„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - აჭარის მუნიციპალური კომპანიების 15 ხელმძღვანელმა ქონებრივი დეკლარაცია დარღვევით შეავსო

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის თანახმად, აჭარის მუნიციპალური კომპანიების 27 თანამდებობის პირიდან 15-მა (55%) დეკლარაცია ხარვეზებით შეავსო.

ამასთან, როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ აღნიშნავენ, თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციების შემოწმების საკითხი კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია.

შესაბამისად, ორგანიზაცია მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს, წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, შეისწავლოს კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები სათანადო რეაგირების მიზნით; აგრეთვე გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, იმ პირების მიმართ, რომლებმაც დაარღვიეს მოქმედი კანონმდებლობა და არ შეავსეს დეკლარაციები.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” აჭარის რეგიონის 6 მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ხელმძღვანელების დეკლარაციები შეისწავლა. რეგიონში მოქმედი 75 მუნიციპალური ორგანიზაციიდან 2022 წელს 35 ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო ვალდებული, შეევსო დეკლარაციები. 35 ხელმძღვანელიდან დეკლარაცია შეავსო მხოლოდ 27 თანამდებობის პირმა.

დეკლარაციის წარმდგენ პირებს შორის არ არიან: ა(ა)იპ „ქობულეთის გამწვანების” დირექტორი - ზვიად რომანაძე; ა(ა)იპ „ქობულეთის სანდასუფთავების” დირექტორი - გიორგი მჟავანაძე; ა(ა)იპ „ქობულეთის სოფლის წყლის” დირექტორი - სულიკო თხილაიშვილი; შპს „ქობულეთის ტრანსრეგულირებას” დირექტორი - მერაბ პაპუნაიშვილი; ა(ა)იპ „შუახევის სოციალური სერვისების ცენტრის” დირექტორი - მერაბ დავითაძე; ა(ა)იპ „შუახევის კომუნალური სამსახურის” დირექტორი - ზაზა დავითაძე; ა(ა)იპ „ხულოს სოციალური სერვისების ცენტრის” დირექტორი - ოთარ გელაძე; ა(ა)იპ „ხულოს მუნიციპალური სერვისის” დირექტორი - დიმიტრი შავაძე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” შეისწავლა ამ ორგანიზაციების 2021 წლის შესყიდვების გეგმები, საბიუჯეტო დაფინანსება და გაარკვია, რომ ყველა მათგანის დაფინანსება 100,000 ლარს აღემატება, შესაბამისად, გაუგებარია, თუ რატომ არ წარადგინეს ამ დაწესებულებების ხელმძღვანელებმა ქონებრივი დეკლარაციები. ორგანიზაცია შესაბამისი კითხვით მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს.

კვლევის მიგნებები და რეკომენდაციები: 27 თანამდებობის პირიდან 15-მა (55%) დეკლარაცია ხარვეზებით შეავსო; 9 თანამდებობის პირს არ აქვს დეკლარირებული, რომ თავად ან/და მისი ოჯახის წევრი მონაწილეობს სამეწარმეო საქმიანობაში - ფლობს წილებს და ხელმძღვანელობს საწარმოს: 6 თანამდებობის პირს დეკლარაციაში არ მიუთითებია თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მიღებული შრომის ანაზღაურება; 4-მა თანამდებობის პირმა დეკლარაციაში არ მიუთითა მისი ან/და მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება;

4 თანამდებობის პირს არ გადაუცია წილის მართვის უფლება სხვა პირისათვის და ამდენივე თანამდებობის პირს არ დაუტოვებია კერძო კომპანიის ხელმძღვანელის თანამდებობა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს კანონით საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ, თანამდებობის პირი არ არის ვალდებული დეკლარაციაში მიუთითოს იმ საწარმოს შესახებ, რომელსაც დეკლარაციის შევსების თარიღამდე 6 წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ბრუნვა არ ჰქონია და ტრანზაქცია არ განუხორციელებია. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის საწარმოების ბრუნვების და ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ხელმძღვანელობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩანაწერებით კომპანიების სტატუსების შესახებ - კვლევაში ნახსენები ყველა კომპანიის სტატუსი არის „აქტიური“,- აღნიშნულია კვლევაში.

კვლევა ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ აქ.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა