ჩრდილოეთ კორეა ძალიან შორს არის, თორემ „ქართულ ოცნებას“ ორი მოკავშირე ეყოლებოდა, კიმ ჩენ ინი და ვლადიმერ პუტინი, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.
მისი თქმით, ძალაუფლების შენარჩუნებისკენ მიდრეკილი ხელისუფლებებისა და პარტიების ერთადერთი მოკავშირე ახლა რუსეთია და სწორედ ამიტომ ემთხვევა ერთმანეთს „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და ოფიციალური მოსკოვის მაღალჩინოსნების რიტორიკა.
„ძალაუფლების განმტკიცება უნდა „ქართულ ოცნებას“ აქ, რადგან „ქართულ ოცნებას“ გულწრფელი მხარდამჭერები აღარ ჰყავს. ან ჰყავს ტენდერებით და კორუფციით მიბმული ხალხი და ან უნდა განამტკიცოს ძალაუფლების ინსტრუმენტები, იმიტომ, რომ აბსოლუტურად უშინაარსო და გამოფიტული გახდა „ქართული ოცნება“. შესაბამისად, ასეთ მდგომარეობაში მყოფი რეჟიმები იწყებენ სასამართლოს ჩაგდებას ხელში და მოკლედ ავტოკრატიისკენ მიდიან.
ბუნებრივი მოკავშირე ასეთი რეჟიმების, მთელს მსოფლიოში, არის რუსეთი. როცა იანუკოვიჩი წავიდა ძალაუფლების შენარჩუნებაზე, ვინ იყო მისი მოკავშირე ? - იყო რუსეთი. ბელარუსში, როდესაც ოპოზიცია გაანადგურა, დაიჭირა, ნახევარი ბელარუსი ან გაიქცა და ან ჩაყარა ციხეში, ვინ გახდა მისი მოკავშირე და ახლა მისი მოკავშირე კი არა ყურმოჭრილი ყმაა? - ახლა აბსოლუტურად ჯიბეში ჩაისვა პუტინმა, ფინიასავით დაჰყავს. მით უფრო პირდაპირ საზღვარი გვაქვს, პირდაპირ შემოსულია, უზარმაზარი გავლენები აქვს, პირდაპირ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, ხელისუფლებაში რამდენი მისი აგენტია და რამდენი გავლენის აგენტია სინამდვილეში, ღმერთმა უწყის. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ ბუნებრივი მოკავშირე ახლა არის რუსეთი, ამიტომ ემთხვევა მათი რიტორიკა. არც იმას გამოვრიცხავ, რომ უკვე დავალებებს იღებენ პირდაპირ, წაეშალათ ეს ზღვარი, გაექცათ ეს ზღვარი და ის წითელი ხაზი გადალახეს. აქამდე რაღაცას ილანძღებოდნენ, საოცრებებს ლაპარაკობდნენ, მაგრამ ზღვარს არ გაცდენილა, ეს კანონი იყო წითელი ხაზის გადაკვეთა, იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ დღეს ამოიწურა. არანაირი შინაარსი არ აქვს. აი, რისთვის არიან ხელისუფლებაში ?! 11 წელია იძახდნენ, რომ არ უნდა დაბრუნდეს „ნაციონალური მოძრაობა“ და უკვე ისეთი თაობა გაიზარდა, რომ არავინ არ იცის ეს „ნაციონალური მოძრაობა“ რას შვებოდა, რას სჩადიოდა. სააკაშვილი იციან, რომ ციხეში გამომწყვდეული კაცია და მეტი არაფერი. ერთი ხედავენ, რომ „ქართული ოცნება“ 11 წელია იწყევლება, იწყევლება და მეტს არაფერს არ აკეთებს. რიკოთი არის ჩაკეტილი, ხიდი ააშენეს წყალმა წაიღო და თან გამოდიან და გეუბნებიან, რომ რა მაგარია ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ჩრდილკოეთ კორეა ძალიან შორს არის, თორე ორი მოკავშირე ეყოლებოდა, კიმ ჩენ ინი და ვლადიმერ პუტინი“, - განაცხადა ელისაშვილმა.