გიგა ბოკერია - ვიდრე არის ეს ხელისუფლება, მანამდე ვერ დავბრუნდებით თავისუფალ სამყაროში, ვერ გავხდებით ნატო-ს და ევროკავშირის წევრი

ჩვენ გვჭირდება ხელისუფლება, რომელიც ამ ისტორიულ მომენტით ისარგებლებს, ვაშინგტონში, ბერლინში, პარიზში იჯდება და შეაწუხებს ყველა პარტნიორს და ეტყვის, თქვენ ადრე შეცდით, ახლა, აღარ უნდა შეცდეთ, თქვენ საქართველო გჭირდებათ, საქართველო არის კულტურულად, ტრადიციულად და ისტორიულად თავისუფალი სამყაროს, ევროპის ნაწილი. ამით უნდა „დავბომბოთ“ ჩვენ დასავლეთი და ამის ნაცვლად ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც დისკუსიის საგნად ხდის იმას, რომ ფრენები აღდგა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მან ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე და აღნიშნა, რომ „ეს არის ივანიშვილის რეჟიმის დახმარება“.

„კითხვაზე, თუ რატომ შეიძლება დახმარება უნდოდეს, პასუხი ძალიან მარტივია, იმიტომ, რომ რასაც ეს ხელისუფლება, რეჟიმი აკეთებს რუსეთის ინტერესებში შედის. საქართველოს დასავლეთთან ნებისმიერი დაპირისპირება, ნებისმიერი იზოლაცია ჩვენ რუსეთის წინაშე უფრო დაუცველს გვტოვებს, თუ ეს მიმართულება გაღრმავდა, თუ ეს ხელისუფლება არ შეიცვალა პრაქტიკულად მარტოს გვტოვებს და რუსებს სწორედ ეს უნდათ, რომ მათი აგრესიის წინაშე ჩვენ დაუცველები ვიყოთ. ანუ მტერი დღეს, პირდაპირ გეუბნება, რომ რა კარგად იქცევი იმით, რომ ჩემგან ნაკლებად დაცულები იქნებით და ხვალ გაგანადგურებთ როცა შანსი მექნება. ჩვენ ხომ უნდა ამოვიდეთ იმ რეალობიდან, რომ პუტინის რეჟიმისთვის მიუღებელია დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა. არსი ეს არის. ეს რეჟიმი ატყუებს ხალხს, რომ საქმე თურმე ისეა, კარგად თუ არ გააბრაზებ რუსეთს, მაშინ არ გერჩიან. ანუ ამით ის პრაქტიკულად ამართლებს რუსეთის აგრესიას, რომ თურმე ყველა, სხვადასხვა ხელისუფლების ბრალია ცუდად რომ იქცევა რუსეთი, იმიტომ,რომ ჩვენ ვაღიზიანებდით. ეს ხომ დიდი სიცრუეა. რუსეთი ჩვენი მტერია და ჩვენი სახელმწიფოს განადგურება უნდა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის საფრთხის წინაშე მარტოს ტოვებს.

„ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ საშუალება რომ ეს მაგალითი საზოგადოების დასაბნევად გამოიყენოს, მაგალითად, რომ თქვას, “ჩვენ წარმატებებს ვაღწევთ, წინა ხელისუფლებამ კი ეს ვერ შეძლო, მათაც უნდოდა, მაგრამ ჩვენ დაგილაგეთ, მაგ დროს ომი იყო ჩვენ დროს ომი არაა“. ეს ხომ მათი არგუმენტებია ჩვენ ბევრი უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რატომ არის ეს სიცრუე და მარტივი სიმართლით ავუხსნათ [საზოგადოებას], რომ ეს ხალხი მარტოებს გვტოვებს რუსეთის საფრთხის წინაშე, მაშინ, როცა დასავლეთს, როგორც იქნა აქვს ბევრად უფრო საღი წარმოდგენა იმაზე, თუ რამხელა საფრთხეა პუტინი არამარტო ჩვენთვის, არამედ მათთვისაც და იმის მაგივრად, რომ ჩვენ ამით „ვისარგებლოთ“, ჩვენ გვრიყავს და მარტოებს გვტოვებს უზარმაზარი საფრთხის წინაშე. ეს გადაწყვეტილება ამის დასტურია. აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ ამას მოჰყვება პროტესტი, ამ ხელისუფლების შეფასებები, მაგრამ ყველაზე უფრო მთავარი საკითხი არის საზოგადოების უფრო ფართო კონსენსუსის მიღწევა მთავარ ამბავზე - სანამ არის ეს ხელისუფლება, მანამდე ჩვენ ვერ დავბრუნდებით თავისუფალ სამყაროში, ვერ გავხდებით ნატო-ს და ევროკავშირის წევრი, ვერც დავუახლოვდებით რეალურად ევროკავშირს, რომც მივიღოთ კანდიდატობის სტატუსი, ეს არაფერი არ არის, თუ ამის გამოყენებაზე რეალურად არ მუშაობ. ანუ ეს ხელისუფლება, რომელიც მშვიდობაზე გვესაუბრება და ცდილობს გვითხრას, რომ ვითომ ამ მანევრებით იცავს ჩვენს მშვიდობას, თან დასავლეთზე თავდასხმით, სინამდვილეში პირიქით, ჩვენ საფრთხეს აღრმავებს იმიტომ, რომ თუ ჩვენ მარტო დავრჩით რუსული საფრთხის, დასუსტებული რუსეთიც კი, საკმარისი იქნება, რომ უზარმაზარი დარტყმა მოგვაყენოს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პრეზიდენტობისას საქართველოს საკითხში აშშ-სა და ევროკავშირს შორის პოზიციებში განხეთქილება მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ოქტომბრის ანგარიშს აქვეყნებს