ვფიქრობ, რომ ჩვენ თანმიმდევრულად, ლოგიკურად მივდივართ იქითკენ, რომ ჩვენმა პარტნიორებმა საქართველოსთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღონ, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, პარტნიორებში განწყობები ძალიან პოზიტიურია.
„რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან საყურადღებოა ყველა განცხადება, რომელიც ჩვენი პარტნიორებისგან მოდის. ბოლო პერიოდში გერმანია ძალიან აქტიურობს და ეს ჩვენთვის ძლიერი მხარდამჭერი იმპულსია იმისთვის, რომ უფრო აქტიურად გავაგრძელოთ მუშაობა.
ზოგადად, ჩვენს პარტნიორებში განწყობები ძალიან პოზიტიურია, რაც გვაიმედებს, გვაძლევს ძალას, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ამ მიმართულებით. ვფიქრობ, რომ ჩვენ თანმიმდევრულად, ლოგიკურად მივდივართ იქითკენ, რომ ჩვენმა პარტნიორებმა საქართველოსთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღონ. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას.
ცალსახად მინდა ვთქვა, რომ იმპულსები, შეფასებები და ზოგადად, გარემო არის ძალიან პოზიტიური, ეს ცალსახად მინდა ვთქვა. ჩვენი პარტნიორები მეტად ინტერესდებიან იმ საქმით, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ ბოლო ერთი წლის განმავლობაში და კიდევ უფრო ინტერესდებიან, რა არის ჩვენ მიერ დაგეგმილი კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით უახლოეს პერიოდში“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ელჩებთან საუბარი მიმდინარეობს შიდა სამუშაო გეგმაზე, რომელიც ჩვენ უნდა განვახორციელოთ წლის ბოლომდე, რათა საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
„ძალიან სიმბოლურია, რომ გერმანიის დედაქალაქში, ბერლინში ჩვენ შევიკრიბეთ ჩვენი ელჩების, მისიების, საელჩოების მონაწილეობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების თაოსნობით და მონაწილეობით გვაქვს სამუშაო შეხვედრა. ჩვენ ვსაუბრობთ მჭიდრო კოორდინაციაზე, შიდა სამუშაო გეგმაზე, რომელიც ჩვენ უნდა განვახორციელოთ წლის ბოლომდე იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს სტატუსი იმისთვის, რომ საქართველომ წარმატებით განახორციელოს ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც მიღებული გვაქვს და ამ შემთხვევაში მჭიდრო კოორდინაცია და კომუნიკაცია ჩვენს საელჩოებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი არის, რომ ჩვენ ახლოს ვმუშაობთ ბრიუსელთან, მაგრამ წევრი ქვეყნების მონაწილეობა, წევრი ქვეყნების აზრი და პოზიციონირება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და შესაბამისად, ჩვენს ელჩებთან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სწორედ ამ საკითხზე გვექნება საუბარი.
მთავარი საკითხი, რომელზეც ვსაუბრობთ, ეს არის გაუმჯობესებული კოორდინაცია ჩვენს შორის, ერთმანეთში და უფრო მეტი, მჭიდრო კომუნიკაცია ადგილსამყოფელ ქვეყნებში იმ შესაბამის ხალხთან, ვინც იღებს მონაწილეობას საბოლოოდ, ქვეყნების პოზიციების ფორმირებაში, როდესაც საკითხი ეხება კანდიდატი წევრის სტატუსის მინიჭებას და სწორედ იქნება მეტი აქტიურობა დიპლომატიური კორპუსის პარტნიორებთან იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ვუთხრათ იმ კონკრეტული საქმეების შესახებ, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ, მმართველმა პარტიამ განახორციელა და უფრო მეტად ჩავრთოთ ჩვენი პარტნიორები და გავხადოთ ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესის მონაწილე“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"