ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე - ოპოზიციის ძალისხმევის შედეგად, ხელისუფლებამ უკან დაიხია და ინციატივა ჩააგდო - ეს მნიშვნელოვანია, რათა ოპოზიციამ მაქსიმალურად შეძლოს საუბნო საარჩევნო კომისიებში საქმიანობის განხორციელება

ხელისუფლებამ თავისი არაკონსტიტუციური ინიციატივა ჩააგდო და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობაში ოპოზიციის საქმიანობას ხელს ვეღარ შეუშლის, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერმა მოადგილემ, „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი სიორიძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, ოპოზიციის ძალისხმევის შედეგად, ხელისუფლებამ უკან დაიხია და ინციატივა ჩააგდო.

მისივე თქმით, ეს მნიშვნელოვანი საკითხია, იმისთვის რომ ოპოზიციამ 2024 წლის არჩევნებისთვის, საუბნო საარჩევნო კომისიებში საქმიანობის განხორციელება შეძლოს.

„ოპოზიციის ძალისხმევამ შედეგი გამოიღო. ხელისუფლებამ თავისი არაკონსტიტუციური ინიციატივა ჩააგდო და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობაში ოპოზიციის საქმიანობას ხელს ვეღარ შეუშლის.

ხელისუფლებას ინიცირებული ჰქონდა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც უფლებამოსილი პოლიტიკური პარტიები საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს სავალდებულო სერტიფიცირების გარეშე ვეღარ დანიშნავდნენ. თავის მხრივ, სერტიფიცირება და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მაღალი კვალიფიკაცია მისასალმებელია, რაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციის სულისკვეთებასთან თავსებადია. ოღონდ, ჩვენს რეალობაში, მცირე მხარდაჭერის პარტიებისთვის ეს ფაქტობრივად ნიშნავს, რომ ისინი ვეღარ აითვისებენ გარკვეული რაოდენობის უბნებზე კუთვნილ კვოტებს. დარჩენილი ვაკანსიების შევსება კი საარჩევნო ადმინისტრაციას, შესაბამისად, ხელისუფლებას შეეძლებოდა. ამასთან, კანონით, ხელისუფლებას ამ პოზიციების არასერტიფიცირებული პირებით შევსების შესაძლებლობაც ექნებოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პარტიებს ზოგიერთ უბანზე წაერთმეოდათ წევრის დანიშვნის უფლება სწორედ სერტიფიცირების არქონის გამო და მათ ადგილს შეავსებენ სერტიფიცირების არმქონე ადამიანებით, რაც პარადოქსია.

უნდა აღინიშნოს, რომ კანონმდებლობის თანახმად, პარტიის მიერ დანიშნულ კომისიის წევრებს უფლება არ აქვთ საარჩევნო უბანზე რეგისტრატორი წევრის ფუნქცია შეასრულონ. თავის დროზე, რეგისტრატორი წევრის ფუნქციის შესრულების უფლების ჩამორთმევას ხელისუფლება იმ მოტივით ამართლებდა, რომ რეგისტრატორის ფუნქცია ყველაზე საპასუხისმგებლო იყო საუბნო კომისიის მუშაობაში. ამ ცვლილებით კი მივიღებდით სურათს, რომ, მაგალითად ერთ უბანზე პარტიას ეყოლებოდა სერტიფიცირებული წევრი, რომელსაც ამ ფუნქციას არ შეასრულებინებდნენ, ხოლო გვერდზე უბანზე, სადაც პარტია სერტიფიცირებულ წევრს ვერ იპოვნიდა, მის ადგილს შეავსებდნენ არასერტიფიცირებულით, რომელიც უპრობლემოდ იქნებოდა რეგისტრატორი. ეს წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის უფლებასთან.

2021 წლის არჩევნების გამოცდილებამ აჩვენა, რომ ბევრმა პარტიამ სერტიფიცირების მოთხოვნის არარსებობის შემთხვევაშიც კი უამრავ უბანზე თავისი კვოტა ვერ აითვისა. თანაც, საქართველოს სამწუხარო რეალობაა, რომ საუბნო საარჩევნოკომისიის წევრები ხშირად მოწყვლად ჯგუფებს მიეკუთვნებიან და ხელისუფლება მათზე ზემოქმედების უამრავ ბერკეტს ფლობს. ეს ოპოზიციას დიდ პრობლემას უქმნის. სერტიფიცირების შემოღება კი მიგვიყვანდა იმ შედეგამდე, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების უმრავლესობაში ხელისუფლების ისედაც არსებული უპირატესობა აბსოლუტურ დომინანტობაში გადაიზრდებოდა, რაც ჩრდილს მიაყენებდა იმ პროგრესს, რაც არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვას უკავშირდება. ოპოზიციის ძალისხმევის შედეგად, ხელისუფლებამ უკან დაიხია და ეს ინციატივა ჩააგდო. ეს მნიშვნელოვანია, რათა ოპოზიციამ მაქსიმალურად შეძლოს 2024 წლის არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიებში საქმიანობის განხორციელება“,- აცხადებს გიორგი სიორიძე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო