება. ბელარუსი კი დიდი ხანია ითხოვს თავის ტერიტორიაზე რუსული ბირთვული იარაღის განთავსებას. “3 აპრილიდან ვიწყებთ ეკიპაჟების წვრთნას. 1-ლ ივლისს კი ვასრულებთ ტაქტიკური ბირთვული იარაღის სპეციალური საწყობის მშენებლობას ბელარუსის ტერიტორიაზე. ჩვენ შევთანხმდით, რომ ამას გავაკეთებთ ჩვენი ვალდებულებების დარღვევის გარეშე. ხაზს ვუსვამ - ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევის გარეშე. ჩვენ უკვე დავეხმარეთ ჩვენს ბელარუს კოლეგებს მათი თვითმფრინავების აღჭურვაში. 10 თვითმფრინავი მზადაა ამ ტიპის იარაღის გამოსაყენებლად”, - განაცხადა პუტინმა. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, არ არსებობს რაიმე ნიშნები იმის შესახებ, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება. ამასთან, პენტაგონი სტრატეგიული ბირთვული პოზიციის შეცვლის მიზეზს ვერ ხედავს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ვნახეთ ცნობები რუსეთის განცხადების შესახებ და გავაგრძელებთ ამ სიტუაციის მონიტორინგს. ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე მიზეზს, რომ ჩვენი სტრატეგიული ბირთვული პოზიცია შევცვალოთ და არც რაიმე მინიშნებას, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება. ვრჩებით ნატოს ალიანსის კოლექტიური თავდაცვის ერთგული”, - აღნიშნულია პენტაგონის განცხადებაში. ანალიტიკოსი ირაკლი მენაღარიშვილი ამბობს, რომ ესაა მუქარა ნატოს მისამართით და პუტინის ბირთვული შანტაჟის გაგრძელება. მისივე თქმით, თეორიულად დასაშვებია, რომ კუთხეში მიმწყვდეული პუტინი ამ იარაღის გამოყენებაზე წავიდეს”, - განაგრძობს გამოცემა.
“ეს შანტაჟის სტრატეგიის შემდგომი გაღრმავებაა. საფრთხე უპირველეს ყოვლისა ისაა, რომ ადრე თუ გვიან ამან შეიძლება სიტუაცია წონასწორობიდან გამოიყვანოს და მსოფლიოს ბირთვული დაპირისპირებისკენ უბიძგოს. რაც შეეხება ბელარუსში განლაგებას, ესეც მისი ამ შანტაჟის სტრატეგიის ნაწილია - ამით აცხადებს, რომ ვითომ ბელარუსს დაიცავს, თუმცა რა საფრთხე ემუქრება ბელარუსს, გაუგებარია. ბელარუსთან დაკავშირებით არავინ არაფერს არ აპირებს, თუ ის თვითონ რაღაც უპასუხისმგებლო ქვეყანასავით მახეში არ გაებმება... ბელარუსი ცენტრალური ევროპის სახელმწიფოა, რომელიც ნატოს წევრი ბევრი სახელმწიფოს მეზობელია - ლიეტუვა, პოლონეთი და ა.შ. აქედან გამომდინარე, შესაძლოა რომელიმე რუსმა გენერალმა ჩათვალოს, რომ ეს დარტყმის განსახორციელებლად მოსახერხებელი ადგილია, თუმცა ამას მხოლოდ ვვარაუდობ და არანაირი მონაცემები არ მაქვს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილი.
თეორიულად დასაშვებია, კუთხეში მიმწყვდეული პუტინი ამ იარაღის გამოყენებაზე წავიდეს. პუტინი დაბალანსებული პიროვნება არაა, ამას უკვე ყველა ხედავს. მაგრამ რატომღაც მთლად ისეთი გიჟიც არ უნდა იყოს, რომელიც პირდაპირ თვითმკვლელობაზე წავა. არადა ამ ნაბიჯის გადადგმა პირდაპირ რომ ამას ნიშნავს, ვფიქრობ მისთვის კარგადაა ცნობილი. მას რომ ომი ფაქტიურად წაგებული აქვს, მის ირგვლივ სამხედრო სპეციალისტებისთვის კარგა ხანია ცნობილია. ყველაზე მძიმე დარტყმა, რაც პუტინმა მიიღო, ეს ჰააგის გადაწყვეტილება იყო. ამის შემდეგ დიმიტრი მედვედევი ბირთვული დარტყმით სასამართლოსაც კი ემუქრებოდა. ეს აგონიაა. პუტინის თავში შეიძლება ბევრი შიში ტრიალებდეს. შიში იმისა, რომ შეიძლება, რომელიმე ძალოვანმა მინისტრმა, ან ძალოვანი სამსახურის ხელმძღვანელმა ტახტიდან უბრალოდ ჩამოადოს, ან სიცოცხლეს წაართვან, ამგვარი შიშები ბევრი შეიძლება ჰქონდეს”, - დასძენს მენაღარიშვილი.
თორნიკე შარაშენიძე - “ჩინეთს აწყობს რუსეთის გამარჯვება და შეეცდება ხელი შეუწყოს, ოღონდ არც შარში გახვევა სურს...”
“ჩინეთი დამოუკიდებელი მოთამაშეა და არ აინტერესებს არც ჰააგა და არც არავინ. სწორედ ამას ნიშნავს მისი პუტინთან ვიზიტიც. ცხადია, ჰააგის გადაწყვეტილება, ალბათ, სიგნალია სი ძინპინისთვის, მაგრამ არა მგონია, ვინმე იმას ელოდა, რომ გააუქმებდა ვიზიტს მოსკოვში. ჩინეთი ამერიკის მერე მსოფლიოში მეორე დამოუკიდებელი მოთამაშეა. ასე რომ, რაში აინტერესებს ჰააგა, მით უმეტეს, რომ მას არც ცნობს. ჩინეთი დამოუკიდებელი მოთამაშეა და ფიქრობს, რომ მისი გადასაწყვეტია, სად ჩავა, აზრს არავის ეკითხება, არც ჰააგას და არც ვაშინგტონს. ჩინეთის დასავლეთთან კონფრონტაცია უკრაინის ომმა დააჩქარა. ამერიკა დიდხანს ცდილობდა ევროპის აყოლიებას ჩინეთის წინააღმდეგ, რათა ჩაერთო სანქციების ომში, მაგრამ ვერ ახერხებდა, რადგან ევროპას ჩინეთთან თანამშრომლობით ეკონომიკური მოგება ჰქონდა, მაგრამ ომმა მსოფლიო ორ ბანაკად გაყო, ევროპას აღარ შეუძლია ძველებურად მანევრირება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია”, - აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი, “ჯიპას” პროფესორი თორნიკე შარაშენიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ჩინეთს აწყობს რუსეთის გამარჯვება და შეეცდება ხელი შეუწყოს, ოღონდ არც შარში გახვევა სურს...”
“ჩინეთს რუსეთის დამარცხება ნამდვილად არ აძლევს ხელს, რადგან სურს რუსეთი მისი პარტნიორი იყოს თავისი პოტენციალიდან გამომდინარე. სად ჩინური პოტენციალი და სად რუსული, მით უმეტეს, რომც გაიმარჯვოს, ეს ომი რუსეთს ძალიან დაასუსტებს. უკვე დასუსტებულია კიდეც და როდის აინაზღაურებს ამ ზარალს, ძნელად სათქმელია. შესაბამისად, ჩინეთს აწყობს რუსეთის გამარჯვება და შეეცდება ხელი შეუწყოს, ოღონდ საკითხავია, რა ფასად. რა თქმა უნდა, ჩინეთს არც შარში გახვევა სურს. ამიტომ შეეცდება ისე მოახერხოს, რომ რუსეთმა ომი მისთვის მეტ-ნაკლებად მისაღები შედეგებით დაასრულოს. ჩინელების ე.წ. სამშვიდობო გეგმაში ერთი მთავარი მომენტია ცეცხლის შეწყვეტა - ანუ ომი შეწყდეს სტატუს-კვოთი, რაც რუსეთს ძალიან აწყობს, რადგან ახლა უფრო მეტი ტერიტორია აქვს წაღებული, ვიდრე ომის დაწყებამდე. არადა, თუ ომი გაჭიანურდა, არის შანსი, რომ დაიღალონ უკრაინაც და დასავლეთიც და წავიდნენ დათმობაზე. სწორედ ამის იმედი აქვს ჩინეთს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თორნიკე შარაშენიძე.
“ეს ომი ჩინეთისთვის კიდევ იმით არის საინტერესო, თუ ომი სწორედ ამ სცენარით დამთავრდა, ანუ შეთანხმდნენ სტატუს-კვოზე და კონფლიქტი გაიყინა, ეს ნიშნავს ჩინური ხედვის გამარჯვებას და შეუძლია თქვას, ეს ჩვენი დამსახურებააო. ამით ძალიან ძლიერი მოთამაშე გახდება, უფრო გაიმყარებს პოზიციას, რადგან ჩინურმა ხედვამ გაიმარჯვა და დაასრულა ომი, რომელიც ყველას აზარალებდა. არ არის გამორიცხული ჩინეთ-რუსეთმა ახალი ბლოკი შექმნან, თუნდაც ირანთან ერთად, ასეთ შემთხვევაში საქართველოსთანა სუსტ ქვეყნებს, რომლებიც გადასარჩენად მანევრირებას ცდილობენ, რა თქმა უნდა, გაუჭირდებათ”, - დასძენს შარაშენიძე და შეკითხვაზე - “იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოზე გადის ე.წ. შუა დერეფანი, რომელიც ჩინეთის ინტერესშიც არის და დასავლეთისაც, საქართველოს ამ ორად გაყოფილ მსოფლიოში რა ადგილს ანიჭებს?”, - პასუხობს:
“ჩვენ ბალანსირების პოლიტიკა გვაქვს არჩეული. ვართ ქვეყანა, რომელსაც სურს დასავლეთთან ინტეგრირება, მაგრამ რუსეთის მეზობლობა, მისი ჯარის ყოფნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამას აფერხებს. თუ რუსეთმა გაიმარჯვა, თავს ნუ მოვიტყუებთ, ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდებით. დასავლეთში კი გვინდა, მაგრამ აქედან რუსეთი გვემუქრება და რა არჩევანი გვაქვს? ჯერ ნატოს წევრები არა ვართ, რუსეთისგან რომ დაგვიცვას. ეს არის პრობლემა, თანაც თბილისის ახლოს ორი რუსული ბაზაა. ხომ ვიცით, რომ პუტინი ყველაფერზეა წამსვლელი. ასე რომ, უკრაინის გამარჯვებამდე ისე უნდა მივიდეთ, რომ როგორმე გადავრჩეთ და თან, არ გამოჩნდეს, რომ ამ ომში რუსეთის მხარეს ვიყავით. ეს არის ჩვენი გამოწვევა - არჩევანი გადარჩენასა და სახის შენარჩუნებას შორის”.