თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე იკითხება გამომძიებელი გიორგი მაქაცარია, რომელმაც ვაკის პარკში დამონტაჟებული სამეთვალყურეო კამერების დაახლოებით ერთთვიანი ჩანაწერები შეისწავლა.
სხდომაზე დაცვის მხარემ გამომძიებელს აჩვენა ვიდეოჩანაწერი, რომელიც მან გამოძიებისას შეისწავლა. ასევე, კითხვა დაუსვეს ტრაგედიის წინა დღის, ანუ 12 ოქტომბრის ვიდეოჩანაწერზე, რომელიც დაცვის მხარის თქმით, სავარაუდოდ, არ არსებობს.
“კამერის ჩანაწერი წყდება. როდესაც 12 ოქტომბერს ვიდეოს ჩაწერა შეწყდა, ამის შესახებ შეატყობინეთ პროკურორს?- მიმართა მოწმეს ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ.
თავის მხრივ, როგორც მოწმემ, გიორგი მაქაცარიამ აღნიშნა, მან დაათვალიერა განჩინებით გამოთხოვილი ჩანაწერი, ხოლო ის ჩანაწერი, რაზეც ადვოკატმა გაამახვილა ყურადღება, არ ჰქონია.
აღნიშნული მოწმის დაკითხვამდე კი, ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე მიმდინარე სისხლის სამართლის ორი საქმის გაერთიანება მოითხოვა, კერძოდ კი, თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის, გიგა გიგაშვილის და “გრინსერვის პლუსის” ბრალდების საქმეების. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ორივეს ბრალდება ყალბი დოკუმენტების გამოყენებას ეხება, ანუ ანალოგიური საქმეა, მეორდება მოწმეები, წერილობითი მტკიცებულებები და იმისთვის, რომ პროცესზე ორჯერ არ იყოს მისვლა საჭირო, მხარეების და სასამართლოს რესურსი დაიზოგოს, მნიშვნელოვანია სასამართლომ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და გაერთიანდეს ორი ანალოგიური საქმე. დაცვის მხარის ამ შუამდგომლობას არ დაეთანხმა ბრალდების მხარე და აღნიშნა, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს. როგორც სხდომაზე პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა, საქმეებზე განსხვავებული ბრალდებები და განსხვავებული მტკიცებულებებია. ტყეშელაშვილის თქმით, ეს შუამდგომლობა დაცვის მხრიდან პროცესის გაჭიანურებას ისახავს მიზნად.
საბოლოო ჯამში, მოსამართლემ დაცვის მხარის აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და განმარტა, რომ საკმაოდ დიდი დრო დაიხარჯა იმისთვის, რომ ამ ეტაპამდე მისულიყვნენ, პროცესში კი არაერთი მოწმე დაიკითხა.
სხდომაზე ამ საკითხზე პოზიცია დააფიქსირა ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ლაშა ფურცხვანიძემ.
“როდესაც ლაპარაკია ორ პროცესზე და ჩვენ გვინდა “პროცესის გაწელვა”, მაშინ გავიხსენოთ ხუთთვიანი დრო, როცა ჩვენ ციხეში ვისხედით და პროკურატურას თითი თითზე არ დაუდია. მე ერთადერთი რამე მინდა - გავიგო, რა მოხდა. პროკურორს უნდა, რომ ციხეში ვისხდეთ და ვსხედვართ ბატონო ციხეში... ლოგიკას ვერ ვხედავ, რომ 99%- ით ერთი და იგივე საქმე არ გაერთიანდეს”, - განაცხადა ლაშა ფურცხვანიძემ.
ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა. მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე 9 პირია ბრალდებული, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, ნაწილ მათგანს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება დაუმძიმა. კერძოდ, ბრალი დაუმძიმდათ - "გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს უხარისხო სამუშაოების შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია (სსკ-ის 251-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი), ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი)."გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს დევი კახოიძეს - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტი) და ,,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს ნუგზარ ქიტიაშვილსა და ამავე კომპანიის ექსპერტს დავით თუშიშვილს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი).