თბილისის მერის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესთან დაკავშირებით ცვლილებები აუცილებლად განსახორციელებელია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„აღნიშნული ცვლილება განსახორციელებელი და აუცილებელია, რომ ეს ყველაფერი გასწორდეს და იყოს ისე, როგორც ყველა ნორმალურ განვითარებულ ქვეყანაშია. გახსოვთ, რომ ეს შარლ მიშელის შეთანხმებიდან იყო გამოწვეული. შეთანხმება ვერ შედგა, არ განხორციელდა. იქ ერთ-ერთი პუნქტი იყო ჩაწერილი ცესკოსთან მიმართებით. რადგან ეს დოკუმენტი ძალაში არ შევიდა, დაირღვა, არ შესრულდა, შესაბამისად, პარლამენტის მხრიდან ამ ყველაფრის გამოსწორება ხდება“, -განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტში ინიცირებულია უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის გათვალისწინებით, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.
იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმი - თუკი პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა) მხარს დაუჭერს, თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებენ.
ამ მიმართულებით „საარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს და ის ბიუროს 8 მაისის სხდომაზე წარედგინა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"