პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ზბიგნევ რაუს განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის საკითხი განიხილეს. ამის შესახებ ზბიგნევ რაუმ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ამასთან, მისივე თქმით, მას სჯერა, რომ პოლონეთ-საქართველოს ერთობლივი თანამშრომლობა ემსახურება თავისუფალი მსოფლიოს საზოგადოების ეროვნულ და უსაფრთხოების ინტერესებს.
„ცოტა ხნის წინ საქართველოში შედგა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი და უახლოეს მომავალში დაგეგმილია საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტიც. ჩემი დღევანდელი სამუშაო ვიზიტი თბილისში დიპლომატიური და პოლიტიკური ინტენსიური კომუნიკაციის ელემენტი და გამოხატულებაა. მისი მიზანია საქართველო-პოლონეთის ტრადიციული მეგობრული სულისკვეთებით განვიხილოთ გამოწვევები, პრობლემები და შანსები, ასევე, პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობები, მათ შორის, პოლონეთის ჩართულობა გამოსავლის ძიების პროცესში.
მიმდინარე კვირაში მინისტრი დარჩიაშვილი გახლდათ საპატიო სტუმარი ევროსაბჭოში. ამიტომ, ბუნებრივი და აშკარაა, რომ ჩვენი დღევანდელი საუბრები ბრიუსელში გამართული კონსულტაციების გაგრძელებაა და ეხება როგორც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პრობლემატიკას, ისე ევროპის უსაფრთხოებას ვილნიუსის ნატოს სამიტის კონტექსტში.
ასევე განვიხილეთ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტუაცია.
ყველა ამ საკითხში, პოლონეთი ცდილობს იპოვოს კონსტრუქციული გამოსავალი და გაუწიოს საქართველოს ყველა შესაძლო დახმარება. ღრმად გვჯერა, რომ პოლონეთ-საქართველოს ერთობლივი თანამშრომლობა ემსახურება როგორც ჩვენი ქვეყნების, ევროპის, ისე თავისუფალი მსოფლიოს საზოგადოების ეროვნულ და უსაფრთხოების ინტერესებს. პატივცემულო ილია, კიდევ ერთხელ გმადლობთ ამ ძალიან კონსტრუქციული შეხვედრისთვის",- აღნიშნა მინისტრმა.