პოლიტიკოსის, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, მოსამართლეთა დასანქცირება ბიძინა ივანიშვილისთვის არის გზავნილი, რომ „შეიძლება შემდეგი დარტყმები მიტანილი იყოს მის სინდიკატზე, პირდაპირ ქსელზე, რადგანაც ის ქსელით მართავს ქვეყანას“. ამის შესახებ გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
გოგიჩაიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება რეპრესიების გამო შეიცვალა და „მთავარი დაკვეთა ამ მოსამართლეების დასჯა იყო და არა, წახალისება და დაწინაურება“.
ამასთან, ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, ესენი არიან ის მოსამართლეები, რომელთა გარეშეც მიხეილ სააკაშვილი „სისხლიან სისტემას ვერ შექმნიდა“ და შესაბამისად, მათი დაწინაურება ადამიანების შეურაცხყოფაა.
„ქართულ ოცნებას“ დღეს ვეღარაფერი უშველის, დაანგრევს ეს თემა, პოლიტიკურად დაშლის. გამორიცხულია, რომ ადამიანებში სიბრაზემ არ გამოიღვიძოს. ყველა სახელებს, ყველა ისტორიას თავიდან გავაღვიძებთ. პირდაპირი მნიშვნელობით, ყველა „ქეისს" გავაღვიძებთ, სად ჰქონდა მონაწილეობა მიღებული მურუსიძეს, გვრიტიშვილს, თუ შენგელიას. რომელ საქმეებში მონაწილეობდნენ, იმ ადამიანების ოჯახებში მივალთ, გამოვიყვანთ და ვალაპარაკებთ, რას უშვრებოდა სისტემა. ყველა იმ ადამიანს მოვძებნით, რომელსაც მოსამართლეებს უცვლიდნენ[საქმეთა განხილვის დროს]. ეს ადამიანები დაიწყებენ ლაპარაკს.
ამ ადამიანებს ათი ათასობით უდანაშაულო ხალხი ჰყავს განწირული გლდანის ციხისთვის, რეპრესიისთვის, დასალეწად და დასასახიჩრებლად. ხალხი მოსამართლეებს ეხვეწებოდა, რომ დალეწილი და ნაცემი მოვედი, შემომხედე, რაღაც რეაგირება გააკეთე, მაგრამ ესენი უსიცოცხლოდ ურტყამდნენ ჩაქუჩს, ამ ადამიანებს სწირავდნენ და დღეს, მე მეუბნება ღარიბაშვილი, რომ ეს ხალხი არის უმწიკვლო ხალხი? ჩავაყოლებთ იმ მოსამართლეებს მათ ხელისუფლებას, პირდაპირი მნიშვნელობით იმიტომ, რომ ეს არის ისეთი წითელი ხაზი, რომლის იქეთ არის ბრძოლა“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა