კენჭისყრაზე ისევ დადგება ხვალ საგამოძიებო კომისიის საკითხი, ამას ვერ გაექცევა „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ხათუნა სამნიძის განმარტებით, „ქართული ოცნება“ საპროცედურო ომით ცდილობს კომისიის შექმნას ხელი შეუშალოს.
„"ქართულ ოცნებას" ეშინია სიმართლის, რომელიც უნდა დაინახოს საზოგადოებამ, როდესაც იმუშავებს საგამოძიებო კომისია და საპროცედურო ომით ეცადა ხელისუფლება ხელი შეეშალა კომისიის შექმნისთვის. ეს არის დასტური, რომ „ქართულ ოცნებას“ ეშინია ოპოზიციის. პირველი შემთხვევაა ეს, როდესაც პროცედურებით, საპროცედურო ომით ცდილობდა ხელისუფლება თავის დაცვას, მაგრამ ეს გაგრძელდება ხვალ, კენჭისყრაზე ისევ დადგება საკითხი და ამას ვერ გაექცევა „ქართული ოცნება“, ოპოზიცია არის მობილიზებული“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
ცნობისთვის, კვორუმის არარსებობის გამო სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ვერ შედგა. უმრავლესობის გადაწყვეტილებით, მათ კენჭისყრისთვის რეგისტრაცია არ გაიარეს, რაც უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ქართველი მოსამართლეების მიმართ "სოლიდარობის აქტად" შეაფასა. სხდომაზე რეგისტრაცია მხოლოდ 51-მა დეპუტატმა გაიარა.
"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, არ გავიაროთ რეგისტრაცია კენჭისყრამდე. ეს არის სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეების მიმართ“, - განაცხადა კობახიძემ.
უმრავლესობის გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად ამ გადაწყვეტილებას ტაშიც დაუკრეს.