საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დედაენის დღე აღინიშნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ეთნიკურ ჯგუფებს მიკუთვნებული სტუდენტებისთვის ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიწმინდის, დედაენის დღისადმი მიძღვნილი საინფორმაციო სემინარი - „ჩვენი ენა ქართული“ გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებას სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართულ ენაში მოსამზადებელი საგანმანათლებლო პროგრამის 80-მდე სტუდენტი, პროფესორ-მასწავლებლები და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ გახსნა, რომელმაც ქვეყნის ისტორიაში 14 აპრილის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და ეთნიკურ ჯგუფებს მიკუთვნებულ სტუდენტებს სახელმწიფო ენის შესწავლისა და სიყვარულისთვის მადლობა გადაუხადა.

„14 აპრილი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა ქვეყნის ისტორიაში. ამ დღეს ჩვენმა ხალხმა არა მხოლოდ ქართულ ენას შეუნარჩუნა სახელმწიფო ენის სტატუსი და საკუთარი იდენტობა დაიცვა, არამედ საქვეყნოდ დააფიქსირა დამოუკიდებელ და თავისუფალ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისკენ სწრაფვა. ეს იყო საბჭოთა კავშირის ისტორიაში მშვიდობიანი საპროტესტო დემონსტრაცია, რომელმაც ძლიერი ბიძგი მისცა ეროვნულ მოძრაობას. დღეს სწორედ ჩვენი სახელმწიფო ენა გვევლინება მყარ ფუნდამენტად საქართველოში მცხოვრები ხალხის ერთიანობისა და ქართული სახელმწიფოს აღმავლობის გზაზე. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში ყოველგვარი პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ ეთნიკურ უმცირესობებს მიკუთვნებულმა მოქალაქეებმა, თავიანთი ენისა და კულტურის პარალელურად, საფუძვლიანად შეისწავლონ სახელმწიფო ენა და ამით სრულფასოვნად ინტეგრირდნენ საზოგადოებაში. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წარმატებით ფუნქციონირებს ქართული ენის მომზადების პროგრამა, რომლის დასრულების შემდეგაც ჩვენი აზერბაიჯანელი, სომეხი თუ სხვა ეთნიკური ჯგუფების სტუდენტები დაუბრკოლებლად აგრძელებენ სწავლას უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნოლოგიურ თუ ჰუმანიტარულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. გვინდა სტუდენტებმა იცოდნენ, რომ უნივერსიტეტში მოქმედებს „საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების ცენტრი“, რომელიც აქტიურად მუშაობს სახელმწიფო ენების დაცვისა და განვითარების მიმართულებით. მადლობას ვუხდით ეთნიკურ ჯგუფებს მიკუთვნებულ ჩვენს ახალგაზრდებს სახელმწიფო ენის შესწავლისა და სიყვარულისთვის“, - განაცხადა რექტორმა, დავით გურგენიძემ.

„დედაენის დღისადმი მიძღვნილ საინფორმაციო სემინარზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკისა და მედიატექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და ახალგაზრდა მკვლევრებმა სტუდენტებს 14 აპრილის ისტორიულ მნიშვნელობაზე, მსოფლიო ენების კლასიფიკაციასა და მსოფლიო ცივილიზაციაში ქართული ენის განსაკუთრებულ ადგილსა და როლზე ესაუბრნენ, გააცნეს ქართული ენის წარმოშობის სხვადასხვა თეორია, ქართული ენისა და დამწერლობის განვითარების საფეხურები, ყურადღება გაამახვილეს ტექნოლოგიური პროგრესის ერაში სახელმწიფო ენის განვითარების აუცილებლობის შესახებ, ასევე, ვიზუალური მასალის თანხლებით, უნიკალური ქართული ანბანის სამი ნაირსახეობა, ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის ნიმუშები და ცნობილ კალიგრაფისტთა ნამუშევრები წარუდგინეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი