„ქართულმა ოცნებამ“, უმრავლესობამ პოლიტიკური სოლიდარობა გამოუცხადა მოსამართლეებს, ვფიქრობ, ეს ძალიან პრობლემურია სასამართლოს დამოუკიდებლობის თვალსაზრისით , - ამის შესახებ „სასამართლო გუშაგის“ ხელმძღვანელმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა „სასამართლოს გუშაგისა“ და „დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის“ მიერ სასამართლო სისტემის შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივასთან დაკავშირებით ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ნაზი ჯანეზაშვილი მოუწოდებს საპარლამენტო უმრავლესობას, არ გაატარონ ხელისშემშლელი პროცედურული ღონისძიებები, რათა საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ არ იქნას ხელიდან გაშვებული.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია. ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში განცხადებაც გავაკეთე. დღეს საქართველოში ყველაზე მეტად არის მნიშვნელოვანი, რომ შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, ვინაიდან, საქართველოში გვყავს უკვე 3 მოქმედი სანქცირებული მოსამართლე, ასევე ერთი ყოფილი მოსამართლეა სანქცირებული. რეალობა არის ძალიან შეცვლილი, თუმცა ამ ორი დღის განმავლობაში ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“, ფაქტობრივად, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეაფერხოს პროცედურულად საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი და კენჭისყრა ამ ორივე დღის განმავლობაში ვერ შედგა. საგულისხმოა, რომ „ქართულმა ოცნებამ“, უმრავლესობამ, გამოუცხადა პოლიტიკური სოლიდარობა მოსამართლეებს, ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან პრობლემური სასამართლოს დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან, ვფიქრობ, რომ სასამართლოს პოლიტიკური სოლიდარობის გამოცხადება არ სჭირდება, ის უნდა იყოს ინსტიტუციურად დამოუკიდებელი და გარანტირებული უნდა იყოს შესაბამისი მექანიზმებით, რომელიც ხელისუფლებამ უნდა შექმნას.
დღევანდელ დღესაც, როდესაც ჩატარდა პლენარული სხდომა პარლამენტში, კიდევ ერთხელ ტაშით სოლიდარობა გამოუცხადეს მოსამართლეებს, რაც ვფიქრობ, რომ ხელისუფლების დანაწილების პრინციპიდან გამომდინარე ძალიან პრობლემურია.
მივმართავთ ოპოზიციას, რომ მაქსიმალურად ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტში შევძლოთ ჩამოყალიბდეს საგამოძიებო კომისია, ვინაიდან, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს. ამავდროულად მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ხელისშემშლელი პროცედურული ღონისძიებები არ გაატაროს იმისათვის, რომ ეს შესაძლებლობა კიდევ ერთხელ დავკარგოთ“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.