ყველაფერი მიზანმიმართულად ხომ არ არის გათვლილი იქითკენ, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი? სწორედ ისეთ პერიოდში, ისეთ ეტაპზე ხდება ასეთი წინადადების დაყენება, რაც კონტრპროდუქტიულია ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის, - ამ კითხვით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე პარტია „საქართველოსთვის“ წევრს მიხეილ დაუშვილს, რომელიც ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა წარადგინა.
ამასთან, როგორც მათიკაშვილმა განაცხადა, საინტერესო იქნებოდა მიხეილ დაუშვილს პასუხი გაეცა ე.წ. ქოლ-ცენტრების მუშაობის სპეციფიკასთან დაკავშირებით მის მიერ გამოვლენილ კომპეტენციაზე.
„შესაშური ცოდნა გამოავლინეთ თქვენ „ქოლ-ცენტრების“ მუშაობის სპეციფიკის, თვით BBC-ის მაღალპროფესიონალურ გამომძიებელ ჟურნალისტებსაც შეშურდებოდათ თქვენი. ალბათ, ამაზე ცალკე პასუხის გაცემა არ იქნება ცუდი ჩვენი საზოგადოებისთვის. მეორე მიმართულება კითხვის - მაშინ, როდესაც მიმდინარეობს გამოძიება საქართველოში, გერმანიაში, ესპანეთში, ეს არის ტრანსნაციონალური დანაშაულის გამოძიების საკითხი, მაშინ, როდესაც BBC-ის რეპორტაჟის შემდგომ, კეზერაშვილი სავარაუდო დანაშაულის ფაქტზე ბრიტანეთის სასამართლომაც უნდა იმსჯელოს, ხომ არ ფიქრობთ, რომ კეზერაშვილის სავარაუდო დანაშაულის განვრცობას ცდილობთ საქართველოზე, მაშინ, როდესაც თქვენ, სწორედ, საქართველოს პარლამენტში ცდილობთ საგამოძიებო კომისიის შექმნას? ისე კი სჩვევია თქვენი პოლიტიკური გუნდის ბელადს, ლიდერს საკუთარი ქვეყნის საფრთხისა და დარტყმის ქვეშ დაყენება, ეს საზოგადოებამ კარგად იცის და კარგად ახსოვს. ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხომ არ არის გათვლილი იქითკენ, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი? სწორედ ისეთ პერიოდში, ისეთ ეტაპზე ხდება ასეთი წინადადების დაყენება, რაც კონტრპროდუქტიული ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის“,- განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტი ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე მსჯელობს.
„ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების მიერ თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ მეშვეობით ჩადენილი ტრანსნაციონალური დანაშაულებისა და მათზე შესაძლო არასათანადო რეაგირების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ - ასე ეწოდება პარლამენტის დადგენილების პროექტს, რომელიც პოლიტიკურმა ჯგუფმა “საქართველოსთვის“ მოამზადა.