ზოგჯერ შესაძლოა, საკმაო დისკომფორტი ჰქონდეს გავრცელებულ ინფორმაციას, შეიძლება თქვენ არ ეთანხმებოდეთ, მაგრამ იმიტომ გაქვთ მედია, იმიტომ გაქვთ ტრიბუნა და პლატფორმები, რომ ამ ყველაფერს ამომწურავი პასუხები გაეცეს, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ბიზნეს-პალიტრაში“, „პალიტრა მედიის“ წინააღმდეგ კამპანიაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება დაიცავს და პატივს სცემს ყველა იმ ჟურნალისტს, რომელიც პროფესიონალურად ემსახურება დემოკრატიულ ამოცანას, რასაც საზოგადოების ინფორმირება ჰქვია.
„მინდა ყველა ჟურნალისტს, მათ შორის, თქვენს სტუდიაში, ვინც პროფესიონალურად ემსახურება საზოგადოების ინფორმირების ამოცანას და თავის პროფესიას, რასაც ჟურნალისტობა ჰქვია, ჩემი მხარდაჭერა დავუფიქსირო. ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომლის საქმიანობის პერიოდშიც საქართველოში მედია გახდა უფრო მრავალფეროვანი და ჟურნალისტებს აქვთ საშუალება გამოთქვან ნებისმიერი კრიტიკული აზრი, გააკეთონ ნებისმიერი სიუჟეტი და შეაფასონ ნებისმიერი პროცესი ისე, როგორც ისინი თვლიან საჭიროდ. ეს არ არის მხოლოდ ჩემი განცხადება, მე მახსოვს 2011 წელს საქართველოში იყო მხოლოდ 4 ტელევიზია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობდა, ხოლო დღეს 20-ზე მეტი ასეთი ტელევიზიაა. 22 ტელევიზია იყო რეგიონებში და დღეს 120-ზე მეტია. მიკროფონების რაოდენობა იმდენად არის გაზრდილი, რომ აშკარაა დღეს საქართველოს ბევრად უფრო პლურალისტური მედია ჰყავს. რეგულაციებსაც თუ ვნახავთ, ალბათ, „ვენდისში“, ან „მაკდონალდსში“ სენდვიჩის აღებისთვის საჭირო დრო სჭირდება მედიის დასაფუძნებლად, მაშინ, როდესაც წარსულში ეს იყო ლიცენზირებული, ძალიან მკაცრად კონტროლირებადი. დღეს ეს ბარიერები ჩვენი ხელისუფლების პირობებში არის მოხსნილი.
რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, ასეთი ინტერპრეტაციების საფუძველი გააჩინა იმ განცხადებებმა, რომელსაც სამწუხაროდ, აკეთებდნენ და დღესაც აკეთებენ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც მძიმე კანონდარღვევებში არიან ბრალდებულებიც, მსჯავრდებულებიც და ძალიან მძიმე პოლიტიკური პასუხისმგებლობაც მოჰყვებათ თან. რეალურად საქართველოში თუ რამე აზიანებს თავისუფალ მედიას, თუ რამე აზიანებს რეალურად სამოქალაქო საზოგადოებას, არის ის, რომ წინა ხელისუფლების პოლიტიკურმა დამნაშავეებმა თავი შეაფარეს ზოგჯერ მედიას, ზოგჯერ პოლიტიკურ პარტიებს, ზოგჯერ არასამთავრობო ორგანიზაციებს და იქიდან აკეთებენ განცხადებებს. ზოგჯერ ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რომ თავის მართლება უწევთ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, მედიასაც და პოლიტიკოსებსაც, შესაბამისად, დემოკრატია თავის თავში ამასაც მოიცავს, რომ ზოგჯერ შესაძლოა, საკმაო დისკომფორტი ჰქონდეს გავრცელებულ ინფორმაციას, შეიძლება თქვენ არ ეთანხმებოდეთ, მაგრამ იმიტომ გაქვთ მედია, იმიტომ გაქვთ ტრიბუნა და პლატფორმები, რომ ამ ყველაფერს ამომწურავი პასუხები გაეცეს. იგივე პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენ.
ჩვენ დავიცავთ და პატივს ვცემთ ყველა ჟურნალისტს, ვინც პროფესიონალურად ემსახურება იმ დემოკრატიულ ამოცანას, რასაც ჰქვია ჩვენი საზოგადოების ინფორმირება. შეიძლება დღეს საქართველოში არსებული დემოკრატია უფრო რთულია, შეიძლება ეს მოითხოვს უფრო მეტ დროს, მეტ მოთმინებას, მეტ ძალისხმევას, მაგრამ მარტივი და იაფფასიანი დემოკრატი ჩვენ ნანახი გვაქვს და სადამდე მიგვიყვანა იმან, ესეც ვნახეთ, ამიტომ ჩვენ როგორც ხელისუფლება და ასევე ყველა ჩართული აქტორი, ვალდებულია დემოკრატიას ზუსტად ასე მიუდგეს. ეს არ არის ადვილი, მაგრამ ეს არის რეალური ფორმა, რომელშიც ჩვენ შეგვიძლია, რომ გვქონდეს სტაბილური ქვეყანა, გვქონდეს თავისუფალი საზოგადოება და რაც მთავარია, გავხდეთ საერთაშორისო ოჯახის წევრი“, - განაცხადა თალაკვაძემ.