ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში აქცია გაიმართა. რამდენიმე სოფლიდან შეკრებილი მოსახლეობა ფშაველი-აბანო-ომალოს გზის გაწმენდითი სამუშაოების დაჩქარებას ითხოვენ.
მათი თქმით, მთასთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზის გაწმენდა გვიანდება, რადგან ტენდერში გამარჯვებული კომპანია დოკუმენტებს ვერ აგვარებს.
„ტრადიციად გვექცა ყოველ მაისს აქცია. იქ საქონელი გვყავს. მიწები გვაქვს, საოჯახო სასტუმროები გვაქვს. როგორ შეიძლება ასე უყურადღებობა. წესით ამ დროს გზა გახსნილი უნდა იყოს და სამუშაოებიც კი არ არის დაწყებული წესიერად. ვითხოვთ დააჩქარონ გზის გაწმენდა და მოგვაქციონ ყურადღება, იმიტომ, რომ ეს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია", - ამბობენ აქციის მონაწილეები.
ამასთან, აქციის მონაწილეები სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით რამდენიმე სპეციალური რეისის დანიშვნას და იქ მყოფი მწყემსებისთვის საჭირო პროდუქტის გადატანას მოითხოვენ.
ადგილზე იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის მერიც. ალექსი ფიცხელაურის განმარტებით, გზის გაწმენდა ინტენსიურად მიმდინარეობს, თუმცა პროცესს უამინდობა და რთული რელიეფი აფერხებს. რაც შეეხება ავიარეისებს, ფიცხელაური ამბობს, რომ ზამთრის პერიოდში 20- ზე მეტი რეისია შესრულებული, თვის ბოლოს კი კიდევ ერთი რეისი იგეგმება.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"