ვადამდელ არჩევნებს ოპოზიცია კი არ მოითხოვს, არამედ მოითხოვს ქართველი ხალხი, პოლიტიკური სიტუაცია, ის პოლიტიკური წნევა და ინერცია, რომელიც აქედან გამომდინარე შეიქმნება. ეს მოითხოვს ვადამდელ არჩევნებს და ძალიან ლოგიკური გაგრძელებაც იქნება, თუ კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ. ცხადი იქნება, რატომაც ვერ მივიღებთ, იმიტომ, რომ ამ მთავრობამ, მიუხედავად ქართველი ხალხის მისწრაფებისა თუ პოლიტიკური ნებისა, არ განახორციელა ის რეფორმები, რომლებიც აუცილებელი იყო სტატუსის მისაღებად,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
რაც შეეხება მოსაზრებას ოპოზიციის შესაძლო გაერთიანების შესახებ არჩევნებთან დაკავშირებით, როგორც ცისკარიშვილმა აღნიშნა, საარჩევნო გაერთიანება, კოალიციებზე საუბარი ძალიან ადრეა და არც კონსულტაციები ჰქონიათ იმისთვის, რომ ამ საკითხზე მზა პასუხები ჰქონდეს.
„თუმცა დღესაც გვქონდა კოლეგებთან ერთად ინტერაქციის, დისკუსიის დროს ბატონ მინისტრთან [პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან] საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია ოპოზიციის კოორდინირებული მოქმედება, ამ საკითხში ჩვენი დასავლელი პარტნიორების ჩართულობა, რომ შემდეგი არჩევნები მაქსიმალურად სამართლიანად ჩატარდეს“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
გარდა ამისა, მან ისაუბრა დაგეგმილ შუალედურ არჩევნებზე და მას ფარსი უწოდა, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობა“მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.
„ჩვენ უნდა მოვემზადოთ მთავარი, გენერალური არჩევნებისთვის, სადაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთიანად, ერთ დღეში მოხდება ცვლილება და დავამარცხებთ რუსულ ოცნებას. საზოგადოებამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს და დარწმუნებული ვარ, მას ძალიან მალე აუღებს ალღოს, როდესაც სრულად პროპორციული არჩევნები და მაჟორიტარული სისტემა აღარ იქნება შემდეგ არჩევნებზე. ეს ნიშნავს იმას, რომ არჩევნების ერთი დღე მართლაც გადამწყვეტია. იმ ერთ დღეს აქვს მთავრობის ძალაუფლება, ბერკეტები და ინსტრუმენტები ხალხს ხელში და ხალხმა უნდა გარდა გადაწყვიტოს, ვის გადასცემს ამ ინსტრუმენტებს. ის ერთი დღე იქნება მართლაც გადამწყვეტი საქართველოს ისტორიისთვის“ - განაცხადა ცისკარიშვილმა.
გარდა ამ საკითხებისა, ცისკარიშვილმა უპასუხა კითხვას თავდაცვის ყოფილ მინისტრ, დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით.
„დავით კეზერაშვილი ჩემი მეგობარია, 25 წელია ვმეგობრობთ. ამ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგეა, რომელსაც არ უნდა, რომ საქართველო გაექანოს რუსეთის უკანა ეზოში. BBC-ის გამოძიებას პასუხი გაეცემა სასამართლოს გამოძიებით, პასუხი გაეცემა შესაბამისი საგამოძიებო სამსახურების მიერ იმ ქვეყანაში, სადაც სარჩელი იყო შეტანილი“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.