არ უნდა დავუშვათ საქართველოს იზოლაციაში მოქცევა, პირდაპირი ფრენები რუსული ავიაკომპანიებით ნიშნავს სანქცირებულ აეროპორტებს - თუ დაგვჭირდება აუცილებლად მოგვიწევს პროტესტი, როგორც რუსულ კანონზე დაიხიეს უკან, ისე უნდა დავახევინოთ უკან პირდაპირ ფრენებზეც, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აეროპორტების სანქცირების გამო, მოქალაქეები ვერ შეძლებენ ევროპაში მიმოსვლას, რაც საქართველოს იზოლაციაში მოაქცევს.
„ვფიქრობ, ეს არის „ქართული ოცნების" და პუტინის შეთანხმებული ქმედება ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, რომელიც საფრთხის წინაშე აყენებს ყველა ჩვენი აეროპორტს, რომ დასანქცირდნენ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ გადაადგილებას ევროპის მიმართულებით და ერთადერთი, რაც დარჩება, ეს იქნება რუსეთის მიმართულება. ეს არის მიზანი "ქართული ოცნების", რომ იზოლაციაში მოაქციოს საქართველო და რუსეთის ჩრდილქვეშ გააგრძელონ ოპერირება როგორც უნგრეთის პრემიერ - მინისტრმა მიუთითა, მათ შორის, რუსეთისთვის საინტერესო მესიჯით. ამიტომ ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენ არ უნდა დავუშვათ საქართველოს იზოლაციაში მოქცევა, პირდაპირი ფრენები რუსული ავიაკომპანიებით ნიშნავს სანქცირებულ აეროპორტებს და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვექცევით იზოლაციაში, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა გვაქვს მხოლოდ პირდაპირი ფრენებით, ჩვენ პირდაპირი სახმელეთო საზღვარი არ გვაქვს ევროკავშირთან, თუ ფრენები არ იქნება ევროპული ქვეყნების მიმართულებით, მოვექცევით იზოლაციაში. ასობით ათას საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ევროკავშირის ტერიტორიაზე იმყოფება, ზოგი დასაქმებულია, ზოგი სწავლობს, ყველას ექნება პრობლემა საკუთარ სამშობლოსთან კავშირის. ეს არის მიზანი, რაც რუსულ რეჟიმს სურს გააკეთოს, რაც ჩვენ არ უნდა დავუშვათ. ჩვენ შევძელით და ოპოზიციის ფლანგზე გვაქვს ფართო კოორდინაცია ამასთან დაკავშირებით, ნახეთ 6 პარტიის ერთობლივი განცხადება ამასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, აუცილებელია საზოგადოებასთან აქტიური მუშაობა, რომ რეალურად ვაჩვენოთ, რაც არის საფრთხე და რა თქმა უნდა, თუ დაგვჭირდება აუცილებლად მოგვიწევს პროტესტის გამართვაც. ერთადერთი რისაც ეშინია "ქართულ ოცნებას", არის ხალხის ხმა, როგორც რუსულ კანონზე დაიხიეს უკან, ისე უნდა დავახევინოთ უკან პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით. როცა ხელისუფლება გეუბნება, რომ კონსტიტუცია აღარ არსებობს, კანონი აღარ არსებობს, მე ვარ კანონი და ისე გავაკეთებ ყველაფერს, როგორც მე მინდა, ხალხს აქვს უფლება, გამოხატოს პროტესტი, "- განაცხადა ვაშაძემ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"