საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები 29 აპრილის არჩევნებზე - „გენერალური რეპეტიცია“ 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის - ინტერვიუ გიორგი კალანდარიშვილთან

2024 წლის პარლამენტის არჩევნებზე საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩეველთა 90% ხმის მიცემას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით შეძლებს და ეს საქართველოში არჩევნებზე ტექნოლოგიების ყველაზე ფართომასშტაბიანი გამოყენების პირველი პრეცედენტი იქნება. თუმცა, მანამდე, ცესკო ელექტრონულ ტექნოლოგიების გამოყენებას 2023 წლის 29 აპრილის შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზეც გეგმავს. შესაბამისად, საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ამომრჩევლებს უკვე წელს მიეცემათ შესაძლებლობა, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით გააკეთონ საკუთარი არჩევანი.

რა იცვლება ამომრჩევლისთვის, რა შესაძლებლობები და გამოწვევები ჩნდება საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, კონკრეტულად, რა ტექნოლოგიები ინერგება 29 აპრილის რიგგარეშე/შუალედურ არჩევნებზე - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ესაუბრა:

29 აპრილს ჩვენს ქვეყანაში შუალედური/რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება, სადაც ელექტრონული ტექნოლოგიები იქნება გამოყენებული. სად და ვის ირჩევენ ამომრჩევლები და რამდენად მნიშვნელოვანი ეტაპია ეს არჩევნები ხმის მიცემის ელექტრონულ ფორმატზე გადასასვლელად?

როგორც უკვე აღნიშნეთ, 29 აპრილს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. ამომრჩევლები 29 აპრილს აირჩევენ საქართველოს პარლამენტის ფოთი - სენაკი - ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, შუალედური არჩევნები ასევე ჩატარდება გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის და ქუთაისის შესაბამის ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც ამომრჩევლები საკრებულოების გამოკლებული მაჟორიტარი დეპუტატების ადგილმონაცვლეებს აირჩევენ. გარდა ამისა, ცაგერსა და თერჯოლაში ჩატარდება მერის რიგგარეშე არჩევნები.

შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთგვარი „გენერალური რეპეტიცია“ 2024 წლის საერთო არჩევნებისთვის, რადგან საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიებს ასეთი მასშტაბით პირველად გამოვიყენებთ. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებით დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, პრაქტიკაში ვნახოთ, შედარებით ფართო მასშტაბის პირობებში, როგორ იმუშავებს ტექნოლოგიები და რა არის მისი დადებითი მხარეები. ასევე, იქნება თუ არა ისეთი საკითხები, რომელსაც ჩვენი მხრიდან კვლავ გარკვეული ყურადღების მიქცევა დასჭირდება იმისთვის, რომ 2024 წელს გასამართ არჩევნებს კიდევ უფრო მეტად მომზადებულები შევხვდეთ.

უფრო დეტალურად ავუხსნათ მკითხველს, რას გულისხმობს ეს ტექნოლოგია. მაგალითად, აუცილებელია თუ არა საარჩევნო უბანზე მისვლა, თუ ხმის მიცემა დისტანციურად იქნება შესაძლებელი, როგორც 29 აპრილის, ისე 2024 წლის პარლამენტის არჩევნებზე?

ორივე არჩევნებისთვის გამოვიყენებთ ორი ტიპის ტექნოლოგიას, მათ შორის, როგორც ამომრჩეველთა რეგისტრაცია/ვერიფიკაციის აპარატებს, ისე ხმის მიცემისა და დათვლის აპარატებს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არცერთ შემთხვევაში, აპარატები არ იქნება ქსელში ანუ ინტერნეტში ჩართული, რაც, რა თქმა უნდა, გამორიცხავს კიბერჩარევის საფრთხეს. საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩეველი ერთი აპარატის საშუალებით გაივლის რეგისტრაცია/ვერიფიკაციას, მეორე აპარატის გამოყენებით კი შეძლებს ხმის მიცემას. კენჭისყრის დასრულების შემდეგ ხმების დათვლას სწორედ ეს აპარატი უზრუნველყოფს.

ამომრჩევლებს ტექნოლოგიები საარჩევნო უბნებზე უკვე 29 აპრილს, 10 მუნიციპალიტეტში დახვდება. აღსანიშნავია, რომ აპარატების გამოყენებას აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში შესაბამის ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 91% პროცენტი შეძლებს, 2024 წლის არჩევნებზე კი თითქმის 90%.

რაც შეეხება იმ ამომრჩევლებს, რომლებიც ამ 90%-ში ვერ მოხვდნენ, როგორ მიიღებენ ისინი არჩევნებში მონაწილეობას და ხომ არ იგეგმება მათ საარჩევნო უბნებზეც ტექნოლოგიების დანერგვა?

პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ 2024 წლისთვის ჩვენს ქვეყანას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი აქვს. ამაზე მიუთითებს საერთაშორისო პრაქტიკასთან შედარებაც. რაც შეეხება დარჩენილ 10%-ს, მინდა განვმარტო, რომ ძველი წესით არჩევნები ჩატარდება ისეთ უბნებზე, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა ძირითადად 300-ზე ნაკლებია და 20 კილომეტრზე მეტით არის დაშორებული საოლქო საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილიდან. აგრეთვე, ისეთ უბნებზე, რომლებიც გამონაკლის შემთხვევებში შეიქმნება ან უბნის განთავსების ლოკაცია ძნელად მისადგომ ადგილას არის.

ის, რომ არჩევნები ამ უბნებზე ტრადიციული მეთოდით ტარდება, არ ნიშნავს რომ საარჩევნო ადმინისტრაცია სათანადო სტანდარტებით არჩევნების ჩატარებას ვერ უზრუნველყოფს - რა თქმა უნდა, ამ საარჩევნო უბნებზეც არჩევნები მაღალ დონეზე იქნება ადმინისტრირებული. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო უბნების მცირე ნაწილში არ იქნება ელექტრონული ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატები, ტექნოლოგიებს აქაც ვიყენებთ. კერძოდ, იმ უბანზე, სადაც არჩევნები ამ დრომდე არსებული წესით ჩატარდება, საარჩევნო ბიულეტენები დასკანერდება/გაციფრულდება, შესაბამის პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის. ეს კიდევ ერთი მექანიზმია იმისთვის, რომ დაცული იყოს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის მთავარი პრინციპები - გამჭვირვალობა და სანდოობა.

რა უპირატესობა აქვს არჩევნებში ტექნოლოგიების დანერგვას? საინტერესოა, შემცირდება თუ ხმების დათვლისა და შედეგების გასაჯაროების დრო?

საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენება უზრუნველყოფს პროცედურების სიმარტივეს და გარკვეულწილად აზღვევს ადამიანურ შეცდომებს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ როგორც მოდერნიზებული, ისე ტრადიციული უბნების შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება გამჭვირვალობა, რაც გამოიხატება ბიულეტენების ხელით გადათვლით. კერძოდ, ბიულეტენების აპარატის მიერ დათვლისა და წინასწარი მონაცემების ამობეჭდვის შემდგომ, პროცესში კვლავ განსაზღვრულია ხელით გადათვლის კომპონენტი, რის შემდგომაც შედგება იურიდიული ძალის მქონე შემაჯამებელი ოქმი. ეს ნიშნავს, რომ პროცესში ძალიან დიდია საჯაროობისა და გამჭვირვალობის კომპონენტი, რაც, თავის მხრივ, ამ ნაწილის გათვალისწინებით უზრუნველყოფს სანდოობას უშუალოდ კენჭისყრის დღესთან, შედეგებთან მიმართებაში.

უნდა აღინიშნოს რომ წინასწარი მონაცემების გამოსაქვეყნებლად ჩვენ არ ველოდებით ხელით გადათვლის შედეგებს. აპარატებიდან ამობეჭდილი შედეგების ამსახველი ამონაწერები (ქვითრები) უმოკლეს ვადებში გადაიგზავნება ცესკო-ში და ასევე ძალიან მოკლე დროში, იმ ტრადიციული, წინასწარი მონაცემების გამოქვეყნებისთვის საჭირო დროისაგან განსხვავებით, უზრუნველვყოფთ შედეგების გაცილებით მოკლე ვადებში გასაჯაროებას.

საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების პილოტირებას ცესკო ჯერ კიდევ 2018 წლიდან ახორციელებს და გამოცდილებაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ დაახლოებით თუ რა დრო სჭირდება ხმების დათვლას ელექტრონულ ფორმატში - წინასწარი მონაცემების გამოქვეყნება შესაძლებელია ტრადიციული არჩევნებისგან განსხვავებით გაცილებით მცირე დროში. ახალი მიდგომა და გადაწყვეტა გვაქვს იმის თაობაზეც, თუ როგორ უნდა მოხდეს საარჩევნო უბანზე ამობეჭდილი წინასწარი მონაცემების გადმოგზავნა საარჩევნო კომისიაში როგორც მოდერნიზებული, ასევე ტრადიციული უბნებიდან. ამისათვის გამოყენებული იქნება პლანშეტები, რაც შემაჯამებელი ოქმების დასურათების, მონაცემების სკანირებისა და ცენტრალურ სერვერზე მყისიერად გადმოგზავნის საშუალებას იძლევა, რაც პირველად გაიტესტება 29 აპრილის არჩევნებზე.

ელექტრონული აპარატის გამოყენებით ხმის მიცემისას როგორ იქნება დაცული ხმის ფარულობა?

ფარულობა - ეს არის არჩევნების ფუნდამენტური პრინციპი და, რა თქმა უნდა უზრუნველყოფილი და დაცული იქნება. ამომრჩეველმა ბიულეტენი სპეციალური ჩარჩო-კონვერტის გამოყენებით, ამობრუნებული ფორმით უნდა მოათავსოს ხმის მთვლელ აპარატში. შესაბამისად, შეუძლებელია, უბანზე ვინმემ შეძლოს იდენტიფიცირება, თუ ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა. თუმცა, ამ საკითხსაც მივაქცევთ განსაკუთრებულ ყურადღებას 29 აპრილის არჩევნებზე.

ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვით რა იცვლება უშუალოდ ამომრჩევლისთვის? ელექტრონულ არჩევნებში მონაწილეობის მიღება მხოლოდ ID ბარათისა და პასპორტის მქონე პირებს შეუძლიათ, თუ შესაძლებელია ლამინირებული მოწმობის გამოყენება?

ვერიფიკაციის აპარატი უზრუნველყოფს უტყუარ დადასტურებას, რომ ამომრჩეველმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, რისთვისაც ID ბარათები და პასპორტი გამოიყენება. 29 აპრილის არჩევნებში ხმის მიცემა ლამინირებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითაც იქნება შესაძლებელი, რადგან ვერიფიკაციის აპარატებს მონაცემების ხელით შეყვანის ფუნქციაც აქვს, ხოლო 2024 წლის არჩევნებში კი უკვე ამომრჩევლის ვერიფიკაცია მხოლოდ ელექტრონული ID ბარათისა და პასპორტის წარდგენის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

ვერიფიკაციის აპარატი იძლევა ორმაგი დადასტურების შესაძლებლობას. კერძოდ, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის აპარატზე გატარების/შემოწმების შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება დოკუმენტის მფლობელის ფოტოსურათი, რის საფუძველზეც დადასტურდება მისი ვინაობა. ამოიბეჭდება შესაბამისი ქვითარი, რომელზეც ამომრჩეველი მოაწერს ხელს. გარდა ამისა, ალბათ გახსოვთ, რომ აქამდე ამომრჩევლები ანბანური პრინციპით ცხადდებოდნენ რეგისტრატორებთან, რასაც შესაძლოა გამოეწვია რიგები უბანზე. ვერიფიკაციის აპარატები აღნიშნულ პრობლემას მოხსნის, რადგან ამომრჩეველს რეგისტრაციის გავლა ნებისმიერი თავისუფალი აპარატის საშუალებით შეეძლება. ასევე არ მოუწევს მოცდა სამაგიდე სიაში ხელის მოსაწერადაც. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, რიგებს შეამცირებს. შესაბამისად, ამომრჩევლებისთვის ხმის მიცემის პროცესი მაქსიმალურად გამარტივდება. ამასთან, პროცესი დაზღვეული იქნება ადამიანური შეცდომებისაგან, რაც კენჭისყრის პროცესში შეიძლება არსებობდეს როგორც შემაჯამებელი ოქმების შედგენასთან დაკავშირებით, ასევე სხვადასხვა პროცედურასთან მიმართებით.

აქვე მინდა ამომრჩევლებს შევახსენო, რომ განსხვავებული იქნება საარჩევნო ბიულეტენიც - ამ შემთხვევაში ამომრჩეველმა კი არ უნდა შემოხაზოს სასურველი კანდიდატის ნომერი, არამედ უნდა გააფერადოს კანდიდატის/პოლიტიკური პარტიის წინ არსებული წრე. ამასთან, ბიულეტენს აქვს დამატებითი დაცვის შესაძლებლობებიც - ინდივიდუალური QR კოდი და შტრიხკოდი, რაც გამორიცხავს იმას, რომ სხვა უბნის ბიულეტენი ან იგივე ბიულეტენი განმეორებით მოხვდეს ყუთში.

დავუბრუნდეთ 2024 წლის არჩევნებს, არის თუ არა პარლამენტის არჩევნების ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარება გამოწვევა საარჩევნო ადმინისტრაციისთვის? როგორ მიმდინარეობს მზადების პროცესი?

2024 წლის არჩევნები ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს ინსტიტუციისთვის ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმის ფონზე, რომელიც ტექნოლოგიურ ინტერვენციას ითვალისწინებს. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ამომრჩეველთა ინფორმირება, ფართომასშტაბიანი საგანმანათლებლო კამპანიები ჩართული მხარეებისთვის და არჩევნების მაღალპროფესიულ დონეზე ჩატარება.

აქედან გამომდინარე, სწორედ მასშტაბური საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანიები დგას ჩვენს დღის წესრიგში. ამ მიმართულებით არაერთ აქტივობას ვახორციელებთ, იმისთვის რომ დარჩენილ წელიწად-ნახევარში მივაწვდინოთ ხმა და მივაწოდოთ სრული ინფორმაცია ყველა ამომრჩეველს, არჩევნებით დაინტერესებულ პირებსა და ჩართულ მხარეებს. საზოგადოების ინფორმირებისთვის ჩვენ შევიმუშავეთ 2-წლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს ყველა აქტივობას. 29 აპრილის არჩევნებისთვის დაგეგმილია ინფორმირების კამპანია „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“, რომლის ფარგლებშიც საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები ამომრჩევლებს გადასცემენ საინფორმაციო ბროშურებს და ამომრჩეველთა ბარათებს. მედიაში განთავსდება საინფორმაციო-სარეკლამო რგოლები. რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რათა ამომრჩევლამდე ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიტანოთ.

საარჩევნო ადმინისტრაცია, რა თქმა უნდა, მზად არის და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესი კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე წარიმართოს, თუმცა, მიგვაჩნია, რომ საარჩევნო რეფორმის განხორციელება და ელექტრონული ტექნოლოგიების წარმატებით დანერგვა არჩევნებში ჩართული ყველა მხარის პასუხისმგებლობაა. სწორედ ამიტომ, ტექნოლოგიების მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას და არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას ჩვენ, საარჩევნო ადმინისტრაციამ, ამომრჩევლებმა, საარჩევნო სუბიექტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მედიამ ერთად უნდა შევუწყოთ ხელი, რადგან მიგვაჩნია, რომ არჩევნები საერთო საქმეა.

რომელი ქვეყნები იყენებენ მსგავს ტექნოლოგიებს არჩევნებში და გაითვალისწინეთ თუ არა მათი გამოცდილება საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების დანერგვაზე მუშაობისას?

ჩვენი მოდელი მიმსგავსებულია ისეთ ტექნოლოგიურ გადაწყვეტასთან, როგორიც აქვს ალბანეთს, ბულგარეთს, აშშ-ის სხვადასხვა შტატს, კანადას, ჩვენს მეზობელ სომხეთს, ასევე ფილიპინებს, რომელსაც 67 მილიონი ამომრჩეველი ჰყავს.

რა თქმა უნდა, ჩვენ მუდმივად ვეცნობით საერთაშორისო პრაქტიკას, ვიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის სადამკვირვებლო მისიაში და მიღებული გამოცდილება და მის შედეგად გაკეთებული ანალიზი, საშუალებას გვაძლევს საუკეთესო მაგალითების გამოყენებით, სწორად დავგეგმოთ ბიზნეს პროცესები და ევროპული სტანდარტებით ჩავატაროთ არჩევნები.

როგორც ცნობილია, 29 აპრილის რიგგარეშე/შუალედურ არჩევნებზე გამოყენებული იქნება საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკის“ აპარატები. რის საფუძველზე შეირჩა აღნიშნული კომპანია და გაგრძელდება თუ არა მასთან თანამშრომლობა 2024 წლის არჩევნებზეც?

მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენ ჩავატარეთ საჯარო ბაზრის კვლევა ისეთი ვენდორი კომპანიის გამოსავლენად, რომელიც, ერთი მხრივ, იქნებოდა მწარმოებელი და მეორე მხრივ, სხვადასხვა ქვეყანაში საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენების კარგი გამოცდილება ექნებოდა.

სწორედ კვლევის საბოლოო ეტაპზე გადავიდა კომპანია - „სმარტმატიკი“. მას 30-ზე მეტ ქვეყანაში, 110-ზე მეტი არჩევნების მოდერნიზების გამოცდილება აქვს. ეს, თავის მხრივ, მნიშვნელოვანი მონაპოვარია საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ასეთ კვალიფიციურ და გამოცდილ კომპანიასთან თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, არის იმის საფუძველი, რომ ერთობლივი ძალისხმევით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, შევძლებთ არჩევნების დაგეგმვას, ადმინისტრირებასა და ჩატარებას.

ამ ეტაპზე, 29 აპრილის არჩევნებისთვის მზადება აქტიურ ფაზაშია, უკვე საქართველოშია როგორც ვერიფიკაციის, ისე ხმის მიცემის აპარატები, ვმუშაობთ მათი პროგრამული ნაწილის უზრუნველყოფაზე. ადგილზე იმყოფებიან „სმარტმატიკის“ უცხოელი წარმომადგენლები, რომლებიც ჩართული არიან აღნიშნულ პროცესში. პარალელურად, 30 მარტიდან უკვე საუბნო საარჩევნო კომისიებიც შეუდგნენ თავიანთ საქმიანობას. საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები არჩევნებამდე, ცესკოს სწავლების ცენტრის შემუშავებულ რამდენიმეეტაპიან თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან.

რაც შეეხება 2024 წლის არჩევნების ტექნიკურ უზრუნველყოფას, იქნება ეს ისევ „სმარტმატიკი“ თუ სხვა კომპანია, ამის თაობაზე ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ არსებობს, ვინაიდან ხსენებული ბაზრის კვლევის საგანს მხოლოდ 29 აპრილის არჩევნების ტექნოლოგიური მხარდაჭერა წარმოადგენდა, რაც არა მხოლოდ აპარატების შესყიდვაში, არამედ აუცილებელი ლიცენზიების, პროგრამების, სწავლებების და სხვადასხვა პროცედურების განხორციელებაში მდგომარეობს. ამდენად, ამ ეტაპზე ამ საკითხზე საუბარი ნაადრევია, თუმცა სამომავლო შერჩევის პროცესიც ღიად და გამჭვირვალედ, კანონის შესაბამისად წარიმართება.

მარიამ მენაბდიშვილი

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა