რატომ დღეს ცესკოსთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა? - იმიტომ, რომ დეკემბერში კანდიდატის სტატუსი არ მოგვცენ! - ასე ეხმაურება უმრავლესობის კანონის პროექტს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.
ვაშაძის შეფასებით, საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემას ხელს შეუშლის.
„ცენტრალურ საარჩევნო სისტემას აქამდეც ტოტალურად „ქართული ოცნება“ აკონტროლებდა. ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნული ჰყავთ ადამიანი, რომელსაც ვადა გაუვიდა. ახლა მას 76 ხმით დანიშნავენ თუ ვადას ისევ ექვს-ექვსი თვით გაუგრძელებენ, ამას რა მნიშვნელობა აქვს? ერთადერთი არის ის, რომ არ დადგეს ფაქტი და საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს!
აგროვებენ არგუმენტებს, რათა კანდიდატის სტატუსი არ მოგვცენ! პარლამენტში წარმოდგენილი ინიციატივის მთელი შინაარსი არის სწორედ ეს!“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
პარლამენტში ინიცირებულია უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის გათვალისწინებით, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.
იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმი - თუკი პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა) მხარს დაუჭერს, თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებენ.
ამ მიმართულებით „საარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს და ის ბიუროს 8 მაისის სხდომაზე წარედგინა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"